თბილისს სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ჩამოვიდა. ანდჟეი დუდას დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველო - პოლონეთის პრეზიდენტები შეხვედრებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ.
გიორგი მარგველაშვილი და ანდჟეი დუდა შეხვედრების შემდეგ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ.
დაგეგმილია პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ანდჟეი დუდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. პოლონეთის პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციას გამართავს.
პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს.
პოლონეთის პირველ ლედის საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უმასპინძლებს. მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
ანდჟეი დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 31 მაისს დასრულდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"