ფოთის ახალარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია გახდა. იგი აქამდე ქალაქის მერის პოსტს იკავებდა. კაკულიას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა. საკრებულოს სხდომას 25-ივე დეპუტატი ესწრებოდა, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა კი 22-მა მიიღო.
როგორც ირაკლი კაკულიამ განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, ”ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ქალაქის განვითარებაზე იზრუნებს.
დღესვე სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია აირჩიეს. აღნიშნულ კანდიდატურას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ფარულ კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,შენების მოძრაობის“ დეპუტატები. საკრებულოს დეპუტატის ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით , მათი პროტესტი არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია.
,,წარმოდგენილი კანდიდატები მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში, ამიტომ არ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა. ერთი საარჩევნო ოლქიც კი არ დათმეს მაჟორიტარული, რომ ნორმალურად ჩაეტარებიათ არჩევნები. არჩევნები ნორმალურად რომ ჩატარებულიყო, დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებდა ოპოზიცია. ჩვენი ხელისუფლების დროს კანონი ავალდებულებდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ესენი ლაპარაკობენ დემოკრატიაზე? ამათი დემოკრატია მთავრდება სკამებთან და ჯიბეებთან”, - აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა ფოთის #70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ გახსნა. მან დარბაზში მყოფებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო, შემდეგ კი სიტყვა საკრებულოს უხუცესს წევრს გია დარჯანიას გადასცა.
მმართველ გუნდს ფოთის საკრებულოში 18 დეპუტატი ჰყავს, აქედან 10 მაჟორიტარული წესით არჩეული, 8 კი პროპორციული სისტემით გამარჯვებული. ადგილობრივ არჩევნებში ორი მანდატი მიიღო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითო-თითო დეპუტატი შევიდა საკრებულოში ,,ევროპული საქართველოდან“, ,,პატრიოტთა ალიანსიდან“, ,,შენების მოძრაობიდან“, ,,ლეიბორისტული პარტიიდან“ და ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოდან“.