ბათუმის ამერიკულ კუთხეში 11 სექტემბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად, 11 სექტემბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბათუმის ამერიკულ კუთხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, დავით გაბაიძემ მისასალმებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხს, ცივილიზებულ სამყაროს და აღნიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქვეყნის ტრაგედია.
„ეს იყო დანაშაული არა მხოლოდ ამერიკის, ამერიკელი ხალხის მიმართ, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ეს იყო მსოფლიოს დაშინების მცდელობა და სწორედ ამიტომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სხვანაირად ეს სენი ვერ დამარცხდება“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
ღონისძიება, რომელზეც აშშ-ისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები აჟღერდა, საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გენო მახარაძემ გახსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებმა.
ტრაგედიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 16 წელი გავიდა, თუმცა ამერიკელი ხალხის, ცივილიზებული მსოფლიოს ამ უდიდეს გულისტკივილს დღემდე არ ივიწყებს საერთაშორისო საზოგადოება. დაღუპულთა სულების მოსახსენებლად დარბაზში აინთო სანთლები, გაიმართა ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

























