ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2018

ლიტვაში "კაგებეს" აგენტების სიის გამოქვეყნება დაიწყო, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება საქართველოში?გჯერათ, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც საერთო კანდიდატზე შეჯერდება? ***

ლიტვაში "კაგებეს" აგენტების სიის გამოქვეყნება დაიწყო, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება საქართველოში?

“ლიტვაში "კაგებეს" სავარაუდო აგენტების სიის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო და "დიდი საინფორმაციო ბომბიც" აფეთქდა, რადგან ამ სკანდალურ სიაში აღმოჩნდა თითქმის ყველა ცნობილი ლიტველი, ხელოვნების სფეროს ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც კი. რა მოხდება, თუკი მსგავსი პროცესი დაიწყება ჩვენთან და რამდენად მასშტაბური იქნება ცნობილ ხელოვნების მუშაკთა, მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა სია, რომლებიც "კაგებესთან" თანამშრომლობდნენ? "ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ უკვე გვიანია ამის გაკეთება, თანაც ეს დიდ უსიამოვნებას მოიტანს, ადამიანებს დააპირისპირებს ერთმანეთთან, თან სიაში "ალბათ ბევრი დაფასებული ადამიანი იქნება" და ამიტომ "წარსულში ქექვა საჭირო არ არის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ლიტვაში "კაგებეს" აგენტების სიის გამოქვეყნება დაიწყო, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება საქართველოში?

"რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, "კაგებეს" ქართველი აგენტების სია ძალიან მასშტაბური იქნება და მისი გამოქვეყნება იქნებოდა "ბირთვული ბომბი", თუმცა ამბობს, რომ სიის გასაჯაროება აუცილებელია, რადგან საბჭოთა კავშირისგან ვერ გავთავისუფლდებით, თუ არ ვიცით, სინამდვილეში რა მემკვიდრეობა დატოვა ამ რეჟიმმა. ბერძენიშვილის თქმით, ეს იქნებოდა ბირთვული ბომბი იმიტომ, რომ ჩვენი საყვარელი მსახიობების, ინტელიგენტების, მეცნიერების დიდი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს ამ სიაში. ძალიან საპატიო და დაფასებული ხალხი, ამიტომ ეს იქნებოდა ბომბი. მისი თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ არაერთხელ მოითხოვა, საბჭოთა კავშირის დროინდელი ქართველი აგენტების ლუსტრაცია მომხდარიყო. თუმცა არგუმენტია, რომ ჩვენ გვაქვს აგენტების სია, მაგრამ არ გვაქვს მათი საქმეები, რადგან რუსეთშია გატანილი და თუ საქმე არ არის, შეიძლება იმ კაცმა რაღაცას ხელი მოაწერა, მაგრამ არაფერიც არ გაუკეთებია და აბა ახლა ასეთი "პატიოსანი" ხალხი ხომ არ უნდა შევაწუხოთ?! ეს იყო არგუმენტი, მაგრამ რეალურად არგუმენტია ის, რომ ეს სია თვითონ უფროსებმა დაიდეს და გამოიყენეს ეს აგენტები თავიანთ სასარგებლოდ," - აღნიშნავს გამოცემა.

