თბილისში, ხვალ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისინფორმაციით, 13:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით გაიმართება ქუჩის აქცია რუსთაველის მეტროსთან, ხოლო 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობა საგანგებო მიღებას უმასპინძლებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღის ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში.
”ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება ყოველწლიურად 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს (1948 წლის 10 დეკემბერი). ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი დღე გვაფრთხილებს ძირითადი უფლებების დარღვევის გახშირებაზე მთელს მსოფლიოში და მოგვიწოდებს, დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც შეიძლება აღმოჩდნენ დისკრიმინაციისა და ძალადობის საფრთხის წინაშე - ლტოლვილებისა და მიგრანტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ თემის წარმომადგენლების, ქალების, ბავშვების, მკვიდრი მოსახლეობის, უმცირესობათა წარმომადგენელების.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღის წლევანდელი სლოგანია: ხმა აიმაღლე სხვისი უფლებების დასაცავად დღეს!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.