ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2018

როგორ დავსაჯოთ მკვლელები და მათი მფარველებიეთანხმებით თუ არა პეტიციას, მოსკოვის გამზირს რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას? ***

როგორ დავსაჯოთ მკვლელები და მათი მფარველები

“ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ბოლოს და ბოლოს ოჯახისათვის გადაცემის შემდეგ ამ საქმეზე დამნაშავეების დასჯა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი უნდა შეიტანოს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მოსაზრებით კი, პარალელურად საქართველოს პროკურატურამ უნდა აღძრას სს საქმე, გამოკითხვაზე დაიბაროს ცხინვალის რეჟიმის ე.წ. მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე, მათზე ინტერპოლით ძებნა გამოაცხადოს და ევროპაში გადაადგილება შეუზღუდოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ დავსაჯოთ მკვლელები და მათი მფარველები / "ახლა ხან იტალიაში რომ დადიან, ხან სერბიაში და სხვაგან - ეს მაინც შეეზღუდებათ"

"გიორგი მარგველაშვილმა სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე ოთხშაბათს ტელეკომპანია "პირველზე" საუბრისას განაცხადა როგორც ცხინვალში მოკლული ტატუნაშვილის, ასევე 1 წლის წინ ხურჩაში აფხაზი "მესაზღვრის" მიერ ჩაცხრილული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე და თქვა, რომ "ასეთი თვალსაზრისით ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო ბერკეტს იმისთვის, რომ რუსეთი, როგორც ეფექტური ხელისუფლების განმახორციელებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იყოს ამ თემაზე მოპასუხის როლში." პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სარჩელი იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი იქნება დასმული და განხილული, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ეს ტრიბუნა და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაისვას რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი," - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის ინიციატივის პასუხად ამბობს, რომ "განვიხილავთ ყველა მექანიზმს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ", - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რამაც შეიძლება მცირე შედეგი მაინც მოგვიტანოს იმ მხრივ, რომ ამ საქმეში პირდაპირი ან ირიბი დამნაშავეები დაისაჯონ, ამიტომ ძალიან კარგია და საჭიროა სტრასბურგისთვის მიმართვა, მაგრამ პარალელურად სხვა ბერკეტებიც უნდა ავამოქმედოთ. ხუხაშვილის თქმით, ჩემი აზრით, სტრასბურგი არის ძალიან გრძელი გზა. ამან შეიძლება, საბოლოო ჯამში, რაღაც შედეგი მოგვცეს, მაგრამ წლები დასჭირდება. ბევრი მეკითხება - როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში. პრობლემა არ არის, ამ სს საქმის ფარგლებში თავიდან მოწმის სახით დაიბარონ სხვადასხვა ფიგურანტი, მათ შორის ცხინვალის რეჟიმის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამბობდა, რომ ყველაფერი წესრიგშია და გულის შეტევით გარდაიცვალა. დანაშაული არ არის საკუთრივ მკვლელობა, დანაშაულია ამ მკვლელობის დაფარვა, პოლიტიკური ალიბის შექმნა და ა.შ. ანუ დამნაშავეების საკმაოდ დიდი წრეა, პრაქტიკულად, მთელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტა. ამდენად, როგორც პროცედურებითაა, ეს ადამიანები უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე. ისინი ამაზე უარს იტყვიან, რის შემდეგაც სამართლებრივი საფუძველი იქმნება, რომ ჯერ ქვეყნის შიგნით გამოცხადდეს მათზე ძებნა, შემდეგ კი - ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა. ამით ამ ადამიანებს ნამდვილად ვაყენებთ ზიანს იმიტომ, რომ ნებისმიერი საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მათ დააპატიმრებენ. ეს შეეხება განსაკუთრებით ე.წ. პოლიტიკურ ელიტას. ამით, მინიმუმ, იმ შედეგს მაინც მივიღებთ, რომ ჩაიკეტებიან იმ ანკლავში, რაც ერთგვარ ციხედ იქცევა მათთვის. ახლა ხან იტალიაში რომ დადიან, ხან სერბიაში და სხვაგან და სხვაგან, ეს მაინც შეეზღუდებათ და სერიოზული ზიანი მიადგებათ. მეტსაც გეტყვით, რუსეთსაც უნდა მოვთხოვოთ ამ ადამიანების გადმოცემა, რადგან რუსეთიცაა ამ საერთაშორისო პოლიციური სისტემის თანამონაწილე," - განაგრძობს გამოცემა.

"ხუხაშვილი ცდასძენს, რომ ამის გაკეთება დღესვე შეგვიძლია. დღეს მოვისმინე მთავარი პროკურორის კომენტარი, რომ მზად არიან, ჩაერთონ, თუმცა აქცენტი დასმული იყო პოლიტიკურ აქტზე, პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შექმნას გულისხმობს, მაგრამ ეს გრძელი გზაა. ჯერ სია უნდა შეიქმნას, მერე ვინ მოხვდება სიაში და ვინა არა, ეს დიდი პროცესია. მე ვთავაზობ უფრო მარტივ სამართლებრივ გზას, რომელიც სწრაფად შეიძლება გაკეთდეს," - დასძენს გამოცემა.

"იურისტ ლია მუხაშავრიას თვალსაზრისით, პრეზიდენტის განცხადება მისასალმებელია და სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი უნდა შევიდეს. მუხაშავრიას თქმით, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება ჩვენმა პროკურატურამ და მიმართოს რუსულ მხარეს იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე რუსეთი ახორციელებს ფაქტობრივ იურისდიქციას. აუცილებელი იქნება გარკვეული მოქმედებების შესრულება, რაც დასაბუთების საშუალებას მისცეს ჩვენს მხარეს, რათა დაამტკიცოს, რომ, მიმართვის მიუხედავად, გამოძიება იმ ტერიტორიაზე არ არის ქმედითი, ამიტომ გამოუძიებლობის დალოდებას აზრი არ აქვს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს ევროსასამართლოს. ეს უნდა გააკეთოს ოჯახმაც და სახელმწიფომაც, როგორც სახელმწიფოთა შორის დავის საკითხი. ჩვენ ასეთი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ერთი უკვე მოვიგეთ ქართველების დეპორტაციის საქმეზე. ასევე, მეორე სარჩელიცაა, აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებული და მესამე იქნება საქმე, სადაც არა მარტო ტატუნაშვილის, არამედ სხვა შემთხვევებიც გაერთიანდება, იგივე ოთხოზორიასი, რომელიც გასაჩივრებული არ არის. ყველა სამართლებრივი მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისოც, უნდა გამოვიყენოთ, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ რუსეთი ომის დასრულების შემდეგაც აგრძელებს დაუშვებელ ქმედებებს, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ეწირება და ადამიანები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან," - წერს სტატიის ავტორი.

ეთანხმებით თუ არა პეტიციას, მოსკოვის გამზირს რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას?

"ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია სახელწოდებით: "მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი". პეტიციის ავტორი მოქალაქე ლადო გოგოლაძეა, რომელიც შესაბამისი მოთხოვნით დედაქალაქის მერიას მიმართავს."მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა ყველაზე ლამაზი გახდება მთელ დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის", - წერია პეტიციის ტექსტში. მანიფესტს უკვე 2101-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი, თუმცა კიდევ 7899 ხელმოწერაა საჭირო", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ეთანხმებით თუ არა პეტიციას, მოსკოვის გამზირს რომ არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას?

"ტატუნაშვილი ნამდვილად გმირია, ნელ-ნელა ბევრი რამ ირკვევა მისი ცხოვრებისა და გმირული სიკვდილის შესახებ. მას უთქვამს და სწორად უთქვამს, სამაჩაბლო არასოდეს იქნება სამხრეთ ოსეთი და მე საქართველოში ოსეთის რესპუბლიკას არ ვაღიარებო. ამ სიტყვას შეეწირა კიდეც ეს თავდადებული კაცი, მაგრამ ჩვენ რომ მოვყვეთ და სახელები ვუცვალოთ ქუჩებს, გამზირებს, უმაღლეს სასწავლებლებს, არ მიმაჩნია სწორად. თუ ახალ ქუჩას დავარქმევთ ტატუნაშვილის სახელს, ამით არაფერი დაშავდება. რუსეთი უკუპანტია, მაგრამ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლის მომხრე არ ვარ", - აღნიშნავს მწერალი რეზო მიშველაძე.

"მოსკოვის გამზირს რომ ქართველი კაცის სახელი დაერქვას, რომელიც აწამეს და გააუბედურეს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მივესალმები", - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.

"ძალიან სწორი და კარგი იდეაა, სრულიად ვიზიარებ, პირიქით, საჭირო და აუცილებელიც კია, კონკრეტულად ამ გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი", - ამბობს პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი.

"რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ემოციურ ფონზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, არ მგონია, სწორი იყოს. არა კონკრეტულ ფაქტზე, არამედ ზოგადად ვსაუბრობ", - დასძენს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.