ქართული პრესის მიმოხილვა 10.03.2018

ქართული პრესის მიმოხილვა 10.03.2018

ლევან ბერძენიშვილი - "კვირიკაშვილმა ამ მხდალი განცხადებით დაამტკიცა, რომ პრემიერი არ უნდა იყოს"რატომ არ მოიხსენიებს რუსეთის ეკლესია საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულითროგორ აფასებთ საქართველოს პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი? * * *

ლევან ბერძენიშვილი - "კვირიკაშვილმა ამ მხდალი განცხადებით დაამტკიცა, რომ პრემიერი არ უნდა იყოს"

პრემიერის ამ განცხადებას საერთოდ აზრი არ აქვს, რადგან არ იცის, რას ამბობს. მავნე განცხადებაა. ეტყობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ტატუნაშვილის ცხედრის გადმოუცემლობის გამო. მაგრამ იმის გამო, რომ პრემიერი უხერხულ მდგომარეობაშია, იმის გამო, რომ მას აქვს თუ არ აქვს პასუხი, საქართველოს სახელმწიფო ვერაფერს დათმობს. საქართველოს რუსეთთან დასათმობი არაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და ოკუპანტთან რა მოლაპარაკებაზე შეიძლება იყოს საუბარი?!" - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლევან ბერძენიშვილი - "კვირიკაშვილმა ამ მხდალი განცხადებით დაამტკიცა, რომ პრემიერი არ უნდა იყოს".

"ამ ტიპის განცხადება, სადაც დამფრთხალი, შეშინებული პრემიერი ჩანს, ქვეყნისთვის საზიანოა. ამ განცხადებით პრემიერმა აღიარა უსუსურობა, რომ ის ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ამიტომ, პრემიერს ასეთი განხცადება არ უნდა გაეკეთებინა. მე მგონი, კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ ის არ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერი... საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წერილის მისწერა, რაც თავისთავად შეცდომა იყო, რადგან რუსეთის პატრიარქმა გვითხრა, რუსეთის მთავრობას დაელაპარაკეთ, მე ნუ გამრევთო. დაგვცინა. სამწუხაროდ, ყველგან არაკომპეტენტურობა და უსუსურობა ჩანს. სახელმწიფო არსად არ ჩანს. ყველგან მხოლოდ თავის გადარჩენისა და თავის გამოჩენის სურვილი ჩანს... ყველამ იცის ვინ არის რუსეთი. რა უნდა დავუთმოთ რუსეთს - ვაღიაროთ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა? თუ რა ხდება, გვითხრას პრემიერმა, რაზეა საუბარი?! როგორ ბედავს რუსეთთან რამე დათმობაზე ლაპარაკს?!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

"ჩვენ გვყავს საერთაშირისო მეგობრები, რომლებიც გვეუბნებიან, გვირჩევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შევუერთდეთ. რატომ არ ვუერთდებით?! იმიტომ რომ გვეშინია და მაშინ რა მოლაპარაკებებზეა საუბარო. სანქციებს უნდა შევუერთდეთ! აი, რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრემიერმა ამ განცხადების ნაცვლად, მაგრამ ჩვენ არ ვუერთდებით. ხელისუფლების სიმხდალე რეზოლუციის ტექსტშიც ჩანს, ვერ ბედავენ მკვეთრი რეზოლუციის მიღებას და სანქციებთან შეერთებას როგორ გაბედავენ. არადა, რუსეთთან დათმობებით შორს ვერ წავალთ. რუსეთი ოკუპანტია და რა უნდა დავუთმოთ. დიახ, უნდა შევუერთდეთ სანქციებს, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს! საერთოდ, პრემიერის პირადი გადასაწყვეტი არ არის, რა გზით ივლის საქართველო! გვითხრას, რა დათმობაზეა საუბარი და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ, დავტოვოთ თუ არა ისინი ხელისუფლებაში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ქვეყანას ვერ მართავენ, მაგრამ ხალხი ირჩევს, თანაც უმრავლესობით. თუ ეს ხელისუფლება არის "რუსეთთან დათმობების ხელისუფლება", მაშინ ეს განუცხადონ ქართველს ხალხს, დანიშნონ ხელახალი არჩევნები. ეჭვი რომ არ იყოს, რომ ეს რუსეთუმეების ხელისუფლებაა, მტკიცედ გვითხრან რას აპირებენ. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა. კიდევ ერთი საკითხი - ხელისუფლებამ თავის მოწალაქეებს უნდა მიხედოს და ჩვენი მოქალაქეები არ უნდა აღმოჩნდნენ იქ, სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეები არ უნდა შევიდნენ და უნდა გავაკონტროლოთ, რომ არ შევიდნენ და თავი არ დაიხოცონ. საერთოდ ტატუნაშვილი არ უნდა აღმოჩენილიყო ცხინვალის ტერიტორიაზე", - მიიჩნევს ბერძენიშვილი და შეკითხვაზე - "ცოტა ხნის წინა ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. ავტორიტეტული ადამიანების ხელმოწერებიც აღმოჩნდა ამ წერილზე. ფიქრობთ, ვირაცები მართლაც შეშინდნენ, რომ საქართველოს შეიძლება მე-5 პუნქტის შეჩერებით მართლაც გახდეს ნატოს წევრი?" - პასუხობს:

"ვიღაცები კი არ შეშინდნენ, ვიღაცებმა რუსეთიდან ბრძანება მიიღეს! არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურა მუშაობს. გრუ-ს და სუკ-ის აგენტურა, რომელთაც გაბედეს და საქართველოს ეროვნულ არჩევნაზე ასეთი ხასიათის შეტევა განახორციელეს. ტატუნაშვილის საქმე და ეს საქმე ერთი საქმეა, ერთიანია. პარლამენტის პოზიციები, პრემიერის ეს ძალიან მხდალი განცხადება, ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს: საქართველოს ევროპული კურსის შეცვლას აპირებს, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, ამას ვერ გააკეთებენ! ეს არ არის მხოლოდ მათი საქმე და ეს არ არის მხოლოდ მათი გადასაწყვეტი. მაგრამ ასეთი კანკალი მიუღებელია. ამ ხელმოწრებეზე რატომ არაფერს ამბობს პრემიერი, რა, არ ეხება?!რა თქმა უნდა, პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა - ქვეყნის ინტერესებზა საუბარი და ვინ მისცა მათ უფლება , რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ. ეს არის ყვქენის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. ეს არის სამშობლოს ღალატი. იმის ნაცვლად, რომ ეს აღკვეთოს პრემიერმა, გამოდის და ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს სრულიად მიუღებელია!"

რატომ არ მოიხსენიებს რუსეთის ეკლესია საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით

"ილია II-ის სრული ტიტული 2010 წლის დეკემბრიდან არის - უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; თუმცა რუსეთის პატრიარქისა თუ მოსკოვის საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ არც ერთ წერილსა თუ ოფიციალურ განცხადებაში, სადაც საქართველოს პატრიარქია მოხსენიებული, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული არასოდეს ფიგურირებს. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეც საქართველოს პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულის გარეშე მოიხსენიებენ. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ მიმოწერაში სრული ტიტულით მოხსენიება არ ხდება და არასწორია ამაზე აქცენტის დასმა. თეოლოგების თქმით კი, ეს დარღვევაა და მკაფიოდ დეკლარირება იმის, რომ რუსეთის ეკლესია არ აღიარებს ილია II-ის უფლებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაზეც, წესით, საქართველოს ეკლესიას რეაგირება უნდა ჰქონდეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რატომ არ მოიხსენიებს რუსეთის ეკლესია საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულით.

"საგულისხმოა, რომ რუსეთის პატრიარქის მხრიდან წერილი რამდენიმე დღის წინ მიიღო საქართველოს საპატრიარქომ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თაობაზე. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ილია II-სთვის მიწერილ წერილში ორი რამაა საგულისხმო, ერთი, რომ იგი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს "ადგილობრივ ხელისუფლებად" მოიხსენიებს და მეორე, ილია II-ს არ მოიხსენიებს სრული სტატუსით. ნახსენებია მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსობა, მაგრამ ბიჭვინთა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა - არა, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ყველა წერილსა თუ მისალოცში რუსეთის პატრიარქი ილია II-ს სრული ტიტულით არსად მოიხსენიებს. დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, მიმოწერაში სრული ტიტულით მოხსენიება არ ხდება, ეს ლიტურგიკული წესის დროსაა აუცილებელი. "როდესაც წირვაზე დგას მღვდელმთავარი, მაშინ უნდა მოხდეს სრული ტიტულით მოხსენიება, რა კათედრები და საყდრები ემორჩილება მას. ჩვენმა პატრიარქმა რომ მისწერა რუსეთის პატრიარქს წერილი, თქვენ გგონიათ, სრული ტიტულითაა მოხსენიებული? იქ აკლია, რომ არის სერგიევო-პოსადის არქიმანდრიტი. როგორ, ჩამოვართვით მას ეს უფლება? რა თქმა უნდა, არა. იცით, რამდენი რამ არის გამოტოვებული?" - ამბობს კახაბერ გოგოტიშვილი, რომლის თქმით, "ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - აქ მთავარია რუსეთის ეკლესიის მიერ ოფიციალური აღიარება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია და ამის აღიარება წერილობითაც და სიტყვიერადაც არაერთგზის გვაქვს. ტიტულს რაც შეეხება, აქ არანაირი დანაშაული არ არის", - მიიჩნევს დეკანოზი. არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ამბობს, რომ "წვრილმანებში ზუსტად ვერ ერკვევა", მაგრამ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულის არაღიარება არასწორია. როგორც ახსოვს, ამის გამო რამდენჯერმე იყო კიდეც მითითება საქართველოს საპატრიარქოდან, მაგრამ ისინი "არც ჰოს იძახიან და არც - არას". პასუხია, რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად. თეოლოგ ლადო ნარსიას განცხადებით, 2011 წლიდან ყველა ეკლესია ილია II-ს სრული ტიტულით იხსენიებს, გამონაკლისი არის რუსეთი, რომელიც ამას მიზანმიმართულად აკეთებს და ეს ერთმნიშვნელოვნად დარღვევაა, რაზეც, წესით, საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება უნდა ჰქონდეს", - განაგრძობს გამოცემა.

"საპატრიარქოს განმარტება, რომ წერილებში აუცილებელი არ არის სრული ტიტულით მოხსენიება, აბსოლუტური ტყუილია. საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ასეთი ფორმით თავის მართლება მიუღებელია, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანები ვერ ერკვევიან წესში. ეს წერილები ოფიციალური მიმოწერაა და ასეთ ოფიციალურ მიმოწერაში უნდა ჩანდეს ერთი ეკლესიის დამოკიდებულება მეორე ეკლესიის მიმართ. აქ მნიშვნელოვნად არის ხაზგასმული, რომ რუსეთის საპატრიარქო არ აღიარებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხეთის კათოლიკოსის გავლენას. ეს პრობლემური საკითხია, რაც ხელს აძლევს რუსეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას, ჩაეჭიდონ ამ სადავო საკითხს და ამით სპეკულირება მოახდინონ. ეს არ არის უბრალოდ "გამორჩენა", ეს მკაფიოდ დეკლარირებაა იმისა, რომ რუსეთის ეკლესია არ აღიარებს ილია II-ის უფლებას აფხაზეთის ტერიტორიაზე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ნარსია.

"აქ საქმე შორეულ ისტორიულ პრობლემას ეხება. მაგალითად, რუსეთის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო დამოუკიდებელი საკათალიკოსო იყო, რომელზეც არ ვრცელდებოდა მცხეთის კათოლიკოსის უფლებები. ამ ისტორიულ პრობლებას კი დღეს რუსეთის საპატრიარქო აყენებს იმის საჩვენებლადაც, რომ მოქმედ კატოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეუზღუდოს ამბიცია, რომ ის უფლებამოსილებას ავრცელებს აფხაზეთის კათედრაზე. ტიტულში აფხაზეთის არმოხსენიება არ არის შემთხვევითი ფაქტი და ამაზე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ღიად საუბარი არ სურთ. მაგრამ ამ დაფარვაში იკითხება ის, რომ რუსეთის ეკლესიას არ სურს, აღიაროს ილია მეორე ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტად. რუსეთის საპატრიარქო ძალიან კარგად იცნობს ამ ბიუროკრატიას, წესებს და ამიტომ ეს შემთხვევით გამორჩენა არ არის. ეს მიზანმიმართულად ხდება, დაფარული ნაღმია და ოფიციალურ დისკუსში შემდეგ გამოიყენებენ კიდეც", - დაასკვნის ლადო ნარსია.

"თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, პასუხი მარტივია - რუსეთის ეკლესია მხოლოდ ფორმალურად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არსობრივად კი სწორედ რუსეთის ეკლესია აკონტროლებს და წარმართავს რელიგიურ ცხოვრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ისე, როგორც რუსეთის სახელმწიფო წარმართავს პოლიტიკურ ცხოვრებას ამ ტერიტორიებზე", - დასძენს გამოცემა.

"რუსეთის ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ამ ტერიტორიებზე, მაგრამ საქართველოს ეკლესიის მესვეურები ვერ დაუპირისპირდებიან იმას, ვისაც რეალურ უფროსად მიიჩნევენ და ამიტომ ამას არ აპროტესტებენ. მგონია, რომ არასრული ტიტულით მოხსენიებაზე უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასაც ფორმალურად აღიარებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკლესია მისი საეგზარქოსოა, როგორც იყო რუსეთის ოკუპაციის პირობებში მთელი 110 წლის განმავლობაში. რეალურად, რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას იყენებს როგორც ინსტრუმენტს, მაგალითად, საერთაშორისი ასპარეზზე. საქართველოს ეკლესია ან ყოველთვის ემხრობა რუსეთის ეკლესიის პოზიციას, ან პირველი თვითონ ახმოვანებს რუსეთის პოზიციას. მეორე, ამაზე უფრო პრობლემურია ის, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესია იყო ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი იარაღი საქართველოში. ახლა, ბოლო პერიოდში იცვლება რაღაც და ამის გამოა განხეთქილება", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ბექა მინდიაშვილი.

როგორ აფასებთ საქართველოს პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი?

"პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის. რუსეთის ხელისუფლების მისამართით პრემიერის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ "შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც".... "სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის. მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად", - აღნიშნულია განცხადებაში", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - როგორ აფასებთ საქართველოს პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი?

"ეს აბსოლუტურად ამაო მცდელობაა, რადგან რუსეთი არასდროს არ დაუშვებს უშუალო დიალოგს ჩვენსა და აფხაზეთს შორის. ამიტომ მგონი, ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, პიარის თვალსაზრისით და არ მგონია, რაიმე შედეგის მომტანი იყოს. თუ არა და დაველოდოთ, რუსეთისგან რა პასუხი იქნება. რუსეთი ძალიან ოსტატურად შედგენილ ტყუილს მოგვწერს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.

"რუსეთი ჩვენი მოკავშირე არასდროს ყოფილა და მასთან რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლა, მიმაჩნია, უშედეგოა და ძალიან დიდი შეცდომაა", - ამბობს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"მდგომარეობა, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. პრემიერის განცხადება, რასაკვირველია, კეთილი ნების გამოხატულებაა, თუმცა არ მგონია, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი ნაბიჯები გადადგას", - თვლის ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"თუ ეს ისეთივე მცდელობაა, როგორიც გამსახურდიას, შევარდნაძესა და სააკაშვილს ჰქონდათ, არ მგონია, შედეგიანი იყოს. თითოეულმა მათგანმა მოღვაწეობა დაიწყო რუსეთთან დიალოგით და საუბრით. შესაბამისად, არ ვიცი, რას გულისხმობს პრემიერი. ქართველები რუსეთთან დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ოღონდ საქართველოს აქვს ერთი უმთავრესი კურსი, ჩვენ გვყავს პარტნიორი - აშშ, რომელსაც არ ავუჩეხივართ და ჩვენთვის ტერიტორიები არ წაურთმევია. ამიტომ საქართველოს კურსი არის დასავლეთი. ამ კურსის დათმობის ხარჯზე არანაირი ურთიერთობა არ მჭირდება რუსეთთან. ისე, მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის საქართველო სულ იბრძოდა", - დასძენს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.