საკონსტიტუციო სასამართლომ სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“ სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის თანახმადაც თუ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ახალი კანონი გააუქმებდა ქმედების დანაშაულებრიობას, სასამართლო მაინც ვალდებული იყო გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისგან გათავისუფლებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნავენ, რომ პირის გასამართლების არსი მდგომარეობს არა მხოლოდ სასჯელის დაკისრებაში, არამედ მის გაკიცხვაში ჩადენილი ბრალეული ქმედებისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმება ხდება, იმის გამო, რომ აღნიშნული ქმედება საზოგადოებაში აღარ აღიქმება საზოგადოებრივად საშიშ ქმედებად, ანუ ხდება ქმედების დეკრიმინალიზაცია, წარსულში ამ ქმედების ჩამდენი პირის დასჯის ინტერესი აღარ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებდა პირს, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ ხდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, იგი იწვევდა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თანმდევი ისეთი ცალკეული იძულებითი ღონისძიებებისა თუ სამართლებრივი შედეგების დადგომას, რომლებიც მის მდგომარეობას აუარესებდა.

”საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუკი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პირის პასუხისმგებლობას, მას უნდა მიენიჭოს უკუძალა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არ შეესაბამებოდა კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებას, შესაბამისად, იგი ცნო არაკონსტიტუციურად და გამოაცხადა ძალადაკარგულად”, - აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

InterPressNews.Ge

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა