რამაზ საყვარელიძე - საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებას ძლიერი კანდიდატი დასჭირდება, რადგან პარტიებზე გულაცრუებულთა ხმები შეიძლება უპარტიო კანდიდატებმა მიიზიდონ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, მედიაორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას მიმართეს და მოითხოვეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო არ დაძლიონ და მათ შეხვდნენ. მიმართვასა და სპეციალურ განცხადებას 51 მედიასაშუალებამ მოაწერა ხელი.

პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, მაგრამ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კერძო მაუწყებელთა ინტერესები არ შეილახება, თუკი საზმაუწყებელს რეკლამის გაშვების შეზღუდული შესაძლებლობა ექნება.

თქვენი აზრით, საბოლოოდ გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოთხოვნას?

- გაითვალისწინებს თუ არა, ძნელი სათქმელია. უმრავლესობამ ჟურნალისტების მოთხოვნები მაშინაც იცოდა, როცა კანონი მიიღო და არ გაითვალისწინა ისინი. საერთოდ ჩემთვის გაუგებარია, მმართველმა გუნდმა რისთვის გაირთულა საქმე ამ საკითხში და ბოროტი განზრახვის ბრალდებების კორიანტელი რისთვის გააჩინა „მოწმენდილ ცაზე“.

საზოგადოებრივი ტელევიზიის კონტროლი უნდათო - ამბობს ოპოზიცია და სავარაუდოდ, ამ მესიჯს უცხოელ პარტნიორებსაც გაუგზავნის. ამ დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაახლოებით 2%-ის მიდამოებშია, წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიის - 26%. 2%-იანი ტელევიზიის კონტროლით 26%-იანის ჯობნა შეუძლებელია და ეს ყველამ იცის. ამდენად, საზოგადოებრივი ტელევიზიის კონტროლი არაფრის მომცემი იქნება და ეს ბრალდება დამაჯერებელი არაა.

იმასაც იძახიან, ხელისუფლებას სურს თავისუფალი ტელევიზიების შევიწროება რეკლამის წართმევითო. არც ეს ბოროტი განზრახვაა დამაჯერებელი. საზოგადობრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან იღებს იმის ნახევარ თანხას, რაც ტრიალებს საქართველოს მთელ სარეკლამო ბაზარზე და ესეც არ ჰყოფნის.

კომერციული შემოსავლით, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი ტელევიზიის იდეას კლავენ და ესაა ამ სიტუაციის მთავარი პრობლემა

როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ სარეკლამო შემოსავლები ჰყოფნის 20-მდე წამყვან კერძო ტელევიზიას (ისე, კერძო მაუწყებლების რიცხვი 80-ზე მეტია). ბუნებრივია, ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ კერძო ტელევიზიები რეკლამის და სპონსორობის გარდა კერძო დონორებისგანაც იღებენ შემოსავალს და საკმაოდ დიდს. ამდენად, რეკლამის შემცირებით მათ ჟანგბადი არ გადაეკეტებათ და ამ გზით მათი მოგუდვის მიზანიც არ შეიძლება იყოს რეალური.

რადგან ვერაგული მიზნები არ გამოიყურება დამაჯერებლად, განვიხილოთ კეთილშობილი მიზნები, მაგალითად - უმრავლესობას უნდა, რომ ფეხზე დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ფიქრობს, რომ მას ამისთვის თანხები არ ჰყოფნის.

ეს აზრი საკამათოა, დაფინანსება საზოგადოებრივი არხის ხარისხზე უკვე დიდი ხანია გავლენას არ ახდენს, მაგრამ ასე რომც იყოს, კანონმდებლებმა ბიუჯეტიდან გაუზარდონ მას დაფინანსება, რეკლამას რატომ უზრდიან?! კომერციული შემოსავლით, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი ტელევიზიის იდეას კლავენ და ესაა ამ სიტუაციის მთავარი პრობლემა.

ომის შემდგომ ევროპაში ხალხი მიეძალა ამერიკულ კულტურას. ევროპისა და აზიის წამყვანმა ქვეყნებმა (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, იაპონია) საკუთარი სულიერების გადარჩენისთვის აქცენტი გადაიტანეს საზოგადოებრივ ტელევიზიებზე - არტ-ი და ცდფ-ი, ა-2, ბიბისი, რაი, ეი-ეჩ-ქეი და ა.შ. ზოგ ქვეყანაში უცხოეთის სატელევიო გავლენის აღსანიშნად ტერმინიც კი გაჩნდა - „ელექტრონული ექსპანია“.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის კანონები ისე ააგეს, რომ ეს ტელევიზია დაეცვათ როგორც პოლიტიკური ხელისუფლების, ასევე ბაზრის კონიუქტურის გავლენისგან (აღსანიშნავია, რომ კერძო ტელევიზიები სხვა ქვეყნის პოლიტიკური გავლენისგან არაა დაცული, შეიძლება მათგან დაფინანსდეს პირდაპირ ან ირიბად).

სწორედ ბაზრის კონიუქტურისგან დასაცავად უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოებრივ ტელევიზიებს არ მისცეს რეკლამის განთავსების უფლება, მათ რეალურ მართვაში ჩართეს ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა. ფინანსური დამოუკიდებლობის სხვადასხვა არაკომერციული გზები გამონახეს, ძირითადად, სააბონენტო გადასახდი.

ეს ყოველივე გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას აქცენტი გადაეტანა ხარისხზე და არა რეიტინგზე, დაეცვა ინფორმაციული სივრცე. ასეთია საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნის პოლიტიკური ფუნქციის და სტრუქტურის ევროპული ტრადიცია (ფუნქციის განსხვავების გამო სხვა მდგომარეობაა ამერიკაში).

გამონაკლისები არსებობს. გერმანიაში დღეში 20 წუთით დაუშვეს რეკლამა პრაიმ-ტაიმამდე. ეს და ანალოგიური მაგალითები მოჰყავს უმრავლესობას. ამ მაგალითის გაზიარებამდე სანახავია გერმანიის გამოცდილების დეტალები, განსაკუთრებით, დაფინანსებაში. აბონენტური დაფინანსების დროს ტელევიზიას შეიძლება ფული არ ეყოს აბონენტების მცირე რაოდენობის გამო და გამართლებული იყოს რეკლამის დაშვება. საბიუჯეტო დაფინანსების დროს ფულის უკმარისობის საკითხი არ დგას და რეკლამის დაშვებას გამართლება არ გააჩნია. მე მგონი, საქართველოში ბევრს ადრე არ ესმოდა კულტურულად და ინფორმაციულად დაუცველი ქვეყნისთვის რატომ არის საჭირო სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყველა გავლენისგან დაცული ტელევიზია.

ასე რომ, უმრავლესობის ქცევის ახსნა ძნელია როგორც ბოროტი, ისე კეთილი განზრახვით. ამდენი გაუგებრობების ფონზე იმის თქმაც ძნელია, თუ როგორ მოიქცევა უმრავლესობა მომავალში

საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა მაშინ და მხოლოდ იმისთვის, რომ სახელმწიფო ტელევიზიას დემოკრატიული იერი მისცემოდა და დაუშვეს რეკლამაც. ახლა ხომ აღარა ვართ დემოკრატიული მაკიაჟის ეტაპზე, მთელი სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია მოხდა და ამ 2%-იან ტელევიზიას დაანებოს ახლა თავი სახელმწიფომ, გააკეთოს მისგან რეალური საზოგადოებრივი ტელევიზია შესაბამისი პოლიტიკური ფუნქციებით.

თუ ამას იზამს სახელმწიფო, რეკლამის ის უფლებაც უნდა მოუხსნას საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც ახლა აქვს. ამასთანავე, მართვის სტრუქტურაც უნდა შეიცვალოს, ბორდის დაკომპლექტების სისტემაც და მისი უფლებებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სარეკლამო“ სიკეთე საზოგადოებრივ მაუწყებელს მოკლავს.

ასე რომ, უმრავლესობის ქცევის ახსნა ძნელია როგორც ბოროტი, ისე კეთილი განზრახვით. ამდენი გაუგებრობების ფონზე იმის თქმაც ძნელია, თუ როგორ მოიქცევა უმრავლესობა მომავალში.

ტელევიზიის ინციდენტმა სხვა უფრო მწვავე პრობლემა გამოავლინა. დარგობრივმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონს. უმრავლესობის დანარჩენმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს კომიტეტს და კანონი მაინც დაამტკიცეს. მაშინ კომიტეტზე განხილვას რა აზრი აქვს?! კომიტეტი არსებობს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღებას. თუ უმრავლესობა მხარს არ უჭერს კომიტეტს, ეს ნიშნავს რომ, ჯერ ერთი, უმრავლესობას კომპეტენტურობა არ აინტერესებს და მეორე - უმრავლესობაში გადაწყვეტილება არ მიიღება პოზიციების შეჯერებით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ძველი ავადმყოფობაა.

პოზიციების შეჯერება გადაწყვეტილების ხარისხს აუმჯობესებს. ცნობილია, რომ ამერიკის კონგრესში გადაწყვეტილების მიღების პროცესი გრძელია, მაგრამ კანონები არის ხარისხიანი. საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონზე მუშაობისას უმრავლესობამ კომისიის აზრი არ გაითვალისწინა და შედეგიც სახეზეა - დღეს ამ კანონთან დაბრუნება უწევს საზოგადოების მძაფრი კრიტიკის ფონზე.

მიუხედავად არალოგიკურობისა, ყველა შეცდომაზე ხელს მაინც ივანიშვილისკენ იშვერენ. ამიტომ, უმრავლესობის მიერ გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღება პრობლემა იქნება ყველასთვის, ივანიშვილიდან დაწყებული და რიგითი „მეოცნებით“ დამთავრებული

როგორც ჩანს, ჩვენ ისევ „პარტიული დისციპლინის“ პრინციპით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ნიშნავს, რომ ერთი იტყვის და სხვები უნდა დაეთანხმონ. ეს საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი ანაქრონიზმია, დასავლეთში ასეთი ტერმინი „პარტიული დისციპლინა“ არც არსებობს, მან კარგი არაფერი მოიტანა ნაციზმის დროს. გადაწყვეტილების მიღების წესი თუ გადაწყვეტილების გაფილტვრას ვერ უზრუნველჰყოფს, ეს უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის რეკლამის განთავსების უფლების გაზრდა.

გადაწყვეტილების მიღებაში „პარტიული დისციპლინით“ ოპერირება სახიფათოა ქვეყნისთვისაც და მოქალაქეებისთვისაც. იგი სახიფათოა იმ პოლიტიკოსებისთვისაც, ვისაც სხვისი დაუფიქრებლობის გამო შეექმნებათ პრობლემები. ეს ყველაზე მეტად ყოფილ პრემიერს ეხება.

ივანიშვილი, ძალაუნებურად, არის ამ ხელისუფლების მეხამრიდი და რაც უფრო მეტი მეხი გავარდება ხელისუფლების მიმართულებით, მით უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდება ივანიშვილი. ტელევიზიის ეს კანონიც ივანიშვილს ბრალდება - ტელევიზიის კონტროლი უნდაო. არადა, თავისი მაღალრეიტინგული მე-9 არხიც კი, რომელსაც იგი კანონიერად აკონტროლებდა, ივანიშვილმა დახურა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლის მისთვის დაბრალება არალოგიკურია.

მიუხედავად არალოგიკურობისა, ყველა შეცდომაზე ხელს მაინც ივანიშვილისკენ იშვერენ. ამიტომ, უმრავლესობის მიერ გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღება პრობლემა იქნება ყველასთვის, ივანიშვილიდან დაწყებული და რიგითი „მეოცნებით“ დამთავრებული. იმედია, ამ ასპექტებზეც დაფიქრდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონის ხელახალი განხილვისას.

- სააპელაციო სასამართლომ რესტორან ”ბასიანში” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ იგივე ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებაზე საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და შსს-მ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, - მოსამართლეთა კორპუსში საქმე მთლად კარგად ვერ უნდა იყოს. მომხდარის მიუხედავად, ჯერჯერობით არაფერი გვსმენია იმაზე, რომელიმე დონეზე იმსჯელა თუ არა ვინმემ მოსამართლე შონიაზე, რომელმაც გირაოთი გაათავისუფლა პოლიციის ერთი თანამშრომლის დაჭრაში და დაცვის ორი თანამშრომლის ცემაში ეჭვმიტანილი მოქალაქე.

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მოსამართლე შონიაზე არც მოსამართლეთა კორპუსს და არც პროკურატურას რეაქცია ჯერ არ ჰქონია?

- თქვენ ბრძანეთ, მომხდარმა დაგვანახა, რომ მოსამართლეთა კორპუსში საქმე მთლად კარგად ვერ არისო. რატომ უნდა იყოს „მთლად კარგად“? მოსამართლეთა კორპუსი და პროკურატურა თავისებური ისტორიის უწყებებია. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, პოლიტიკური ჯგუფები, კომერციული სტრუქტურები და კრიმინალებიც კი მათი დამორჩილებით ამკვიდრებდნენ საკუთარ ძალაუფლებას. მოსამართლეებსა და პროკურორებს ყველას სამსახურს აჩვევდნენ სიმართლის სამსახურის გარდა.

ამ ტრადიციის ფონზე რატომ გვიკვირს, რომ ეს სისტემები დღეს მთლად კარგად ვერ ასრულებენ ხოლმე თავის ფუნქციას. მე ის მიკვირს და მიხარია, როცა ასრულებენ - ხსენებულ ინციდენტში სააპელაციო სასამართლომ ხომ შეასრულა თავისი ფუნქცია. არის ასეთი სხვა ფაქტები, ადრინდელზე გაცილებით მეტი, მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება.

ორგანიზმი შლაკებისგან უცბად ვერ იწმინდება, ეს ხანგრძლივი და ხანდახან საკმაოდ მძიმე პროცესია. სასამართლო სისტემაც ორგანიზმია, სადაც ბევრი ჭუჭყი დალექა ისტორიამ და მისი გასუფთავება ხანგრძლივი და მძიმე საქმე იქნება

ორგანიზმი შლაკებისგან უცბად ვერ იწმინდება, ეს ხანგრძლივი და ხანდახან საკმაოდ მძიმე პროცესია. სასამართლო სისტემაც ორგანიზმია, სადაც ბევრი ჭუჭყი დალექა ისტორიამ და მისი გასუფთავება ხანგრძლივი და მძიმე საქმე იქნება. ამ საქმეში მონაწილეობას ყველა ვიღებთ: საზოგადოება და ჟურნალისტები - შეურიგებლობით, ხელისუფლება - პროფესიონალიზმის და პატიოსნების დამცავი მექანიზმების შექმნით; რაც მთავარია, თავად მოსამართლეები - პროფესიული თავმოყვარეობით და კომპეტენციით.

ანალოგიური მდგომარეობა დახვდა რუზველტს, როცა პრეზიდენტი გახდა და მშრალი კანონით გაძლიერებულ მაფიას შეეჭიდა. ეს ბრძოლა მან საქმის ერთგული ექვსი გამომძიებლით დაიწყო და საბოლოოდ გაიმარჯვა.

