გონიოში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე ახალი წელთაღრიცხვით დათარიღებული წყლის მილები და ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული საკულტო დანიშნულების ჭურჭელი იპოვეს.
როგორც არქეოლოგი შოთა მამულაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, არქეოლოგიური ძეგლები ინსფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა. მისივე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობა გონიო-აფსაროსის მუზეუმში განთავსდება.
"სანიაღვრე არხები გაჰყავდათ და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის წყალგაყვანილობის მილის ნაშთები იპოვეს, რომლითაც გონიო აფსაროსის ციხის შიდა სივრცე მარაგდებოდა. გონიოს ციხის შიდა სივრცე წყლის სამი ხაზით მარაგდებოდა, როგორც ჩანს ეს ერთ-ერთი ხაზი გახლავთ. იქვე ახლოს ნანახია ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეების დიუნური დასახლების ნაშთები, კერძოდ, ტაფისებრი ჭურჭელი. მსგავსი ტიპის ძეგლები გონიო-კვარიათში, ქობულეთში, ციხისძირსა და ფაზისში მოიპოვება. ისინი საკულტო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა. არქეოლოგიურ მასალებს გონიო აფსაროსის მუზეუმში განვათავსებთ",- აცხადებს არქეოლოგი შოთა მამულაძე.