ლევან ნატროშვილი - ტენდერებისა და შესყიდვების მოგების საეჭვო ფაქტებზე პროკურატურას ადეკვატური რეაქცია რომ ჰქონდეს, ამ სფეროში ამგვარი ვითარებაც არ იქნებოდა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” ექსპერტს, ლევან ნატროშვილს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ”ღია ბიუჯეტის” ინდექსით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის საქართველო მეხუთე ადგილზეა. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალეობის კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორისაა, წარმოუდგენელია არ გვახარებდეს. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება ხელისუფლების აქტიურობა სწორედაც რომ ბიუჯეტის ხარჯვაზე საჯარო სივრცეში ინფორმაციის გავრცელების ინიციატივებით.
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, შემდეგი სამი წელი საქართველო კვლავაც იქნება ლიდერ ქვეყნებს შორის როგორც ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალეობის, ასევე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ძალიანაც კარგი თუ ასე იქნება, მით უმეტეს, რომ ქვეყანას ინვესტიციები მართლაც სჭირდება. რადგან ინვესტიციების ოდენობა მაინც მომავლის საქმეა, მოდით, იმაში გაგვარკვიეთ კონკრეტულად რის გამო ვართ დაწინაურებული მსოფლიოში ”ღია ბიუჯეტის” ინდექსით?
- პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ”ღია ბიუჯეტის” ინდექსი როგორც წესი 2-3 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზე გამჭვირვალობას. აქ ადგილობრივი ბიუჯეტები არ იგულისხმება და მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტზეა ლაპარაკი.
საუბარია იმაზე, თუ რამდენად მაღალკვალიფიციურად და კარგად ხდება იმ დოკუმენტების შედგენა და გასაჯაროება, რაც ხელს უწყობს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გასაჯაროებას.
აღიარება იმისა, რომ ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობის მიხედვით საქართველო მე-5 ადგილზეა ქვეყნის რეპუტაციისთვის კარგია... ეს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, მაგრამ, ზოგადად, უცხოული ინვესტიციების მოზიდვისათვის კი ნამდვილად შეიძლება იყოს დამატებითი ფაქტორი
კერძოდ, საერთაშორისო კრიტერიუმებით 8 დოკუმენტი უნდა იქნას შექმნილი, რომელსაც მთავრობა ჯერ უნდა ადგენდეს და შემდეგ აქვეყნებდეს. მათ შორის, ონლაინ ფორმით. სწორედ ამ დოკუმენტების დროულად და ხარისხიანად გამოქვეყნებას აფასებს ”ღია ბუიჯეტის” ინდექსის პირველი ნაწილი. ამ მხრივ არის საქართველო ამჟამად მეხუთე ადგილზე. ფაქტია, რომ საქართველო წინა კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაწინაურებულია. ანუ 11 ადგილით წინ გადავიწიეთ.
თუმცა, ამ კვლევაში არის კიდევ ორი ნაწილი - მოქალაქისა და საზოგადოების ჩართულობა და ბიუჯეტზე ზედამხედველობა. ამ მხრივ შედარებით მოკრძალებული შედეგები გვაქვს. ხუთეულში ნამდვილად არ ვართ, 20-ში შევდივართ. შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ქვეყნის რეპუტაციისათვის კარგია. მიუხედავად იმისა, მინისტრი გამოთქვამს იმედს, რომ ეს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, ეს ეკონომიკის ზრდასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, მაგრამ ზოგადად უცხოული ინვესტიციების მოზიდვისათვის ნამდვილად დამატებითი ფაქტორი შეიძლება იყოს.
- ბიუჯეტის ხარჯვის მონაცემებთან დაკავშირებით თქვენ 8 დოკუმენტი ახსენეთ, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ უნდა შექმნას და შემდეგ გამოაქვეყნოს. კონკრეტულად რას უნდა ეხებოდეს ეს დოკუმენტები?
- ეს გახლავთ საბიუჯეტო მონაცემების შესახებ დოკუმენტაციის მთელი ციკლი. შესაბამისად, ეხება საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბების ყველა ეტაპს. ძირითად მიმართულებებზე მონაცემებს, ბიუჯეტის პროექტს, რომელსაც მთავრობა პარლამენტს წარუდგენს და რომელიც მიღების შემდეგ კანონად იქცევა, შემდგომ არის საბიუჯეტო ხარჯების შესრულებაზე კვარტალური ანგარიშები, 6 თვის, 12 თვის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის ანგარიში.
მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გასაგები ენით იყოს დაწერილი და მოქალაქეებმა შეძლონ ბიუჯეტის ხარჯვაზე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიღება. ეს ის კრიტერიუმებია, რასაც გამჭვირვალეობის კუთხით უნდა ასრულებდეს მთავრობა.
- საბიუჯეტო ფინანსების ეფექტურად მართვაზე საუბარი კარგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ხდება ფონზე, როცა საქართველოში მუდმივად გვესმის მსჯელობები ჩინოვნიკების მიერ პრემია-დანამატების ზღვარგადასულ გაზრდაზე.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ბევრს საუბრობს ბიუროკრატიის შემცირებაზე, ჩინოვნიკების რიცხვი საგრძნობლად არ შემცირებულა. ოპოზიციის მტკიცებით, პრემია-დანამატების ოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, მეტიც, ჩინოვნიკების რიცხვიც რიგ შემთხვევაში იზრდება, რაც ალბათ ძნელია მიუთითებდეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად გამოყენებაზე.
თქვენი ინფორმაციით, რამდენად შეესაბამება რეალობას ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებები?
- სხვა საკითხია ხარჯვის მიზანშეწონილობა. თქვენს მიერ ნახსენებ პრობლემაზე წლებია საუბრობს ყველა, ანუ იმაზე თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები. მათ შორის პრემია-დანამატებისა და შტატების ოდენობის კუთხით. ასევე პრობლემურია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული თემები - ხდება თუ არა შესაბამისად ხარჯვა და ხდება თუ არა ფინანსების დაზოგვა, ამ პროცესში არის თუ არა პოლიტიკური კორუფციის ნიშნები.
ჩინოვნიკების მიერ პრემია-დანამატების ხშირი გამოიყენება აჩენს სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივად გამოყენების განცდას
ეს საკითხები საკმაოდ მნიშვნელოვანია, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სხვა საკითხები. ეს პრობლემები საქართველოში რეალურად არსებობს, მათ შორის ისეთი, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება.
პრემია-დანამატების გაცემასთან დაკავშირებით, მართლაც გვაქვს სერიოზული კითხვები ბევრ უწყებასთან. მაგალითად, აუდიტის სამსახურთან. როცა ამ უწყებაში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, მან და მისმა მოადგილეებმა პირველივე სამ თვეში მიიღეს პრემიები, რაც მართლაც გაუგებარი გახლდათ.
ამ ტიპის საკითხები საკმაოდ მტკივნეულია საქართველოს საზოგადოებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა, მოსახლეობას საკმაოდ დაბალი შემოსავლები აქვს და საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს ჩინოვნიკების მიერ პრემია-დანამატების აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. დანამატისა და პრემიის ხშირი გამოიყენება აჩენს სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივად გამოყენების განცდას.
- ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლება აქტიურად იყენებს ონლაინ-პლატფორმას. ეკონომიკურ საკითხებში, მით უმეტეს ბიუჯეტის ხარჯვის თემებზე აქტიურად არ მიმუშავია, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით, ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ ონლაინ-პლატფორმის აქტიურად გამოყენებას? და თქვენი აზრით, რა ხარვეზები აქვს მას?
- რაც შეეხება ხარჯვის გამჭვირვალობას, ამ კვლევაში მონაცემები არ მოხვდა. ეს კვლევები გასულ წელსაა ჩატარებული. ახლა საკმაოდ კარგი გვერდია შექმნილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შექმნა ეს გვერდი. მას ”ბიუჯეტის მონიტორი” ჰქვია. მასში უფრო დეტალურადაა ყველა მონაცემი და დაინტერესებულ ადამიანს ან მხარეს შეუძლია ნახოს ქვეყანაში რამდენი და რაში იხარჯება. საკმაოდ კარგი ვებ-გვერდია. მან უკვე ჯილდოც კი დაიმსახურა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შექმნა ვებ-გვერდი, რომელსაც ”ბიუჯეტის მონიტორი” ჰქვია. მასში უფრო დეტალურადაა ყველა მონაცემი და დაინტერესებულ ადამიანს, ან მხარეს შეუძლია ნახოს ქვეყანაში რამდენი და რაში იხარჯება. ამ ვებ-გვერდმა უკვე ჯილდოც კი დაიმსახურა
სამწუხაროდ, მასში ჯერ ყველა მონაცემი იმ დონეზე არ არის საკმარისად დეტალურად გაწერილი, მაგრამ რამდენადაც ვიცი კონკრეტული ქეისების გაუმჯობესებაზე მიდის მუშაობა. კერძოდ, ისეთ თემებზე, რომელიც შესყიდვებს ეხება.
- თუ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, ასევე ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე აქტიურად გამოიყენება ონლაინ-პლატფორმა, ხელისუფლების მიერ მანქანების შესყიდვებთან დაკავშირებით ამას წინათ გახმაურებული ფაქტი რაღა იყო? მხედველობაში მაქვს პოეტისა და კომპოზიტორის, გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ საჯარო სივრცეში გაჟღერებული ბრალდებები...
- შესყიდვებთან დაკავშირებით გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდებები გახლავთ საკითხი, რომელიც დღემდე რჩება ძალიან რთულ და პრობლემურ თემად. 2011 წლიდან საქართველოში მოქმედებს შესყიდვების ელექტრონული სისტემა, მაგრამ გარკვეული რისკები რომ მაინც არსებობს, ფაქტია.
2011 წლიდან საქართველოში მოქმედებს შესყიდვების ელექტრონული სისტემა, მაგრამ გარკვეული რისკები რომ მაინც არსებობს, ფაქტია... სახელმწიფო შესყიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი პოლიტიკური კორუფციის კუთხით
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი პოლიტიკური კორუფციის კუთხით. საქართველოში დაბალ დონეზე კორუფცია აღარ არსებობს, მხედველობაში მაქვს ის, რომ საგზაო ინსპექტორი არავის ართმევს ფულს, ან საპასპორტოში ფულს არავინ არავის სძალავს, მაგრამ პრობლემად რჩება ე.წ. ელიტური კორუფცია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებისას გარკვეული ტიპის მექანიზმებით ხორციელდება.
ვიცით, რომ შესყიდვებისას გარკვეული კომპანიების მიმართ არსებობს ფავორიტიზმი, გაჩეჩილაძესთან დაკავშირებული ისტორია შესაძლოა ამგვარი ფავორიტიზმის კლასიკური მაგალითიც კი იყოს. სამწუხაროდ, შესყიდვების საქმეებში ხშირად ნახავთ შემთხვევებს, როცა ტენდერებს ახლად დაფუძნებული ანდა ტენდერის შემდეგ დაფუძნებული კომპანიები იგებენ.
შესყიდვების თემაზე გაჩეჩილაძესთან დაკავშირებული ისტორია, კომპანიების შერჩევისას , შესაძლოა ფავორიტიზმის კლასიკური მაგალითიც კი იყოს
ასევე არის შემთხვევები, როდესაც ინტერესთა კონფლიქტია და გარკვეული საქონლის შეძენა ხდება ისეთი კომპანიონებისგან, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან რომელიღაც პოლიტიკოსთან ან არიან არჩევნებზე პოლიტიკური პარტიის შემომწირველნი.
- მმართველი გურდის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ ტენდერებთან დაკავშირებულ კრიტიკულ კითხვებზე განაცხადა, რომ ამ საკითხეში ფორმალურად არავის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ამგვარი მტკიცება?
- სხვადასხვა მიზეზთა გამო საეჭვოდ მოგებულ ტენდერების შემთხვევებზე არ ხდება პროკურატურის მხრიდან მათზე რეაგირება. ჩვენმა ორგანიზაციამ - ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ” არაერთ ფაქტზე მოვითხოვა პროკურატურისაგან გამოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვახსენდება, რომ პროკურატურას მათზე ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა.