ასე რომ, ჩვენი სიტუაციიდანაც გამოსვლის გზა უნდა არსებობდეს, მაგრამ მას ჯერ პოვნა და მერე ზედ გავლა უნდა. რუზველტის და მისი ჯგუფის მსგავს გამბედაობას რომ გამოავლენენ საქართველოში მმართველები და სამართალდამცავები, მერე შონიას პრობლემაც აღარ დადგება.

- სამწუხაროდ, ვხედავთ რომ დანაშაული მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიმინოგენული ვითარება მძიმდება. გასულ კვირას Human rights watch-მა გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ ანგარიში, რომელშიც ნათქვამია - ”საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად.”

ასევე ვხედავთ, რომ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება კი მიდის, მაგრამ შედეგებით შსს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, თავს ვერ იწონებს. ამ თემაზე საუბრისას მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიმინოგენული ვითარება კი არ გაუარესებულა, უბრალოდ ტელევიზიები ახლა მეტად აშუქებენ ამ თემს. არადა, წინა ხელისუფლების დროსაც ტელევიზიები კრიმინალურ ქრონიკას საკმაოდ აქტიურად აშუქებდნენ. რჩება შთაბეჭდილება - ან შსს-შია პრობლემები ან კრიმინოგენული ვითარება მართლაც საგრძნობლად გაუარესებულია...

- უარესს გეტყვით, დანაშაული მატულობს მთელ მსოფლიოში. აგერ, ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობაზე, ტერორზე, მკვლელობაზე და თვითმკვლელობის წახალისებზე დაფუძნებული ისეთი გაერთიანება შეიქმნა, როგორიც არის ”ისლამური სახელმწიფო.” ამაზე უარესი ძნელი წარმოსადგენია. ვის მოვთხოვოთ ამაზე პასუხი?!

დანაშაულის მატების სხვადასხვა ფაქტორები შეიძლება ამოქმედდეს და ამის პოლიტიკური ოპონირების თემად გადაქცევა დანაშაულთან ბრძოლაში ხეირს ვერ მოიტანს.

პოლიტიკური პრობლემა კრიმინალის ზრდის გამო იშვიათად ჩნდება, სხვადასხვა მიზეზით კრიმინალი ყველგან იზრდება. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა მოსახლეობა ვერ ხედავს სამართალდამცავების ძალისხმევას შედეგის მიღებისთვის.

ვერ დანახვას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - ერთი, რომ რეალურად არაფერი კეთდებოდეს და მეორე - კეთდებოდეს, მაგრამ მოსახლეობას არ ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია. ხელისუფლების წარმომადგენელი მხოლოდ იმას რომ იტყვის - ტელევიზიების მიერ შემთხვევების გაშუქებაა მიზეზი, თორემ ვითარება არ გაუარესებულაო, ეს უკვე წამგებიანია ფრაზაა.

რაღაც წარმატებები არის, რომელსაც ახლავს ხარვეზებიც. წარმატებაზეც და ხარვეზებზეც საქმიანი ლაპარაკი უნდა შეეძლოს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში გაჩნდება მისადმი ნდობა

ფაქტია, რომ შს ახალი მინისტრიც კი ამბობს პრობლემები გვაქვსო და ხელისუფლების სხვა პირები რატომ არ უკვირდებიან ამას. არადა, ბევრი ადამიანი წარმატებებსაც აღნიშნავს - ხელისუფლების შეცვლას კრიმინოგენული სიტუაციის დამძიმება არ მოჰყვა, საქართველოდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის თემა ჩაქრა ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ხანძრებთან ბრძოლაში მობილიზაცია მოხერხდა, უნიკალური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა შუა ქალაქში, ბევრი საქმე იხსნება ცხელ კვალზე და ა.შ.

რაღაც წარმატებები არის, რომელსაც ახლავს ხარვეზებიც. წარმატებაზეც და ხარვეზებზეც საქმიანი ლაპარაკი უნდა შეეძლოს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში გაჩნდება მისადმი ნდობა.

