ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2018
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგუნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები * * *
ნარკოპოლიტიკა - საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ
"საპატრიარქო ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომზადებული კანონპროექტის გამო უპირისპირდება. სასულიერო პირები საპარლამენტო განხილვის შეაჩერებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩაში გამოსვლით იმუქრებიან. მათი განცხადებით, საკითხზე მსჯელობა სპეციალისტებისა და საზოგადოების ჩართულობით უნდა გაიმართოს, შემდეგ კი ახალი კანონი დაიწეროს. შეჩერდება თუ არა პარლამენტში განხილვა, მმართველ გუნდში ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ საზოგადოებრივი განხილვა დაიწყება და საკითხი საერთო აზრის შეჯერებამდე გადაიწევს. ამასთან, საპატრიარქოს წარმომდგენალებათან შეხვედრას და დეტალების ხელახლა გავლასაც აანონსებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საპატრიარქო პარლამენტის წინააღმდეგ."პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს არა ხილისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირებასთან, არამედ მმართველი გუნდის ნებასთან, რომ არ მიიღოს კანონპროექტი და ამისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი და სხვა გარემოება გამოიყენოს, ოღონდ ისე, რომ საკუთარი ბრალეულობა არ გამოჩნდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში შედგა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ახალი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს, რომელიც მეცნიერებით, დეპუტატებით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და დაინტერესებული პირებით დაკომპლექტდება. შემუშავებული ვერსია კი შემდეგ საზოგადოებას განსახილველად წარედგინება. როგორც შეხვედრაზე კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქომ უკვე არსებული კანონპროექტი დაწვრილებით განიხილა და საშიში აქცენტები აღმოაჩინა, მაგალითად, ნარკოგამსაღებლებზე უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმებია განსაზღვრული", - აღნიშნავს გამოცემა.
"არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში და მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია", - განაცხადა დეკანოზმა. მისივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტის დასმა სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით, რასაც ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს. კითხვაზე, ცდილობს თუ არა საპატრიარქო, გარედან ჩაერიოს პროცესებში, დეკანოზმა ანდრიამ უპასუხა, რომ დეპუტატებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ საპატრიარქოს პოზიცია და შეუძლიათ, არ გაითვალისწინონ. დეკანოზი დავით ისაკაძე კი მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი საქართველოს "ნარკოჰაბად" გადაქცევას ემსახურება და კანონის მიღებით "ნარკოვითარება ქვეყანაში უფრო დაიძაბება", - განაგრძობს გამოცემა.
"მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება უახლოეს მომავალში არ მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც განხილვაში ჩაერთვება და ამ პროცესში საპატრიარქოს ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. "საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით კი, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხზე შეჯერდება. თუმცა იგი ვარაუდობს, რომ განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მაინც მოესწრება. "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ საპატრიარქო და მმართველი გუნდი კანონპროექტის ძირითად არსში, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა იყოს ციხეში, თანხმდება. დანარჩენ ნაწილში კი საპატრიარქოს არასრული ინფორმაცია აქვს, რის გამოც მათთან შეხვედრა გაიმართება", - დასძენს გამოცემა.
"კანონპროექტის ავტორები თანახმა არიან, რომ დავიწყოთ საჯარო დისკუსია, რომელშიც ჩართული იქნება საპატრიარქო", - აცხადებს გუგული მაღრაძე. სასულიერო პირების განცხადებაზე, რომ თუ საპარლამენტო განხილვა არ შეჩერდება, ისინი ქუჩაში გადაინაცვლებენ, დეპუტატი ამბობს, რომ მსგავი ულტიმატუმი მიუღებელია. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს არა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირებასთან, არამედ მმართველი გუნდის მცდელობასთან, რომ კანონის მიღება განუსაზღვრელი ვადით ყველა საშუალებით გადადოს", - წერს სტატიის ავტორი.
"არ მგონია, რომ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირებასთან გვქონდეს საქმე. ამ ისტორიამ ტრაგიკომიკური სახე მიიღო, მაგრამ მთლად სასაცილოც არ არის. საქმე ისაა, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, ამ თემაზე დისკუსია გრძელდება. თითქოს ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ უცებ გამოჩნდება რაღაც და ისევ ახალი ფურცლიდან იწყება ყველაფერი, ამ წრეზე უკვე მერამდენედ დავტრიალდით სხვადასხვა ფიგურანტებით. აქ ლოგიკა არის ერთადერთი - ხელისუფლება ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ უნდა რაღაც გადაწყვეტილების მიღება და იქვე სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ამ გადაწყვეტილებას თავადვე ძირავს. დღეს საპატრიარქოა, ხვალ სხვა ჯგუფი გამოჩნდება და ეს იქნება დაუსრულებელი. მე ვფიქრობ, პოლიტიკური და თანმიმდევრული არც ნება და არც ხედვა ამ საკითხზე ხელისუფლებას არ აქვს. გასაგებია, რომ ეს არის ძალიან რთული თემა, რომელსაც სჭირდება მთელი ინსტიტუტების მშენებლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამისთვის არ არის მზად და ეძებს საბაბს, რომ როგორმე უვადოდ გადადოს", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?
"საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვის შეჩერებას ითხოვს. გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში ამ საკითხზე გამართული შეხვედრისას კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული. "ჩვენ ეს კანონპროექტი ძალიან დაწვრილებით განვიხილეთ და საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოგამსაღებლებზე ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმებია განსაზღვრული. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში, საუბარი მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებაზეა... მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია" - განაცხადა დეკანოზმა. კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტი მსჯელობას საპატრიარქოსთან ერთადაც აპირებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, განხილვაში საპატრიარქოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე?
"არ მგონია, რომ შეწყდეს. მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოს მონაწილეობითაც. ერთი რამ არის - რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა მომზადდეს გარემო. ალბათ უნდა იყოს საქმიანობის ისეთი სფეროები, სადაც ნარკომომხმარებლები არ უნდა მუშაობდნენ. როდესაც ამბობენ - ეს ჩემი პირადი ნებაა და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ - ეს ადამიანები არ ცხოვრობენ კუნძულზე. ეს რობინზონ კრუზოს ფსიქოლოგიაა. როდესაც მარტოა, მაშინ რაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ როცა საზოგადოებაში ხვდება, მათ პატივი უნდა სცეს და ისე მოიქცეს, როგორც ადამიანს ეკადრება. რაც მთავარია, მასმედიამ, სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, საკითხი ფართოდ უნდა გაშალოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
"არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოს. საპატრიარქომ შეიძლება რაიმე სახის რჩევა ან რეკომენდაცია მისცეს. ბოლომდე ვერ მივხდი, რა მოტივაციით უნდა შეწყდეს განხილვა. განხილვას წინ რა უდგას? ამ ეტაპზე ამის შეწყვეტა სრული უაზრობაა", - მიიჩნევს მომღერალი ირმა სოხაძე.
"რადგან ჩვენს პარლამენტში ძალიან ბევრი კანონპროექტი იყო მიღებული დაჩქარებულად, რამაც გულისწყრომა გამოიწვია, მგონი, ყური ახლა მაინც უნდა დაუგდონ და გადადონ. ამ გადადებით არაფერი არ მოხდება. უფრო კარგად გააანალიზონ, რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას. ეს კანონმდებლობა რომ მოსაწესრიგებელია, გასაგებია, რაღაც ფორმით დეკრიმინალიზაცია რომ უნდა მოხდეს, ესეც გასაგებია, მაგრამ რაღაცებს უფრო ჭკვიანურად უნდა მივუდგეთ, რათა მერე გვიან არ იყოს. ჯობია, როგორც ამბობენ, ბევრჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. მაინც ვემხრობი იმას, რომ ჯობია, მოგვიანებით, მაგრამ კარგად გაკეთდეს, ვიდრე დაჩქარებულად და ცუდად", - ამბობს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.
"მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით და იურიდიული კანონებით, საპატრიარქო არ არის საკანონმდებლო ორგანო. საკანონმდებლო ორგანო ჯერჯერობით პარლამენტია და ვერც ერთი უწყება არც ავტორიტეტით და პოპულარობითაც არ უნდა სარგებლობდეს, ქვეყანაში პარლამენტზე რეალურ გავლენას ვერ უნდა ახდენდეს. სრულიად ბუნებრივია, რომ საპატრიარქო კანონპროექტის განხილვის შეჩერებას კატეგორიულად ვერ მოითხოვს. რაც შეეხება საზოგადოების აზრს, რომლის ერთი ნაწილიც საპატრიარქოა, აქ აზრი ორად არის გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ კანონი ნარკომომხმარებლისთვის სასჯელის დაწესების შესახებ მკაცრია და იგი უნდა შერბილდეს, ნარკომომხმარებელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდეს. ჩემი შინაგანი რწმენით, საპატრიარქოს მხარეზე ვარ, რადგან საქართველოში შეიძლება ნაადრევი იყოს ასეთი კანონის მიღება. ვშიშობ, ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის მერე ხუთჯერ მეტი ნარკომანი არ მოგვევლინოს, ვიდრე ახლაა. ამიტომ ამ კანონის მიღება ნაადრევია", - დასძენს მწერალი რეზო მიშველაძე.
ახალი კანონი პრემია-დანამატების შესახებ თანამდებობის პირებს ვერ შეაჩერებს
"პრემია-დანამატებს საჯარო სექტორი ვერც წელს შეელევა. სახელების გადარქმევით, ათასი მანიპულაციითა და ხერხით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ისევ დაიხარჯება. ხელისუფლებაში მყოფებმა ახალი კანონპროექტიც ისე მოირგეს, რომ პრემია-დანამატების მიმღები პირები კატეგორიებად დაყვეს და სტრუქტურები, რომელთა წარმომადგენლები ისედაც იღებდნენ პრემიებს, ამ უპირატესობით მომავალშიც ისარგებლებენ. ესენი არიან ძალოვანი უწყებების, უსაფრთხოების სფეროს, მარეგულირებელი კომისიისა და მისი აპარატის წევრები, ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხებათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თანამდებობის პირებს პრემია-დანამატების ახალი კანონი ვერ შეაჩერებს / "2,5 მილიარდი თუ ხელფასებსა და პრემიებს მოახმარეს, ბიუჯეტს რაღა დარჩება?"
"როგორც ვიცით, 2018 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ", რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება. იგივე მეთოდი გავრცელდება სსიპ-ებსა და აიპ-ებზეც. რაც შეეხება სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათი ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ახალი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები 2018 წლის იანვრიდან ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა. დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო - 10%-ს. "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო (1000 ლარი), გამრავლდება კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და იურისტების შეფასებით, მდგომარეობა რეალურად არ იცვლება და პრემია-დანამატების გაცემის მანკიერი პრაქტიკა გარკვეული შეზღუდვით (რისი აღსრულებაც ასევე საეჭვოა) კვლავ შენარჩუნდება. არასამთავრობო სექტორი პირობას დებს, რომ პრემია-დანამატების გაცემის პროცესს ჯეროვან ყურადღებას დაუთმობს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მთლიანობაში, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი გიგი ჩიხლაძე განმარტავს, გარკვეულ სტრუქტურულ ერთეულებთან მიმართებით პრემია-დანამატებთან დაკავშირებული ვითარება წელსაც უცვლელი რჩება. "იანვრიდან საჯარო მოხელეების პრემია-დანამატებთან დაკავშირებით კანონი ამოქმედდა. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათთვის ეს კანონი ძალაში 2021 წლიდან შედის. ამ კატეგორიაში იგულისხმება ყველა ის თანამდებობა, რომლებიც აქამდეც გამოირჩეოდა მაღალი პრემია-დანამატებით: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები და სხვა. მათთვის კანონი ძალაში მხოლოდ 3 წლის შემდეგ შევა. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ესენი არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ გარკვეული ზღვარი უკვე დაუდგინდათ. ეს არის კანონის იმპერატიული მოთხოვნა, ამას ვერ გადავლენ, გამონაკლისის გარდა, რასაც ფინანსთა მინისტრის ან მთავრობის ნებართვა სჭირდება. თუმცა აქაც არის გამონაკლისი დაშვებული - კანონი არ ვრცელდება შსს, თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სფეროს, მარეგულირებელი კომისიის წევრებსა და მის აპარატზე, ეროვნული ბანკისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც კვლავ სხვა წესით მიიღებენ ხელფასს და პრემია-დანამატებსაც შეუზღუდავად", - განმარტავს გიგი ჩიხლაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ "საკამათოა, რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა", - განაგრძობს გამოცემა.
"ძალოვნების შემთხვევაში კანონმდებელთა არგუმენტაცია იყო, რომ ისინი არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მარეგულირებლებს და აუდიტის სამსახურს, განიმარტა, რომ ამ დაწესებულებებში არსებობს აუცილებლობა სპეციალისტებისა, რომლებსაც აქვთ ცოდნა სპეციფიკურ სექტორში. შესაბამისად, მათ მაღალი ანაზღაურება უნდა შესთავაზონ. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პრემია-დანამატების პრაქტიკა მხოლოდ ნაწილობრივ იცვლება და ისიც საკითხავია, როგორ იმუშავებს კანონი. ამას ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და დარღვევის თითოეულ ფაქტს საზოგადოებისთვის საჯაროს გახდის", - ამბობს ჩიხლაძე. სპეციალისტები არ მალავენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას, რომელიც პრემია-დანამატებთან დაკავშირებულ რეალობას შეცვლის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი მაგალითი გვქონდა, როცა მაღალი თანამდებობის პირები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იწერდნენ სოლიდურ პრემიებს, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა მათსავე ყოველთვიურ ხელფასს. სწორედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართვამ და დაინტერესებამ ამ საკითხით აიძულა საქართველოს პარლამენტი, მიეღო ახალი რეგულაციები და შეზღუდვა პრემიების გამოწერასთან დაკავშირებით", - დასძენს გამოცემა.
"იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ სანამ ხელისუფლება ერთხელ და საბოლოოდ არ იტყვის უარს მანკიერ ჩვეულებაზე, თანამდებობის პირებს კანონი ვერ დააბრკოლებს. პოლიტიკური ნება თუ იქნება, პრემია-დანამატები ქვეყნისთვის მოგვარებადი პრობლემაა, მაგრამ წლები გადის და არაფერი იცვლება. მისი თქმით, "ჩვენ ვნახეთ, რომ კანონი და საჯარო მმართველობის რეფორმა მაქსიმალურად გაწელა ხელისუფლებამ ევროკავშირის პრინციპული მოთხოვნის მიუხედავად, ბოლო წუთამდე ჭიმავდნენ დროს და სამჯერ გადადეს კანონის განხილვა", - წერს სტატიის ავტორი.
"არჩევნების შემდეგ პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების პოსტი შემოიღო შესაბამისი ანაზღაურებით. ეფექტური გახდება საკრებულოში საქმიანობაო, ასეთი სუსტი არგუმენტით ახსნეს თავიანთი გადაწყვეტილება. თუკი რიცხვებს ჩავხედავთ და გავიხსენებთ, საჯარო სექტორში დაახლოებით 330 000-მდე ადამიანია დასაქმებული და მათ შენახვას 2,5 მლრდ ხმარდება. რა კანონიც უნდა მიიღონ, ერთხელ და საბოლოოდ თუ არ მიხვდა ხელისუფლება, რომ პოლიტიკურად ეს არასწორია, მონაცემი ყოველთვის მზარდი იქნება და რეალურად არაფერი შეიცვლება. როგორც ვიცით, სოციალური ხარჯიც მუდმივად მატულობს (მას ბიუჯეტის მესამედი ხმარდება) და 2,5 მილიარდი თუ ხელფასებსა და პრემიებს მოახმარეს, რაღა დარჩება ბიუჯეტს. ამ საკითხებზე ხელისუფლებასთან საკმაოდ მწვავე და მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ ევროპარლამენტარებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული უამრავი რამ ინტეგრაციის საქმეში, მათ შორის ფინანსური დახმარებაც სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. იმედია, ხელისუფლება ქვეყნის მომავალს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ანაცვალებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები
"თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს, თუმცა ვინ იქნებიან მისი თანაგუნდელები, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე არც თავად საუბრობს და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ელისაშვილს თავის დროზე მხარდაჭერას უცხადებდნენ. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ელისაშვილი გუშინ გამოვიდა განცხადებით. იგი 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა მანამდე საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ელისაშვილი და მისი პოტენციური თანამებრძოლები.
