ლია მუხაშავრია - საქართველოს გარშემო ყველა მხრიდან ძალიან საშიში რკალი იკვრება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის მტკიცებით, ექსპრეზიდენტს შეწყალების გამო კი არ წაეყენა ბრალი და სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, არამედ იმის გამო, რომ მან თანამდებობა ბოროტად გამოიყენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან შეწყალების პირობა წინასწარ გასცა, რომ დანაშაული არ გახსნილიყო.

როცა საქმე სააკაშვილს ეხება, პოლიტიკური შემადგენელის გამორიცხვა წარმოუდგენელია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ახლა უმთავრესია მომხდარის სამართლებრივი ასპექტები. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამ საქმის სწორედ სამართლებრივი მხარე?

- ეს საქმე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური შემადგენლისგან დაცლილი არ არის. მიუხედავად იმისა, ხელისუფლება დიდი ხანია აანონსებდა, რომ სააკაშვილის მიმართ საქმეები აღძრულია, მიმდინარეობდა გამოძიება, ჩემთვისაც გასაოცარი იყო, რომ ამ საქმით სააკაშვილის მიმართ სასამართლოში პირველი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და სხვა საქმეები სასამართლომდე მისული არ არის.

გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც ამ საქმეში პრეზიდენტ სააკაშვილის წვლილზე მკაფიოდ არის მითითებული, სააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას გამოყენებული იქნა არა წმინდა სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით

ჩემი აზრით, ეს საქმე სხვა დანაშაულებთან შედარებით, რომელიც სააკაშვილს სავარაუდოდ აქვს ჩადენილი, უწყინრადაც კი გამოიყურება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე - ”ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ”, საკმაოდ მკაფიოდ არის გამოკვეთილი, რომ საქართველოს მთელი სელისუფლება ორკესტრირებულად მოქმედებდა დანაშაულის დასაფარად. მასში ასევე მითითებულია ამ საქმეში პრეზიდენტ სააკაშვილის წვლილზე. ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნა გამოყენებული არა წმინდა სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.

მე არასოდეს არ მსურდა პროკურორობა და არასოდეს არ მსურდა ბრალის წაყენება, მაგრამ, ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სააკაშვილს პირველ რიგში დავადანაშაულებდი 2008 წ. აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულობებისთვის, რომელთა გამოძიება მიმდინარეობს - ვფიქრობ, ამ საქმეების გამოძიება სააკაშვილამდეც მივა. ასევე სხვა არანაკლებ მძიმე დანაშაულობებისთვის დავადანაშაულებდი, მათ შორის ისეთებისთვის, რომელიც მას საჯაროდ აქვს გაკეთებული.

მხედველობაში მაქვს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა იმ ფორმით და იმ კუთხით, როგორადაც გაკეთდა. მხედველობაში მაქვს - ესროლეთ ყველას, დამიზნებით და ასე შემდეგ. ასევე ბრალს წავუყენებდი ხელისუფლების უზურპაციისთვის. მხედველობაში მაქვს 2004 წელს კონსტიტუციის თავის თავზე მორგება და შემდეგ პრაქტიკაში იმგვარად გამოყენება, როგორც ეს მოხდა.

- გასაგებია, რომ ამ თემაზე ჩვენებები მისცეს მათ, ვინც გირგვლიანის საქმეზე ციხეში იჯდა, მაგრამ მათივე ჩვენებებში საუბარია, რომ სააკაშვილისგან პირობა მათ დათა ახალამ აცნობა.

შემდგომ განვითარებული მოვლენები, გირგვლინის საქმეზე ციხეში მჯდომთა პრივილიგებული მდგომარეობა, შემდეგ მათი შეწყალება გარკვეულ ეჭვებს კი აჩენს, მაგრამ ამ საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სასამართლოზე არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც დათა ახალაიას, ისე სააკაშვილის ჩვენებები?

- არა, რაკი სააკაშვილი ბრალდებული იყო, მას ჰქონდა უფლება ესარგებლა დუმილის უფლებით. მით უმეტეს, რომ ეს სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. უფრო მეტიც, მე არ ვიცი როგორ აისახა განაჩენში, მაგრამ საინტერესოა ის, რომ გირგვლინის საქმეზე დაკავებულთა შეწყალება მოხდა შეწყალების კომისიის გვერდის აივლით. შეწყალების კომისიამ საერთოდ არ იცოდა ამ შეწყალების შესახებ.

სააკაშვილს პირველ რიგში დავადანაშაულებდი 2008 წ. აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულობებისთვის... მათ შორის ისეთებისთვის, რომელიც მას საჯაროდ აქვს გაკეთებული...ასევე ბრალს წავუყენებდი ხელისუფლების უზურპაციისთვის. მხედველობაში მაქვს 2004 წელს კონსტიტუციის თავის თავზე მორგება და შემდეგ პრაქტიკაში იმგვარად გამოყენება, როგორც ეს მოხდა

და მეორე, მე ნამდვილად ვიცი ციხეში თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ის ადამიანები, ვინც გირგვლიანის საქმეზე იყვნენ დაკავებული. მე იმ პერიოდში მიწევდა მე-7 საპყრობილეში ერთ-ერთ კლიენტთან ვიზიტი. მეც სხვა პატიმრების ნათესავების მსგავსად ვიდექი რიგში. სწორედ მათგან მოვისმინე პირველად - მაშინ როცა ისინი თავის ახლობლებთან შესახვედრად ან რამის გადასაცემად ღამეებს ათენებდნენ, ხედავდნენ თუ როგორ გამოჰყავდათ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები გარეთ, როგორ შეჰქონდა მუშებს მათ საკნებში ელექტროტექნიკა, რომ იქ მათი კომფორტი უზრუნველყოფილიყო. გარდა იმისა, ისინი იყვნენ ცალკე და ერთად, რაც აშკარად დარღვევა იყო. სხვათა შორის, სხვა პატიმრების ოჯახის წევრები მაშინ ამაზე საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ.

- ანუ, გირგვლიანის საქმეზე დაკავებულთა და შემდეგ შეწყალებულთა ჩვენებები სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო?

- ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას ასედაც. თუ ეს განაჩენი გასაჩივრდა და ზედა ინსტანციამ იგი გააუქმა ან ძალაში დატოვა, მაშინ სხვა სურათი გვექნება.

- მმართველი გუნდის წევრები ხშირად კი საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებისაგან სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვს, მაგრამ მაინც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან ამ ტიპის განცხადებები აშკარად ცალყბად კეთდებოდა.

სააკაშვილის უკრაინელი ოპონენტების მტკიცებით, მას შემდეგ რაც თბილისის სასამართლომ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მისი საქართველოში დეპორტაციისთვის ყველა იურიდიული შესაძლებლობა არსებობს. უკრანის ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციისთვის საკმაოდ ბევრი პროცედურა იქნება გასავლელი.

თქვენი დაკვირვებით, სასამართლომ სააკაშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა საფუძველი მისი ექსტრადირებისთვის თუ არა? რამდენად დიდია იმის ალბათობა, სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის იმისთვის იქნა მიღებული, რომ თავად სააკაშვილს ეთქვა უარი საქართველოში ჩამოსვლაზე?

- იცით რა, არც ერთი ლოგიკით სააკაშვილი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო. ვინაიდან, იგი ამ საქმის გარდა სხვა საქმეეშიც არის ბრალდებული და როგორც კი შემოვიდოდა საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 72 საათის განმავლობაში ელოდა დაკავება, ვიდრე სასამართლო შეურჩევდა მას აღმკვეთ ღონისძიებას.

ჩემი აზრით, სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ახლა ადვილდება მისი საქართველოში ექსტრადირების პროცესი. როგორც ჩანს, აქამდე უკრაინული მხარისათვის არასაკმარისი იყო ის ბრალდებები, რაც სააკაშვილის მიმართ იყო წაყენებული.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების გზას დაადგა, მაგრამ სააკაშვილის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება საკმაოდ არამყარია, თუკი საერთაშორისო საზოგადოება მას მხარს დაუჭერს. სააკაშვილს კი ასეთი ვითარების შექმნა ეხერხება

ჩვენ ვიცით, რომ რამდენჯერმე უკრაინულმა მხარემ საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი თქვა. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ჩვენებს მაინცდამაინც არ ეხალისებათ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა. ხელისუფლებას ესმის, რომ სააკაშვილი საქართველოში მას როგორც მინიმუმ უსიამოვნებებს, შესაძლოა პრობლემებსაც კი შეუქმნის.

- სწორად გავიგე - ხელისუფლება ახლა დაადგა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების გზას?

- უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების გზას დაადგა, მაგრამ სააკაშვილის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება საკმაოდ არამყარია, თუკი საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს. სააკაშვილს კი ასეთი ვითარების შექმნა ეხერხება. მხედველობაში მაქვს საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა და ქვეყნის გარეთ მისი მხარდამჭერი ძალების მობილიზება. ბუნებრივია, რომ ის ამას გააკეთებს, ვინაიდან საკუთარი თავის დასაცავად სხვა არაფერი დარჩენია.

- ქვეყანაში საახალწლო განწყობაა, მაგრამ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ერთგვარად გამოაცოცხლა პოლიტიკური პროცესი. 2018 წელი ახალი შემობრძანებულია, მაგრამ უნებლიეთ ხვდები, ხელისუფლებას საკმაოზე მეტი გახმაურებული და დაუსრულებელი საქმეები გადმოჰყვა 2017 წლიდან - მათი ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისთვის, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გარდა, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორედ გახმაურებული და დაუსრულებელი საქმეები იქნება.

თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს საკმაოზე ბევრად მეტი გამოუძიებელი და დაუსრულებელი საქმეების არსებობის მიზეზი?

- ხელისუფლებამ დაივიწყა და აღარ ახსენებს სამართლიანობის აღდგენის დაპირებას, რომელზეც 2012 წლის არჩევნებამდე ბევრს საუბრობდა. მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ეს არ ახსოვს. ეს არ გახლავთ სახუმარო ამბავი, კარგი იქნება თუ იგი ამ დაპირებებს გაიხსენებს. ადამიანებმა შეიძლება მოითმინონ უშუქობა, უწყლობა, სიღარიბე და სხვა სოციალური პრობლემები, მაგრამ უსამართლობას არ მოითმენენ. ფაქტია, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულობები კვლავინდებურად გაუხსნელია. ხოლო გახსნილი საქმეების სამართლიანად გამოძიებისაც ბევრს არ სჯერა.

გამოძიებებში აშკარა ჩავარდნები სახეზეა და რაც დრო გადის ამგვარი შემთხვევები, სამწუხაროდ, არა თუ არ იკლებს, მატულობს... საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობა ჩვენ ქვეყანასაც მოწვდა.... ყოველივე ამის გამო იქმნება განცდა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა. რითაც, სხვათა შორის, ასე ამაყობდა სააკაშვილის ხელისუფლება

ფაქტია, რომ გამოძიებებში აშკარა ჩავარდნები სახეზეა და რაც დრო გადის ამგვარი შემთხვევები, სამწუხაროდ, არა თუ არ იკლებს, მატულობს კიდეც. ეს კი ძალიან საფრთხილოს ქმნის ხელისუფლების პოზიციებს. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე სულ უფრო მატულობს. ფაქტია, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობა ჩვენ ქვეყანასაც მოწვდა. ამ ტიპის ინფორმაციებს მალავენ. ყოველივე ამის გამო იქმნება განცდა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა აღარაა. რითაც, სხვათა შორის, ასე ამაყობდა სააკაშვილის ხელისუფლება.

- შსს-ს მინისტრის ამპლუაში გიორგი გახარიას დებიუტი საკმაოდ იმედის მომცემი კი იყო, მაგრამ თუ ისევ გამოუძიებელ და დაუსრულებელ საქმეებს გავიხსენებთ, თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ვაკეში სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე, მუხთარლის საქმე, ჩატაევის საქმე, რომელსაც ახლა მაჩალიკაშვილის საქმეც დაემატა, მათზე გამოძიება უმოკლეს ვადებში დასრულდება?

- ვფიქრობ, რომ ხელისუფლების სისუსტე, განსაკუთრებით სამართალდამცავთა სისუსტე მაშინ გამოვლინდა, როდესაც შს მინისტრი შეიცვალა და ამ უწყების ხელმძღვანელი გიორგი გვახარია გახდა. მას ამ საქმიანობისთვის არც პროფესიული განათლება და არც ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონია. ასეთი ადამიანი თავიდან ძალიან იმედიანად გამოიყურება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას უწევს ყოველდღიური პრობლემებისთვის თვალის გასწორება, მათ გადასაწყვეტად რომ გამოსავლის მოძებნა გაუჭირდებოდა, ლოგიკურიც გახლავთ.

ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ სფეროში გაატაროს რეფორმები. ამის შესახებ დაპირებები გახარიასგან კი მივიღეთ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგები არ ჩანს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შსს-ში ისეთი მინისტრის მისვლა, რომელიც ამ სფეროს არა მარტო კარგად იცნობს, იმავდროულად კარგად ესმის თუ როგორ უნდა გაატაროს რეფორმები და გამართულად ამუშაოს ეს მეტად სპეციპიკური და მნიშვნელოვანი უწყება. როგორც ვხედავთ, ჩვენთვის ყველასთვის სამწუხაროდ, გახარიამ ეს, ყოველ შემთხვევაში ჯერ, ვერ შეძლო.

