ყველა პოლიციელს გთხოვთ, ასე აღარავინ აღარ გააუბედუროთ და ეს იყოს მაგალითი, რომ ჩემი ქმარი დღეს უკანონოდ წავიდა ციხეში, - ამის შესახებ ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლემ, ნუკა ჩიკვაიძემ დღევანდელი სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჩიკვაიძემ აღნიშნა, მოსამართლემ წაიკითხა ის გადაწყვეტილება, რაც დაწერილი ჰქონდა.
როგორც ნოდარ ნიშნიანიძის მეუღლე აღნიშნავს, მას უკვე ეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების.
”თავიდან ვერ მიხვდა მოსამართლე რას ლაპარაკობდა. დაიწყო საუბარი, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა. მერე თქვა, რომ არა, არა დაკმაყოფილდეს. ანუ ფურცელს ჩახედა და რაც ეწერა ის წაიკითხა. მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრების. მგონია, რომ ხვალ ტანკს „ჩამიდებენ“ და ხალხო იცოდეთ, რომ არ მყოლია ეს ტანკი. მე ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და არავის მოყოლილს არ ვუჯერებ, არ ვეყრდნობი და რაც დავინახე ეს ყველაზე მეტად მტკენს გულს. უბრალოდ პოლიციელებს ვთხოვ ასე აღარავინ აღარ გააუბედურონ და ეს იყოს მაგალითი, რომ ჩემი ქმარი დღეს უკანონოდ წავიდა ციხეში. არაკაცები ხართ”, - განაცხადა ნუკა ჩიკვაიძემ.
ირაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა ნოდარ ნიშნიანიძემ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, „შსს-ში გადაყვანის შემდეგ იძულების წესით დაადებინეს იარაღზე ხელი“.
როგორც ბრალდებულმა განაცხადა, დაკავების შემდეგ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე არ აძლევდნენ ადვოკატთან შეხვედრის უფლებას.