”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ” არაერთ ფაქტზე მოითხოვა პროკურატურისაგან გამოძიება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვახსენდება პროკურატურას მათზე ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა
ტენდერებისა და შესყიდვების მოგების საეჭვო ფაქტებზე პროკურატურას ადეკვატური რეაქცია რომ ჰქონდეს, ამ სფეროში ამგვარი ვითარებაც არ იქნებოდა. რეალურად არ ხდება პროკურატურის მიერ რეაგირება ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე, რომელიც საზოგადოებამ იცის და მათზე პასუხს პროკურატურაცა და მთავრობაც აყოვნებს.
- საბიუჯეტო ხარჯების ხარჯვის შესახებ გამჭვირვალობის გაუმჯობესების თვალსაზრისით რა ნაბიჯების გადადგმას ურჩევდით ხელისუფლებას?
- გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს იმდენად მაღალი ქულა აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები აქ აქვს. ამ თემაზე სასურველი იქნებოდა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს შეტანილი ინფორმაციებში, რომელიც საჯარო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
ეს ეხება როგორ კვარტალურ, ისე სხვა მონაცემებს, განსაკუთრებით კი წლიურს. საუბარია ხარჯვითი ნაწილის უფრო დეტალური მიმოხილვების აუცილებლობაზე. მაგალითად, იმაზეც, როგორი პროგნოზი იყო ხარჯვაზე სხვადასხვა სფეროებში წლის დასაწყისში და რეალურად რამდენი დაიხარჯა და რატომ. ანუ რამდენად შესრულდა პროგნოზი და ასე შემდეგ.
კარგი იქნებოდა თუ შემუშავებული იქნებოდა იმგვარი ინსტრუმენტები, რომლის დროსაც ასევე გაიზრდებოდა მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ასევე მის შესრულებაზე
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ხარჯვაზე კონტროლი გაძლიერდეს სამოქალაქო ჩართულობის ხარჯზე. ამ კუთხით საქართველოს საკმაოდ დაბალი ქულა აქვს. კარგი იქნებოდა თუ შემუშავებული იქნებოდა იმგვარი ინსტრუმენტები, რომლის დროსაც ასევე გაიზრდებოდა მოქალაქეთა ჩართულობა სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. ასევე მის შესრულებაზე. ამის გაკეთება შესაძლებელია, ვინაიდან მოქალაქეები ამგვარ ინტერესს რეალურად ავლენენ და მათ ამგვარი საშუალება უნდა ჰქონდეთ.
- ხშირად გაიგონებთ საუბრებს სხვადასხვა სფეროებში არსებული მონოპოლიების შესახებ. გასაგებია, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესს, იმას, ვინც რეალურ ეკონომიას ქმნის და ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, ამ თემაზეც გამოთქმულა არაერთი საკმაოდ კრიტიკული მოსაზრება. მათ შორის ქართული ბაზრის მთავარ მოთამაშეებს შორის კარტერულ გარიგებებზე.
თქვენი აზრით, რამდენად მონოპოლიზებულია ისედაც საკმაოდ მწირი ქართული ბაზარი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ქართულ ბაზარი ნაკლებად მონოპოლიზებული და შესაბამისად ჯანსაღი კონკურენციისთვის მეტ-ნაკლებად კომფორტული იყოს?
- ეს საკმაოდ რთული თემა გახლავთ. ჩვენს შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად შეიძლება საუბარი არა მონოპოლიების არსებობაზე, არამედ ოლიგოპოლიების არსებობაზე. ეს ეხება როგორც საწვავის ბიზნესს, ისე ფარმაცევტულ სფეროს. ჩვენს ბაზარზე არსებობს რამდენიმე მსხვილი კომპანია, შესაბამისად არსებობს ეჭვი, რომ მათი პროდუქციის ფასებზე ადგილი ხომ არ აქვს გარკვეულ გარიგებებს.
საქმე იმაშია, რომ ამის ასე მარტივად დაფიქსირება შეუძლებელია. ეს პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყნაშიცაა. ძალიან ძნელია კომპანიებს დაუმტკიცო, რომ ფასებზე ისინი ერთმანეთში კარტერულ გარიგებებში არიან. როგორც ვთქვი, ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.
