საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონის გახსნა ხვალიდან დაიწყება

საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონის გახსნა ხვალიდან დაიწყება

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნება გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი, ხოლო 23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

„აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს Euronews-ის 400-მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლი Euronews-ის მაყურებელს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებსა და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს შესახებ რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ გადაცემებშია, როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.