კახა გოგოლაშვილი - რუსეთის გზავნილი ასეთია - მეც ვარ მზად საქართველოსთან თანამშრომლობისათვის, მაგრამ მხოლოდ ჩემი პირობებით

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, პრემიერ კვირიკაშვილის წერილმა რუსეთის ხელისუფლებისადმი და შემდეგ მასზე რუსულმა პასუხმა ქართულ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. იგივე მოჰყვა პრემიერ კვირიკაშვილის პასუხს რუსულ პასუხზე. კერძოდ, პრემიერის მოსაზრებამ, რომ „რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის“. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ, რუსულ პასუხს და რაც მთავარია, მასზე საქართველოს პრემიერს შეფასებას?
- ორივე საკითხი საინტერესოა. პირველ რიგში მოსკოვის პასუხის შეფასებით დავიწყებ. ალბათ, რუსეთის მხრიდან სხვაგვარი პასუხი მოსალოდნელი არც იყო. ჩემი აზრით, პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვის მიზანი იყო შექმნილ ვითარებაში, ვგულისხმობ იმას, რომ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოცემული არ არის, ქართულ მხარეს რუსეთი დაეყოლიებინა ჩვენთან ეთანამშრომლა, ვინაიდან როგორც ჩანს, ოსურ მხარესთან არაფერი გამოუვიდა.
ვითარებაში, როცა პუტინი აგრესიულ ტალღაზე ატარებს თავის საპრეზიდენტო კამპანიას და მთელ მსოფლიოს ემუქრება, ჩვენი მხრიდან რუსეთის მისამართით კრიტიკული მიმართვის გაგზავნა, მათ მიერ ჩვენი მისამართით ჩადენილი დანაშაულობების გახსენება, შემდეგ იმედის ქონა, რომ ისინი რაღაცას მოიმოქმედებენ ვითარების გასამუხტად, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსაცემად, ალბათ, არასწორი და ილუზია იქნებოდა
ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი აგრესიულ ტალღაზე ატარებს თავის საპრეზიდენტო კამპანიას. ვგულისხმობ იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იგი რუსეთის სამხედრო ძლიერების დემონსტრირებითაა დაკავებული. ასეთ სიტუაციაში ჩვენი მხრიდან რუსეთის მისამართით კრიტიკული მიმართვის გაგზავნა, მათ მიერ ჩვენი მისამართით ჩადენილი დანაშაულობების გახსენება, ასევე დადანაშაულება იმაში, რომ არ თანამშრომლობენ ჩვენთან იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შემდეგ იმის იმედის ქონა, რომ ისინი რაღაცას მოიმოქმედებენ ვითარების გასამუხტად, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსაცემად, ალბათ, არასწორი და ილუზია იქნებოდა.
ამიტომ რუსეთისადმი მიმართვა იყო რბილი, ჩემი აზრით, ზედმეტადაც რბილი. ალბათ, შეიძლებოდა რაღაც საკითხებზე უფრო მკაფიოდ ხაზგასმა. მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ ალბათ, აჯობებდა ყოფილიყო დაზუსტებული, თუ რა ფორმატში წარმოგვედგინა იგი ჩვენ.
რუსულ პასუხში იგრძნობოდა კმაყოფილება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის დაძაბულ ვითარებაში, მხედველობაში მაქვს რუსეთში წინასაარჩევნო პერიოდი, ჩვენ მას ზედმეტად არ დავუმატეთ პრობლემები. ეს აშკარად იგრძნობოდა რუსულ პასუხში. შესაძლოა, რუსეთმა მიიღო ზომები და სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა, რუსულმა მხარემ პრემიერის მიმართვა ბევრწილად თავის სასარგებლოდ შეატრიალა. ვგულისხმობ, მიმართავში გამოთქმულ ჩვენს მზაობას გვქონდეს პირდაპირი დიალოგი აფხაზებსა და ოსებთან. ფაქტია, რომ ამ საკითხში მათ ყველაფერი თავისი ვერსიის სასარგებლოდ შეატრიალეს.
