თამარ ჩუგოშვილი - მარტში ველოდებით პოზიტიურ შეფასებას, რომ პარლამენტმა შეასრულა პირობა და ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები ძირითად ტექსტში ასახა

ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და საბოლოო ცვლილებებში აისახება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუსთან და ზია კაგა ტანიართან გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს და იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში უყრის კენჭს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების მოკლევადიანი ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაცვლას ემსახურება.

„ვენეციის კომისია სრულად არის ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და მისი დაწყების ეტაპიდან დასასრულამდე ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს. ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ ბოლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებული ვერსია, რომელიც ძირითად ტექსტში სწორედ მათი რეკომენდაციების ასახვას ემსახურებოდა. ეს არის საკმაოდ მოკლევადიანი ვიზიტი, რომელიც ამ ცვლილებების თაობაზე ერთმანეთში მოსაზრებების კიდევ ერთხელ გაცვლას ემსახურება. რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და უკვე საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მოამზადებს დოკუმენტსაც.

„გარკვეული მოკლე დოკუმენტი, ალბათ, მომზადდება ვენეციის კომისიის მიერ დასასრულ ეტაპზე, მარტის შუა რიცხვებში. ველოდებით მოკლე და პოზიტიურ შეფასებას იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულა თავისი პირობა და ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები ცვლილებების ძირითად ტექსტში ასახა“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტის მეორე ნახევარში განიხილავს, სრულყოფს ძირითად ცვლილებებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მათ სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრის, ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუს თქმით, საქართველოში ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაზიარებაა.

„ჩვენ თავიდან არ ვხსნით დისკუსიას. ჩვენი ვიზიტის მიზანია, შევიტყოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ამ ეტაპზე ცვლილებები და ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინფორმაცია მოგვაწოდა“,- განაცხადა ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუმ.

მისივე თქმით, მომზადებულ ანგარიშს ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე, 16-17 მარტს განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა