ირაკლი კობახიძე - ვერც ერთ ფორმატში, ვერც ერთი ღირებული არგუმენტი ვერ იყო წარმოდგენილი

ვერც ერთ ფორმატში, ვერც ერთი ღირებული არგუმენტი ვერ იყო წარმოდგენილი, რომლითაც ოპონენტები პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უპირატესობას დაასაბუთებდნენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მან დღეს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და როგორც განმარტა, პრეზიდენტის არჩევის წესი სისტემის არსიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს.

ამასთან, კობახიძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ და განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იგნორირებულია.

”რამდენჯერმე დაისვა კითხვა, თუ რატომ იცვლება კონსტიტუცია. მიკვირს, რომ ეს კითხვა ისმება. ყველამ კარგად ვიცით, როგორია კონსტიტუციის დღევანდელი ტექსტი, რაზეც თავის დროზე ვენეციის კომისია ძალიან მკაფიოდ საუბრობდა. ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს უხეშად ეწინააღმდეგება. ამოცანა არის ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ და ისეთი მოდელი, ისეთი კონსტიტუციური სისტემა შევქმნათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. ძალიან ბევრი რამ არის გასასწორებელი - ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, საარჩევნო სისტემა - არც ერთ ხელისუფლებას ნაბიჯი არ გადაუდგამს პროპორციული სისტემისაკენ. დღეს ამაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მთელი სერიოზულობით მიდის საუბარი და ეს პროცესი მიდის ბოლოსკენ. სათანადოდ მოსაწესრიგებელია მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობები. ამ კუთხით რეგულაციები აბსოლუტურად აღრეულია. მოსაწესრიგებელია მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები - ეს ყველაფერი მკაფიოდ არის ასახული ვენეციის კომისიის დასკვნაში. თითოეული რეგულაცია სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად გადაისინჯება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, იზრდება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტიები, იზრდება თვითმმართველობების დამოუკიდებლობის გარანტიები, იქნება ახალი გარანტიები ადამიანის უფლებების მომწესრიგებელ თავში, ხოლო პრეზიდენტის სტატუსი მთლიანად ნარჩუნდება.

”დღეს ისიც კი ითქვა, თითქოს პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალი აღარ იქნება. ეს ხათუნა გოგორიშვილმა ბრძანა, რომელიც არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მან ძალიან კარგად იცის, რომ პრეზიდენტი ამ რედაქციით უმაღლეს მთავარსარდლად რჩება. პრეზიდენტს ამ სტატუსთან ერთად, ყველა ის ნიშან-თვისება უნარჩინდება, რომელიც კონსტიტუციის შესაბამის მუხლებში არის გაწერილი. რაც შეეხება უფლებამოსილებებს, აქ არის ცვლილებები მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც იყო ვენეციის კომისიის მკაფიო რეკომენდაციები. ყველა გადასინჯვას აქვს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საფუძველი. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები იკვეცება, არის არასწორი და ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა”, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ამ თემაზე მსჯელობა იყო როგორც საკონსტიტუციო კომისიის, ასევე კონფერენციების ფორმატში, სადაც ჩამოყალიბდა რამდენიმე ძლიერი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ არსებულ სისტემაში უმჯობესია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლა.

”ოპონენტებს ვთხოვე, წარმოედგინათ კონტრარგუმენტები. ვერც ერთ ფორმატში, ვერც ერთი ღირებული არგუმენტი ვერ იყო წარმოდგენილი, რომლითაც ოპონენტები პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უპიტარესობას დაასაბუთებდნენ. მარტივად შეიძლება ხალხი მოვატყუოთ - თუ ხალხს დაუსვამ კითხვას: - რა სჯობს, პრეზიდენტი აირჩიო შენ თუ აირჩიოს სხვამ, პასუხი იქნება, რომ ჯობს ავირჩიო მე, მაგრამ ეს იქნება ადამიანების მხოლოდ შეცდომაში შეყვანის მცდელობა და მეტი არაფერი. სინამდვილე არის სრულიად სხვაგან და სინამდვილე არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი სისტემის არსიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. თუ ჩვენ ადამიანებს ამ ყველაფერს არასწორად მივაწვდით, ბუნებრივია მათი რეაქცია შესაბამისი იქნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი