”მოსამართლეთა ერთობა” კიდევ რამდენიმე მოსამართლემ დატოვა

ასოციაცია ”მოსამართლეთა ერთობა” თბილისისა და რაიონული სასამართლოების კიდევ რამდენიმე მოსამართლემ დატოვა. კერძოდ, ასოციაციის მიერ 30 მაისს გავრცელებული განცხადების გამო ”მოსამართლეთა ერთობა” თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, ასევე, სამტრედიისა და ფოთის მოსამართლეებმა დატოვეს.

ყველა მოსამართლე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესზე გაკეთებული განცხადება მათთან შეთანხმებული არ იყო. მოსამართლეები ასევე ემიჯნებიან ასოციაცია ”მოსამართლეთა ერთობის” განცხადების პათოსს.

”ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ 2017 წლის 30 მაისის განცხადება მიმაჩნია, რომ წარმოადგენს პროცესების პოლიტიზაციის მცდელობას სასამართლო სისტემის შიგნით. ეს განცხადება ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა და არ გამოხატავს ჩემს აზრს. იმის გამო, რომ მსგავსი, ჩემთან შეუთანხმებელი და მიუღებელი განცხადებების გამოქვეყნებით არ მოხდეს მათთან ჩემი იდენტიფიცირება, გთხოვთ, ნუღარ ჩამთვლით “მოსამართლეთა ერთობის” წევრად, რომელთანაც ბოლო პერიოდში ისედაც გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა”, - ნათქვამია მოსამართლე მურთაზ კაპანაძის განცხადებაში.

მოსამართლეთა ერთობა დატოვა ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ. „ჩვენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი, მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი, თამარ სვანიძე ვაცხადებთ, რომ ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” სახელით, 2017 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული წერილი ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და იგი ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენი სახელით, ჩვენთან შეთანხმების გარეშე რაიმე სახის განცხადების გაკეთება, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ასოციაცია ,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” დატოვების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ასოციაცია მოსამართლეებთან შეუთანხმებლად მოქმედებს. ”ასოციაცია ,,მოსამართლეთა ერთობის" მიერ 2017 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული განცხადება ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა და იგი არ გამოხატავს ჩვენს აზრს, ამასთან, აღნიშნული არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რის გამოც ვტოვებთ ასოციაცია ,,მოსამართლეთა ერთობას", - ნათქვამია მოსამართლეების განცხადებაში, რომელსაც ხელს 4 მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი, მარინა ხოლოაშვილი, მანუჩარ კაპანაძე, მანანა ჩოხელი აწერენ.

პროტესტის ნიშნად დატოვა ასოციაცია მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემაც. ”ვაცხადებ, რომ ასოციაცია"საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" 2017 წლის 30 მაისის წერილის შინაარს და პათოსს არ ვეთანხმები, ის ჩემთან, როგორც ამ ასოციაციის ერთ-ერთ წევრთან, შეთანხმებული არ ყოფილა, საერთოდ არაფერი ვიცოდი მისი შინაარსისა და გამოქვეყნების შესახებ, ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვტოვებ ასოციაცია"საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" რიგებს”, - ნათქვამია თეიმურაზ სიხარულიძის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს