ლორა თორნტონი - არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა

არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ზოგადად, პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა საზოგადოებრივი კვლევის მეორე ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ასახელებს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, რომელსაც მხარს უჭერს, მეორე ნახევარი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელის პოზიციაში რჩება, „რაც საკმაოდ უცნაურია“.

„კვლევა არჩევნების შემდეგ ჩატარდა და არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ზოგადად, პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა. ვფიქრობთ, რომ ეს კვლავაც არის მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანი პარტიებისადმი, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ იმაში, რომ გაზარდონ თავიანი მხარდაჭერა და უფრო მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს. რაც შეეხება პარლამენტს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში კვლავაც საკმაოდ კრიტიკულია მოსახლეობა პარლამენტის მიმართ, თუმცა მაგალითად, აშშ-სთან შედარებით, ბევრად პოზიტიური შეფასება აქვს პარლამენტს. მოსახლეობის დაახლოებით, 10% ამბობს, რომ მათ პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა მიუღია, რაც არის ძალიან პოზიტიური მაჩვენებელი“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოსახლეობა სხვადასხვა გზითა და მეთოდებით ჩართონ თავიანთ საქმიანობაში.

„ეს განსაკუთარებით, მნიშვნელოვანია, რადგან მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ძალიან ცოტას აქვს ადეკვატური ინფორმაცია და ეს ცვლილებები იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს განახორციელა“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს