უმრავლესობა არ მუშაობს იმისთვის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილებები შეუკვეცოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, პრეზიდენტისთვის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შესაძლო ჩამორთმევაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საპრლამენტო უმრავლესობა და საკონსტიტუციო კომისია მუშაობს იმაზე, რომ კონსტიტუციაში საპარლამენტო მოდელის შესაბამისი უფლებამოსილებები და მექანიზმი იყოს გაწერილი.
„უმრავლესობა არ მუშაობს იმისთვის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილებები შეუკვეცოს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტს შეეზღუდა უფლებამოსილება, ჩვენი ხედვით, იმაზე მეტად, მისი უფლებამოსილების შეზღუდვა და შეკვეცა ვერ მოხდება ფიზიკურად, მაგრამ მოხდება გასწორება იმ ხარვეზების, რომელიც კონსტიტუციაში დარჩა მაშინ, როდესაც ერგებოდა ერთ ადამიანს. კონკრეტულად ეს ცვლილება, არ არის შეზღუდვა, ვინაიდან ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირაა გაკრიტიკებული სასამართლოს დაკომპლექტების საკითხის ერთპიროვნულად პრეზიდენტისთვის გადანდობა. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს უნდა ჰქონდეს კოლეგიურ ორგანოს. თუ ამ რეკომენდაციებს მივყვებით, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, მიღებული ჯერ არ არის”, - განაცხადა ბესელიამ.