"ცნობისათვის, ლიტვაში ყოველკვირეული გაზეთ "რეპუბლიკის" მთავარმა რედაქტორმა ვიტას ტომკუსმა გაზეთში იმ ადამიანების სიის გამოქვეყნება დაიწყო, რომლებიც, გაზეთის მტკიცებით, საბჭოთა კავშირის დროს "კაგებესთან" ფარულად თანამშრომლობდნენ. გაზეთში ჯერ მხოლოდ ამ სიის ნაწილი გამოქვეყნდა, მაგრამ დიდი ხმაური უკვე გამოიწვია, რადგან საუბარია იმაზე, რომ 1940 წლიდან 1990 წლამდე პერიოდში 118 000-ზე მეტი ლიტველი აღმოჩნდა "კაგებესთან" თანამშრომლობის სიაში, მათგან 1589-მა აღიარა კიდეც ეს. როგორც ტომკუსი ამბობს, ამ სიაში ქვეყანაში ცნობილი ადამიანები არიან, საზოგადო მოღვაწეები, კინოსა და თეატრის მსახიობები, მხატვრები, რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, მათ შორის ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც სეიმის წევრები არიან და, ასევე, მთავრობისა და პრეზიდენტის გარემოცვიდან, მაგალითად, სიაში არიან ლიტვის ამჟამინდელი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტი, "ლიტვის დამოუკიდებლობის მამა" ვიტაუტას ლანდსბერგისი, პრემიერ-მინისტრი საულიუს სავარვენელი და სხვა მრავალი გამოჩენილი პოლიტიკოსი და მსხვილი ბიზნესმენი. ლიტველებმა აღიარეს, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყვნენ და მათი სიის გასაჯაროებაც დაიწყო. საქართველოში კი, რაც უნდა პარადოქსული იყოს, 2011 წელს მიღებულია "ლუსტრაციის კანონი", სადაც წერია, რომ პოლიტიკაში აგენტების ყოფნა ქვეყნისთვის სახიფათოა და ასეთი ადამიანების თანამდებობაზე დანიშვნა დაუშვებელია, თუმცა ვინ არის აგენტი რეალურად და ვინ - არა, ამის საზოგადოებისთვის გასაჯაროება არ მომხდარა, ამდენად, ვინ სად ინიშნება, გაურკვეველია“, - განაგრძობს გამოცემა.

"ქართული ოცნების" წევრ ალექსანდრე ქანთარიას თქმით, "კაგებეს" აგენტების ლუსტრირების დრო გავიდა, ეს თავის დროზე უნდა მომხდარიყო. ქანთარიას თქმით, ახლა ეს უკან დაბრუნებას ჰგავს. ძალიან ბევრი ცოცხალი არ იქნება და ალბათ სიაში იქნებიან ადამიანები, რომლების მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს და ახლა ამის ქექვა არ მგონია საჭირო. ასევე, რამდენადაც ვიცით, ძალიან ბევრი არქივი განადგურდა და ამიტომ დამტკიცება - რა სწორია და რა - არა, გაჭირდება. თან, ამ ადამიანებს შვილები და შვილიშვილები ჰყავთ და კიდევ უფრო ავრევთ ყველაფერს," - ამბობს ქანთარია. რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილის თქმით, ასეთი ადამიანების ლუსტრირება არასდროს არ არის გვიან. ის, რაც ახლა ხდება ლიტვაში, ადრე ჩეხეთშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც მოხდა და ეს აუცილებელია. ბერძენიშვილის თქმით, ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ ე.წ. წითელი ინტელიგენციის ღია წერილი ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ და ამ ადამიანებმა, ფაქტობრივად, თავად გამოიქვეყნეს თავი. სამწუხაროდ, არც ერთმა ჩვენმა ხელისუფალმა არ ისურვა ამ გზით წასვლა. ძალიან საწყენია, რომ ეს არ გააკეთა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც ეს ნამდვილად შეეძლო. ამას მით უმეტეს არ გააკეთებდა შევარდნაძე გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ ყველაზე მეტად შემაშფოთებელი იყო, როდესაც სააკაშვილსაც არ მოუნდა ამის გაკეთება. ყველას ურჩევნია, რომ ამ აგენტებთან იმუშაოს და გამოიყენოს ისინი, ვიდრე ხალხმა იცოდეს სიმართლე. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ლუსტრაცია არ მოხდა და სამაგიეროდ იმის საშუალება არსებობს, რომ "კაგებეს" მკვიდრმა აგენტებმა ჩვენ გვიძახონ "კაგებეს" აგენტები. მაგალითად, მე ვარ აღიარებული "აგენტი" და ჯონდი ბაღათურია და კიდევ ვინც იმ წერილს ხელს აწერენ - წმინდანები. ჩვენ თავის დროზე, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც სააკაშვილი მინისტრი იყო, მანამდეც და შემდეგაც ვცადეთ რეალური და მოქმედი ლუსტრაციის კანონის მიღება. ჩვენ გვაქვს სათანადო კანონი, რომელიც თითქოს ამას აკეთებს, მაგრამ აგენტურასთან ბრძოლის არანაირი გზა და საშუალება არ გაგვაჩნია. საერთოდ, ჩვენ არ ვებრძვით რუსულ პროპაგანდას, პირიქით, ცოტა ხელსაც კი ვუწყობთ. პირველ არხთან დაკავშირებით წრიალი სწორედ რუსული ძალების, ამ ძალების წრიალია, სხვათა შორის," - დასძენს გამოცემა.

