მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყო

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამისთვის 6 მილიონი ლარია გამოყოფილი და წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა მასშტაბები გაიზარდოს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სახელმიწფო საკუთარებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების შესახებ, რაც ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მეცხოველეობის ხელშეწყობას. მისივე თქმით, საქართველოში მეცხოველეობა ტრადიციულად მაღალ მთაში იყო განვითარებული.
მისივე თქმით, ეს პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მაღალ მთაში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემდეგი 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას კოოპერატივები, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები 25-წლიანი იჯარის ფარგლებში გადაეცემა.
„მეცხოველეობის განვითარებაში ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ გაქვს საგაზაფხულო და საზაფხულო საძოვრები, მაგრამ მოსახლეობას გამოზამთრების პრობლემა აქვს. ჩვენ ფაქტობრივად, საკვების დამზადების ტექნიკას ვაწვდით კოოპერატივებს, ანუ მათ საშუალება ექნებათ, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ზამთრისთვის მოახდინონ საკვების დამზადება, გააუმჯობესონ ჯიში, პროდუქტიულობა. როგორც იცით, ალპური მეცხოველეობა ითვალისწინებს როგორც რძის, ასევე ხორცის მიმართულებებს ანუ ეს როგორც ხორცპროდუქტების, ასევე რძის პროდუქტების გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ძალიან წარმატებული მაგალითი ქართულ- შვეიცარიული კომპანიისა, რომელიც რაჭაში ფუნქციონირებს.
„ჩვენ ამ პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით უკვე მთელი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში განვახორციელებთ აღნიშნულ პროგრამას. ჩვენი მხრიდან არსებობს მთიან რეგიონებში მოსახლეობის ხელშემწყობი მრავალი ღონისძიება და ესეც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ პროექტისთვის გამოყოფილია 6 მილიონი ლარი და წარმატების შემთხვევაში მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს.

























