ქართული პრესის მიმოხილვა 20.12.2017

წყლით მდიდარ ქვეყანაში წყალს აძვირებენ

რატომ გახშირდა ძალადობის ფაქტები მოზარდებს შორის?

***

წყლით მდიდარ ქვეყანაში წყალს აძვირებენ

“წყლის გაძვირება თითქმის გადაწყვეტილია. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წყლის გადასახადთან დაკავშირებით ითქვა, რომ ინვესტიციები წინასწარ ტარიფში აუცილებლად აისახება. ამით, ფაქტობრივად, დადასტურდა, რაზეც უკვე სპეციალისტები საუბრობენ - წყლის გადასახადის ზრდა გარდაუვალია. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი განმარტავს, რომ წინასწარ იმის თქმა, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფი, ნაადრევია და საჭიროა ყველა კომპონენტის გათვალისწინება სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას. თუმცა იმ ნაწილში, რომელიც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სამწლიანი ტარიფის დადგენას შეეხებოდა, მან თითქმის დაადასტურა, რომ ცვლილება მოსალოდნელია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით წყლით მდიდარ ქვეყანაში წყალს აძვირებენ / "პარადოქსია, მაგრამ წყლის წარმოება გაცილებით იაფი ჯდება ერაყში, ვიდრე საქართველოში"

"ფანგანის თქმით, დადგინდა სამწლიანი ტარიფები პირველად ჩვენს პრაქტიკაში. წარმოდგენილი იყო 126 მილიონი ლარის ინვესტიცია, თუმცა კომისიამ შეათანხმა 114 მილიონი. ეს ინვესტიციები აუცილებლად უნდა მოხვდეს წინასწარ ტარიფში. კაპიტალდაბანდება მნიშვნელოვანია, რადგან 2018 წლიდან კარდინალურად იცვლება რეგულაციები მიწოდების საიმედოობასთან და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ანუ რამდენი ავარია შეიძლება მოხდეს, რა ხანგრძლივობის იქნება. სწორედ ამ მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესდება სანქციები. ინვესტიციების ეს მოცულობა ტარიფზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, თუმცა რა ცვლილებას გამოიწვევს, საუბარი ნაადრევია, რადგან არ არის დამტკიცებული თუნდაც ნორმატიული დანაკარგების ოდენობა, რაზეც ჩვენ უახლოეს სხდომებზე ვიმსჯელებთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკონომისტები ამბობენ, რომ გამრიცხველიანების პროცესის დასრულებამდე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა დაუშვებელია. რამდენით გააძვირებენ გადასახადს, პროგნოზი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ტრადიცია გაგრძელდება და წყლის ტარიფს კვლავ პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაადგენენ, როგორც აქამდე ხდებოდა. იგი ფიქრობს, რომ გადასახადი განსაკუთრებით წყლის მწარმოებელ კომპანიებს დააწვება ტვირთად და ეს იქნება იმდენად მძიმე, რომ სამომავლოდ გარკვეული ინვესტიციების გადინებასაც გამოიწვევს. ტარიფი უეჭველად მოიმატებს. როგორც ვიცით, იგი იქნება სამწლიანი. ახალი მეთოდოლოგია დანერგეს, რომელიც აქამდე დაუხვეწავი იყო. ვფიქრობ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ჩვენ არ გვაქვს გამრიცხველიანება. ვინმე თუ ამბობს, რომ ინვესტიციები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ხორციელდება, მთლად დამაჯერებელი არ არის. ერთი შეხედვით ასეა, მაგრამ, რეალურად, აშკარაა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, რადგან უბიძგებენ ადამიანს, არაეფექტურად მოიხმაროს წყლის რესურსი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან კომპანიები, რომლებსაც ძვირი უჯდებათ წარმოება, განსაკუთრებით მათ, რომელთა საქმიანობა წყალზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეს ითქმის მინერალური წყლების კომპანიებზე, რომლებსაც მაღალი გადასახადი მძიმე ტვირთად დააწვებათ. შეიძლება ზოგიერთი კომპანია იძულებული გახდეს, გაიტანოს ქვეყნიდან ინვესტიცია. ახლაც იმდენად დიდია გადასახადი, მისი გაძვირება ძნელად წარმოსადგენია. პარადოქსია, მაგრამ წყლის წარმოება გაცილებით იაფი ჯდება ერაყში, ვიდრე საქართველოში, სადაც დღეს არსებული ტარიფის პირობებშიც უჭირთ გადახდა", - განმარტავს ჯგერენაია და დასძენს, რომ ხელისუფლებამ წყლის ტარიფთან დაკავშირებით ბიზნესის რეალური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს“, - დასძენს გამოცემა.

"სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტარიფი გაიზრდება, მაგრამ, ამასთან, შეგვახსენებენ, რომ წყალი ადგილობრივი რესურსია და, სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, იაფი უნდა ღირდეს. წყლის ექსპერტი, მეცნიერი პაატა გიორგაძე ვარაუდობს, რომ წყალს გააძვირებენ, რაც მთავრობამ არ უნდა დაუშვას. გიორგაძის თქმით, ლარის გაუფასურების გამო დღეს ფასი თითქმის ყველაფერზე მატულობს. ცვლილება წყლის ტარიფზეც რაღაც დონეზე აისახება, რაც დღევანდელ პირობებში ყოვლად მიუღებელია. ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა უფრო სწრაფად გაღარიბდება. წინა წლებთან შედარებით, ისედაც არნახულად არის ხალხი გაღარიბებული. ამ მძიმე სოციალურ ფონზე ტარიფის მცირე ცვლილებაც კი მთავრობის მიმართ უნდობლობას გამოიწვევს. ლარის არსებული კურსის პირობებშიც კი წყლის სატარიფო პოლიტიკის გადახედვა დაუშვებლად მიმაჩნია. როგორც ექსპერტი და მეცნიერი, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გამრიცხველიანება მოითხოვს დამატებით ხარჯს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რაც მეტი ეკონომიის გაწევის საშუალებას მისცემს ხალხს და წყლის რესურსიც დაიზოგება. საქართველოში, სადაც წყლის მდიდარი რესურსით ვიწონებთ თავს, ტარიფის ზრდაზე საუბარი არც უნდა მიდიოდეს. უკიდურეს შემთხვევაში თუ გადასახადი მოიმატებს, ის აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კომპენსირებული, რათა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს. მით უფრო ახლა, როცა დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მოსახლეობა გაღარიბებისკენ მიექანება", - წერს სტატიის ავტორი.

რატომ გახშირდა ძალადობის ფაქტები მოზარდებს შორის?

"რუსთაველზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-108-ე მუხლებით დაიწყო და ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. "პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულმკერდში შემავალი ჭრილობა", - აღნიშნა ექიმმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, რატომ გახშირდა ძალადობის ფაქტები მოზარდებს შორის?

"საზოგადოებაში აგრესია მომატებულია და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, საჭიროა სოციოლოგიური კვლევა. ძალადობის კულტი შემოვიდა 1992 წელს, როდესაც ავტომატით შეიარაღებული მხედრიონელები თავიანთ წესებს აწესებდნენ ქალაქში. წინა ხელისუფლებამ რაღაც ღონისძიებები ჩაატარა ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ. ახლა, როგორც ჩანს, მოეშვა ეს მექანიზმები და ისევ დაიწყო. ახალგაზრდობა ჩამოსცილდა სპორტს და ენერგიას ვერსად ხარჯავენ. თან სოციალური გარემოც არასასურველია - მშობლები უცხოეთში არიან წასულები და შვილებს "სკაიპით" ზრდიან", - აღნიშნავს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე

"ვერ გეტყვით. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს ამაზე და რაღაც ერთობლივი მეთოდოლოგია უნდა შემუშავდეს. მოზარდებთან მუშაობაა საჭირო, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მასწავლებელმა თავისი და მანდატურმა - თავისი. ძალიან სენსიტიური თემაა და ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს", - აცხადებს ადვკატი ქეთი ბექაური

"კანონზომიერება არ არსებობს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას რაღაც მიზეზი მოერგოს. სამწუხაროდ, ათასი მიზეზი არსებობს, რომ ქვეყანაში ასეთი საშინელი ფაქტები ხდება. როდესაც ადამიანები ემოციებს ვერ აკონტროლებენ და აგრესია არის უკონტროლო, ჩვენ ვერაფრით დავიჩემებთ, რომ არ შეიძლება, ეს მოხდეს. ძალიან ძნელია კანონზომიერების ჩარჩოში მოთავსება ასეთი ფაქტების. პასუხისმგებლობა ყოველთვის არის პერსონალური. ადამიანი ყოველთვის ინდივიდუალურად სჩადის დანაშაულს და პასუხისმგებლობაც მასზეა. პასუხისმგებლობისა და მიზეზების ძიებაში კონკრეტული ადამიანის დანაშაულებრივი ნება განზე რჩება. რატომ მოხდა ეს?! იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანი არის მკვლელის ინსტინქტით. სამწუხაროა, მაგრამ ამის საწინააღმდეგო რა უნდა მოხდეს, ძალიან ძნელი სათქმელია", - დასძენს ფილოლოგი გია მურღულია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა