პოეტის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პეკინის ქუჩაზე, პოეტის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პოეტის ოჯახს მისი კოლეგები, პოეტები, პუბლიცისტები, მომღერლები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

მათი განცხადებით, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ერის ადამიანი, რომლის დანაკლისსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს. მათივე განცხადებით, ჯანსუღ ჩარკვიანი, გარდა მისი შემოქმედებისა, გამოირჩეოდა პატრიოტიზმით და ადამიანთა მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით.

“ჯანსუღ ჩარკვიანი მართლაც იყო ის ადამიანი, რომელიც დააკლდა მთელ ერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გავკადნიერდები და გეტყვით, რომ მე მქონდა ბედნიერი წლები, როდესაც მასთან მქონდა შეხება. მეც და დედაჩემიც მის ლექსებზე დაწერილ ძალიან ბევრ სიმღერას ვასრულებთ. ვიზიარებ ბატონ ჯანსუღის ოჯახის მწუხარებას”, - აღნიშნა მომღერალმა ეკა მამალაძემ.

პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ჯანსუღ ჩარკვიანის აქტიურ მოქალაქეობრივ როლზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი არაერთი თაობისთვის მისაბაძი ადამიანი იყო. “სამწუხაროა, რომ ჩვენ წარსულში გვიწევს ამ ადამიანზე საუბარი. ბატონი ჯანსუღი თავისი ცხოვრების წესით თაობებისთვის მისაბაძი ადამიანი იყო. ვუსამძიმრებ როგორც ბატონ ჯანსუღის ოჯახს, ასევე სრულიად საქართველოს ასეთი ერისკაცის გარდაცვალების გამო”, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თეატრთმცოდნე დოდო ხურცილავას თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელზეც მუდმივად შეიძლება ისაუბრო ისე, როგორც ცოცხალ ადამიანზე. “მე პირადად ბატონ ჯანსუღთან შეხვედრა არ მქონია. თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ის იყო საოცარი ადამიანი. მისი შემოქმედება ნამდვილად გამორჩეულია და, ზოგადად, არსებობენ ადამიანები, რომელზეც წარსულში ვერ ისაუბრებ. ისინი მუდმივად ცოცხლები რჩებიან. ბატონი ჯანსუღიც ასეთი ადამიანია. მასზე მუდამ შეიძლება ისაუბრო ისე, როგორც ცოცხალ ადამიანზე”, - აღნიშნა დოდო ხურცილავამ.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯანსუღ ჩარკვიანს მინიჭებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, ასევე შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია, არის ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა