“ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბი - წერტილი დაესვა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დეზინფორმაციულ კამპანიას

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბი - წერტილი დაესვა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დეზინფორმაციულ კამპანიას

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბი, შს სამინისტროს მიერ, გიორგი როყვას პოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში, პარტიის რაიონული შტაბი შს სამინისტროს მადლობას უხდის ჩატარებული სამძებრო სამუშაოების გამო და აღნიშნავს, რომ წერტილი დაესვა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დეზინფორმაციულ კამპანიას. გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ შარაშენიძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ როყვა მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი და მხარდამჭერია - სინამდვილეში კი, მათი თქმით, გიორგი როყვა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყო.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. ”მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის, რითაც წერტილი დაესვა კოტე შარაშენიძის შტაბის მიერ წარმოებულ ორდღიან დეზინფორმაციულ კამპანიას. გიორგი როყვა ოზურგეთშია და მისი უფლებები დაცულია. ახლა უკვე ცხადია, რომ ეს ე.წ. სპექტაკლი კოტე შარაშენიძეს დასჭირდა ერთადერთი მიზნისთვის: როგორმე გადაეფარა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი როყვას მონაცემების გაყალბებით შეტანა საკუთარ საარჩევნო წარმომადგენელთა სიაში, რის შესახებაც როყვამ თავად მიმართა მედიასაშუალებებს. შარაშენიძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ როყვა მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი და მხარდამჭერია - სინამდვილეში გიორგი როყვა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყო. შარაშენიძემ ასევე იცრუა, როდესაც გიორგი როყვას გაუჩინარებაზე განცხადებები გააკეთა და აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა, მაშინ როდესაც გიორგი როყვას ოჯახს პოლიციისთვის არც კი მიუმართავს და ოჯახის წევრები მას გაუჩინარებულად არ მიიჩნევდნენ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტი საკუთარ საარჩევნო კამპანიას შანტაჟსა და დეზინფორმაციაზე აგებს. ჩვენ თავს ვიკავებდით წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან. დღეს უკვე შეგვიძლია მოვუწოდოთ შესაბამის სამსახურებს და დამკვირვებლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და პირის თანხმობის გარეშე მონაცემებით მანიპულირებას სათანადო შეფასებები მისცენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.