ვახტანგ ძაბირაძე - რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ და ზოგადად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, არ იცვლება და ის ჩვენს სუვერენიტეტზე გადის

ვახტანგ ძაბირაძე - რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ და ზოგადად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, არ იცვლება და ის ჩვენს სუვერენიტეტზე გადის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტსა და პოლიტოლოგს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, როგორც იქნა, ოსურმა მხარემ ქართულს გადმოსცა 22 თებერვალს ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. თქვენ როგორ შეაფასებდით ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით რუსულ-ოსური მხარეების მოქმედებას და პარლამენტის მიერ ამ დრომდე რეზოლუციის მიუღებლობას?

- პირველ რიგში, სამძიმარი და თანაგრძნობა მინდა გამოვუცხადო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს; როგორც იქნა დაადგა საშველი ცხედრის გადმოცემას და ეს სრულიად გაუგებარი და არაადამიანურად გაჭიანურებელი პროცესი დასრულდა.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და საზოგადოება გაიგებს, რა გახდა გარდაცვალების რეალური მიზეზი, ეგებ მაშინ მაინც გავარკვიოთ, რატომ გაჭიანურდა ცხედრის გადმოცემა - იყო ეს მცდელობა, დაეფარათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ძალის დემონსტრირება და საზოგადოებრივი აზრის იგნორირება თუ მოსახლეობის გაღიზიანება და პროვოცირება.

უფრო მნიშვნელოვანი იყო საპროტესტო რეზოლუციის ტექსტი პარლამენტს დროულად და ერთობლივად მიეღო, ვიდრე ის, დაერთვებოდა თუ არა ამ ტექსტს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", ამ სიას არც რეალური ეფექტი ექნება და ვერც პრევენციის ფუნქციას შეასრულებს

რაც შეეხება რეზოლუციას, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იყო საპროტესტო რეზოლუციის ტექსტი პარლამენტს დროულად და ერთობლივად მიეღო, ვიდრე ის, დაერთვებოდა თუ არა ამ ტექსტს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია"; ამ სიას არც რეალური ეფექტი ექნება და ვერც პრევენციის ფუნქციას შეასრულებს, ამასთანავე, მისი დართვით, რეზოლუციის არც პათოსი იცვლება და არც შინაარსი; ამიტომ სრულიად გაუგებარი და უადგილო იყო ის დებატები, რაც მის რეზოლუციაში ჩართვას უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, პარტიები უფრო საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე ფიქრობდნენ, ვიდრე კონსენსუსის დროულად მიღწევაზე.

- მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, ამ თემაზე თქვენც არაერთხელ გამოგითქვამთ კრიტიკული შენიშვნები, ვენეციის კომისიამ ამავე საკითხზე მმართველი გუნდის მიერ გაწეული საქმიანობა საკმაოდ დადებითად შეაფასა.

ვენეციის კომისია იძლევა ხელმეორე დადებით შეფასებას და აცხადებს, „საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ“.

მეტიც, ვენეციის კომისია კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო კომისიამ მეორე დასკვნის მიღებამდე, პროექტში შეიტანა ის დაპირებული ცვლილებები, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა შემუშავებული.

თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მეორე დასკვნას?

- უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციამ ცვლილებები მართლაც განიცადა და ხელისუფლებამ, მთლიანობაში, მართლაც გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ოღონდ ცვლილებათა გარკვეული ნაწილის ამოქმედების ვადები შეცვალა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ კონსტიტუციის მიღებული ვარიანტი ნამდვილად წარმოაჩენს „საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისაკენ“, მაგრამ საკითხავია, რამდენად წარმოადგენს ის წინ გადადგმულ „დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისაკენ“

მაგალითად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სრულად გადასვლა 2024 წლიდან განხორციელდება, ოპოზიცია კი უკვე 2020 წლისთვის მოითხოვდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას.

მიუხედავად ამისა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ კონსტიტუციის მიღებული ვარიანტი ნამდვილად წარმოაჩენს „საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისაკენ“, მაგრამ საკითხავია, რამდენად წარმოადგენს ის წინ გადადგმულ „დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისაკენ“.

საქმე იმაშია, რომ ვენეციის კომისია კონსტიტუციის პროექტის ექსპერტიზას და შეფასებას იმისდა მიხედვით ახდენს, თუ რამდენად შეესაბამება მოცემული დოკუმენტი საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებსა და ნორმებს და თუ არსებობს რაიმე გადახრა ან შეუსაბამობა, იძლევა რეკომენდაციას მის აღმოსაფხვრელად, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა, რომ მივიღოთ კონცეპტუალურად გამართული და დემოკრატიულ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი დოკუმენტი.

მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს მედლის ერთი მხარეა, არსებობს მეორე, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც პირველი და რაც ერთი ქვეყნის კონსტიტუციას სხვა ქვეყნების კონსტიტუციებისაგან განასხვავებს.

როგორი შეფასებაც არ უნდა გააკეთოს ვენეციის კომისიამ, ფაქტია, რომ კონსტიტუციამ უკვე დაკარგა მაკონსოლიდირებელი ფუნქცია, რადგან კონსტიტუციის ამ პროექტს მხოლოდ სახელისუფლებო უმრავლესობა უჭერს მხარს

ესაა, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა, მოსახლეობის სამოქალაქო განათლებისა და განვითარების დონე, ახლო და შორეული ისტორიული წარსული, ტრადიციები და გეოპოლიტიკური მდებარეობა - ამ ფაქტორების ერთობლიობას, ზოგადად „ქვეყნის ინტერესები“ ჰქვია და მათი გათვალისწინების გარეშე, კონსტიტუცია, თუნდაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, მხოლოდ თეორიული ნაშრომი იქნება და ვერ იქცევა რეალურ და მოქმედ კონსტიტუციად.

შესაბამისად, ვერც მოსახლეობის კონსოლიდაციას მოახდენს და ვერც სახელმწიფოს დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; რაც მთავარია, ვერ შექმნის პირობებს, რომ ხელისუფლების ცვლილება სამართლიანი არჩევნების მეშვეობით განხორციელდეს.

როგორი შეფასებაც არ უნდა გააკეთოს ვენეციის კომისიამ, ფაქტია, რომ კონსტიტუციამ უკვე დაკარგა მაკონსოლიდირებელი ფუნქცია, რადგან კონსტიტუციის ამ პროექტს მხოლოდ სახელისუფლებო უმრავლესობა უჭერს მხარს.

რაც შეეხება სახელმწიფოს დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბებას, შორს რომ არ წავიდეთ, ვხედავთ, სასამართლო სისტემაში იუსტიციის საბჭო როგორ წარმართავს მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის პროცესს და ისიც ვიცით, რომ იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესის შეცვლას არც კონსტიტუციის განახლებული ვარიანტი ითვალისწინებს.

ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიუხედავად თუ გვინდა, რომ კონსტიტუციამ თავისი ფუნქცია შეასრულოს, ჩემი აზრით, ის ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნის მიუხედავად, თუ გვინდა რომ კონსტიტუციამ თავისი ფუნქცია შეასრულოს, ჩემი აზრით, ის ქართულ რეალობას უნდა მოერგოს.

- გასულ კვირას აქტიურად განიხილებოდა პრემიერ გ. კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი, ასევე ქართული მხარის მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის პასუხი და რუსულ პასუხზე ისევ პრემიერ გ. კვირიკაშვილის კომენტარი იმის თაობაზე, რომ „რუსულმა მხარემ სასაუბრო სივრცე დატოვა“.

ამ თემაზე უამრავი, საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა, თქვენ როგორ აღიქვით პრემიერის მიმართვა, რუსული პასუხი და რუსულ პასუხზე ისევ პრემიერ გ. კვირიკაშვილის კომენტარი?

- ცხადია, პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენს ეპისტოლური დიპლომატიის შედევრს, მაგრამ აჟიოტაჟი, რაც ამ განცხადებას მოჰყვა, ნამდვილად გადაჭარბებულია.

ამასვე მოწმობს აშშ-ს ელჩისა და ნატოს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომელიც ქართული საზოგადოების აჟიტირებული ნაწილის დამშვიდებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პრემიერის მიერ გამოთქმული მოსაზრებების შეფასებას, რადგან არავითარი ახალი პოლიტიკური რეალობა ამ განცხადებას არ შეუქმნია და ვინც ქართულ - რუსულ ურთიერთობებს მეტნაკლებად სიღრმისეულად იცნობს, მისთვის სრულიად ნათელია, რომ ერთი განცხადება, როგორიც გნებავთ შინაარსის და ვის მიერაც გნებავთ გაცხადებული, ამ ურთიერთობებს ვერ შეცვლის.

რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლება უნდა იყოს განსაკუთრებით პრინციპული და ძალიან ფრთხილი, რადგან რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ მეთოდს გამოიყენებს, ისეთსაც კი, რაც ადამიანურობის ფარგლებს სცილდება

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაც მოესურვებათ და როდესაც მოესურვებათ ისეთი განცხადებები აკეთონ, პირიქით, რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლება უნდა იყოს განსაკუთრებით პრინციპული და ძალიან ფრთხილი, რადგან რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ მეთოდს გამოიყენებს, ისეთსაც კი, რაც ადამიანურობის ფარგლებს სცილდება. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ერთი თვე დასჭირდა და ლამის მთელი მსოფლიო იყო ამ პროცესში ჩართული?!

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ გავაგრძელოთ რუსეთთან დიალოგი, შევინარჩუნოთ როგორც ჟენევის, ასევე აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ვეძებოთ ურთიერთობის ახალი ფორმები, არ ვგულისხმობ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, პირიქით, მიმაჩნია, რომ ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ამ თემაზე მსჯელობაც კი დაუშვებელია.

პირველ რიგში, ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია და მზად ვართ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი ვაწარმოოთ. ეტყობა, ამ იდეას ემსახურებოდა პრემიერის განცხადება, რომ "რუსულმა მხარემ სასაუბრო სივრცე დატოვა".

- „ევროპელი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ამ თემაზე ასეთი მოსაზრება გამოთქვა - რადგან პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დააზუსტა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ჟენევის ფორმატის მიღმა ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირ დიალოგში მათთვის მხოლოდ კონკრეტული პროგრამების, მათ შორის, ჯანდაცვის პროგრამების შეთავაზებას გულისხმობდა, ორი ვარიანტია - ან პრემიერის მრჩეველმა პრემიერის განცხადების დეზავუირება, ანუ უარყოფა გააკეთება, ან მთავრობამ უკან დაიხია იმ საზიანო იდეისგან, რასაც ცხინვალთან და აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგი ჰქვია.

იგულისხმება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რასაც მოსკოვი თბილისისგან კარგა ხანია ითხოვს...

- გულწწფელად გითხრათ, მეც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრემიერი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის თემად სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს მიიჩნევს და არა პოლიტიკურ თემებს - კონფლიქტის მოგვარების გზებს ან სტატუსის განსაზღვრას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია იმავე განცხადებაში პრემიერის ინიციატივა ჟენევის ფორმატის გააქტიურების შესახებ, სადაც სწორედ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების საკითხები განიხილება.

ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება საფრთხეს უქმნის არა სუვერენულ რუსულ სახელმწიფოს, როგორც ამას ოფიციალური მოსკოვის პრორუსული იდეოლოგები აცხადებენ, არამედ რუსულ იმპერიალისტურ იდეას

არც ის მგონია, რომ პრემიერი ორმხრივი მოლაპარაკების თემად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ძალის გამოუყენლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობდა, რადგან ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა ქართული მხარისათვის არაფრის მომტანია, რუსეთს კი კონფლიქტში მონაწილეობის პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს.

მიუხედავად ამისა, როდესაც განცხადება სამთავრობო დონეზე კეთდება და ამ განცხადების ადრესატი რუსეთია, უნდა ვიფიქროთ არა მარტო იმაზე, თუ რა აზრს ვდებთ ჩვენ განცხადებაში, არამედ იმაზეც, თუ როგორ წაიკითხავს ამ განცხადებას მეორე მხარე და როგორ გამოიყენებს თავისი პოზიციის გასამყარებლად. ამ შემთხვევაში ემოციებზე აპელირება ვერაფერი შვილი არგუმენტია.

- სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილის აზრით, „რუსეთის გზავნილი ასეთია - მეც მზად ვარ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ჩემი პირობებით“.

სხვა დამკვირვებელთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის თემა აქტუალური იყო და ასეთადვე რჩება, რუსეთისადმი მიმართვის დრო კარგად შერჩეული არ იყო. იგულისხმება, რომ რუსეთში ახლა საპრეზიდენტო არჩევნები იყო და საქართველოსთვის არავის ეცალა. მეტიც, იმდენად დაძაბულია ურთიერთობა ევროპასა და რუსეთს, ვაშინგტონსა და რუსეთს შორის, რომ ახლა კრემლის პრიორიტეტი საქართველო ვერანაირად ვერ იქნება.

დამკვირვებელთა ერთი ნაწილი იმაზეც კი ალაპარაკდა, რომ სავარაუდოდ, თბილისის საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ სერიოზული კორექტივებია შეტანილი, ვინაიდან პრემიერის გზავნილი საკმაოდ ბევრი საკითხის ინტერპრეტირებისთვის ტოვებს საფუძველს.

ახლა როცა, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია, ალბათ მალე პრეზიდენტ პუტინის ინაგურაციაც მალე გაიმართება, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებს გადადგამს კრემლი პრემიერ კვირიკაშვილის წერილზე რეაგირების ფარგლებში?

გამოითქმის მოსაზრებები, რომ კრემლი თბილისისაგან მოითხოვს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, რის შემდეგაც მოსკოვი შეძლებს სოხუმის დაყოლიებას აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე მოსკოვსა და ერევანს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღგენაზე დაყოლიებას...

- არა მგონია, კრემლმა პრემიერ გ. კვირიკაშვილის წერილზე რაიმე განსაკუთრებული რეაგირება მოახდინოს. შესაძლოა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინი შეეხოს ამ თემას, მაგრამ ის, ძირითადად, იმავე მესიჯებს გაიმეორებს, რაც უკვე გაახმოვანა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რაიმე კონკრეტული და რეალური ნაბიჯების გადადგმას რუსეთის მხრიდან არ ველოდები და არა იმიტომ, რომ რუსეთს ამჟამად დაძაბული ურთიერთობა აქვს ევროპასა და ვაშინგტონთან, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ და, ზოგადად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, არ იცვლება და ის ჩვენს სუვერენიტეტზე გადის.

დღეს რუსეთის სახელმწიფო მექანიზმი გაცილებით ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში იყო, ხოლო საგარეო პოლიტიკა გაცილებით აგრესიული, რაც ზრდის პროვოკაციის ალბათობას. ამიტომ ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას მოეთხოვება იყოს ფრთხილი, მაგრამ პრინციპული და რაც მთავარია, შეინარჩუნოს განვითარების ევროპული კურსი

შორეულ ისტორიულ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, ბოლო ოცდაათწლიანი პერიოდის ანალიზიც საკმარისია, რათა წარმოვაჩინოთ რუსეთის ღია თუ ფარული ზრახვები.

90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთმა დატოვა საბჭოთა კავშირი და ამით მისი, როგორც ერთიანი სახელმწიფოს არსებობა დაასრულა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, როგორც ჩვენთან, ასევე თვით რუსეთსა და დასავლეთში, გაჩნდა განცდა, რომ ცივი ომის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და მსოფლიო ისტორიაში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ახალი, ცივილური და მშვიდობიანი ეტაპი დაიწყო.

უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელშიაც აღმოჩნდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის - რუსეთიც, გამოწვეული სოციალისტური პოლიეტკუ-ეკონომიკური სისტემიდან თავისუფალ საბაზრო სისტემაზე გადასვლით და რეორგანიზაციის პროცესით დასუსტებული სახელმწიფო სტრუქტურები, თითქოსდა ბუნებრივად აჩენდა შესაძლებლობებს, რომ ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოთა შორის ახლებური ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო.

