“ნაციონალური მოძრობა“ - კახეთში მოსული სეტყვის წინააღმდეგ კომპანია ”დელტა” უმოქმედო იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, კახეთში მოსული სეტყვის წინააღმდეგ კომპანია ”დელტა” უმოქმედო იყო. მისი თქმით, შესაბამისად, ნაკლებად მნიშვნელოვანია შიდა გადაადგილებები.
”რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კომპანია „დელტა“, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებით მომსახურებას ახორციელებს, ფაქტობრივად უმოქმედო იყო. ორი კვირის განმავლობაში კახეთში დაახლოებით 30 სოფელი დაისეტყვა, სადაც გლეხებს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგათ. ჩვენი განცხადების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიაში გენერალური ინსპექცია შეეშვა და გუშინ ვიგებთ, რომ განთავისუფლებულია კომპანია „დელტას“ დირექტორი. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია შიდა გადაადგილებები, მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ გასცემს პასუხს იმ ადამიანებს, ვინც კომპანია „დელტას“ უმოქმედობის შედეგად ზარალი მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება უუნაროა, უმოქმედო და ერთმანეთთან ქიშპობითა და შიდა გაურკვევლობებით არის დაკავებული”, - განაცხადა ბოტკოველმა.

























