აშშ-ში საქართველოს საელჩო სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას და აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს წელს მასშტაბურად აღნიშნავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო კვირეული გაიხსნა 6 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებით.
მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა 26 წლის მანძილზე საქართველოს მიერ განვლილ გზაზე, მიღწეულ პროგრესსა და შედეგებზე.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა მომავალი წლების და საუკუნეების განმალობაში გაგრძელდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე განსაკუთრებული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.
მინისტრის განცხადებით, აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის წარმატებული პროცესის, ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის შეუქცევადი ევროპული და ევროატლანტიკური გზის მტკიცე მხარდამჭერია.
„გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი გადამწყვეტია საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის ფორმირებასა და წინსვლაში. გარდა ამისა, აშშ-მა ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფაში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროებში.
„ჩვენის მხრივ, ბოლო 25 წელია საქართველო რჩება აშშ-ის სანდო მოკავშირედ და მთავარ საერთაშორისო პარტნიორად, როგორც რეგიონულ ასევე გლობალურ დონეზე. ჩვენი ქვეყანა შეიძლება მცირე ზომის იყოს, მაგრამ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ დიდი პარტნიორი უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ღირებულებების კუთხით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს კონტრიბუციაზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა აქტიურად განაგრძოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად.
მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წარმატებული ვიზიტის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
სიტყვის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისა და მტკიცე მეგობრობისთვის და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმავალ გზაზე ორი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.
სადღესასწაულო საღამოზე საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა, დამსწრე საზოგადოების წინაშე საფორტეპიანო პროგრამით წარსდა ახალგაზრდა შემსრულებელი ალექსანდრე წერეთელი.
საზეიმო მიღებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკსი, წარმომდგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის წევრი, კონგრესმენი დანკან ჰანტერი, წარმომადგენელთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრი, კონგრესმენი მარკ სენფორდი, აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში უილიამ კორტნი და რიჩარდ მაილსი, კომერციის ყოფილი მდივანი ბრიუს ენდრიუსი, ასევე არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროდან საელჩოს პარტნიორები და საქართველოს მეგობრები დაესწრნენ.
დამოუკიდებლობის საზეიმო კვირეულის ფარგლებში საელჩო გამართავს ღონისძიებების ციკლს, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან აუდიტორიას - ქართულ დიასპორას, საელჩოს პარტნიორებს სხვადასხვა სამთავრობო და არა-სამთავრობო უწყებებიდან, კულტურისა და მედიის წარმომადგენლებს, ანალიტიკურ და სამეცნიერო წრეებს და საქართველოთი დაინტერესებულ ამერიკელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"