"მისი განცხადებით, ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ და ამას ამბობს კიდეც ლუსტრაციის კანონი. მიიჩნევა, რომ ისინი თანამდებობაზე არ უნდა დაინიშნონ. თუ ხალხმა იცის, რომ აგენტია და მაინც ირჩევს პარლამენტში, ეს ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ იყოს მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ელჩი და ასე შემდეგ არ შეიძლება. ეს კანონი გვაქვს, მაგრამ აგენტებს ვერ ვავლენთ და ეს კანონი არ მოქმედებს. აქ პოლიტიკა არ არის ისე მთავარი, ეს ადამიანები პოლიტიკას მაინცდამაინც ვერ აწუხებენ, როგორც საზოგადოების ცხოვრებას, აი, თუნდაც ის ადამიანები, რაღაც წერილებს რომ წერენ. ეს ადამიანები გულწრფელები კი არ არიან, ეს აგენტურაა," - წერს სტატიის ავტორი.

გჯერათ, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც საერთო კანდიდატზე შეჯერდება?

"ევროპული საქართველო" პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხონსა და ვანში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებსა და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს. პარტიის წევრ სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი ჰყავდეთ ცაიშში საკრებულოს არჩევნებზეც. "ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ბორჯომში, იმ ადგილზე, სადაც ოპოზიციამ მოუგო არჩევნები ხელისუფლებას. ეს კრიზისი კიდევ გრძელდება და აჩვენა ერთი რამ, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება არის შესაძლებელი, როდესაც ოპოზიცია თანამშრომლობს. ჩვენ ამ წელში გვაქვს სამი არჩევნები. რა თქმა უნდა, მათი წონა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვაქვს გამოტოვებული არჩევნები ხონსა და ვანში, გამოტოვებული არჩევნები ცაიშის საკრებულოში და შემოდგომაზე - საპრეზიდენტო არჩევნები." ოპოზიციის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ამ არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს და შესაძლებელია, ერთად, ერთიანი ძალისხმევით, შეერკინონ "ქართულ ოცნებას". "ევროპული საქართველო" პროდასავლურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს იქნება წინაპირობა, რომ 2020 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებას დაემშვიდობოს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, გჯერათ, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც საერთო კანდიდატზე შეჯერდება?

"ეს ისეთი საკითხია, თითოეული ოპოზიციონერის მოსაზრება უნდა მოისმინო. ჩემი ვარაუდი, შესაძლოა, არ იყოს რელევანტური. არგუმენტია საჭირო რამის სათქმელად. თუ შეჯერდებიან, ცუდი არ იქნება, მაგრამ აქამდე რა მოცემულობაცაა, ოპოზიციურ სპექტრს უჭირს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ძნელი სავარაუდოა, რომ საერთო კანდიდატი წარადგინონ, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისი ამბიცია აქვს", - აღნიშნავს იურისტი ქეთი ბექაური

"ძალიან საეჭვოა, ძალების გაერთიანების ნაცვლად ყოველთვის საპირისპიროს ვხედავთ - ოპოზიციური პარტიები მეტად და მეტად იშლებიან, რაც მათ საერთო აზრამდე დასვლას უფრო და უფრო ასუსტებს", - აცხადებს პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი

"მკითხავის მდგომარეობაში ყოფნა რთულია, მაგრამ თუ ოპოზიციური სპექტრის სიჭრელეს გავითვალისწინებთ, ისინი ერთ კანდიდატზე ვერასდროს შეჯერდებიან, ეს არ მოხდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა მათგანი, უმეტესობა მაინც ლიდერებისა, მიუხედავად სხვადასხვა პოზიციისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებისა, თავის მხრებზე ირგებს პრეზიდენტის მანტიას. ასე რომ, ვფიქრობ, გამორიცხულია, ისინი საერთო კანდიდატზე შეჯერდნენ", - ამბობს მწერალი რეზო მიშველაძე

"ჩემი აზრით, ვერ მოახერხებენ. ოპოზიციური პარტიები იმდენად დაქსაქსულები არიან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ერთსულოვანი შერჩევა გაუჭირდებათ", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე