გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საია-ს ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროს თამარ ბაგრატიაზე ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ვერ გაიზიარებს მინისტრის მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების რაიმე ნიშნების არსებობას.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული შერწყმა/რეორგანიზაციის გათვალისწინებით, იმ უფლებამონაცვლე სამინისტროებს და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული პროცესი, უნდა უზრუნველეყოთ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო წესს გარდამავალი, შერწყმა-რეორგანიზაციის პერიოდისათვის. უკონკურსოდ გადაყვანის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ თანამდებობაზე გადასაყვანი პირის კვალიფიკაცია და შესაბამისობა კონკრეტული თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, განხორციელდა სამინისტროების შერწყმა/რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა ყოფილ სამინისტროებში დასაქმებულ პირთა გადანიშვნა შესაბამის თანამდებობეზე, მათ შორის, თეიმურაზ მთივლიშვილისაც, რომელიც გადაყვანილი იქნა სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. თეიმურაზ მთივლიშვილი სრულიად აკმაყოფილებს ამ პოზიციისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებულია სააგენტოს უფროსის ბრძანებით 2017 წლის ბოლოს. გასათვალისწინებელია, ისიც რომ სააგენტოს ყოფილ უფროსს, შეეძლო არ დაეკმაყოფილებინა თეიმურაზ მთივლიშვილის განცხადება და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მის ამ პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. საჯარო სამსახურში მოხელეები პოზიციებს უნდა იკავებდნენ პროფესიული ნიშნითა და კვალიფიკაციის მიხედვით. თუკი შემდგომ სამუშაო პროცესში გამოვლინდება, რომ მოხელე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეოებებს ჯეროვნად, ამისათვის, კანონმდებლობით არსებობს შეფასების სისტემა, რაც აძლევს ხელმძღვანელს შესაძლებლობას მიიღოს მისი გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 15 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ გაავრცელა საჯარო განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რაც, მისი თქმით, განპირობებული იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მიერ მასზე ზეწოლის განხორციელების გამო. თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯერ სთხოვა, ხოლო შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა კონკრეტული პირის - თემურ მთივლიშვილის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი) დანიშვნა.
საია-ს შეფასებით, აღნიშნული შემთხვევის ანალიზი ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ქმედებებში იკვეთება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს პროკურატურა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები.