ქართული პრესის მიმოხილვა 21.03.2018
ხალხს ეშინია, რომ საყოველთაო დაზღვევიდან ამოაგდებენტრამპმა პუტინს გამარჯვება არ მიულოცაუნდა შეჩერდეს თუ არა მოსამართლეთა უვადო გამწესება? ***
ხალხს ეშინია, რომ საყოველთაო დაზღვევიდან ამოაგდებენ
"ამბულატორიებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში მონაწილე პირების აღრიცხვა მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქეების აღრიცხვა ხარჯების ოპტიმიზაციისკენ მიმართული გადაწყვეტილებაა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილება სტატისტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. სპეციალისტების აზრით, სახელმწიფო პოლიკლინიკებში მიმდინარე რეფორმას, შესაძლოა, მოჰყვეს ხარჯების გადანაწილება, მაგრამ არა შემცირება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ხალხს ეშინია, რომ საყოველთაო დაზღვევიდან ამოაგდებენ
"რამდენიმე კვირაა, პოლიკლინიკებში ინტენსიურად ითხოვენ დაზღვეული პირების დოკუმენტაციას (პირადობის მოწმობას) და პირადად მისვლას. მათი თანამშრომლები კარდაკარაც დადიან და ამოწმებენ, რეგისტრირებულია თუ არა პიროვნება კონკრეტულ მისამართზე. მოსახლეობა და ამბულატორიების პერსონალიც ეჭვობს, რომ ამით ჯანდაცვის სისტემას, შესაძლოა, რომელიმე კომპონენტი დააკლდეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთავრობამ პოლიკლინიკების რეფორმირების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი გადადგა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადასტურა კიდეც.
ჯანდაცვის სამინისტროში "რეზონანსს" განუმარტეს, რომ პოლიკლინიკებში დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს ამბულატორიებზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების შესახებ დოკუმენტაციის მოწესრიგებას. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 30 ოქტომბერს მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება: ამბულატორიებში 2014 წლის 1-ელ აპრილამდე მკაცრი აღრიცხვის ფორმის გარეშე დარეგისტრირებულ პირებს 2018 წლის 1-ელ აპრილამდე აუცილებლად უნდა გაევლოთ ხელახალი რეგისტრაცია", - აღნიშნავს გამოცემა
"სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამიდან არ მოიხსნება არც ერთი კატეგორიის ბენეფიციარი. ამ ეტაპზე მხოლოდ აღრიცხვა მიმდინარეობს. დაზღვეული პირი ან მისი მეურვე მკაცრი აფრიცხვის ფორმას აწერს ხელს და თან ურთავს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნული ინიციატივა ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს ამბულატორიებზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების შესახებ დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ყველა მკაცრი აღრიცხვის ფორმას აქვს თავისი ნუმერაცია, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უფრო მოქნილს ხდის, ბენეფიციარს კი აძლევს საშუალებას, სრულფასოვანი სერვისი მიიღოს და იცოდეს, რა ტიპის მომსახურება ეკუთვნის სახელმწიფოსგან. ზემოხსენებული ინიციატივა არ ითვალისწინებს ბენეფიციართა კატეგორიის შეზღუდვას და ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანის პროგრამიდან მოხსნა ან რამე ძირეული ცვლილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში არ იგეგმება", - განაგრძობს გამოცემა
"სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამბულატორიებში აქამდე არსებული ქაოსი მოწესრიგდება და საბოლოოდ გაირკვევა როგორც ამა თუ იმ ამბულატორიაზე "მიმაგრებული" ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე მომსახურების სერვისთან დაკავშირებული ვალდებულებები, რის შესახებ ინფორმაცია ხშირად ექიმებსაც არ აქვთ. სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა "აუდიტის სამსახურის" დასკვნა, რეკომენდაციები და ქმედითი ნაბიჯის გადადგმას შეუდგა. ჩიხლაძის თქმით, ამბულატორიები მოითხოვს სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის აღრიცხვის მიმართულებით. რაოდენობისა და გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია. სხვა თემაა, რამდენად ეფექტურად განახორციელებენ ამ პროცესს და რა ნაბიჯი მოჰყვება ცვლილებას. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რაც უდავოდ პოზიტიური ფაქტია. არ გამოვრიცხავ, ხარჯების გადანაწილება მოხდეს, მაგრამ არა შემცირება. მაქვს ინფორმაცია, რომ ცვლილება აღრიცხვისა და სტატისტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს აუცილებელია, რადგან ძალიან მოუწესრიგებელია ამბულატორიებში დოკუმენტაცია. უცნობია, რომელი მოქალაქე სად და ვისთან არის "მიმაგრებული", რა მომსახურება ეკუთვნის და სხვა. ამ მხრივ არსებული პრობლემა წინა წლების აუდიტის დასკვნამაც აჩვენა, მაგრამ აქამდე არაფერი შეცვლილა. ბენეფიციარმა და ზოგჯერ ექიმმაც არ იცის, რა სერვისი ეკუთვნის ამა თუ იმ მოქალაქეს უფასოდ, რა მომსახურებაა ფასიანი და ა. შ. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა ზოგ პოლიკლინიკაზე მიმაგრებულია, ვთქვათ, 2000 ადამიანი, ზოგან - 10 000-იც კი. ყველა მათგანი ამბულატორიის მომსახურებით არ სარგებლობს, ზოგმა ისიც არ იცის, სად არის რეგისტრირებული. სრული ქაოსია და ეს საკითხი როგორმე უნდა მოგვარებულიყო", - დასძენს გამოცემა
"ამდენად, როგორც სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელი განმარტავს, გეგმური ამბულატორიული მომსახურებით გათვალისწინებული ფასების კალკულაცია და წარმოშობა არ არის დადგენილი და ახსნილი. ბენეფიციარების ინფორმირების დონე უკიდურესად დაბალია და პაციენტის მხრიდან "ჯიბიდან გადახდის" რისკიც არსებობს. ჩიხლაძის თქმით, პრობლემები მოგვარდება და გეგმური ამბულატორიული მომსახურების სერვისი გაუმჯობესდება. არა მგონია, სამინისტროს ამ შემთხვევაში სხვა მიზანი ჰქონდეს. რაც შეეხება საკითხს, რომ ვიღაცას შეიძლება მოეხსნას საყოველთაო დაზღვევა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბენეფიციართა კატეგორია, თუ ვინ უნდა ისარგებლოს დაზღვევით, 2017 წელს დადგინდა და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებას სახელმწიფო არ დაარღვევს. ცალკე თემაა ემიგრანტები, რომლებიც დაზღვევის ერთიან სისტემაში ირიცხებიან. მათ აქვთ ქართული პასპორტი და საქართველოს მოქალაქეები არიან. იურიდიულად ვერ დადგება საკითხი, რომ ისინი დაზღვევის ერთიანი სისტემიდან "ამოაგდონ", როგორც ეს კერძო დაზღვეულების მიმართ მოხდა. საქართველოდან წასვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის სერვისის შეწყვეტის მიზეზი ვერ გახდება. მთავარი პირობაა, რომ ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე იყოს" - წერს სტატიის ავტორი
ტრამპმა პუტინს გამარჯვება არ მიულოცა
"დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცავს არ აპირებს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს და აღნიშნეს, რომ არჩევნების შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს არის აშშ-ის მხრიდან პრინციპულობის გამოვლენა, რაც დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა ვერ გამოავლინეს, ეს კი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას სასიკეთოდ ნამდვილად არ წაადგება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტრამპმა პუტინს გამარჯვება არ მიულოცა / "ეს იყო მინიშნება, რომ არჩევნები გაყალბდა"
"თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰოგან გილდიმ ისიც აღნიშნა, რომ აშშ რუსეთთან თანამშრომლობას მხოლოდ იმ საკითხებზე გააგრძელებს, სადაც ეს შესაძლებელია."ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან ურთიერთობის განვითარებაზე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აშშ-ის ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვითანამშრომლებთ მხოლოდ იმ საკითხებზე, სადაც ის ჩვენი ინტერესების მომხრეა", - განაცხადა გილდიმ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ქმედებამ, 18 მარტს არჩევნების მის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებამ, უკრაინის შეშფოთება გამოიწვია. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა, რისთვისაც დასავლეთს შესაბამისი რეაგირებისა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. ამასთან, ყირიმში უკანონო არჩევნების ჩამტარებელი 140 ადამიანის სია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს უკევ გადაეცა", - აღნიშნავს გამოცემა
"პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, აშშ-ის მხრიდან მსგავსი განცხადება იყო მინიშნება, რომ რუსეთში არჩევნები გაყალბდა, ან პუტინის სააგიტაციო მანქანა იმდენად კარგად მუშაობს, რომ ეს შედეგი თავიდანვე ნათელი იყო. ჩიტაძს თქმით, სხვა ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, ამერიკის მხრიდან ეს ნაბიჯი ნიშნავს კიდევ უფრო დიდ პრინციპულობას. მაგალითად, ვნახეთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პუტინს გამარჯვება მიულოცა ისევე, როგორც, ანგელა მერკელმა. სამწუხაროა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობა არ გამოხატეს. მე ვფიქრობ, აშშ-ის პოზიცია არის აბსოლუტურად სწორი, რადგან აშშ-ისთვის პუტინის გამარჯვებით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა", - განაგრძობს გამოცემა
"პოლიტოლოგის თქმით, ეს იყო მინიშნება, რომ არჩევნები გაყალბდა, ან რუსეთში პუტინის სააგიტაციო მანქანა იმდენად კარგად მუშაობს, შედეგები თავიდანვე ნათელი იყო. ყოველ შემთხვევაში, ამერიკა გაცილებით უფრო პრინციპულია ხოლმე, ვიდრე მისი ევროპელი პარტნიორები", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე, რომელიც რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯს სხვა მიმართულებით ელოდება. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან ამ განცხადებას არა, მაგრამ საპასუხო ნაბიჯი სხვა თემებს უფრო მოჰყვება, რადგან რუსეთი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მსოფლიოს უდიდესმა სახელმწიფომმის პრეზიდენტს გამარჯვება არ მიულოცა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოითქვა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადყოფნა", - წერს სტატიის ავტორი
უნდა შეჩერდეს თუ არა მოსამართლეთა უვადო გამწესება?
"მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, ეს მოსაზრება გუშინ სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრაზე გამოითქვა. მივესალმები, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან გამოხატულია აქტიური რეფორმების სურვილი სასამართლო ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს არის დამსახურება იმის გააზრებისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილია ბევრი პრობლემა, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. დღეს აქ გამოითქვა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ უვადო დანიშვნები უნდა გაჩერდეს, სანამ დანიშვნების პროცედურის სერიოზული რეფორმა არ მოხდება.
ვფიქრობ, პარლამენტის დამოკიდებულება, თუ ის ნამდვილია, იმ აქტიურობის შედეგია, რომელიც გამოვლენილი იყო სწორედ უვადო დანიშვნებთან მიმართებაში და რამაც დაგვანახა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კვლავაც დარჩენილია ბევრი ხარვეზი და პრობლემა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება", - განაცხადა დოლიძემ. მისი თქმით, შესაბამისი მზაობა გამოითქვა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან. მთელი შეხვედრის სულისკვეთება იყო, რომ რეფორმა იქნება აქტიური და დათქვეს კიდეც ვადები, როდესაც უნდა მოხდეს რეფორმატორული წინადადებების შემუშავება. მე ვფიქრობ, ეს სულისკვეთება არის იმის დამსახურება, რომ ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ და მისმა ლიდერებმა გაიაზრეს, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ის ლაბორატორია, რომლის მიხედვითაც დაუდგება ნიშანი ჩვენს სახელმწიფოს - ეს არის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო თუ არა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით
უნდა შეჩერდეს თუ არა მოსამართლეთა უვადო გამწესება?
"უვადოდ გამწესებას, მით უფრო ახლა, როდესაც ცოტა გაუგებარი შემადგენლობაა, არ ვამბობ, რომ ყველა სახლში უნდა წავიდეს, მაგრამ არ მივემხრობი. მგონი, ჯობია, ეს საკითხი ცოტა ხანი შეჩერდეს, ან რამე ვადა დაუწესდეთ. უვადო გამწესება თუ სხვა რამეთი შეიცვლება, მომხრე ვარ", - აღნიშნავს მომღერალი ირმა სოხაძე
"მგონია, რომ სისტემას დააზარალებს, რადგან უვადო გამწესება მოსამართლეს გარკვეულწილად თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს და ეს თუ არ იქნება, მიმაჩნია, რომ სისტემა დაზარალდება", - აცხადებს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე
"ბევრი დარღვევაა, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია. ამიტომ ვეთანხმები დოლიძეს, რომ უნდა შეჩერდეს და მოხდეს ხელახალი გადახალისება. ეს გამოცდები იქნება თუ ტესტები, არ ვიცი, მაგრამ უნდა მოხდეს", - დასძენს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე

