დღეს არსებულ კონკურენციის სააგენტოს ამის ბერკეტი ნაკლებად აქვს. მხედველობაში მაქვს მსხვილ მოთამაშეებს შორის კონკრეტული გარიგებების გამოვლენა. ჩვენი კონკურენციის სააგენტო უფრო სუსტია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.
ძალიან ძნელია კომპანიებს დაუმტკიცო, რომ ფასებზე ისინი ერთმანეთში კარტერულ გარიგებებში არიან... რეალურად საკმაოდ რთულია პოტენციურ გარიგებებთან ბრძოლა
ჩვენმა კონკურენციის სააგენტომ რამდენიმე წლის წინ შეისწავლა საქართველოში საწვავის ბაზარი და ბაზრის საკმაოდ მსხვილ მოთამაშეებს, მსხვილ კომპანიებს დააკისრა 50 მილიონამდე ლარის ჯარიმა. ეს თემა ჯერაც არ დასრულებულა, საქმე სასამართლოშია და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი არაა. იმის თქმა მინდა, რომ რეალურად საკმაოდ რთულია პოტენციურ გარიგებებთან ბრძოლა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მცირე ბაზრის არსებობის პირობებში აქ დიდი კომპანიების არსებობა ისედაც პრობლემურია. ჩვენთან ის კი არ არის პრობლება, რომ ბაზარზე რამდენიმე კომპანიაა, არამედ ის, ხომ არ იყენებენ ისინი ბაზარზე თავის პრივილიგირებულ მდგომარეობას.
- ამ თვალსაზრისით ხომ არ დგას დღის წესრიგში დასავლური გამოცდილების უკეთ შესწავლა და უკვე დაგროვილი გამოცდილების ჩვენთან დანერგვა? ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები თუ იდგმება?
- სწორედ დასავლურ გამოცდილებაზე დაყრდნობით 2014 წელს შეიქმნა საქართველოში კონკურენციის სააგენტო. მე რამდენადაც ვიცი, ჩვენი კონკურენციის სააგენტო საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს დასავლელ პარტნიორებთან. სწორედ დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ ჩვენი კონკურენციის სააგენტო და მთავრობა ამ კუთხით გაძლიერდეს.
ჩვენი კონკურენციის სააგენტო საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს დასავლელ პარტნიორებთან. სწორედ დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, რომ ჩვენი კონკურენციის სააგენტო და მთავრობა ამ კუთხით გაძლიერდეს
რამდენადაც ვიცი, ახლა არ მიმდინარეობს კონკურენციის სააგენტოსთვის რამე დამატებითი ფუნქციების მინიჭებაზე საუბრები. საუბარია მის გაძლიერებაზე - თუ რამდენადაა კიდევ უფრო საჭირო კონკურენციის სააგენტოს მეტი კონტაქტები ჰქონდეს თავის დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რაც სააგენტოს გადასაწყვეტია.
თუ სააგენტოში თვლიან, რომ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებენ, ამაზე მათ საჯაროდ უნდა ისაუბრონ და პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტები წარუდგინონ. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, რომ მათ მათივე წარმატებული ფუნქციონირებისათვის რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ.
ამ თემებზე საუბრისას ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ბაზარზე, ზოგიერთ სფეროში არსებობს ბუნებრივი მონოპოლიების პრობლემა. ეს ეხება ისეთ სფეროებს, რომელთა უკეთ ფუნქციონირებისათვის მარეგულირებელი კომისიები არსებობს. შეგვიძლია გავიხსენოთ ბოლო შემთხვევა - ”ჯეოსელის” მიერ ”სილქნეტის” შესყიდვა.
ესეც საკმაოდ საფრთხილო საქმეა, არსებობს მარეგულირებელი, რომელიც ვალდებულია კომპანიების გამსხვილების შემთხვევაში დაიცვას მომხმარებლები, თუ დადგინდა, რომ გაერთიანება აზიანებს მომხმარებელთა ინტერესებს. ასეთ შემთხვევაში მარეგულირებელი ვითარებაში უნდა ჩაერიოს. ამგვარი ჩარევა კანონით რეგულირდება.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























