მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები სიტყვა-სიტყვით დაემთხვა იმ ჩვენებას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს მიცემული გამოძიებისთვის, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.
ადვოკატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ დღეს დაიკითხა პატრიარქის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი. მისივე თქმით, დაცვის თანამშრომლებმა ისაუბრეს შორენა თეთრუაშვილის და სასულიერო პირების ურთიერთობაზე, ასევე, საპატრიარქოში არსებულ სიტუაციაზე.
”ვადასტურებ, რომ დღეს პატრიარქის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაიკითხა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ შორენა თეთრუაშვილს არაერთხელ გაუცია ისეთი ბრძანება და მითითება, რომელიც შემდგომ თვითონვე უარუყვია. დღეს გაჟღერებული თემები სიტყვასიტყვით ემთხვეოდა დეკანოზის მიერ მიცემულ ჩვენებას, რაზეც პროკურორი გამოდიოდა წყობიდან, მაგრამ გვიწევდა მათი დამშვიდება. დაცვის ბიჭები ყველაფერს ისე ადასტურებდნენ, როგორც მამალაძის 60-ფურცლიან ჩვენებაშია ნათქვამი. მაგალითდ, დღეს ისაუბრეს, თუ რატომ ჩადიოდა დეკანოზი გერმანიაში და რა მოლოდინი ჰქონდა, ასევე ვინმეს მოსაკლავად ჩადიოდა თუ სხვა გეგმები ჰქონდა. დაცვის თანამშრომლებმა ისაუბრეს, რა ურთიერთობები იყო საპატრიაქოში შორენა თეთრუაშვილსა და სასულიერო პირებს შორის, რა ურთიერთობები იყო მეუფე იაკობსა და სოსო ოხანაშვილს შორის, რა ხდებოდა შორენა თეთრუაშვილსა და მეუფე იაკობს შორის და ა.შ.”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისივე ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათ ხშირად სამივლინებო თანხა არ გააჩნდათ და დეკანოზი გიორგი მამალაძე ხშირად ეხმარებოდა მათ ფინანსურად.