ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ქართველმა მეწარმეებმა არ ისწავლეს საერთაშორისო სამთო ბიზნესი, ისინი ვერც ევროპულ და ვერც რუსულ კომპანიებს ვერასდროს დაეწევიან

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ქართველმა მეწარმეებმა არ ისწავლეს საერთაშორისო სამთო ბიზნესი, ისინი ვერც ევროპულ და ვერც რუსულ კომპანიებს ვერასდროს დაეწევიან

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - ”მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - ვიწყებთ ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულის რეფორმას.” მისივე თქმით, ეს რეფორმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით განხორციელდება და მასზე ერთდროულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იმუშავებენ, ხოლო საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად შეცვლება, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, პრემიერის მიერ ამ ამბის გახმაურებისთანავე თქვენ გაგვახსენდით, ვინაიდან გვახსოვს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისთანავე დაიწყეთ ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურად გამოყენებაზე არა მარტო საუბარი, არამედ მოქმედების კონკრეტული გეგმაც კი წარუდგინეთ მთავრობას.

როგორც იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. როგორ შეაფასებდით პრემიერის ნათქვამს, სავარაუდოდ, რაზეა საუბარი და თქვენი აზრით, რატომ ხდება ყველაფერი ეს 6 წლის დაგვიანებით?

- ამ კითხვაზე მოკლედ ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან პრობლემას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ყველაფერი, რასაც გეტყვით, შემიძლია დოკუმენტურად დაგიდასტუროთ.

პრობლება სათავეს წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იღებს, როცა წიაღით სარგებლობის ორი, ვიტყოდი შეუთავსებადი ვარიანტი დაიწერა. ერთ-ერთის ავტორი მე ვიყავი, მეორესი - აწ უკვე გარდაცვლილი მოღვაწე. 1995 წელს პარლამენტმა უპრეცედენტოდ გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო

პრობლება სათავეს წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იღებს, როცა წიაღით სარგებლობის ორი, ვიტყოდი შეუთავსებადი ვარიანტი დაიწერა. ერთ-ერთის ავტორი მე ვიყავი, მეორესი - აწ უკვე გარდაცვლილი მოღვაწე. 1995 წელს პარლამენტმა უპრეცედენტოდ გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს ორი კანონპროექტი შერწყმულიყო. შედეგად, მივიღეთ სრულიად ეკლექტიკური კანონი, რომლის სხვადასხვა მუხლები მსოფლმხედველურად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. განსაკუთრებით ეს ლიცენზირებასა და წიაღის სახელმწიფო მართვას ეხებოდა და ეს უმთავრესი მუხლები რუსული კანონის კალკი გახლდათ.

2007 წელს რუსეთმა კანონი შეცვალა და მსოფლიო სამთო კოდექსის ჩარჩო მოდელს მიუახლოვა. შედეგად, გადაულახავი პარადოქსი შეიქმნა - სახელმწიფო კაპიტალიზმის ქვეყანაში წიაღით სარგებლობის ანგლო-საქსური მოდელია, ხოლო ევროპისკენ სწრაფვად სახელმწიფოში კი - ძველი რუსული ტიპის კანონი.

არსებული კანონით, წიაღით სარგებლობის ლიცენზირება უფასო იყო და ამით ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა კარგად ისარგებლეს. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი უფასო ლიცენზიები დღესაც ძალაშია და ზოგიერთ მათგანს ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირები ფლობენ.

2008 წელს მიღებულ იქნა დადგენილება წიაღით სარგებლობის ლიცენზიების აუქციონის წესით გაცემის შესახებ, მაგრამ აუქციონის სასტარტო ფასის გამოთვლის ტექნოლოგია იმდენად არაკომპეტენტური და არაპროფესიული იყო, რომ ლიცენზიის მიღება მხოლოდ მცირე მეწარმეს, ვთქვათ ქვიშა-ხრეშის მცირე უბნის დასამუშავებლად შეეძლო. ამ დადგენილებამ საქართველოში ძებნითი სამუშაოების პერსპექტივა მთლიანად ჩაკლა, ვინაიდან, მაგალითად, ოქროზე სამცხე-ჯავახეთში ძებნითი ლიცენზიის სასტარტო ფასი 250 მილიონ ლარს აღემატებოდა.

