საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.მათ შორის, ერთ-ერთი იყო ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გურამ გოცირიძის ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა.
საბჭოს სხდომაზე მყოფმა წევრებმა გურამ გოცირიძის კანდიდატურას სრული შემადგენლობით დაუჭირეს მხარი.
ასევე საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე სამტრედიის რაიონული სასამართლოდან მიავლინეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
საბჭოს წევრებს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობით საბჭომ ერთ-ერთი ბოლო სხდომა გამართა, რადგან საბჭოს 8 წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
საბჭოს მორიგი სხდომა, 19 ივნისს არის ჩანიშნული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"