ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება. ამის შესახებ ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, „თვითმმართველობა 2017“-ის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა.
„ეს ქვეყანა ვერ ვითარდება, რადგან პოლიტიკოსები ავლენენ ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურას. წინასაარჩევნოდ დავპირდებით ან დაპირდებიან ხოლმე უზარმაზარ ოქროს კოშკებს, შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერს ან ძალიან ცოტას შეასრულებენ და შემდეგ თავს არ იტკიებენ იმაზე ფიქრით, რომ არაფერი გაუკეთებიათ და ეს არის ნორმა. შემდეგ ახალი ოქროს კოშკები წამოვა, შეგიძლიათ გაიხსენოთ უამრავი დაპირება და ასე გრძელდება უსასრულოდ. მე პირობას ვდებ და სხვებსაც მოვუწოდებ, რომ ჩემი გამარჯვების პირობებში, თუ მე ჩემს ვადაში ვერ შევასრულებ დაპირებებს, საჯარო სივრცეში აღარ გამოვჩნდები. მე ვიქნები შერცხვენილი საკუთარი ქალაქის და ამომრჩევლის წინაშე და გავქრები სულ მცირე ერთი საარჩევნო ვადის განმავლობაში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

























