ბექა ბასილაიამ ფოთის პოლიციაში „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავების გამო სარჩელი შეიტანა

ბექა ბასილაიამ ფოთის პოლიციაში „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავების გამო სარჩელი შეიტანა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ბასილაიამ ფოთის პოლიციაში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავების გამო სარჩელი შეიტანა. ბასილაიას ინფორმაციით ახალგაზრდები უკანონოდ იყვნენ დაკავებული.

,,გუშინ ჩვენი აქტივისტების წინააღმდეგ მთელ რიგ უკანონო ქმედებებს ჰქონდა ადგილი. ნაცვლად იმისა, რომ ფოთის პოლიცია დაკავებული იყოს კრიმინალთან ბრძოლით და აღკვეთილი იქნას ის დანაშაულებები რაც ქალაქში ხდება, პოლიცია დასდევს ჩვენი პარტიის აქტივისტებს, უპატიოსნეს ადამიანებს ვინც მხარში მიდგას და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში მეხმარება. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ სარჩელი. ვფლობ ინფორმაციას, რომ პოლიციის სამმართველო და სუს-ი გეგმავენ პროვოკაციებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ჩემს საარჩევნო კამპანიას. ვაფრთხილებ თითოეულ მათგანს, ღმერთი არ გაუწყრეთ და გუშინდელის მსგავსი უკანონო ქმედებები არ განახორციელონ. მოუწოდებ მათ, რომ უკანონობას დაესვას წერტილი, რათა საარჩევნო პროცესი ჩავატაროთ მაღალ დონეზე, ისე როგორც შეეფერება ქართულ სახელმწიფოს. ასევე მივმართავ ფოთის მერს ირაკლი კაკულიას და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ხახუბიას, სწორედ იმისთვის, რომ მათი მთავარი ოპოზიციური ძალა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნეს შესუსტებული, ამის გამო ასრულებს პოლიცია ამ დავალებებს. ორივეს მივმართავ, იზრუნონ ქალაქში ადამიანის უფლებების დაცვაზე“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ბექა ბასილაიამ.

გუშინ სამართალდამცველებმა ,, ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დააკავეს და მათ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს. ამ დროისათვის ყველა მათგანი თავისუფალია.