- გასაგებია, მოსწავლეების მკვლელობის საქმე, წესით, მალე უნდა დასრულდეს, მუხთარლის საქმე გაცილებით რთულია. ისევე როგორც ჩატაევ-მაჩალიკაშვილის საქმეეები.

შსს-მ ჩატაევის თანამოაზრეებთან მაჩალიკაშვილის კონტაქტის კადრები გაასაჯაროვა. მეტიც, ითქვა, რომ დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოზე იქნება წარდგენილი. მაგრამ, უცნაური რამ იკვეთება - ჩატაევის თანამოაზრე სპეცოპერაციის ჩატარებამდე საქართველოში ორი წელი სხვა გვარით ცხოვრობდა და ხშირად სტუმრობდა პანკისის ხეობას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩატაევისა და მაჩალიკაშვილის საქმეებზე ხელისუფლება გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროებას ერიდება. თქვენი აზრით, ამ საქმეებთან მიმართებაში ამგვარი რამ რა შეიძლება იყოს?

- მე ადრეც ვამბობდი და ბევრს სასაცილოდ არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივნეულ თემებს შევეხები მე მაინც ვიტყვი - რაც ხდება, გახლავთ რუსეთის სპეცსამსახურებთან ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობის გამოხატულება. ეს მაშინ, როცა ფორმალურად ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის არც დიპლომატიური ურთიერთობა და სახელმწიფო დონეზე არანაირი საქმიანი ურთიერთობები არ გვაკავშირებს. ვფიქრობ, ეს გახლავთ მიზეზი, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ხელისუფლება სიფრთხილეს იჩენს და ბევრი რამის გასაჯაროებას არ ახდენს.

ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ საზოგადოების გვერდის ავლით რუსეთის სპეცსამსახურებთან მაინც თანამშრომლობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სხვათა შორის, ამ ტიპის თანამშრომლობა ყოველთვის არც არის კანონიერი, მისაღები და არც საქართველოს ინტერესებშია

მაგალითად, იგივე ლაფანყურის ოპერაცია ჯერაც გაუხსნელია და ჯერაც არ გვაქვს პასუხები კითხვებზე, რომელიც მაშინ დაისვა. საერთოდ, ის, რაც ხდება ჩვენს სასაზღვრო ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, მართლაც ტოვებს სერიოზული საფრთხის განცდას. ფაქტია, რომ ამ ტერიტორიებზე რაღაც ტიპის საეჭვო ოპერაციები ტარდება. არადა ისინი არ და ვერანაირად ვერ იხსნება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით.

- ამ თემებზე საუბარი იმის გამოცაა აქტუალური, რომ ”სუსტი და არაეფექტური” ქართული სახელმწიფო რუსეთის ინტერესებშია და იმავდროულად მისი მიზანიცაა. გაქვთ განცდა, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას ეს გაცნობიერებული აქვს?

- შესაძლოა, გაცნობიერებული აქვთ, მაგრამ თუ ხელისუფლება გააგრძელებს იმგვარ პოლიტიკას, რომელსაც მანამდე მისი წინამორბედი ხელისუფლებები ატარებდნენ და რომელსაც არაფერი სასიკეთო არ მოჰქონდა არც მათთვის და არც ქვეყნისთვის, მაშინ არაფერი შეიცვლება.

თუ ხელისუფლება ამ თვალსაზრისით გადახედავს თავის პოლიტიკას, ეს ქვეყანას ნამდვილად წაადგება. ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ საზოგადოების გვერდის ავლით რუსეთის სპეცსამსახურებთან მაინც თანამშრომლობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სხვათა შორის, ამ ტიპის თანამშრომლობა ყოველთვის არც არის კანონიერი, მისაღები და არც საქართველოს ინტერესებში.

ამას სჭირდება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. გული მწყდება, რომ ამ საახალწლო დღეებში ვერაფერს სასიკეთოს ვერ ვამბობ იმაზე, რომ თემები, რომელზეც ვსაუბრობთ აღარ იყოს ჩვენთან აქტუალური და ამდენი სადარდებელი არ გვქონდეს. არადა ფაქტია, საქართველოს გარშემო ყველა მხრიდან ძალიან საშიში რკალი იკვრება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”