აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები სიუჟეტებს და სტატიებს მოამზადებენ

აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები სიუჟეტებს და სტატიებს მოამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, პრესტურის ფარგლებში, 11-15 მაისს, ბელარუსი ჟურნალისტები რეგიონს სტუმრობენ და მის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურისას ძირითადი აქცენტი აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება. ბელარუსში პოპულარული ტელეარხების ONT-ს, CTC-ის გადამღები ჯგუფები ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად მაღამთიან აჭარას ეწვევიან, სადაც საოჯახო სახლებში აჭარული კერძების მომზადებას გაეცნობიან. მათ ობიექტივში ასევე მოხვდება ადგილობრივი წარმოების ღვინო, მახუნცეთის ჩანჩქერი, მაჭახელა და აჭარული ღვინის სახლი. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ასევე, ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ და ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან. ქალაქში ყოფნისას ჟურნალისტები აჭარული ხაჭაპურის მომზადებასაც გადაიღებენ. ისინი რეგიონს 15 მაისს დატოვებენ.

მათივე ინფორმაციით, პრესტურის შედეგად აჭარული და ზოგადად ქართული სამზარეულოს შესახებ მომზადებული ტექსტური, ფოტო-აუდიო მასალები და რეცეპტები სპეციალურ კულინარიულ გზამკვლევში განთავსდება, რომელიც დეპარტამენტის ვებ-გვერდზე „gobatumi.com” აიტვირთება. გზამკვლევი საშუალებას მისცემს ტურისტებსა და საიტის ვიზიტორებს გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, დაგეგმონ გასტრო ტურები აჭარისა და ზოგადად საქართველოს მიმართულებით.

InterPressNews.Ge