ქართული პრესის მიმოხილვა 15.03.2018

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ბრიტანეთიდან რუს დიპლომატთა 40%-ს აძევებენ"ოცნებამ" გადაწყვიტა, ვის შეიყვანს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიუნდა შეიქმნას თუ არა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია? * * *

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ბრიტანეთიდან რუს დიპლომატთა 40%-ს აძევებენ

"ბრიტანეთიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებენ; ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები არ დაესწრებიან წელს რუსეთში გასამართ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს; ბრიტანულ ბანკებში გაიყინება რუსეთთან რამე კავშირის მქონე საბანკო ანგარიშები; ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება ეძლევა, ბრიტანეთის ტერიტორიაზე გაყინოს რუსეთის სახელმწიფო აქტივები იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ მათმა გამოყენებამ შესაძლოა, "საფრთხე შეუქმნას ბრიტანეთის მოქალაქეთა სიცოცხლეს ან მათ საკუთრებას". მნიშვნელოვნად გართულდება რუსეთის მოქალაქეებისათვის ბრიტანეთის ვიზების მიღებისა და ასევე საზღვარზე მათი შემოწმების პროცედურა. გულდასმით შემოწმდება და გაიჩხრიკება რუსული კერძო თვითმფრინავები. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლებსაც ბრიტანეთი ქალაქ სოლსბერიში რუსული დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საპასუხოდ განახორციელებს. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს იყო ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მიზანმიმართული ქიმიური შეტევა, რომლის შედეგადაც სერიოზულად დაშავდა ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, ბრიტანეთიდან რუს დიპლომატთა 40%-ს აძევებენ.

"გარდა ამისა, ტერეზა მეის განცხადებით, დაგეგმილია კიდევ სხვა საპასუხო ღონისძიებებიც, რომელთა საჯაროდ გაჟღერება, მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დაუშვებელია. "ჩვენ განვახორციელებთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების კომპეტენციაშია. ისინი მიმართულია მტრული სახელმწიფოს მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად. დღეს მე მხოლოდ რამდენიმე ასეთ ნაბიჯზე ვისაუბრე. პარლამენტარებს კარგად ესმით, რომ არსებობს რაღაც, რაზეც, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, საჯაროდ საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრიტანელების მფარველობაში მყოფი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და აგენტების მკვლელობა ხდება და სანქციების დაწესება ახლა ლონდონის პრესტიჟისა და საერთაშორისო რეპუტაციის საკითხია. მისი თქმით, რუსეთში უკვე მოლოდინია და შეგუებულიც არიან, რომ რუს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს ბრიტანეთში ჩასვლა და ცხოვრება აეკრძალებათ, რაც რუსულ ელიტაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა, მისი განცხადებით, მთელ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ის, ლონდონის ამ გადაწყვეტილებას შეურთდებიან თუ არა ევროპის ქვეყნები და აშშ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბრიტანეთის ეკონომიკაში დიდი წვლილი მიუძღვით რუს ბიზნესმენებს, იმავე "ჩელსის" მფლობელ აბრამოვიჩისგან დაწყებული და ამდენად, დიდი ფინანსური ურთიერთობებია მოსკოვსა და ლონდონს შორის. თუ ბრიტანეთმა რადიკალური ზომები მიიღო, ეს შეეხებათ რიგით რუსებსაც და იმ ოლიგარქებსაც, რომელთაც საკმაოდ დიდი თანხები აქვთ დაბანდებული ბრიტანეთში. ასევე სანქციები შეეხება რუსულ პოლიტიკურ ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. თუმცა, ეს ყველაფერი ასევე დამოკიდებულია მნიშვნელოვან ფაქტორზე - ამ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან თუ არა და რა სახით ევროკავშირის ქვეყნები და აშშ და თუკი შეუერთდებიან, ეფექტი ბევრად უფრო დიდი იქნება", - დასძენს კაკაჩია. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქიმიური იარაღით - "ნოვიჩოკით". ლონდონში დარწმუნებული არიან, რომ ამ მკვლელობის ორგანიზება კრემლში მოხდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ამ ინციდენტს "ბრიტანეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტი" უწოდა და რუსეთს სამშაბათამდე, 14 მარტამდე მისცა ვადა, რომ სკრიპალის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია გამოეთქვა", - განაგრძობს გამოცემა.

"მოსკოვის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი არ პასუხობს ლონდონის ულტიმატუმს, სანამ არ მიიღებს შხამის ქიმიურ ნიმუშს. სამშაბათს, ვადის ამოწურვის შემდეგ, ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ "უფრო მასშტაბური" ზომები იქნება მიღებული. რუს პოლიტოლოგებში უკვე არის მოლოდინი, რომ ამ სკანდალის გამო შესაძლოა, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დიპლომატური ურთიერთობა შეწყვიტოს და რუსული მედია უკვე აქტიურად წერს, თუ რა ელის რიგით რუსს დიდი ბრიტანეთიდან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში. რუსი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას შესაძლოა, მოჰყვეს სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებიც. ასე მოხდა დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის 1927 წელსაც, როდესაც 2 წლით დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა და ასევე შეწყდა ყველა სავაჭრო შეთანხმება. რუსული მედია წერს, რომ შესაძლო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა აუცილებლად დააზარალებს ორივე ქვეყანას. მათ შორის დიდწილად ეკონომიკას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან ყირიმის საკითხზე დაწესებული სანქციებზე დიდი ბრიტანეთის შეერთების გამო სავაჭრო ბრუნვა დიდი არ არის, ის წელიწადში 10 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტია. "გაზეტა.რუ"-სთან საუბარში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ალექსანდრე დომრინი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ტურისტულ ნაკადსაც. ასევე აქტიურად იზრდება იმ რუსების რიცხვი, რომლებიც განათლების მისაღებად ბრიტანეთში მიდიან და თუ ურთიერთობები გაწყდება, სტუდენტური და ტურისტული ვიზების მიღება ერთმანეთში სერიოზულად გართულდება, ასევე გართულდება მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა, ბრიტანეთში მიწვევები მინიმუმამდე დაეცემა, ისევე როგორც ბიზნეს კონტაქტები", - დასძენს გამოცემა.

"ექსპერტის თქმით, ბრიტანეთის კანონმდებლობის თავისებურება ისაა, რომ შეუძლია ყველა ასეთ ადამიანს ზუსტად ერთ დღეში ჩამოართვას გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების ნებართვა ან გაუუქმოს ვიზა. "რასაკვირველია, ისინი ყველას ერთიანად არ გამოაძევებენ, მაგალითად, გავლენიან ბიზნესმენებს, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე საქმიანობენ, რადგან მათი რუსეთში გამოშვება წამგებიანია ბრიტანეთისთვის. მათ ნათლად გააგებინებენ, რომ თუ მათგან ვინმე ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან არ ითანამშრომლებს, მაშინ მომენტალურად მოსკოვში აღმოჩნდება", - ამბობს დომრინი, თუმცა, ექსპერტის პროგნოზით, ბრიტანეთი ასეთ რადიკალურ სანქციებზე ალბათ არ წავა. მისი ვარაუდია, რომ ბრიტანეთის მთავრობა შეაგროვებს რუსი პოლიტიკოსებისა და მეწარმეების პერსონალურ სიას, დაახლოებით "მაგნიტსკის სიის" მსგავსად და სანქციები მათზე და მათი ოჯახის წევრებზე დაწესდება. ცნობისათვის, ბრიტანეთში ამჟამად სულ 58 რუსი დიპლომატი მოღვაწეობს და აქედან 23-ს ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთში რუს დიპლომატთა კონტინგენტი 40%-ით შემცირდება. ბოლოს ასეთი მასშტაბური რამ ბრიტანეთში 1971 წელს მოხდა, როდესაც ბრიტანეთიდან 105 საბჭოთა დიპლომატი გააძევეს", - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნებამ" გადაწყვიტა, ვის შეიყვანს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში

"ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტი რეზოლუციას უახლოეს მომავალში მიიღებს. თუმცა, კონკრეტულად როდის, ჯერჯერობით უცნობია. რეზოლუციის 2 პუნქტთან დაკავშირებით "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ეთანხმება, ნაწილი კი ამის წინააღმდეგია. თუმცა ყველა თანხმდება, რომ რეზოლუცია იქნება მკაცრი და ასახავს იმ რეალობას, რაც ოკუპირებულ რეგიონში ხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნებამ" გადაწყვიტა, ვის შეიყვანს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში / პარლამენტის რეზოლუცია 95%-ით მზადაა და მას მომავალ კვირაში მიიღებენ.

"ამ საკითხზე უმრავლესობის წევრებმა გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმსჯელეს. უმრავლების წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტის 95% ფაქტობრივად შეთანხმებულია - "მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთ რეზოლუციას. ეს სჭირდება ქვეყანას და არა ერთ რომელიმე ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის გასხვავება, არ მგონია წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ტექსტის უდიდეს ნაწილზე - ფატობრივად 95%-ზე შეთანხმებული ვართ და სულისკვეთება ის არის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, - განმარტავს სესიაშვილი. კითხვაზე, პირადად ის ემხრობა თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, სესიაშვილი პასუხობს, რომ მას აქვს არგუმენტები, რომელზეც შეიძლება მსჯელობა სესიის ფორმატში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ისკო დასენის დასენით თქმით, ტექსტში არის საკითხები, სადაც პოზიციები დაახლოებულია, მაგრამ არ არის შეჯერებული", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბოლო ორ პუნქტზეა საუბარი. ის საკითხებია, რომლებსაც ოპოზიცია გვთავაზობს, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის ე.წ. სიასთან დაკავშირებით. სანქციების საკითხსაც ვიხილავთ, წერტილი ჯერ დასმული არ არის, თუმცა მთავარი საკითხი ე.წ. სიაა. დარწმუნებული ვარ შეთანხმება მოხდება. ჯანსაღი საუბარი მიმდინარეობს პოზიციების შეჯერებასთან დაკავშირებით. კატეგორიული წინააღმდეგი არავინ არ არის", - განაცხადა დასენმა. . პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, უმრავლესობა რეზოლუციის პათოსს იზიარებს, დანარჩები დეტალების გახმაურებისგან კი თავს იკავებს", - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც იცით, ვმუშაობთ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც იქნება ძალიან მკაცრი. პარლამენტის წევრებს შორის ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დისკუსია. ამიტომ სანამ საბოლოო კონტურები არ გამოიკვეთება, თავს შევიკავებ საკითხის კომენტირებისგან. პარლამენტის უმრავლესი ნაწილი შემუშავებულ ტექსტსა და საერთო პათოსს იზიარებს. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, სანამ მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულდება, პოზიციების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ", - აცხადებს ზურაბიანი. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გუგული მაღრაძე კი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობას უარყოფს", - დასძენს გამოცემა.

"ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობა არ არის. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია საკმაოდ მწვავე და რეალისტური უნდა იყოს. არ უნდა ჩავწეროთ ისეთი რამ, რაც საერთაშორისო ან სისხლის სამართლის საკითხებთან არ არის შესაბამისობაში. ამასთან, თუ ოპოზიცია შეჯერდება, კარგი იქნება, თუ არადა ყველა შემთხვევაში მას მაინც მივიღებთ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით გამოითქვა აზრები - ჯობია თუ არა ამის შექმნა. შევთანხმდით, რომ აქ უნდა იყოს ის სახელები და გვარები, ვისი დანაშაულიც სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დადგინდება. ღაც თავიდან იყო წამოყენებული, რომ სავარაუდო დამნაშავეების სია უნდა იყოს, ეს ასე არ შეიძლება. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ ამას დიდან არ გამოვყოფთ, რადგან ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია საერთაშორისო სანქციები, ასეთი მიმართვები კი გვქონდა. ზოგადად, ტატუნაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებითაც მივმართეთ დასავლელ პარტნიორებს და ყველა საქმის კურსშია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუგული მაღრაძე.

უნდა შეიქმნას თუ არა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია?

"საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით გუშინ აღარ გაიმართა. ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტი რეზოლუციას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას მიიღებს. რეზოლუციის 2 პუნქტთან დაკავშირებით "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი რუსეთისთვის სანქცების დაწესებას და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ეთანხმება, ნაწილი კი ამის წინააღმდეგია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ყველა თანხმდება, რომ რეზოლუცია, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ პრინციპული და სამართლებრივად გამართული იქნება. უმრავლესობის წევრებმა ამ საკითხზე ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას იმსჯელეს. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, რეზოლუციის ტექსტის 95%, ფაქტობრივად, შეთანხმებულია", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - უნდა შეიქმნას თუ არა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია?

"ალბათ უნდა შეიქმნას. კარგი იქნება, რომ მთავრობამ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი კრიტიკული პოზიცია დააფიქსიროს. თუმცა, მარტო მთავრობის პოზიცია ამ საქმეს ვერ უშველის, საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა ჩაერთოს და გაიზარდოს ძალისხმევა. აქტიური მოქმედებაა საჭირო დიპლომატიური წარმომადგენლობის, გაერო-ს წარმომადგენლობის, ეუთო-ს წარმომადგენლობის. მხოლოდ წუთიერი განცხადებებით ვერ მივაღწევთ შედეგს. მე არ ვიცნობ რეზოლუციის ტექსტს. როდესაც ტექსტი დაიდება, უფრო კონკრეტული პასუხი მექნება, მაგრამ, ზოგადად, საქართველოს მყარი პოზიცია, შეუგუებლობა და შეუთავსებლობა ტატუნაშვილის ტრაგედიასთან დაკავშირებით უდავოდ უნდა დაფიქსირდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას იურისტი ქეთი ბექაური.

"სიის შედგენას, ვფიქრობ, პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პოლიტიკაში უმწეოა. ჩიხში ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი პროგრესული კაცობრიობა. დღეს მსფოლიოში არ მოიძებნება არც ერთი გონიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ისტორიულ ორომტრიალს დაალაგებს, თუნდაც ამერიკის ან თუნდაც ევროკავშირის სათავეში მყოფი. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მსოფლიო პოლიტიკაში იმდენად სუსტი მოთამაშეები ვართ, რომ ოთხოზორიას მკვლელიც თავისუფლად დასეირნობს საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ აფხაზეთში და ტატუნაშვილის დედაც ზის და შვილის ცხედარი ვერ მიუღია უკვე ერთი თვეა. ჩვენს ხმას მსოფლიო არ ისმენს. რომ ისმენდეს, უფრო სხვაგვარად იქნებოდა საქმე", - ამბობს მწერალი რეზო მიშველაძე.

"ვფიქრობ, უნდა შეიქმნას, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, როგორც ერმა, როგორც ხელისუფლებამ, ჩვენი მყარი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ", - მიიჩნევს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

"უნდა შეიქმნას და სანქციებზეც უნდა შეთანხმდეს, მაგრამ ამ მთავრობის ხელში, რომელიც პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს, არაფერი გამოვა", - დასძენს მხატვარი გია ბუღაძე.