ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე სხდომას, რომელზეც ხელფასების საკითხი დაამტკიცეს, არალეგიტიმურად მიიჩნევს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე საკრებულოს სხდომას, რომელზეც ხელფასების საკითხი დაამტკიცეს, არალეგიტიმურად მიიჩნევს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბორჯომის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში იყო 30 საკითხი, საიდანაც 29 გავიდა და ერთი, რომელიც ხელფასებს ეხებოდა არ გასულა. მისივე თქმით, მეორე სხდომა, რომელიც დღესვე ჩატარდა, არალეგიტიმურია, რადგან რიგგაგრეშე სხდომის მოწვევას თავისი ვადები აქვს. ზაზა ჩაჩანიძის განმარტებით, ის ხვალ მოაწერს ხელს ოქმს, რომლის თანახმადაც, საკრებულომ 29 საკითხი დაამტკიცა და მასში ჩანს, რომ ბოლო საკითხი ვერ გავიდა.
"საკრებულოს სხდომა როცა იხურება, რიგგარეშეს მოწვევის გარეშე ლეგიტიმური არ არის. რიგგარეშე სხდომის მოწვევა კი ერთი კვირის შემდეგაა შესაძლებელი. მანამდე შევთანხმდებით რა გავაკეთოთ. ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ ჩვენი მხრიდან საბოტაჟზე. მე გეტყვით რას აპირებენ ხვალ და თქვენ თვითონ დაფიქრდით, ვინ აწყობს საბოტაჟს. ხვალ ისინი გეგმავენ, რომ გააჩერონ დასუფთავების მანქანები, საბავშვო ბაღები", - განაცხადა ჩაჩანიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება" ხვალიდან მისი გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყებას გეგმავს, ზაზა ჩაჩანიძის თქმით, ისინი არ არიან უფლებამოსილები, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენონ.

























