ალექსანდრე ელისაშვილი - მე მხოლოდ „სელფებში“ არ ვიკეკლუცებ, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს

ალექსანდრე ელისაშვილი - მე მხოლოდ „სელფებში“ არ ვიკეკლუცებ, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს

წინასააჩევნოდ, რაც არ უნდა, “სელფებს” იღებდნენ და ყვებოდნენ, როგორ უყვართ რეკრეაციული ზონა - ეს არის ,,ქართული ოცნების’’ დამოკიდებულების რეალური სახე. ყველა მოჭრილ ხეს ახალი ამონაყარი აქვს, რაც ადასტურებს იმას, რომ ჯანმრთელი მცენარეები მოჭრეს’, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელისაშვილმა ყაზბეგის 22 ნომერში მდებარე ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც გასული წლის ზაფხულში ხეები მოიჭრა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ერთ-ერთმა კომპანიამ თანხა გადაიხადა აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღასართულიანი ნაგებობის მშენებლობისთვის, რის გამოც 45 ჯანმრთელი მცენარე მოიჭრა.

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი პროკურატურას მოუწოდებს, აღნიშნული ხეების მოჭრის თაობაზე დაწყებული გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს და პასუხი საჯარო გახადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, „ამ საქმეს არ მოეშვება, სანამ არ დაისჯებიან კონკრეტული ადამიანები, ვინც ფული გადაიხადა საღი ხეების მოჭრაში და ვინც ფული აიღო შესაბამისი ნებართვის გაცემაში“.

„ზუსტად 1 წლის წინ, 2016 წლის 17 აგვისტოს, ყაზბეგის 22 ნომერში მოჭრეს 45 ჯანმრთელი და საღსალამათი ხე. პროკურატურამ, ხმაურის და მთელი დავი-დარაბის შემდეგ დაიწყო გამოძიება და 1 წელია, ვითომ, ეს საქმე ვერ გამოიძიეს. რეალურად, ფაქტია, რომ პროკურატურა ხელს აფარებს მერიის კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, იმ ადამიანებს, რიომლებმაც აშკარად, ფული აიღეს საღსალამათი ხეების ხმელად გასაღებასა და მათი მოჭრის ნებართვის გაცემაში. შესაბამისად, აქ, უბრალოდ, ფაქტის შესახსენებლად მოვედი. არ მოვეშვები არასდროს, სანამ ეს საქმე რეალურად არ იქნება გამოძიებული, ვინაიდან ფაქტია, რომ უმარტივესად გამოსაძიებელი საქმეა, 1 წელია, განზრახ ჭიანურდება და ისრების სხვაგან გადატანა ხდება. ახლა, წინასააჩევნოდ რაც არ უნდა რაღაც „სელფებს“ იღებდნენ და ყვებოდნენ, როგორ უყვართ რეკრეაციული ზონა, ეს არის რეკრეაციული ზონებისადმი „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების რეალური სახე. მათი მმართელობის შედეგია, ის რომ ამ ფაქტებს არ იძიებენ. ‘’ქართული ოცნების’’ ზოგიერთი წარმომადგენელი ნუ კეკლუცობს, ვითომ ახლა აღმოაჩინა რაღაცები და გული აქვს აჩუყებული, თითქოს, საოცარი პარკების გაშენებას აპირებს. ჯერ ეს გამოიძიონ, სანამ რაღაც პარკების გაშენებაზე ვისაუბრებთ. ვინ გასცა ხის მოჭრის ნებართვა? - შესაბამისად პროკურატურამ ყველას უნდა გაგვცეს პასუხი, რა მოხდა 1 წლის წინ ყაზბეგის 22 ნომერში,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, აპირებს თუ არა ისევ მიმართოს პროკურატურას ამ საქმეზე, ელისაშვილმა განმარტა, რომ ხეების მოჭრის თაობაზე ის რამდენჯერმე დაიკითხა.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებას ასევე არაერთხელ წერილობით მიმართა, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, პროკურატურაში პასუხზე უარი უთხრეს.

„პროკურატურას რამდენჯერაც მივწერე, თუ რა ეტაპზე იყო გამოძიება, მპასუხობდნენ, რომ გამოძიების შედეგებს სამართლებრივად ვერ მეტყოდნენ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელია, რომ კომპანია „ორბმა“ , ვინც აშენებდა, გადაუხადა გამწვანების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს თანხა, ამგვარად მოჭრეს ეს ხეები. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია, დაკითხონ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ამ საქმეს მე აუცილებლად ბოლომდე მივიყვან, არამხოლოდ ამ საქმეს, არამედ, ზოგადად რეკრეციული ზონები ხელშეუხებელი იქნება, რომელიც უნდა გაფართოვდეს. ამას რეალურად გავაკეთებ და არამხოლოდ „სელფებში“ ვიკეკლუცებ, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს“, - აღნიშნა მან.