ამგვარი განცდა საკმაოდ ძლიერი იყო იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაშიაც და ხელისუფლებაშიც. ჩაითვალა, რომ ჩვენ კონფლიქტების მოგვარებას რუსეთის მეშვეობით შევძლებდით, თუკი ნდობას გამოვუცხადებდით და მის პირობებს დავთანხმდებოდით. ამას მოჰყვა სოჭის ხელშეკრულება რუსეთის გარანტიით, რამაც ქართული სამხედრო ფორმირებების ფაქტობრივი განიარაღება გამოიწვია.

ვფიქრობ, რუსულ-აფხაზური მხარისათვის ხელშეკრულების დადების რეალური მიზანიც ეს იყო. შემდეგ ხელშეკრულების დარღვევა, სოხუმის დაცემა, სამოქალაქო ომი და ქართული მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა - დსთ-ში გაწევრიანება.

მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ ყოფილა, ჯერ გაზსადენის თემაც არ განიხილებოდა სერიოზულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მუხედავად იმისა, რომ თავად რუსეთში იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა და სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი ქონების გადანაწილებით იყო დაკავებული და თითქოს ვერ უნდა მოეცალა აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტისთვის, რუსეთთან საერთო ენის გამონახვა მაინც ვერ მოხერხდა და უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ვიდრე სოჭის ხელშეკრულებამდე ვიყავით.

მიზეზი მარტივია - აღიარების მიუხედავად, რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არასოდეს აღიქვამდა რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. კონფლიქტებს სომხეთ-აზერბეიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ის იყენებს ამ სახელმწიფოებზე ზეწოლის მექანიზმად. ამიტომ, მის ინტერესებში კონფლიქტების მოგვარება კი არა, მათი რეგულირება ან საჭიროების შემთხვევაში, ახალი კონფლიქტური კერების ინსპირირება შედის, როგორც ეს მოხდა უკრაინაში.

თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება, მიზანი იყო არა ახალი რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, არამედ საბჭოთა იმპერიის მოდერნიზება.

ნათლად ჩანდა, რომ არსებული ფორმით იმპერიის შენარჩუნება ვერ მოხერხდებოდა და "რესპუბლიკათა კავშირი" - "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ" ჩაანაცვლა.

"თანამეგობრობაში" გაწევრიანებული სახელმწიფოებით შემოიფარგლა ის არეალი, რომელსაც რუსეთი საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ და ახალი იმპერიის სივრცედ მიიჩნევდა. შემდგომში გაჩნდა ევრაზიული კავშირის იდეა, რომელსაც თანამეგობრობის პოლიტიკური სივრცე, ეკონომიკური კავშირებით უნდა შეევსო და ქმედითუნარიანი გაეხადა.

მთელი ამ პროცესიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთი ცდილობს საბჭოთა იმპერიის ფარგლებში რუსული იმპერიის აღდგენას.

ამ ეტაპზე "შეკავების" პოლიტიკა ისე ეფექტური არ ჩანს როგორც ადრე, მაგრამ ჩვენ აღებული საგარეო კურსი უნდა გავაგრძელოთ, ოღონდ ისე, რომ არავის მივცეთ პროვოცირების საშუალება

შესაბამისად, რუსეთისთვის საფრთხეს ჩვენი სუვერენიტეტი წარმოადგენს. ამიტომ ცდილობს ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს და თანდათან დაგვიმორჩილოს. ჩვენი სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისაკენ და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, გარკვეულწილად ზღუდავს რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ ძალისმიერი, ავანტურისტული ან პროვოკაციული მეთოდები გამოიყენოს. ხოლო ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება, აიძულებს ჩვენს დამოუკიდებლობას რეალურად შეეგუოს.

ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება საფრთხეს უქმნის არა სუვერენულ რუსულ სახელმწიფოს, როგორც ამას ოფიციალური მოსკოვის პრორუსული იდეოლოგები აცხადებენ, არამედ რუსულ იმპერიალისტურ იდეას.

დღეს რუსეთის სახელმწიფო მექანიზმი გაცილებით ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში იყო, ხოლო საგარეო პოლიტიკა გაცილებით აგრესიული, რაც ზრდის პროვოკაციის ალბათობას. ამიტომ ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას მოეთხოვება იყოს ფრთხილი, მაგრამ პრინციპული და, რაც მთავარია, შეინარჩუნოს განვითარების ევროპული კურსი.

- პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში Heritage Foundation-ის კვლევათა ცენტრში საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მან აშშ-ს კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების თხოვნით მიმართა.

განმარტებით, ამგვარი აქტი იქნებოდა ისტორიული ნაბიჯი საქართველოსთვის და იგი საკანონმდებლო დონეზე გაამყარებდა აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირეობის სტატუსს.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ ვაშინგტონში გაჟღერებულ ინიციატივებს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. მეტიც, ძირითადად ყურადღება გამახვილდა არა იმაზე, რომ საქართველო რეალურად დგას დიდი საფრთხეების წინაშე, არამედ იმაზე, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია აქვს დაწყებული...

გასაგებია, რომ თუ ძირითად მოთამაშეებს შორის დიდი კონფრონტაცია დაიწყო, მნიშვნელობა ბევრ რამეს მართლაც არ ექნება, მაგრამ ახლა როცა პრეზიდენტი პუტინი მთელ მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ქცევა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, პრეზიდენტის აქტიურობა უფრო ადეკვატურად გამოიყურება თუ მმართველი გუნდის რეაქცია პრეზიდენტ მარგველაშვილის აქტიურობაზე?

- მმართველ გუნდს თავისი დღის წესრიგი აქვს და პრეზიდენტს თავისი. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ პიარისაგან არც ერთი მხარე არაა თავისუფალი და დიდი ალბათობით ეს პიარი სწორად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ აკნინებს იმ ინციატივის მნიშვნელობას, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა. საინტერესო ისაა, იყო თუ არა მთავრობა წინასწარ ინფორმირებული პრეზიდენტის ამ ინციატივის შესახებ?

რაც შეეხება საფრთხეს, ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგავართ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დავიწყეთ და ეს ბრძოლა აგერ უკვე ოცდაათი წელია გრძელდება.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ ერთიან ნეიტრალურ კანდიდატზე შეჯერება არც ისე ილუზორული ჩანს

2008-ში სწორედ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პროტესტმა გვიხსნა მორიგი ოკუპაციისაგან. მართალია, ამ ეტაპზე "შეკავების" პოლიტიკა ისე ეფექტური არ ჩანს როგორც ადრე, მაგრამ ჩვენ აღებული საგარეო კურსი უნდა გავაგრძელოთ, ოღონდ ისე, რომ არავის მივცეთ პროვოცირების საშუალება. ამ კურსის ალტერნატივა, ღიად თუ ფარულად, დამოუკიდებლობაზე უარის თქმაა. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი მხარდაჭერა, განსაკუთრებით, თუ ამ მხარდაჭერას ამერიკის კონგრესი გიცხადებს.

- შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გამო სულ უფრო აქტუალური ხდება ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ასევე შეძლებენ თუ არა „ნაციონალები“ და „ევროპელი დემოკრატები“ ერთიან კანდიდატზე შეჯერებას.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით „ნაციონალებსა“ და „ევროპელ დემოკრატებს“ შორის ერთიან კანდიდატზე შეჯერება ილუზორულად გამოიყურება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა იქნება მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა?

- საპრეზიდენტო არჩევნებში ინტრიგა და აზრი გაჩნდება მაშინ, თუკი ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმდება; ოპოზიციამ, თუკი მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მინიმუმ, სერიოზული წარმატების მიღწევა მაინც სურს, უნდა გააცნობიეროს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი ხელისუფლების დამარცხებაა და არა ოპოზიციის გამარჯვება, რომ ხელისუფლების დამარცხება უფრო მეტ პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს საპარლამენტო არჩევნებში, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაკავება დაბალი პროცენტით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გამოირიცხოს ოპოზიციურ ძალთა შორის კონკურენცია, რათა შესაძლებელი გახდეს ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური კონსოლიდაცია.

სამწუხაროდ, "ქართული მარშის" პროტესტი სიტყვიერ შეურაცყოფასა და ძალადობაში გადაიზარდა... ამ აქციით მოგებული და გაპიარებული ისევ "რუსთავი-2" და გ. გაბუნია დარჩა

შესაბამისად, უნდა შეირჩეს კანდიდატი, რომელიც ოპოზიციური სპექტრის ყველა მიმართულების ამომრჩევლისათვის მეტნაკლებად მისაღები იქნება.

ამგვარი მიდგომა, რაც წარმატების ერთადერთი საშუალებაა, იმთავითვე გამორიცხავს სარეზიდენტო კანდიდატად როგორც "ნაციონალების" ასევე "ევროპული დემოკრატების" წარმომადგენლის დასახელებას, ხოლო თუ მათ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ, ნეიტრალურ კანდიდატზე შეჯერება არც ისე ილუზორული ჩანს.

- ქართულ საჯარო სივრცეში აქტიურად განიხილება „რუსთავი-2“-ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ „ქართულმა მარშის“ აქტივისტების მხრიდან ძალის გამოყენებისა და ანგარიშსწორების მცდელობა. „რუსთავი-2“-ის ეთიკის საბჭომ გ, გაბუნიას მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის საყვედური გამოუცხადა. შსს-მ „ქართული მარშის“ 6 აქტივისტი დააკავა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარსა და ამ ამბის გამო განვითარებულ მოვლენებს?

"რუსთავი -2"-ის ეთიკის საბჭომ შექმნილი სიტუაციიდან მშვენიერი გამოსავალი მოძებნა - მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცყოფის გამო საყვედური გამოუცხადა გ. გაბუნიას, რითაც ტელევიზიას მოსალოდნელი უსიამოვნებები აარიდა, და იქვე დასძინა, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, ამიტომ ვერც ბოდიშის მოხდას დაავალდებულებს და ვერც გადაცემიდან მოხსნის! ანუ, გ. გაბუნიას შერჩა საყვედური, რომელიც არც არაფერს ავალდებულებს და ხელსაც არაფერში უშლის. რომ იტყვიან, კრება დარჩა მხიარული...

თუმცა ამ მხიარულებას არცთუ მხიარული გაგრძელება მოჰყვა; "ქართულმა მარშმა"გადაწყვიტა მორწმუნეთა უფლებები დაეცვა და გ. გაბუნიასთვის პასუხი მოეთხოვა. კაცმა რომ თქვას, თუ ჟურნალისტს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას აზრი, მაშინ სხვასაც აქვს უფლება, პროტესტი გამოთქვას, ოღონდ პროტესტი შეურაცხყოფასა და ძალადობაში არ უნდა გადავიდეს.

სამწუხაროდ, "ქართული მარშის" პროტესტი სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ძალადობაში გადაიზარდა; თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რამდენად შეესაბამებოდა პროტესტანტთა შეურაცხმყოფელი ლექსიკა ქრისტიანულ მორალს ან პატრიარქის მოწოდებას, რომ "ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს", ამ აქციით მოგებული და გაპიარებული ისევ "რუსთავი-2" და გ. გაბუნია დარჩა.

- იმის ფონზე, რომ „რუსთავი-2“ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსთავი-2“ არ მოერიდება საპატრიარქოში ეკლესიის მსახურთა მხრიდან საეკლესიო ქონების უკანონოდ დაპატრონების ფაქტებზე საჯაროდ საუბარს, მომხდარზე საპატრიარქოს დუმილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი „ქართული მარშის“ აქტიურობით კმაყოფილები არიან. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გაბუნიას დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი საპატრიარქოში გვარამიას სტუმრობას?

- არა მგონია, რომ ამ ფაქტებს ერთმანეთთან რამე კავშირი ჰქონდეს. თანაც მოგვიანებით საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ძალადობა და საზოგადოებასა და ხელისუფლებას მოუწოდა, "რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს."

საპატრიარქოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხოლოდ ის შეუძლია და მოეთხოვება კიდეც, რომ აღკვეთოს ძალადობა, ოღონდ სხვაგვარად როგორ უნდა "უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა", გაუგებარია.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”