ქართული პრესის მიმოხილვა 22.03.2018

კრემლი სოხუმში "ბრიტანეთის ჯაშუშებს" ეძებს"ოსები აფხაზების გზით მიდიან" - ცხინვალი ქართველებისთვის ახალი შეზღუდვის შემოღებას აპირებსტატუნაშვილს თითი მოჭრილი არა აქვს, მაგრამ სახეზე მრავლობითი საეჭვო დაზიანებები აღენიშნება * * *

კრემლი სოხუმში "ბრიტანეთის ჯაშუშებს" ეძებს

"ყოფილი რუსი აგენტის - სკრიპალის საქმე რუსებსა და აფხაზებს შორისაც დიდი ბრალდებებისა და დაპირისპირების საგანი ხდება. ოკუპირებულ სოხუმში აღშფოთებას არ მალავენ რუსულ მედიაში მათ წინააღმდეგ აგორებული სკანდალის გამო, სადაც საუბარია, რომ თითქოს დე ფაქტო ხელისუფლების ნაწილი, მათ შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე აფხაზეთის სამოქალაქო სექტორიც ბრიტანულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. უფრო მეტიც, აფხაზები ამბობენ, რომ ეს "პროპაგანდისტული დეზინფორმაცია" ქართული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა, რათა აფხაზებსა და რუსებს შორის შუღლი ჩამოაგდონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კრემლი სოხუმში "ბრიტანეთის ჯაშუშებს" ეძებს / რუსები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ლამის ნახევარს ბრიტანულ სპეცსამსახურებთან კავშირში სდებენ ბრალს.

"ცნობისათვის, რამდენიმე რუსულმა ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლამის ნახევარი ბრიტანული სპეცსამსახურებისთვის მუშაობს. "ბრიტანეთის აგენტებს" შორის სახელდებიან რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ირაკლი ხინთბა, ტელეჟურნალისტი ანა გუნია, საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრი დაურ კოვე, თავდაცვის დე ფაქტო მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ბესლან ცვიჟბა და სხვები. ცვიჟბას აგენტად მონათვლის ბრალდებას აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადებითაც კი უპასუხა - "საჭიროდ მივიჩნევთ, გავაფრთხილოთ სტატიის როგორც ავტორი, ისე დამკვეთი, სამომავლოდ თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელებისგან. ეს მათ კარგს არაფერს მოუტანს," - ასე სრულდება განცხადება", - აღნიშნავს გამოცემა. "ეხოკავკაზას" მიმომხილველი ვიტალი შარია წერს, რომ "საინტერესოა, რატომ აიტაცა ლამის მთელმა რუსულმა მედიამ უცნობი უკრაინული ინტერნეტ-გამოცემის ეს "სიახლე", რომელიც თავად აფხაზეთში ყველამ სრულ ბოდვად აღიქვა". მისი თქმით, ბრალდება ეფუძნება იმას, რომ ე.წ. ბრიტანეთის აფხაზი აგენტების სიის ფიგურანტების ნაწილი დაკავშირებულია ლონდონელ მეცნიერ ჯორჯ ჰიუიტთან", - აღნიშნავს გამოცემა.

"ასევე რიგი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები 1990-იანი წლების შუა პერიოდში შექმნილია იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, რომლის შტაბბინა ლონდონში მდებარეობს. წყაროს მტკიცებით, ადამიანები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში თანამდებობებზე ბრიტანეთში "აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულ" ჯორჯ ჰიუიტის პროტექციით აჰყავდათ. სწორედ ამ კონტექსტში არიან მოხსენიებულები დაურ კოვე, მანამდე კი - სოკრატ ჯინჯოლია. ჯორჯ ჰიუიტს ცოლად აფხაზი ჰყავს. სწორედ ამის შემდეგ იქცა ის აფხაზური სეპარატიზმის ცნობილ ლობისტად და აფხაზეთში, ათეული წლებია, დიდ მეგობრად მიაჩნიათ. პოლიტოლოგ ლეილა ტანიას აზრით, რადგანაც ეს ბრიტანეთის "აფხაზი აგენტები" ჰიუიტს დაუკავშირდა, ამ დეზინფორმაციული პროპაგანდის უკან სწორედ ქართული სპეცსამსახურები დგანან - "ქართული კვალი თვალნათელია. სურთ, ჩვენი საზოგადოება ავტორიტეტების გარეშე დატოვონ და ერთმანეთი დავჭამოთ თვითგანადგურებამდე", - ამბობს "ეხოკავკაზასთან" ტანია. აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე არ გამორიცხავს, რომ რუსულმა მედიამ ეს ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების დავალებით გაავრცელა", - განაგრძობს გამოცემა.

"გამორიცხული არ არის, რომ აფხაზების ე.წ. კონსული დიდ ბრიტანეთში დაკავშირებული იყოს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან. ჰიუიტი აფხაზების ლონდონელი სიძეა და შესაძლოა, არის კიდეც შუამავალი ბრიტანეთის სპეცსამსახურებსა და აფხაზეთის სეპარატისტებს შორის და რეზიდენტიც იყოს, რადგან ხშირად ჩადის სოხუმში. შესაძლებელია, რუსებმა გათვალეს და ლოგიკურად მივიდნენ ამ დასკვნამდე. შესაძლოა, ასევე, ჰქონდეთ დამამტკიცებელი საბუთი. უმეტესად ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება იყვნენ დაკავშირებული ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან", - ამბობს კიკნაძე. კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის შეკვეთილი მასალა და რუსეთის პროპაგანდის ნაწილი, სამიზნე კი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციებია", - დასძენს გამოცემა.

"ეს მთლიანად რუსული კრეატივია. აშკარაა, რომ შეკვეთილი მასალაა და მიზანია, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს დაერიონ. მეტსაც გეტყვით, ეს მასალა მეც გამომიგზავნეს ელექტრონული ფოსტით და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მისი გავრცელება მთხოვეს. ეს არის ძალიან დაბალი დონის შეკვეთილი მასალა. ალბათ მკითხავთ, ვისგანაა ეს დაკვეთა. ძალიან მიჭირს რაიმეს მტკიცება, შეიძლება ამის უკან სურკოვის ოფისიც კი იდგეს. არის გარკვეული მოსაზრება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სერიოზულ კონტროლზე უნდა აიყვანონ და საერთოდ დახურონ კიდევაც. ამ ორგანიზაციების ნაწილი სხვადასხვა ფორუმზე ქართულ მხარესთანაც ურთიერთობს და მთელი ეს პერიოდი მათზე ბრალდებები სულ ისმის. ახლა კი ასეთი სერიოზული ბრალდებები წამოვიდა. დაიწყო თავდასხმა არასამთავრობოებზე და ეს არის ალბათ ძირითადი სამიზნე, მაგრამ შემდეგ ყველას მიედ-მოედნენ", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი.

"ოსები აფხაზების გზით მიდიან" - ცხინვალი ქართველებისთვის ახალი შეზღუდვის შემოღებას აპირებს

"ცხინვალის რეჟიმი ახალგორში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ახალ რეგულაციას ამზადებს და შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მთავარი მიზანია, მათ, ვისაც ე.წ. ოსურ პასპორტებთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაც აქვთ, პასპორტები ჩამოართვან. ასეთი კი, ოსური მედიის ცნობით, ახალგორში ძალიან ბევრი ქართველია, აბსოლუტური უმრავლესობა. "კავკასიური სახლის" აღმასრულებელი დირეტორი გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო ართულებს ქართველების მდგომარეობას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოსები აფხაზების გზით მიდიან" - ცხინვალი ქართველებისთვის ახალი შეზღუდვის შემოღებას აპირებს.

"ოსები აფხაზების გზით მიდიან, იგივე პროცესები იყო აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ და ახლა ცხინვალმაც ეს გზა არჩია, რაც კიდევ უფრო გაართულებს ქართველების ცხოვრებას ახალგორში. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა უფლებას დაუტივებენ ქართველებს. ალბათ დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აუკრძალავენ, რაც ნაკლები პრობლემაა. მაგრამ საკუთრების შეძენის და ფლობის უფლება როგორ იქნება გაწერილი, ესაა მნიშვნელოვანი. აფხაზეთში "პასპორტების" ჩამორთმევას პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა, რადგან მოსახლების რაოდენობა ელექტორალურად მნIშვნელოვანი იყო და მათი ხმების არჩევნების შედეგებს წყვეტდა. ცხინვალის რეგიონში და ახალგორელები ძალიან ცოტანი არიან და პოლიტიკური მიზეზი აქ არ უნდა იყოს. უფრო მეტად დე ფაქტო ხელისუფლების მიზანია რაც შეიძლება შეზღუდის ქართველები ან უბრალოდ, აფხაზეთიდან კალკირებით გადაიტანეს. ამაში რაციონარულს ვერაფერს ვხედავ, ეს მავნებლობაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

"ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა სპეციალური კომისია დაამტკიცა, რომელმაც "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის" მინიჭებასთან ერთად მოქალაქეობსი ჩამორთმევის საკითხიც უნდა განიხილოს და ოსური მედია წერს, რომ ამ კომისიის მიზანი ადვილი მისახვედრია - ის უპირეველსად ახალგორში მცხოვრე ქართველებს შეეხება. არადა, ახალგორელებს ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას ზედიზედ სამი დე ფაქტო პრეზიდენტი ჰპირდებოდა, ამიტომ ძალიან ბევრმა აიღო ე.წ. ოსური პასპორტი. როგორც ისინი ამბობენ, "ოსური პასპორტი" მათ საკუთარ სახლში ცხოვრების უფლებისთვის სჭირდებათ, რადგან ამ საბუთის გარეშე ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნებათ. ამიტომ აიღეს პასპორტები და საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნეს, ოღონდ ჩუმად. ცხინვალში არ არსებობს კანონი, რომელიც მეორე - საქართველოს მოქალაქეობას კრძალავს. ახალგორის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ყველა რეგულაცია, რასაც ცხინველის რეჟიმი იღებს, ახალგორში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის შევიწროებას ისახავს მიზნად, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ქართველებს ე.წ. ოსური მოქალაქეობა არაფერში სჭირდებათ", - დასძენს გამოცემა.

"რაში სჭირდებათ საერთოდ "ოსური პასპორტი"? ამ ფარატინა ქაღალდს არანაირი ძალა და სტატუსი არ აქვს. არანაირი აუცილებლობა არ არის, "ოსური პასპორტები" ჰქონდეთ. ყველა ქართველს აქვს ქართული პასპორტი, მაგრამ საშვებით შედიან და გამოდიან. ეს "ოსური პასპორტი" ბევრს არ აქვს, მაგრამ ცხოვრობენ. მათ არავინ აძალებს, გინდა თუ არა "ოსური პასპორტები" აიღეთო. შეიძლება სჭირდებათ იმისთვის რომ ოსური პენსია აიღონ და ეს სხვა საკითხია. ცხინვალის რეგიონში ახალგორი ერთადერთი რაიონია სადაც ქართველები ცხოვრობენ და ალბათ უნდად ნელ-ნელა დაიცალოს ხალხი", - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ნუგზარ თინიკაშვილი.

ტატუნაშვილს თითი მოჭრილი არა აქვს, მაგრამ სახეზე მრავლობითი საეჭვო დაზიანებები აღენიშნება

" ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს სამხედრო წესით დაკრძალავენ. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა გვამის დათვალიერების პირველად შედეგებზე სამხარაულის ეროვნულ ბიუროში არ საუბრობენ. დამოუკიდებელი ექსპერტისა და ახალგორის გამგებლის განცხადებებით კი, გარდაცვლილს სახესა და ხელის არეში დაზიანებები აღენიშნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტატუნაშვილს თითი მოჭრილი არა აქვს, მაგრამ სახეზე მრავლობითი საეჭვო დაზიანებები აღენიშნება.

"შეგახსენებთ, რომ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წითელი ჯვრის დახმარებით 20 მარტს გადმოასვენეს და იმავე ღამეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მისი გარდაცვალების მიზეზს იკვლევენ. ცხინვალის "ოფიციალური" ვერსიით ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, რისი არ სჯერა ოფიციალურ თბილისს და სხეულზე არსებულ დაზიანებებზე საუბრობენ. ახალგაორის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, გარდაცვლილს სახესა და ხელის არეში დაზიანებები აღენიშნება. სხვა დეტალებთან დაკავშირებით კი ვერაფერს ამბობს - "სახეზე შევხედე და ვნახე დაზიანებები, ასევე ხელები აქვს გაშავებული. დანარჩენი არ მინახავს და ალბათ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი კონკრეტულად რა დაზიანებები აქვს და რამ გამოიწვა სიკვდილი. თითი არ აქვს მოჭრილი, მოკეცილი აქვს და თავიდან მოჭრილი ეგონა ყველას. სახესა და მაჯაზე აქვს დაზიანებები. ექსპერტები კომენტარზე უარს ამბობენ, სანამ დასკვნა არ იქნება", - ამბობს თინიკაშვილი. აღსანიშნავია, რომ ოჯახის მოთხოვნით სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ცხედრის დათვალიერებას ცენტრ "ემპათიის" დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი თოიძეც ესწრებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"პირველადი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ გვამს სხეულის თითქმის მთელ მიდამოში აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც, დიდი ალბათობით, მიუთითებს წამების კვალზე", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი თოიძე.