- NDI -ს კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 27 % ხმას „ქართულ ოცნებას“, 10 % "ნაციონალებს", 4 % "ევროპულ საქართველოს", 7%-ი კი სხვადასხვა პარტიებს მისცემდა. ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 15%-ს, უარი თქვა პასუხზე - 13%-მა.

აქ ალბათ ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ იმათი პასუხი, ვისაც პასუხი არ ჰქონდა და ვინც პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ჯამურად 28%-ს შეადგენს და 1%-ით მეტია იმაზე, ვიდრე ”ქართულ ოცნებას” ჰყავს ამორჩეველი.

ფაქტია, რომ ”ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ აქვს. გასაგებია, რომ 2012 წელს დაწყებულმა პროცესმა პოლიტიკურ ძალთა ნაწილი ”გაკრიფა,” ზოგიც გარიყა,

მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პოლიტიკურ სცენა სწორედ ”ქართული ოცნების” ალტერნატივის გამოჩენას ელოდება.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაჩნდეს ”ქართული ოცნების” ალტერნატივა?

- „ოცნების“ და კიდევ უფრო მეტად მისი ამჟამინდელი ოპოზიციის ალტერნატივის წყურვილი რომ არის საზოგადოებაში, სოციოლოგიის გარდა ამაზე მიუთითებს ახალი პოლიტიკური ჯგუფების (ბურჭულაძის პარტია) და უპარტიო პოლიტიკოსების (ელისაშვილი) პოპულარობა.

საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, მეეჭვება, რომ 2020 წლისთვის „ოცნების“ ქმედითი ალტერნატივა გაჩნდეს. ახალი ძლიერი პარტიის შექმნის პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსი ამჟამად არ ჩანს

მიუხედავად საზოგადოების ასეთი მოლოდინისა მე მეეჭვება, რომ 2020 წლისთვის „ოცნების“ ქმედითი ალტერნატივა გაჩნდეს. ახალი ძლიერი პარტიის შექმნის პოლიტიკური, ფინანსური და ადამიანური რესურსი ამჟამად არ ჩანს. ისეთი განცდა მაქვს, რომ საზოგადოება პოლიტიკურად გამოიფიტა. ამ გამოფიტვის მოსახსნელად ახალი თაობების პოლიტიკაში შემოსვლა არის საჭირო. ახალგაზრდებსაც ოპოზიციაზე უფრო „ქართული ოცნება“ უღებს კარს და ეს რესურსიც მას მიაქვს. სხვა პარტიები არანაირ სიახლეს არ სთავაზობენ ამომრჩეველს.

- ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს, რომ ქვეყანაში რუსულ ”რბილ ძალას” დაუპირისპირდეს, რითაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობების ზრდას და ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა ზრდას. თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული კრიტიკა?

- „რბილი ძალის“ პრობლემა არის, მაგრამ ვეჭვობ სწორი იყოს ამ პრობლემის ისე დაყენება, როგორც ამას აკეთებს ოპოზიცია. ხელისუფლება რომ „რბილ ძალას“ აკრძალვებით დაუპირისპირდეს, გააძლიერებს მას. საბჭოთა პერიოდიდან გვახსოვს, რომ აკრძალვებით სსრკ-მ ვერ აჯობა დასავლეთის „რბილ ძალას“.

„რბილი ძალის“ გამოყენება, ფაქტობრივად, ინფორმაციულ და ეკონომიკურ ომს წარმოადგენს. ამ ომში გამარჯვებისთვის უნდა გქონდეს მაღალი ხარისხის ეკონომიკა და მედია, ესაა ბრძოლის ერთადერთი ქმედითი საშუალება. ეკონომიკაში როგორც ვართ, ვიცით. არც მედიაში გვაქვს უკეთესად საქმე - ამას წინათ ერთმა ჩვენმა ჟურნალისტმა რომელიღაც ქვეყნის კლიმატზე საუბრისას თქვა „ახლა ტემპერატურა არის -2, მაგრამ პროგნოზირებენ, რომ გაიზრდება და -6 გახდებაო“.

საბჭოთა პერიოდიდან გვახსოვს, რომ აკრძალვებით სსრკ-მ ვერ აჯობა დასავლეთის „რბილ ძალას“

ამ ხარისხის ჟურნალისტიკით ინფორმაციულ ომს ვერავისთან ვერ მოვიგებთ. ვისაც ამ ომში მოგება სურს, ხარისხიან ეკონომიკაზე, მედიაზე, ხარისხიან პოლიტიკაზე და ცხოვრების წესზე უნდა იზრუნოს. ოპოზიციას ბევრი რამის შეცვლა არ შეუძლია, მაგრამ ხარისხიანი პოლიტიკა მაინც ხომ შეიძლება შემოგვთავაზოს. სამწუხაროდ, ეს არ ხდება.

უხარისხო პოლიტიკური ანალიზის მაგალითია ევრაზიული კავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების რამდენიმე პროცენტით შეცვლაზე ტრაგიზმით ლაპარაკი, როცა ევრაზიული კავშირი რუსეთშიც აღარავის ახსოვს. ევრაზიული კავშირი არც დასავლეთს ადარდებს დიდად - ბრწყინვალე მიღება მოუწყო ვაშინგტონმა ნაზარბაევს, რომელიც ევრაზიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მით უმეტეს, საქართველოს მოსახლეობა რას გულისხმობს ევრაზიულ კავშირში, საერთოდ ბუნდოვანია.

ასევე უხარისხო პოლიტიკური კლიშეა იმის თქმა, რომ ვინც ევროპას აკრიტიკებს, ის რუსეთზეა ორიენტირებულიო. ევროკრიტიციზმი დღეს ტერმინად ტრიალებს დასავლეთში მას შემდეგ, რაც ინგლისმა მიატოვა ევროკავშირი მისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

უხარისხო პოლიტიკური ანალიზის მაგალითია ევრაზიული კავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების რამდენიმე პროცენტით შეცვლაზე ტრაგიზმით ლაპარაკი

მოკლედ, დღეს სხვა პროცესებია რუსეთის პოლიტეკონომიაში, რუსეთის და დასავლეთის, დასავლეთის და შორეული აღმოსავლეთის თუ ევროპის ქვეყნების ურთიერთობებში. სასურველია ამ მოვლენების ფონზე ოპოზიციამ შემოგვთავაზოს საქართველოს მდგომარეობის ანალიზი. პოლიტიკის გუშინდელ დღეზე აგებული კრიტიკა, სამწუხაროდ, უხარისხოა.

- უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს. გასულ კვირას გამოითქვა ვარაუდები, რომ შესაძლოა ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატები გ.კვირიკაშვილი და დ. სერგეენკო იყვნენ. გასული კვირის ბოლოს პრემიერმა გ. კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობა გამორიცხა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, ვის დაასახელებს ”ქართული ოცნება” თავის საპრეზიდენტო კანდიდატად? და კიდევ, ქართველ პოლიტიკოსთაგან სავარაუდოდ, ვინ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?

- კონკრეტული პირის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ისევ ლოგიკიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ძლიერი კანდიდატი დასჭირდება, რადგან ყველა პარტიაზე გულაცრუებულ ადამიანთა ხმები შეიძლება უპარტიო ადამიანებმა მიიზიდონ. ქვეყნისთვის ეს ცუდი იქნება თუ კარგი, სხვა საკითხია. მმართველი პარტიისთვის კი ნამდვილად იქნება ცუდი.

- ხელისუფლების ოპონენტებისგან ხშირად გაიგონებთ ამგვარ მსჯელობას - ხელისუფლებას უარი აქვს ნათქვამი ოპონენტებთან დიალოგზე, საკონსტიტუციო პროცესმა ნათლად დაგვანახა, რომ მას პრაქტიკულად არც არაფერი დაუთმია. სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ იმის გამო დამარცხდა, რომ ოპონენტებთან არ ჰქონია დიალოგი და ისე მოქმედებდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ მას ხალხთან აქვს დიალოგი, მაგრამ ენ-დი-აი-ს ბოლო გამოკითხვამ დაგვანახა, რომ ხალხის უმრავლესობა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გულმხურვალე მხარდამჭერია.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მისამართით გამოთქმული პრეტენზიები?

- საკონსტიტუციო პროცესში, რომელიც მიმაჩნია რომ ხარვეზიანი იყო, ხელისუფლებამ ოპოზიციის ბევრი მოთხოვნა გაითვალისწინა, სწორედ ამას ვერ უსაყვედურებ. თავად ოპოზიცია ტოვებდა ჭირვეული ბავშვის შთაბეჭდილებას, რომლის ყველა მოთხოვნა თუ არ შესრულდებოდა, იქნებოდა უკმაყოფილო. ამ დროს, ოპოზიციის მოთხოვნები მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებს ემსახურებოდა.

ამ საკონსტიტუციო დაპირისპირების შემდეგ კიდევ უფრო დაიკლო ოპოზიციის რეიტინგმა რითაც ცხადი გახდა, რომ მოსახლეობა მხარს არ უჭერდა ოპოზიციას ამ დაპირისპირებაში. არაერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, ხელისუფლების პრობლემა ის კი არაა, რომ ოპოზიციას არ უგდებს ყურს, პრობლემა ისაა, რომ ხალხის ხმა არ ესმის ან ესმის ძალიან შორიდან.

ხელისუფლების პრობლემა ის კი არაა, რომ ოპოზიციას არ უგდებს ყურს, პრობლემა ისაა, რომ ხალხის ხმა არ ესმის ან ესმის ძალიან შორიდან

რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი დიალოგის უქონლობის გამო დამარცხდაო, ნუ შევქმნით ახალ მითს. ჩინეთის ხელისუფლებას საერთოდ არა აქვს დიალოგი ხალხთან უკვე მრავალი წელია, მაგრამ დამარცხების ნიშნები არ ეტყობა. ხელისუფალთა მარცხი და გამარჯვება უფრო რთული და მრავალფაქტორიანი პროცესია. სავარაუდოა, რომ სააკაშვილის მარცხიც ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული.

- საპროკურორო საბჭოს წევრმა ნათია სონღულაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა - ”მოლოდინის რეჟიმში ვართ, რათა უკრაინის მხარემ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები გაატაროს”.

მისივე თქმით, პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულებები გადააგზავნა სააკაშვილის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივი საფუძვლების შესაქმნელად. გასული კვირის ბოლოს სააკაშვილმაც განაცხადა, რომ იგიც ”მოლოდინის რეჟიმშია”. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა განახორციელებს სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას?

- სონღულაშვილმა ის თქვა, რაც უნდა ეთქვა. რაც შეეხება რეალობას, მე მგონია, რომ ასე მარტივად არაა საქმე. არც დასავლეთის და არც რუსეთის პოლიტიკოსებს არ უნდა აწყობდეთ, რომ სააკაშვილმა გინდ უკრაინის და გინდ საქართველოს ციხეში დაკითხვაზე ჩვენებები მისცეს, არავინ იცის ვისზე რას იტყვის, როცა დასაკარგი აღარაფერი ექნება.

სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციაზე ხელისუფლების წარმომადგენელმა სონღულაშვილმა ის თქვა, რაც უნდა ეთქვა

ამიტომ ჩვენი მოკეთეებიც და მტრებიც, ყველანი თავთავისი მეთოდებით, ალბათ ცდილობენ, რომ სააკაშვილი ციხეში არ მოხვდეს. ვფიქრობ, ამიტომ ჭიანურდება სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. ვვარაუდობ, რომ დასავლეთი რეკომენდაციას მისცემს უკრაინასაც და საქართველოსაც სააკაშვილი ჰოლანდიაში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში გაუშვან. ეს ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი იქნება ყველასთვის.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით