საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, პროექტის „გადავწეროთ „ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია , განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საკრებულოს დეპუტატები და ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, სქელყდიანი წიგნის ეგზემპლარი, რომელიც აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა, საკრებულოს შენობაში განთავსდება. მისივე განმარტებით, წიგნში პირველ ჩანაწერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გააკეთებს, რის შემდეგაც „ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფის გადაწერის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი სახელისა და გვარის მითითებით ექნება.
თავის მხრივ თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. „ეს არის საგანძური, რაც ჩვენ გვაქვს „ვეფხისტყაოსნის“ სახით. საზოგადოება, რომელიც აქ არის შეკრებილი, არის უდიდესი პატრიოტიზმით განმსჭვალული. ყველასთვის უძვირფასესია „ვეფხისტყაოსანი“, მათ რიგებში ვარ მეც“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო საკრებულოს დარბაზში დედა ენის დღეს სიმბოლურად გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა „რუსთაველი 850“, სადაც მხატვრებმა: მამუკა ტყეშელაშვილი, თომა გლურჯიძე, მურაზ მურვანიძე, ოლეგ ტინჩენკო, ზურა გომელაური, ქეთი დავლიანიძე, ნინო ჩაკვეტაძე და მამუკა გიორგაძე ”ვეფხისტყაოსნის” თემაზე შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ნაწარმოებები წარმოადგინეს.
პროექტი შოთა რუსთაველის და მისი პოემის თანამედროვე საზოგადოებაში მეტ პოპულარიზაციასა და ხელნაწერი ”ვეფხისტყაოსანის” შექმნაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ისახავს მიზნად.