ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად მასტერასა და კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას აქვთ წაყენებული, სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი პირის, რომან სურმანიძის მამა, ოთარ სურმანიძე დაიკითხა. როგორც მან აღნიშნა სპეცოპერაცია საზოგადოებაში შიშის დასანერგად და ციხეზე ზეწოლის მოსახდენად განხორციელდა.
"არაადამიანობას და არაკაცობას ვუკავშირებ ამ ტრაგედიას. ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათ არაადამიანობას და არაკაცობას ვუკავშირებ. შიშის სინდრომის გამო ჩაატარეს სპეცოპერაცია ნავთლუღის ავტოსადგურში და შემდეგ ციხეზე ზეწოლა რომ მოეხდინათ, რაც გააკეთეს კიდეც. 2006 წლიდან, ახალი ხელისუფლების მოსვლამდე მივმართეთ პროკურატურას საჩივრით და მივიღეთ პასუხი, რომ იყვნენ ტერორისტები და ჩავცხრილეთო. ამის შემდეგ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც ჩვენ გვცნო დაზარალებულად", - განაცხადა ოთარ სურმანიძემ.
ადვოკატის კითხვაზე - უნახავს თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება და გაეცნო თუ არა ის დოკუმენტს, ოთარ სურმანიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირადად არ უნახავს და რადგანაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულებად აღიარა, ჩათვალა, რომ ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი დაზარალებულის უფლებამონაცვლე, გარდაცვლილი მარად ართმელიძის მამაც დაიკითხა. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა 22 ივლისს კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.