"არავითარი შემოთავაზება არ გვქონია. ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჯერჯერობით არ მიმაჩნია ისეთ თემად, პოზიცია გამოვხატო. მეც მედიის მეშვეობით შევიტყვე. ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს. წინასწარ კომენატრი არ შემიძლია", - გვითხრა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შალვა შავგულიძემ. ანალოგიურად საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილიც. წარმატებს ვუსურვებ თავის საქმეში. გამოვიდეს ასპარეზზე. რა ურთიერთობა გვექნება, ამას დრო გვიჩვენებს", - გვითხრა ზურაბიშვილმა. "ჯერ ბავშვი დაიბადოს და მერე ვილაპარაკოთ. ადრეა ამაზე საუბარი. მე პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. ვნახოთ, რა იქნება. არ მიყვარს ვარაუდები, როდესაც რაღაც ითქმევა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება და რას გადაწყვეტს", - ამბობს მოძრაობა "შენების" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე. არჩევნებში ელისაშვილის შანსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ პოლიტოლოგებსაც. გია ხუხაშვილი მას წარმატებას უსურვებს, თუმცა ფიქრობს, რომ სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება გაუჭირდება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალეკო ელისაშვილი წარმატებას მიაღწევს და ამის მთავარი მიზეზი მისი არაპარტიულობაა. რაც შეეხება მის გუნდს და მის პარტიულ მომავალს, საყვარელიძე ამბობს, რომ კითხვებზე პასუხი საპრეზიდენტო არჩევნების მერე გაიცემა", - აღნიშნავს გამოცემა.
"წარმატებას ვუსურვებ. მან ნამდვილად აჩვენა, რომ თბილისის განზომილებაში გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, თუმცა მისთვის დამახასიათებელია სისუსტეები, რაც მის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის. ვფიქრობ, გაუჭირდება სერიოზული გუნდის ჩამოყალიბება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აწყობა, რაც ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო. არ მინდა, ზედმეტად სკეპტიკური ვიყო, თუმცა მის შესაძლებლობებს ამ გზაზე ეჭვის თვალით ვუყურებ. მისი სისუსტეები არის ის, რომ, წმინდა მენეჯერული თვალსაზრისით, არ აქვს მართვის გამოცდილება და რაც მთავარია, პიროვნული მონაცემებითაც გაუჭირდება სერიოზული ინფრასტრუქტურის აწყობა. არ მგონია, რომ მან საერთოდ შეძლოს სერიოზული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და რომელიმე სერიოზული ფიგურისთვის მისი პარტია მიმზიდველი გახდეს. ეს არც ცუდია და არც კარგია. იგი არის ადამიანი, რომელიც მოკლებულია უნარს, რომ შექმნას მიზიდულობის ცენტრი და ბევრი თანამოაზრე გაიჩინოს", - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"შანსი, მე მგონი, საკმაოდ სერიოზული აქვს. საერთოდ, პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და ელისაშვილი იმთავითვე თავისუფალია ამ სტატუსისგან. ამდენად, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდება. ელისაშვილის გვერდით დაახლოებით იქნება ის ხალხი, ვინც მერის არჩევნებზეც გვერდით ედგა. საპარლამენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს გასცემს საპრეზიდენტო არჩევნები", - დასძენს გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

























