ირაკლი ჩხვირკია - ევროპული სასამართლო გამამართლებს, საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ

ევროპული სასამართლო გამამართლებს, საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ჩხვირკიას განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით მიცემული ჩვენებები აბსურდულია. მისივე შეფასებით, მოწმეების ჩვენებები იდენტურია.
"ჩემი დაკავება 23 აპრილს მოხდა. საქმეზე დაიკითხა ხუთი მოწმე. მე, ბატონო მოსამართლე, კონკრეტულ დეტალებში არ შევდივარ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ დავამტკიცებ, რომ ჩვენებები არის აბსურდული. ამ საქმეში არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. მოწმეები ამბობენ, რომ ჩემი გამოჩენის შემდეგ დაიწყო მანქანების დაწვა. მათივე მოპოვებული მასალები ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. არც ერთი მოწმე არ იძახის, რომ ქვას ვისროდი, ან ვიგინებოდი. ყველა მოწმის ჩვენებაში „კოპი ფეისთით“ არის გადატანილი. აქციაზე სეპარატისტული მოწოდებები იყო, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და სურვილი მქონდა, რომ გამეჩერებინა. ბუნებაში ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული არ არის. სამართალი დღეს ერთი კაცის ჯიბეშია და როგორც უნდათ ისე ტრიალებს. ადამიანებს, რომლებსაც 20 და უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ ხე გლეჯიას შვილის სტატუსის შემდეგ პროკურატურამ ისინი გაათავისუფლა. ჩემი ოცნებაა სოხუმში უნდა წავიდე. სოხუმში ვერ წავალ თუ ამ ქვეყანაში ასეთი პოლიცია და სასამართლო იქნება. მე იდეალისტი ვარ. ამ პროცესთან მიმართებაში იდეალიზმს ვითხოვ. ორი თვეა ტყუილად ვზივარ ციხეში. არ მინდა ამ დარბაზიდან შეურაცხყოფილი გავიდე. ქვეყანაში, სუს-ის დაშინების მიუხედავად, მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას ღებულობენ. მე ციხის არ მეშინია, გინდა 6 წელი მომისაჯოთ. ევროპული სასამართლო მაინც გამამართლებს, რადგან ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა ჩხვირკიამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.

























