ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2018

რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოდან გააძევებენ?ბორჯომში მორიგი სკანდალი მწიფდება - მერიის თანამშრომლებს ხელფასს კვლავ არ უზრდიანპრემიერის განცხადება აყენებს თუ არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ? * * *

რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოდან გააძევებენ?

"მოსკოვში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანია, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან გამოაძევონ და სწორედ ამიტომ დაიწყო ანტირუსული სკანდალი "სკრიპალის საქმეზე". საგულისხმოა, რომ რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო 2014 წლის გაზაფხულიდან ევროპის საბჭოში ხმის უფლება აქვს ჩამორთმეული, ასევე, გარიცხულია დიდი რვიანიდან, რასაც მაშინ კრემლის დიდი გაღიზიანებაც მოჰყვა. იმის შესახებ, რომ დასავლეთს რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოდან გაძევება სურს და ამისთვის ყველა ზომას მიმართავს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური კომიტეტის პირველი მოადგილე სერგეი კალაშნიკოვი საუბრობს. "დასავლეთმა დაიწყო ძალიან ძლიერი ოპერაცია, რათა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან გამოაძევოს", - განუცხადა მან "რია ნოვოსტის". კალაშნიკოვის თქმით, რუსეთი გახდა უხერხული მოთამაშე და სწორედ ამას უკავშირდება დასავლეთის ქვეყნების პრეტენზიები. "ამ სცენარის განხორციელების მიზნით კი აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციის რეფორმირება", - დასძენს ის. შესაძლოა თუ არა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონსოლიდირებულმა დასავლეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკოს რუსეთი?" - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოდან გააძევებენ?

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორის, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, თუმცა ამის მიუხედავად, გაეროს უშიშროების საბჭოდან მისი გარიცხვა ან თუნდაც დროებით მისი ხმის დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან გაეროს წესდება ამის საშუალებას არ იძლევა და მოსკოვის განცხადებები მხოლოდ სპეკულაციაა. დასავლეთის მხრიდან არასდროს ყოფილა მცდელობა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოდან გაერიცხა. გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმები და რომელიმე ქვეყნის გაეროდან გარიცხვა ან უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე ან უშიშროების საბჭოდან უნდა მოხდეს და რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს საკუთარ ვეტოს უფლებას. ამდენად, სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ვერ განხორციელდება. რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ თითქოს თავად არის მსხვერპლი, რომ დასავლეთი ახორციელებს იმპერიალისტურ პოლიტიკას და რუსეთი ვეტოს უფლების გამოყენებით უშლის ხელს, ისეთი რეზოლუციები არ მიიღოს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას, რის გამოც ებრძვიან მას", - ამბობს ჩიტაძე. მისი თქმით, თუკი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო ქვეყნების გაეროდან გაძევება შესაძლებელია, მაშინ არც ჩრდილოეთი კორეა უნდა იყოს გაეროს წევრი", - აღნიშნავს გამოცემა.

"გაეროში არასწორი სისტემა დაინერგა, გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს ეძლევა ვეტოს უფლება და ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია ერთ წევრს. ამიტომ დიდი რვიანიდან რუსეთის გაძევება როგორც მოხდა, ან ევროპის საბჭოში ხმის უფლების წართმევა, ამგვარი სანქცია გაეროში რუსეთზე ვერ დაწესდება, - განმარტავს ჩიტაძე. ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის - სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. ასევე, ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები არ დაესწრებიან წელს რუსეთში გასამართ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს; დაანონსდა, რომ ბრიტანულ ბანკებში გაიყინება რუსეთთან რამე კავშირის მქონე საბანკო ანგარიშები. ბრიტანეთს ამ ანტირუსულ კამპანიაში მხარს უჭერენ აშშ და ევროკავშირის დიდი სახელმწიფოები. საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის ლიდერები სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ სამხრეთ ინგლისში, სოლსბერიში, მომხდარ ტრაგედიას", - განაგრძობს გამოცემა.

"ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს რუსეთში შემუშავებული ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერება", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ეს ფაქტი დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად არის შეფასებული, რომელიც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას ემუქრება. 4 ქვეყნის ლიდერები ასევე მოითხოვენ, რომ მოსკოვმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდოს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების შესახებ. ცნობილია, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქიმიური იარაღით - "ნოვიჩოკით" მოწამლული გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 6 მარტს გადაიყვანეს. 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან. ლონდონი დარწმუნებულია, რომ ამ მოწამვლის ორგანიზება კრემლში მოხდა და მოსკოვიდან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ამ ბრალდების საპასუხოდ მოსკოვში აცხადებენ, რომ ისინი არავის დიქტატს და ულტიმატუმს არ მიიღებენ და საპასუხოდ უახლოეს მომავალში აუცილებლად გააძევებენ ბრიტანელ დიპლომატებს", - დასძენს გამოცემა.

ბორჯომში მორიგი სკანდალი მწიფდება - მერიის თანამშრომლებს ხელფასს კვლავ არ უზრდიან

"ბორჯომში დაძაბულობა პიკს აღწევს. ქალაქის საკრებულო მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას კვლავ არ თანხმდება, რასაც ამჯერად საკრებულოს უმრავლესობა დოკუმენტის ხარვეზით ხსნის, რომელიც უკან დაუბრუნეს მერიას, თუმცა, დიდი ალბათობით, ლევან ლიპარტია ხარვეზის გამოსწორებას აღარ შეეცდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბორჯომში მორიგი სკანდალი მწიფდება - მერიის თანამშრომლებს ხელფასს კვლავ არ უზრდიან.

"შეგახსენებთ, რომ გუშინ კომისიისა და ბიუროს გასვლითი სხდომა ჩატარდა, სადაც მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებაზე იმსჯელეს. დღეს დოკუმენტი უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, მერიას ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდა. იგი ამბობს, რომ იმ ფორმით ხელფასების მომატებას, როგორც მერია მოითხოვს საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი მხარს არ დაუჭერს. სწორედ ამიტომ დღეს დანიშნული სხდომა აღარ ჩატარდება და საკრებულო ამ საკითხს კიდევ ერთხელ 28 მარტს დაუბრუნდება. თუმცა როგორც საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კვირკველიამ უთხრა, მერია ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას აღარ აპირებს. ამიტომ, დაელოდებიან 18 მარტის სხდომას, სადაც "ოცნების" დეპუტატები აუცილებლად მივლენ" - აღნიშნავს გამოცემა.

"ბატონმა ზაზა ჩაჩანიძემ დაინახა, რომ თუკი ეს საკითხი გავა საკრებულოს სხდომაზე, მხარს დაუჭერს მისი თანაგუნდელების ნაწილიც. აქედან გამომდინარე, ყველანაირ ხრიკს მიმართავს, რომ ეს თემა არ გაიტანოს და შეინარჩუნოს დაძაბულობა მერიაში. დიდი ალბათობით მერია ამ ხარვეზის გამოსწორებას აღარ ეცდება, რადგან აზრი არ აქვს. დაველოდებით მორიდ სხდომას, რომელიც თვეში ერთხელ იმართება. აუცილებლად მივალთ სხდომაზე და ვეცდებით ის კრიზისი, რომელსაც ხელოვნურად ქმნის ჩაჩანიძე, ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ. ქალაქი უნდა ჩადგეს ნორმალურ მორმაში" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი კვირკველია.

"შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მერიის თანამშრომლები ხელფასისი მომატებას უკვე 3 თვეა უშედეგოდ ითხოვენ, რის გამოც 28 თებერვალს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენჯერმე მოხდა. უთანხმოემა მერისა და მისი თანამშრომლებისთვის ხელფასისი გაზრდის საკითხის კიდევ ერთხე; ჩაგდებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ბორჯომი ერთადერთი რეგიონია, სადაც საკრებულოში "ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავს", - დასძენს გამოცემა.

პრემიერის განცხადება აყენებს თუ არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ?

"პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიმართვაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები", "ახალი საქართველო", "ევროპული დემოკრატები", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "თავისუფლება", ლეიბორისტული პარტია, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", რესპუბლიკური პარტია და "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის". ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერის განცხადება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - "... ეს განცხადება არის "ქართული ოცნების" და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება. სხვა სახიფათო გზავნილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ განცხადებაში მზაობას აცხადებს, პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომ ერთადერთ მხარედ არსებულ კონფლიქტში აღიარებულ იქნეს რუსეთის ფედერაცია... ეს გზავნილი საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომატიის მრავალწლიან მონაპოვარს, რის შედეგადაც საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის ფედერაციის როლის შეფასებაში და აღიარებს მას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და კონფლიქტის მხარეს. ეს განცხადება ხელს უხსნის რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს ამ საერთაშორისო კონსენსუსის რევიზია", - აცხადებენ პარტიები", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - პრემიერის განცხადება აყენებს თუ არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხის ქვეშ?

"ჩვენი ეროვნული ინტერესები რუსეთთან მეზობლობით მუდმივად საფრთხის წინაშეა. მაგრამ პრემიერი ამ შემთხვევაში ცდილობს, რაიმე მშვიდობიანი დამარეგულირებელი ნაბიჯი მოძებნოს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს გარდაცვლილ მოქალაქეს. მის ოჯახს არ მისცეს იმის საშუალება, რომ დაიტორონ. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, უშუალოდ რუსეთისთვის მიემართა და ამაში კატასტროფას ვერ ვხედავ. თუმცა, რასაკვირველია, საფრთხე სერიოზულია არა ამ განცხადებით, არამედ იმ პოლიტიკით, რასაც რუსეთი ატარებს, საერთოდ, მსოფლიოსა და ჩვენთან მიმართებით" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან საჭიროა დიალოგი. დაწყება ყოველთვის ძნელია, დიალოგიც ძნელი იქნება, მაგრამ ამის გარეშე არავითარი წინსვლა არ იქნება. ამიტომაც ასეთი განცხადება საჭირო იყო. არ ვიცი, დიალოგის მიმართულება რამდენად სწორად იქნება წარმართული, მაგრამ ასეთი ნაბიჯი საჭიროა და უნდა გადადგმულიყო. ამიტომ არ ვეთანხმები ოპოზიციის აზრს", - თვლის ისტორიკოსი გია ანჩაბაძე.

"ცალსახად არ ვეთანხმები. დღევანდელ მოცემულობაზე, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე, ხელისუფალი ვალდებულია, ყველანაირი გზა გამონახოს. ეროვნული ინტერესების ღალატი, მაპატიეთ, მაგრამ 2008 წელს მახსოვს. პრემიერის განცხადება კი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება მხოლოდ პრემიერს არ ეკუთვნის და გუნდთან შეთანხმებული იყო. ასეთი ბრალდება არ შეიძლება", - ამბობს იურისტი ქეთი ბექაური.

"ოპოზიციის განცხადებას, ბოდიში, მაგრამ ვერ ვეთანხმები, რადგან ოპოზიცია იმიტომ ჰქვია, რომ მსგავსად ისაუბრონ - ეს ერთი. მეორეც, პრემიერის განცხადებაში ისეთი რა არის ნათქვამი, რომელიც საქართველოს აჩოქებს ან რაიმე უბედურებას უქადის. როგორც არაპოლიტიკოსი და ჩვეულებრივი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ძალიან მოზომილი, ნორმალური და გაწონასწორებული განცხადებით გამოვიდა პრემიერი", - დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე.