ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2018
"ტატუნაშვილი-ოთხოზორიას" სია საერთაშორისო სანქციებად უნდა გარდაიქმნას"საქართველოსთვის მოცლილი" პუტინი "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას" სია საერთაშორისო სანქციებად უნდა გარდაიქმნას
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ოფიციალური დიპლომატია დაიწყებს ფართომასშტაბიან სამუშაოებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა იქცეს საკანონმდებლო აქტად. როგორც ჩანს, ეს პირადი ქიშპობა იმ დონეზეა მისული, რომ ჩვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის მისაღები იყოს, ეს დარჩეს ერთჯერად განცხადებად და დავიწყებას მიეცეს შემდეგ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასა" და პრეზიდენტის ინიციატივაზე აშშ-ის მხარდამჭერი აქტის შესახებ "რეზონანსი" სოსო ცინცაძეს გაესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას" სია საერთაშორისო სანქციებად უნდა გარდაიქმნას
"ცინცაძის თქმით, რეზოლუცია სწორია და კარგია, რომ მას თან დაერთვება "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია". ასე უნდა ყოფილიყო. ახლა მთავარია, ეს რეზოლუცია იქცეს სანქციებად. ჩვენ კი მივიღებთ რეზოლუციას, მაგრამ ეს თუ ევროკავშირმა, აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირეებმა სანქციებად არ აქციეს, ეს სია ისე არაფერს ნიშნავს. თავის დროზე მაგნიტსკის სია რომ შეიქმნა, შემდეგ კონგრესმა აქცია სანქციებად, კანონი მიიღო ამასთან დაკავშირებით. ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესს სგრძნობლად შეუწყო ხელი სკირპალის ისტორიამ ინგლისში და ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტმა აშშ-ში. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ოფიციალურ დიპლომატიაზე. სხვაგვარად შეუძლებელია, პრეზიდენტი შეზღუდულია და ის მთავრობის სახელით ვერ ილაპარაკებს. ამაზეა დამოკიდებული, თორემ სხვაგვარად რეზოლუცია დარჩება რეზოლუციად. მივიღებთ, მაგრამ ეს ვერ იქცევა საერთაშორისო სანქციებად“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ცინცაძის თქმით, რაც შეეხება ჩვენს დიპლომატიას, აქ შეუთანხმებლობაა. როდესაც პრემიერი რუსეთთან დიალოგისკენ და შერიგების შესახებ განცხადებას აკეთებს, ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი საჯარო განცხადებას აკეთებს - საქართველოს სჯერა, რომ რუსეთმა მოწამლა სკრიპალი და ბრიტანეთის გვერდით დგას. მარჯვენამ არ იცის, მარცხენა რას აკეთებს. არ ვარ მსაჯული ვთქვა, რომ ეს სწორია და ეს არა. მაგრამ ეს ერთმანეთის გამომრიცხავია. ასეთი დიპლომატიის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის ეჭვს იწვევს“, - აცხადებს გამოცემა.
"რეზონანსის კორესპონდენტის თქმით, პრეზიდენტი აშშ-ისგან მხარდამჭერი აქტის მიღებას ითხოვს. ეს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და რა შეიძლება მოგვიტანოს ამან, ცინცაძე პასუხობს, რომ პრეზიდენტმა მოითხოვა, მაგრამ ამაზე უნდა იმუშაოს საელჩომ. ჩვენ იქ ელჩი გვყავს, რომელსაც ხელფასს ვუხდით. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი განცხადება, წამოვა პრეზიდენტი და შემდეგ ჩვენ თვითონვე დავივიწყებთ ამას.
პრეზიდენტმა მოითხოვა და აქ "ოცნებამ" დაახვედრა, ჩვენთან რატომ არ შეათანხმაო. ვოლსკის განცხადება იყო ანტისახელმწიფოებრივი. კაცმა გააკეთა საქმე. წინასწარ რომ შეეთანხმებინა, რა გარანტია ჰქონდა, მხარს დაუჭერდნენ?! თვითონ მათ შექმნეს ასეთი ფონი, აიძულეს პრეზიდენტი მათთან შეუთანხმებლად იმოქმედოს. გარდა ამისა, არც არის ვალდებული. ყველამ ცალ-ცალკე თუ ერთად უნდა იმუშაოს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. "ქართული ოცნების“ ნაწილმა დადებითი თქვეს პრეზიდენტზე, მაგრამ ვოლსკიმ როგორი განცხადება გააკეთა. ამიტომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ოფიციალური დიპლომატია დაიწყებს ფართომასშტაბიან სამუშაოებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა იქცეს საკანონმდებლო აქტად კონგრესის მიერ მიღებული. როგორც ჩანს, ეს პირადი ქიშპობა უკვე იმ დონეზეა მისული, რომ ჩვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის მისღები იყოს, ეს დარჩეს ერთჯერად განცხადებად და დავიწყებას მიეცეს შემდეგ“, - დასძენს გამოცემა.
"კორესპონდენტის კითხვაზე, ბრიტანეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის ფოზე საქართველომ რა სარგებელი შეიძლება ნახოს, ცინცაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის პროგრამა მაქსიმუმი უნდა იყოს ის, რომ სიები იქცეს სანქციებად. არ ვიცი, ვინ არიან ამ სიაში, მაგრამ ამის საერთაშორისო მხარდაჭერაა საჭირო. როდესაც მაგნიტსკის სიას იღებდნენ, მაშინ სულაც არ თვლიდნენ, რომ სიაში მხოლოდ ის ადამიანები უნდა შესულიყვნენ, ვის მიმართაც განაჩენი გამოტანილია“, - წერს სტატიის ავტორი.
"საქართველოსთვის მოცლილი" პუტინი
“რუსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მომდევნო 6 წლის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული პერიოდი გველის, რადგან "პუტინს ხელ-ფეხი გახსნილი აქვს" და რუსეთის გავლენის აღსადგენად მაქსიმუმს გააკეთებს. ამ ვითრებაში ის "საქართველოსთვისაც მოიცლის". რუსეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად, ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% მიიღო. კითხვაზე, მომდევნო 6 წლის განმავლოაბში ნახავენ თუ რა რუსები ახალ პუტინს? - "ახლად არჩეული პრეზიდენტი" პასუხობს, რომ "ყველაფერი თავის დინებას მიჰყვება, ყველაფერი იცვლება", თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს, ამას შემდგომი პერიოდი გვიჩვენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "საქართველოსთვის მოცლილი" პუტინი / "ჩვენ გაგვიჩნდა კიდევ უფრო საშიში და ვერაგი მტერი, ვინც ყველაფერზე წამსვლელია"
"როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს იქნება საკმაოდ დაძაბული პერიოდი, რაც ბეწვის ხიდზე გავლას უტოლდება. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ აღებულ კურსში არაფერი შეიცვლება და პირიქით, საკმაოდ მძიმე და დაძაბული პერიოდი იქნება. სალუქვაძის თქმით, დასავლეთთან, ამერიკასა და ახლა უკვე დიდ ბრიტანეთთან შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებს უახლოეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ. მსოფლიო ჩემპიონატს საკმაოდ დაძაბულ ფონზე ჩაატარებენ. ალბათ, ყველა გუნდი ჩამოვა და ითამაშებს, თუმცა იმ დიდ დემარშს, რაც ბრიტანეთმა გააკეთა, შესაძლოა, სხვებიც შეუერთდნენ. ჩემპიონატის დაწყებამდე დრო კიდევ არის და არ არის გამორიცხული, დამატებითი დაძაბულობები რუსეთ-დასავლეთს შორის. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, უკვე მოსალოდნელია, რომ დარჩენილ 6 წელში ყირიმის მსგავსი კიდევ სხვა პატარ-პატარა "გამარჯვებები" დაანახვოს თავის მოსახლეობას. ალბათ, მისი მმართველობის მეორე ნახევარში დაიწყება საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეს დამოკიდებულია მის ჯანმრთელობაზე. დაახლოებით, ასეთი მოლოდნი მაქვს, რომ იმ ვარიანტს, რაც 2008 წელს გაათამაშა, როდესაც პრემიერის სავარძელზე გადაინაცვლა, აღარ გააკეთებს“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ჟირინოვსკი უკვე ახმოვანებს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები და ამის შემდეგ უნდა იყოს მმართველობის სხვა მოდელი. საუბრობდა სახელმწიფო საბჭოს შექმნაზე და როგორც ვიცით, ჟირინოვსკი კრემლის რუპორია და არც ეს განცხადებაა შემთხვევითი. მან უკვე დააანონსა, რომ პუტინი შეეცდება, მმართველობის სხვა მოდელი შექმნას. ამ ვადაში კი რუსეთს რა მიზნებიც აქვს გავლენის აღდგენის თვალსაზრისით, მაქსიმუმს გააკეთებს. ამიტომ, საკმაოდ დაძაბული პერიოდი გველოდება, ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ. ეს არ გულისხმობს დათმობით პოზიციას, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევყვეთ მიზნების განხორციელებაში და არანაირ ხაფანგებში არ უნდა გავებათ.უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში მოსალოდნელია ასევე სირიაში პროცესების გართულება, რადგან, დიდი ალბათობით, აშშ შეცვლის თავისი მოქმედებების ტაქტიკას და გააქტიურდება, რაზეც რუსეთი აუცილებლად გასცემს პასუხს. თუმცა, რუსეთ-აშშ-ს შორის პირდაპირ დაპირისპირებას გამოვრიცხავ. ინაუგურაციის შემდეგ, დიდი ალბათობით, იქნება სამთავრობო ცვლილებებიც. შესაძლოა, შეიცვალოს პრემიერი. არაა გამორიცხული ლავროვის შეცვლა, თუ გავიხსენებთ ნარკოსკანდალს და თუ გავითვალისწინებთ წარუმატებელ, ჩიხში შესულ საერთაშორისო ურთიერთობებს", - განაგრძობს გამოცემა.
"კითხვაზე, საქართველოსთან მიმართებით იქნება თუ არა ცვლილებები, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს იმ რიტორიკას, რასაც აქამდე მიმართავდა.უახლოეს სამეზობლოში რუსეთი იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რადგან ათეულობით წლებია, ამას ვაკირვედებით. ისინი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ აღიქვამენ თანასწორ პარტნიორებად, რუსეთი ყოველთვის ცდილობს დომინირებას. ჩვენ უბრალოდ მათთვის ვართ ბუფერული ზონა, მეტი არაფერი. ისინი ჩვეულებრივ გაგრძელებენ ოკუპირებული ტერიტორიების მხარდაჭერას და ამ თემით ვაჭრობას, ისევე როგორც ნატო-ს საკითხით", - დასძენს გამოცემა.
"როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, ამ არჩევნებზე პუტინმა საკმაოდ სერიზული მხარდაჭერა მიიღო, დაფიქსირდა ისეთი აქტიურობა, როგორიც მანამდე არასდროს ყოფილა. ეს კი ნიშნავს, რომ ახლა პუტინს შეუძლია, განახორციელოს ის ნებიმიერი ქმედება, რასაც მაღალი ლეგიტიმურობა სჭირდებოდა. მას მაღალი ლეგიტიმურობა სჭირდებოდა იმისთვისაც, რომ უფრო მეტად დაპირისპირებოდა დასავლეთს. როგორც მე გავიგე, პუტინი მთელი ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებასა და ერთგვარი სტალინური მოდელის დანერგვას აპირებს. ასევე, სურს, რომ შექმნას ერთიანი მონსტრი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და უშულოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო ეროვნული ბიურო, რომელიც იქნება გენერალური პროკურატურისა და საგამოძიებო კომიტეტის საპირწონე. ფაქტობრივად, პუტინს გაჩნია საკმაოდ ძლიერი კარტბლანში იმისთვის, რომ იყოს კიდევ უფრო მეტად აგრესიული და თავხედური თავის მოქმედებებში, ვიდრე აქამდე იყო. მისი აგრესიულობა, პირველ რიგში, შეიძლება, საქართველოზე აისახოს იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინაში გადავა პირდაპირ შეტევაზე. თუნდაც, სავჩენკოსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, როდესაც უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოავლინა საკმაოდ სერიოზული გადატრიალების სცენარი, სავარაუდოდ, ეს არ არის ერთჯერადი და რუსეთს კიდევ სხვა მეთოდები აქვს შემუშავებული, რათა კიევი დაიმორჩილოს. სულ მცირე, უკრაინაში შექმნას არასტაბილურობის აჟიოტაჟი და მოახდინოს კონტრრევოლუცია, რაც 2014 წელს იყო მაიდნის სახით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ პუტინი საქართველოსთვისაც მოიცლის. ბოლო მოვლენებიც, ვგულისხმობ, ტატუანაშვლის მხეცურ მკვლელობას, ასევე რამდენიმე ჩვენი მოქალაქის გატაცებას, ამის ერთგვარი იმიტაციაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორებთან შევძლებთ ჩვენი ინტერესების დაცვას, მაგრამ, ჩვენ გაგვიჩნდა კიდევ უფრო საშიში და ვერაგი მტერი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია. პუტინს, ფაქტობრივად, ხელ-ფეხი გახსნილი აქვს", - წერს სტატიის ავტორი.

