2008 წელს მიღებულ იქნა დადგენილება წიაღით სარგებლობის ლიცენზიების აუქციონის წესით გაცემის შესახებ, მაგრამ აუქციონის სასტარტო ფასის გამოთვლის ტექნოლოგია საკმაოდ არაკომპეტენტური და არაპროფესიული იყო

ჯერ კიდევ 2010 წელს, ვიგრძენით რა რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ჩვენ ქალბატონი ვერა ქობალია ამერიკული უმსხვილესი კომპანიის პრეზიდენტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამთო განყოფილების ხელმძღვანელს შევახვედრეთ. მინისტრმა, რა თქმა უნდა, სრული მხარდაჭერის მზადყოფნა აღგვითქვა, სინამდვილეში კი ზურაბ ადეიშვილის ინტერესებში შემავალი ლიცენზიის კონტურები ისე შეცვალა, რომ ჩვენ საინტერესო ფართზე ლიცენზია ვერ მივიღეთ.

2012 წლის ზაფხულში, როცა არჩევნების ბედი ჩემთვის უკვე ნათელი იყო, ჩვენ დავგეგმეთ საერთაშორისო სემინარი, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ჩატარდა. მასში 35 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელობამ მიიღო მონაწილეობა. ლაპარაკი საქართველოში სამთო საქმის განვითარებასა და კანონმდებლობის შეცვლას ეხებოდა.

2012 წლის ნოემბერში, როცა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შესხულებას უკვე შეუდგა, მაგრამ პარლამენტის მიერ ჯერ დამტკიცებული არ ყოფილა, მე მას კანადელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის სამთო და გეოლოგიური საქმის მენეჯერები შევახვედრე. სიტყვით და წერილებში სექტორის განვითარების მზადყოფნა აშკარა იყო.

ამიტომ ძალიან სწრაფად მე და ჩემ კოლეგებმა ერთად შევქმენით ახალი სამთო-გეოლოგიური კოდექსი, რომელმაც გაიარა აშშ-ს ეკონომიკურ გეოლოგთა და სამთო ასოციაციების ექსპერტიზა. კანონპროექტი პარლამენტს 2013 წლის 28 თებერვალს გადავეცით. მისი ბედი ჩემთვის დღესაც უცნობია.

მართალია, მაქვს საკმაოდ დადასტურებული ვარაუდი: კანონპროექტი საქართველოს სახელმწიფო გეოლოგიური სამსახურის აღდგენას ითვალისწინებდა, რაც ჩვენ მთავრობას არ მოსწონდა. ერჩივნათ ბუნებრივი კატასტროფების დროს უცხოელი, ძირითადად, ჩეხი ექსპერტების დაპატიჟება, სწორედ იმ ექსპერტების, რომლებსაც პროფესიას ჩვენ ვასწავლიდით.

ახლა პრემიერ-მინისტრმა იმ საქმის წამოწყება დაიწყო, რასაც მას 6 წლის წინ ვთავაზობდი

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მის ეკონომიკურ მრჩევლებს სამთო საქმის დისკონტური ღირებულების გამოთვლას ვასწავლიდი...

შედეგად, ყველა სერიოზულმა სამთო კომპანიამ საქართველო დატოვა. ახლა პრემიერ-მინისტრმა კი იმ საქმის წამოწყება დაიწყო, რასაც მას 6 წლის წინ ვთავაზობდი. თანაც ეს ინიციატივა მთავრობის დიდ მიღწევად გამოაცხადა. მეშინია, რომ მატარებელი უკვე წასულია და ჩვენ “ფრონტერას” დონის კომპნიების ანაბარად დავრჩებით. ვიმეორებ, რაც ვთქვი, შემიძლია დოკუმენტურად დავამტკიცო.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რომ 6 წლის წინ ხელისუფლებამ თქვენი წინადადებები ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულის გამოყენებაზე არ გაითვალისწინა და იგივეს გაკეთებას ასე დაგვიანებით თავად შეუდგა?

- დავძენ მხოლოდ, რომ გამოწვევები და პრობლემები ახალი არ არის, მათ შესახებ ჩვენ 20 წლის წინ ვიცოდით, მაგრამ „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს“.

- სხვათა შორის, იმავე დღეს, როცა პრემიერმა ამის შესახებ განაცხადა, სოციალურ ქსელში ეკონომისტებს შორის, რომლებსაც თქვენ იცნობთ, საკმაოდ საინტერესო პოლემიკა გაიმართა.

ერთნი ამტკიცებენ, რომ ამ სფეროში რეფორმის დაწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით სხვა არაფერია, თუ არა დიდი კაპიტალების უკან დიდი გავლენის სურვილები.

მათივე თქმით, საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულის დაპატრონების სურვილი უპირველესად კრემლთან დაახლოებულ დიდი კაპიტალის მქონე ხალხს შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან მათ კარგად იციან, რომ მათ ხელთ არსებული უკანონო კაპიტალების დაბანდების შესანიშნავი ადგილი საქართველოა, რადგან საქართველო აბრეშუმის გზის ეპიცენტრშია და აქ ყოფნა ყველას უნდა, ვინაიდან ეს გზაა მიმზიდველი და შემოსავლების მომტანი.

მათივე მტკიცებით, კრემლის ეკონომიკურ ემისრებს საქართველოში ეკონომიკური ბერკეტების ჩაგდება იმიტომ უნდათ, რომ პოლიტიკური გავლენა იოლად მოიპოვონ, თუმცა კრემლის გარდა ამ თვალსაზრისით დასავლური კაპიტალიც არ თვლემს.

უკაცრავად, მაგრამ, რა გამოდის? - საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულისათვის ბრძოლაში ევროპული ბანკის ეგიდით ძირითადად რუსული და დასავლური კაპიტალი იბრძოლებს?

- სამთო საქმე იაფი არ არის, მას ჯიბის ფულით ვერ დააფინანსებ. თქვენს მიერ დასახელებული ეკონომიკის ექსპერტები კი სამთო საქმეში ვერ ერკვევიან. საქმე კი შემდეგშია - არსებული კანონმდებლობით, საბადოს მარაგებს სრულიად გაურკვეველი სახელმწიფო კომისია ამტკიცებს და ამ კომისიის დასკვნა საერთაშორისო ბანკებისთვის, ბირჟებისთვის თუ სამთო კომპანიებისთვის სიფრიფინა ქაღალდია.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მარაგები შესაბამისი კოდექსების საფუძველზე ითვლება და მას ე.წ. კომპეტენტური პირი ამტკიცებს. კომპეტენტური პირის ხელმოწერა საკმარისია ბანკში კრედიტის ასაღებად ან ბირჟაზე აქციების პირველადი პაკეტების განსათავსებლად.

უცხოური კომპანიები თავის საბრუნავ საშუალებებს ახალ პროექტებში არ აბანდებენ. ისინი საბანკო კრედიტს იღებენ. შემოთავაზებული მოდელი, თუ მას რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მხარი დაუჭირა, მისცემს ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას უცხოურ კაპიტალის ბაზრებზე გავიდნენ და ქართული პროექტები საერთაშორისო ფონდებით დააფინანსონ. აქ არც რუსული და არც ევროპული ბიზნესის ლობირება არ ჩანს

უცხოური კომპანიები თავის საბრუნავ საშუალებებს ახალ პროექტებში არ აბანდებენ. ისინი საბანკო კრედიტს იღებენ. შემოთავაზებული მოდელი, თუ მას რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მხარი დაუჭირა, მისცემს ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას უცხოურ კაპიტალის ბაზრებზე გავიდნენ და ქართული პროექტები საერთაშორისო ფონდებით დააფინანსონ. აქ არც რუსული და არც ევროპული ბიზნესის ლობირება არ ჩანს.

სხვათა შორის, 1998 წელს საქართველოს ბანკის იმჟამინდელ პრეზიდენტთან ბატონ პატეიშვილთან მივედი. კაბინეტში ლადო გურგენიძე დამხვდა. როცა ეს მოდელი ავუხსენი, როგორც გიჟს, ისე შემხედეს...

სხვა საკითხია ქართველი მეწარმეების გამოცდილება სამთო საქმეში. ჩემს წინ დევს 2018 წლის ჟურნალ „რაჭველების“ პირველი ნომერი. ჟურნალში წერია, რომ ყველა სტატია ფასიანია, ანუ შეკვეთილია. ერთ-ერთი სტატია რაჭაში ზოფხიტოს საბადოს ეხება. ეს სტატია არაპროფესიონალიზმის კარგი მაგალითია. თუ ქართველმა მეწარმეებმა არ ისწავლეს საერთაშორისო სამთო ბიზნესი, მაშინ ისინი ვერც ევროპულ და ვერც რუსულ კომპანიებს ვერასდროს დაეწევიან.

- სოფლის მეურნეობა მომგებიანი არააო და ქართველ მილიონერთაგან ცოტა ვინმემ თუ ჩადო ამ სფეროში სერიოზული კაპიტალი. დარჩენილი, ჯერაც გადაუნაწილებელი ადგილობრივი რესურსებისა და წიაღისეულის გადანაწილებაზე მიდგა ჯერი და ჯერაც გაუგებარია მისი მფლობელები იქნებიან თუ არა ქართველი მეწარმეები.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპული ბანკის ეგიდით გადანაწილებულ ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულის ქართველი მფლობელების უკან სწორედაც რომ კრემლთან დაახლოებული რუსი კაპიტალმფლობელები აღმოჩდნენ?

- აბა, რა ვიცი, ვინ ვისგან იღებს ფულს. დღეს ბიზნესი გლობალიზებულია და ფულის წარმომავლობას მნიშვნელობა არა აქვს.

დღეს ბიზნესი გლობალიზებულია და ფულის წარმომავლობას მნიშვნელობა არა აქვს

მთავარია, კანონმდებლობა იყოს გამართული და მთავრობა კანონებს იცავდეს და არა ისე იქცეოდეს, როგორც “ფრონტერა” რესურსებთან მიმართებაში. გაწუხებთ, რომ თელასი რუსული კომპანიაა, ხოლო ყაზტრანსგაზი - ყაზახური?

- ამ თემაზე სოციალურ ქსელში გამართული მსჯელობის სხვა მონაწილეების მტკიცებით - ”ჩვენს მოსახლეობაზე უფასოდ წიაღის განკერძოების გარდა ყველანაირი მოქმედება არის დანაშაული და ჩვენი მოსახლეობის გამდიდრების შანსის კიდევ ერთხელ წართმევა ერთეულების გამდიდრების ხარჯზე.”

მათივე მტკიცებით, მთელი პრობლემა ისაა, ხელისუფლებამ საერთოდ არ იცის თუ რატომ უკარგავს ხალხს და ქვეყანას გადარჩენის ერთადერთ შანსს.

თქვენი აზრით, რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება ცნობილი ეკონომისტის მილტონ ფრიდმანის პოსტკომუნისტური ქვეყნების ხელისუფლებებისათვის მიცემულ უმთავრეს რჩევას მოქალაქეებზე აქტივების უფასო პრივატიზაციის შესახებ და არა მათ ფულზე გაყიდვას?

- სოციალურ ქსელებში ბევრი დილეტანტური აზრი გამოითქმება ხოლმე. წიაღი - სახელმწიფო საკუთრებაა და იგი გარკვეული წესით მხოლოდ სარგებლობაში შეიძლება გაეცეს და არა გასხვისდეს.

ბუნებრივი რესურსებიდან ასეთ აქტივებს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწები მიეკუთვნება. რატომ ვერ მოგვარდა დღემდე ამ მიწების დიდი ნაწილის უფასოდ საქართველოს მოქალაქეებზე გასხვისება, არ ვიცი. თუ გაკოტრების შიშია, მაშინ შექმნან მიწების სახელმწიფო რეზერვი

ფრიდმანი კომუნისტების მიერ დატაცებულ ქონებას გულისხმობდა და ამ თვალსაზრისისთ მართალი იყო - „სახალხო ქონება“ ხალხზე უნდა გასხვისებულიყო. ბუნებრივი რესურსებიდან ასეთ აქტივებს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწები მიეკუთვნება. რატომ ვერ მოგვარდა დღემდე ამ მიწების დიდი ნაწილის უფასოდ საქართველოს მოქალაქეებზე გასხვისება, არ ვიცი. თუ გაკოტრების შიშია, მაშინ შექმნან მიწების სახელმწიფო რეზერვი.

- ამ დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის მტკიცებით, პრობლემა - ხალხის სიღარიბე - პრობლემად დარჩება და ეს ქონება კი სწრაფი ტემპით განიავდება. თქვენი აზრით, იგივე ევროპული ბანკის მონაწილეობით ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულის რეფორმირების ოპტიმალური ვარიანტი როგორი შეიძლება იყოს, რომ რესურსები და წიაღისეული არ განიავდეს და მისი უდიდესი ნაწილი კი ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდეს, რომლებიც შემდეგ ადგილობრივი რესურსების გამოყენებით საწარმოებს აამოქმედებენ და ხალხსაც დაასაქმებენ?

მოდით, ვისწავლოთ ფასეულობების ფასი

- ყველაფერი შეგიძლიათ გაანიავოთ - ფულიც, ვთქვათ, კაზინოში, უძრავი ქონებაც, განძეულობაც. ეს კანონმდებლობაზე კი არა, პიროვნებაზეა დამოკიდებული. მოდით, ვისწავლოთ ფასეულობების ფასი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”