პრემიერის მიმართვის შემდეგ „რუსეთთან სასაუბრო სივრცე“ კი არ გაიხსნა, უბრალოდ ის მცირე სივრცე, რომელიც არსებობდა, არ ჩაიკეტა. მაგრამ, ამ მიმართვის შემდეგ რომ რუსეთთან ურთიერთობებისთვის ახალი სივრცე გაიხსნებოდა, პირადად მე, ამგვარი მოლოდინი არ მქონია
რაც შეეხება „სივრცეს სასაუბროდ,“ ჩემი აზრით, პრემიერის მიმართვის შემდეგ „რუსეთთან სასაუბრო სივრცე“ კი არ გაიხსნა, უბრალოდ ის მცირე სივრცე, რომელიც არსებობდა, არ ჩაიკეტა. მაგრამ, მოლოდინი, რომ რუსეთთან მიმართებაში ამ მიმართვის შემდეგ ახალი სივრცე გაიხსნებოდა, პირადად მე, არ მქონია.
კვირიკაშვილის განცხადება, რომ მოსკოვმა „სასაუბრო სივრცე“ დატოვა, მისი მხრიდან იყო უფრო დიპლომატიური ჟესტი, რომ მას გაეგრძელებინა თავისივე დიპლომატია რუსეთთან.
- რუსულ პასუხში ორი დეტალია, რომელზეც ყურადღების არგამახვილება პრაქტიკულად შეუძლებელია. კერძოდ, პასუხში ნათქვამია, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც საქართველოს აწუხებს, რუსულ-ქართული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიღმაა. თითქოს ახალი არც არაფერია აქ, გარდა იმისა, რომ ამას 10 წელია რუსეთი გვეუბნება. სულ ახლახან იგივე განაცხადა კარასინმა, როცა ბრძანა: ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მაგრამ არა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ხარჯზე...
ასეთ ვითარებაში მართლაც ძნელია საუბრისთვის ვინმეს სივრცე დაენახა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსულ პასუხში გამოთქმული შემდეგი მოსაზრება - “რუსეთი დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების იმდენად გაჯანსაღებაში წავიდეს შორს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი“?
- თავისთავად ეს ფრაზა, უკვე იწვევს „დე ჟავუს“. აქ აშკარად ჩანს, რომ რუსეთს აქვს თავისი კონკრეტული ხედვა, პოზიცია და აქვს თავისი შეზღუდვები. იგი საქართველოს პრაქტიკულად სთავზობს - შედი იმ ოთახში, რომელშიც მე გეტყვი და იქ რაც გინდა გააკეთე. რამდენადაც საქართველო გამოთქვას მზადყოფნას ამ მიმართულებით იმოძრაოს და ითანამშრომლოს იმ პოზიციების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთს აქვს, თავად რუსეთიც იმდენად ითანამშრომლებს საქართველოსთან.
სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ თბილისი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებს
აშკარად ჩანს, რომ რუსეთის გზავნილი ასეთია - მეც ვარ მზად საქართველოსთან თანამშრომლობისათვის, მაგრამ მხოლოდ ჩემი პირობებით. ეს პირობები საქართველომ ძალიან კარგად იცის. ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთი სხვა საკითხებზე საქართველოსთან საუბარს არ აპირებს.
- გამოითქმის მოსაზრებები, რომ პრემიერს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში არ უნდა ესაუბრა სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგზე, რომ მის ამ განცხადებას ოპონენტები ქართულ მხარეს არა ერთხელ შეგვახსენებენ მომავალში. პარალელურად სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ აფხაზური მხარე საქართველოსთან პირდაპირ დიალოგს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ორმხრივ მოლაპარაკებებზე დაიწყება მსჯელობა თბილისსა და სოხუმს შორის შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც ძალის გამოუყენებლობას ითვალსიწინებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერის წერილმა მოსკოვსა და სოხუმში გააჩინა იმის იმედი, რომ თბილისი მზადაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას არა მოსკოვთან, არამედ სოხუმთან და ცხინვალთან მოაწეროს ხელი.
- ასე ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ, სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შთანხმების ხელმოწერა პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ თბილისი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღირებს.
რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება გაკეთდეს. ამიტომ, ამ თემაზე სოხუმშიც და მოსკოვშიც ატეხილი ხმაური ჩვენს მიმართ მათი პოლიტიკის ნაწილია. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც საქართველოს პრემიერი ამ თემაზე იტყვის, ისინი მათთვის სასარგებლო ფორმით გამოყენებას შეეცდებიან.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები პრემიერის მიმართვას არ და ვერ აღიქვამდა იმად, რომ ჩვენ რუსეთის მიმართ პოზიცია შევიცვალეთ... რუსეთისთვის მიმართვა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზადაა რაღაც ისეთი დათმოს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრინციპულია
რუსეთი დღეს მთელ მსოფლიოს ეჭიდავება იმისათვის, რომ მათაც აღიარონ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. როგორც ჩანს, მათ ამ თვალსაზრისით შემუშავებულიც აქვთ თავისი მიდგომები საკმაოდ სკურპულოზურად. ისინი ამისათვის გამოიყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას. თავის სასარგებლოდ შეატრიალებენ ნებისმიერ ფრაზას, რომელიც იქნება ნათქვამი თბილისში.
- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი პრემიერს საყვედურობს, რადგან მის მიმართავაში ირიბად იყო მინიშნება იმაზე, რომ თბილისს სურს მოსკოვის მონაწილოებით სოხუმთან და ცხინვალთან პრობლემების მოგვარება და მას იმედი აქვს, რომ რუსეთის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ამჯერად „კონსტრუქციული იქნება.“ ანუ, თუ აქამდე თბილისი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან მოითხოვდა არაღიარების პოლიტიკის გატარებას, რუსეთზე როგორც ოკუპანტ ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენას, ახლა ჩვენ თავად ვთხოვთ მას ჩვენსავე კონფლიქტებში შეასრულოს კონსტრუქციული როლი. თქვენი აზრით, ახლა როცა დასავლეთსა და რუსეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია და მათ შორის ურთიერთობები საბოლოოდ გარკვეული არაა, სავარაუდოდ, როგორ აღიქვამდა პრემიერ კვირიკაშვილის მიმართავს ბრიუსელი, ვაშინგტონი, თუნდაც ბერლინი და პარიზი?
- თუ შენ მიმართავ რუსეთს, რომ მოგიგვაროს კონფლიქტი, ან დაგეხმაროს კონფლიქტების მოგვარებაში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთმა მოახდინოს ამ რეგიონების დეოკუპაცია. ჩვენ ჟენევის ფორმატში საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით რუსეთს ისედაც ველაპარაკებით. რუსეთთან დიალოგი აკრძალული არაა, მთავარია, მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენ როგორი პოზიციები გვექნება ანუ, რაზე არ დაიხევ უკან.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები პრემიერის მიმართვას არ და ვერ აღიქვამდა იმად, რომ ჩვენ რუსეთის მიმართ პოზიცია შევიცვალეთ. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთთან რაც შეიძლება მეტი დისკუსია გვქონდეს და მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება სწორედ ამას გულისხმობს. ეს კი ასევე გულისხმობს ნებისმიერი ფორმატების გამოყენებას.
საქართველო რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იმავე ტონითა და ენით ვერ ილაპარაკებს, როგორც თუნდაც აშშ, ან დიდი ბრიტანეთი
გაუგებრობა ნებისმიერმა თემამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ გააჩნია რა მიზნები გაქვს და რა გამოძრავებს. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის მიმართვა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მზადაა რაღაც ისეთი დათმოს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრინციპულია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთისათვის მიმართვა იყო ახალი ენით რუსეთთან გზების ძიება. იგივე კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რომელიც არსებობს, არა ჩვენი მიზეზით, არამედ რუსეთის მოთხოვნის გამო არ ეხება კონფლიქტების მოგვარების საკითხებს.
ალბათ, ჩვენ დაინტერესებულიც ვართ, რომ ეს ფორმატი გაგვეზარდა იმ მიმართულებით, რომ მოსკოვთან გვესაუბრა აფხაზეთისა და „სამხრთ ოსეთის“ საკითხებზე.
- პრეზიდენტ პუტინის უკანასკნელი განცხადებები რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ, ასევე იმაზე, რომ „ადრე არ გვისმენდით და იქნებ ახლა მაინც მოგვისმინოთ“, ასევე იმაზე, რომ რუსეთს მსოფლიო „რუსული სამყაროს გარეშე არ წარმოუდგენია“ და იგი ახლა ყველაფერზეა წამსვლელი, იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი ე.წ. „სასაუბრო სივრცეს“ არც ვაშინგტონს, არც პეკინს, არც ბრიუსელსა და ლონდონს არ უტოვებს. ასეთ ფონზე პრემიერ კვირიკაშვილის მტკიცება მაინც გაუგებარი ხომ არაა?
- არ ვიცი, რამდენადაა გაუგებარია, ვინაიდან პრემიერის რეაქცია არ იყო მიმართული მხოლოდ ჩვენ საზოგადოებაზე. კვირიკაშვილის განცხადებას უსმენენ როგორც მოსკოვში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნების დედაქალაქებში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. მან კი განაცხადა, რომ მისი განცხადებები გარკვეულწილად პოლიტიკურად წამგებიანი იყო. ქვეყნის შიგნით ალბათ, მის პირად რეიტინგს საკმაოდ ბევრი დააკლდა, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს.
რუსეთი ცდილობს მსოფლიოს ძირითადი მოთამაშეების დაშანტაჯებას, მაგრამ შანტაჟსაც აქვს თავისი საზღვარი... ჩემი აზრით, დასავლეთი არ მისცემს რუსეთს დანარჩენი მსოფლიოს დაშანტაჟების საშუალებას
ჩემი აზრით, ხელისუფლების მიზანი იყო რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების ესკალაციის არანაირი მიზეზი არ ჰქონდეს მაშინ, როცა რუსეთი მთელ მსოფლიოს ემუქრება. ჩვენ ხომ ყველაზე ნაკლებად დაცულები ვართ ნებისმიერ იმ ქვეყანასთან შედარებით, ვისაც ახლა რუსეთი ემუქრება. თუნდაც იგივე აშშ, ან დიდი ბრიტანეთი.
კარგია, რომ ეს ქვეყნები ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობებს, რადგან მას მართლაც ზედმეტი მოუვიდა, ვგულისხმობ, იგივე პუტინს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნებს და სხვასაც აქვთ დაცულობის ბევრად მეტი ხარისხი, ვიდრე ჩვენ. ამიტომ, საქართველო რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იმავე ტონითა და ენით ვერ ილაპარაკებს.
- ამ დღეებში 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე რუსულ-აფხაზური შეტევის მოგერიების მორიგი წლისთავი აღინიშნება. საკმაოდ დიდი შტურმის წარმატებით მოგერიების შემდეგ ქართული მხარე შეტევაზე არ გადავიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმხანად სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე მოსკოვმა მკაცრად გააფრთხილა - თუ ქართული შენაერთები მდინარე გუმისთას გადალახავდნენ და შეტევაზე გადავიდოდნენ, რუსეთი თბილისს დაბომბავდა. თუ 1993 წელს მოსკოვი თბილისს აშანტაჟებდა, ახლა ფაქტია, რომ იგი მთელ მსოფლიოს აშანტაჟებს. ღმერთმა არ ქნას მსოფლიოში დიდი დაპირისპირება, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დღევანდელი მსოფლიო 1993 წლის საქართველოსგან განსხვავებით შეძლებს არ მისცეს მოსკოვს მისი დაშანტაჟების საშუალება?
- რუსეთი კი არა, მსოფლიოს ჩრდილოეთ კორეაც აშანტაჟებს, რომელიც რუსეთზე გაცილებით პატარა ქვეყანაა. შანტაჟია ისიც, რომ ნატო ვერ ფართოვდება უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს მსოფლიოს ძირითადი მოთამაშეების დაშანტაჯებას, მაგრამ შანტაჟსაც აქვს თავისი საზღვარი.
რა თქმა უნდა, რუსეთს თავისი ბირთვული შანტაჟითა და იარაღით შეუძლია მსოფლიოს სტაბილურობისთვის პრობლემების შექმნა. რაც უფრო მეტ ხარისხში ავა რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა, მით უფრო კარგად გამოჩნდება აქვს თუ არა რუსეთს რეალური ძალა შანტაჟისათვის.
კარგია, რომ დასავლეთი არ ჰყვება რუსეთს და არ პასუხობს მას ხისტი კონფრონტაციით, არამედ უწესებს მას ეკონომიკურ სანქციებს, რომლებსაც სულ უფრო ამკაცრებს, ასევე აჩვენებს მას თავის რეალურ ძალას. ჩემი აზრით, დასავლეთი არ მისცემს რუსეთს დანარჩენი მსოფლიოს დასანტაჟების საშუალებას.
ჩვენთან მიმართებაში რუსეთის მიზანია საქართველოზე კონტროლის აღდგენა, ანუ იმ ვითარებაში დაბრუნება, როგორიც სსრკ-ს დროს იყო. მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოზე კონტროლის დაწესებით იგი დაიბრუნებდა პოზიციებს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ შუა აზიიდან კავკასიაზე გამავალ კორიდორს ჩაკეტავდა. ფაქტია, რომ ეს მიზანი რუსეთს აქვს, მაგრამ იმედია, რომ დასავლეთის აქტიური მონაწილეობით იგი მას ვერ განახორციელებს.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

























