ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2018

ცივილიზებული სამყაროს მხარდასაჭერად სოლიდარობის რა ფორმა შეიძლება, გამოიყენოს საქართველომ?რუსეთი საქართველოსთან "უპრეცედენტო მოცულობის" არმიის შეყვანას იწყებსბიტკოინურმა მაქინაციებმა შეიძლება, ხალხი უსახლკაროდ დატოვოს ***

ცივილიზებული სამყაროს მხარდასაჭერად სოლიდარობის რა ფორმა შეიძლება, გამოიყენოს საქართველომ?

"ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის თოთხმეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო: გერმანიას 4 რუსი დიპლომატი დატოვებს, პოლონეთს - 4, დანიას - 2, საფრანგეთს - 4, ჩეხეთს - 3, ლატვიას - 1, ესტონეთს - 1, ლიტვას - 3, იტალიას - 2, ნიდერლანდებს - 2, რუმინეთს - 1, ფინეთს - 1, ხორვატიას - 1. ასევე, კანადის ტერიტორიას 4 დიპლომატიური სტატუსის მქონე პირი დატოვებს, უკრაინის პრეზიდენტმა კი ქვეყნიდან 13 დიპლომატი გააძევა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები 60 რუსი დიპლომატის გაძევებასთან ერთად ქალაქ სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულოს დახურავს", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ცივილიზებული სამყაროს მხარდასაჭერად სოლიდარობის რა ფორმა შეიძლება, გამოიყენოს საქართველომ?

"სოლიდარობა, პირველ რიგში, საქართველომ უნდა გამოხატოს, მთელი ქვეყანა ოკუპირებულია. არანაირი რესურსი არ არის გამოყენებული, შესანიშნავი ფორმებია: გაგზავნა, მიმართვა, პოზიციის გამოხატვა. საქართველო თვითონ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, არა მარტო დადებულ სანქციებზე უცხადებდეს სოლიდარობას, არამედ ითხოვდეს კიდევაც ზომების მიღებას. ევროკავშირი, გაერო, ყველა ინსტიტუცია გამოყენებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, დიპომატიური ფორმის დაცვით ამ ყველაფერში მონაწილეობა უნდა მივიღოთ", - აღნიშნავს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი

"ვფიქრობ, პირიქით არის, ეს ქვეყნები გვიწევენ ჩვენ სოლიდარობას, როგორც დაჩაგრულებს რუსეთის მხრიდან. კარგი იქნებოდა, მოსკოვის გამზირისთვის სახელი შეგვეცვალა, ვფიქრობ, ეს სიმბოლური, მაგრამ ძალიან ძლიერი ნაბიჯი იქნება პოზიციის გამოსახატავად", - აცხადებს მხატვარი გია ბუღაძე

"დიპლომატიური ურთიერთობების დროს ეს ბუნებრივი ფაქტია, ერთმა სახელმწიფომ მეორეს გარკვეული ნიშნით შეუზღუდოს უფლებები, გააძევოს. მესამე სახელმწიფომ საკუთარი სიხარული თუ მწუხარება ამ ფაქტთან დაკავშირებით რატომ უნდა დააფიქსიროს, ვერ ვხვდები. არ მგონია, სახელმწიფოს ფუნქციის სისწორე იყოს ან ტაშის დაკვრა, ან გაკრიტიკება მსგავსი ფაქტის", - დასძენს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე

რუსეთი საქართველოსთან "უპრეცედენტო მოცულობის" არმიის შეყვანას იწყებს

“რუსეთი საქართველოს უშუალო სიახლოვეს, ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში "უპრეცედენტო მოცულობის" არმიის შეყვანას იწყებს, საუბარია დამატებით 2 დივიზიაზე, რომლებიც თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი იქნება, ასევე იგეგმება სამხედრო ქალაქების აშენება და ეს ყველაფერი მზად 2018 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ძალების დანიშნულება "რეგიონში ნატო-ს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით რუსეთი საქართველოსთან "უპრეცედენტო მოცულობის" არმიის შეყვანას იწყებს / "დამატებით 2 დივიზია საქართველოსთან იქნება განლაგებული, საიდანაც ისინი განახორციელებენ შეტევით ოპერაციებს"

"ქართულ სამხედრო წრეებში აცხადებენ, რომ, ვლადიმირ პუტინის მეოთხე გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაციებისა და სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა უფრო და უფრო იზრდება. საფრთხე რეალურია და ეს აშკარად ბევრ რამეში ჩანს. არა მარტო იმით, რომ მოსკოვმა უკვე საკმაოდ მოუხშირა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე მუქარანარევი განცხადებების გაკეთებას თუ არმიის გაძლიერებას, არამედ კონკრეტულად იმით, რომ არმიის უპრეცედენტო მოცულობის ფორმირება ხდება უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, პუტინმა პრეზიდენტობის ახალი ვადის მეორე დღესვე პირველი, რაც გააკეთა იყო, რომ რეზერვისტთა ორთვიანი მობილიზაცია გამოაცხადა და ეს - "სამხედრო მობილიზაცია" არის მისი მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ის მზადაა სამხედრო თავდასხმებისთვის“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, რეზერვისტების გაწვევით, ფაქტობრივად, ფარული მობილიზაცია გამოაცხადა. ასევე, მან დაიწყო დამატებითი დივიზიების, ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის შენაერთების შექმნა. ის უბრუნდება საბჭოთა შეტევითი ტიპის დოქტრინალურ პრინციპს. რუსეთი დამატებით 2 დივიზიას ქმნის კავკასიის რეგიონში, სამხრეთის ფედერალურ სამხედრო ოლქში და ორივე დივიზია საქართველოს უშუალო სიახლოვეს იქნება განლაგებული, საიდანაც ისინი განახორციელებენ შეტევით ოპერაციებს. დივიზიაში 10 000 სამხედროა. ორი დივიზია ნიშნავს 20 000 დამატებით სამხედროს ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს. პლუს, კიდევ აქვეა 58-ე არმია, რომელშიც 2 დივიზია შედის. ეს საკმაოდ სერიოზული გააქტიურებაა და საქართველოს წინააღმდეგ საფრთხე რეალურია. თუ საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს, მედვედევის ბრძანების შემდეგ, რუსეთს ძალების მობილიზაციისა და შეტევისთვის რამდენიმე დღე დასჭირდა, ახლა ამ შენაერთების შექმნით პუტინს თავდასხმაზე ბრძანების გაცემის შემდეგ მხოლოდ 2-3 საათი დასჭირდება შეტევისთვის", - განაგრძობს გამოცემა.

"რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავკასიაში უპრეცედენტო მოცულობის არმია შეჰყავს და აძლიერებს ქვეყნის სამხრეთში მთავარ დამრტყმელ ძალას - 58-ე არმიას. იქმნება 2 მოტომსროლელი დივიზია, რომელიც უახლესი სამხედრო ტექნიკით აღიჭურვება. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ბმპ-3-ისა და ტ-72ბ3-ის ტიპის უახლესი ტექნოლოგიის ტანკებიც იქნება, რომლებიც წინა ვერსიებისგან გაძლიერებული ჯავშანდაფარვითა და უფრო მძლავრი ძრავათი განსხვავდება. არმის ნაწილი შეყვანილია კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, იგეგმება ახალი სამხედრო ქალაქის აშენება მოზდოკსა და ვლადიკავკაზში. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ახალი დივიზიები 58-ე არმიის შემადგენლობაში მე-19 და 131-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადების ბაზაზე ჩამოყალიბდება, შემდგომში კი მათ დამატებით ბატალიონებსა და პოლკებს შემატებენ. რუსული მედიის ცნობით, ეს ყველაფერი 2018 წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება და რუსეთი ამგვარად აყალიბებს ძალებს, რომელთა დანიშნულება "რეგიონში ნატო-ს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება". ასევე, აღსანიშნავია ის, რომ 2 დღის წინ "რუსთავი-2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარია ჰაკერების მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გამოტანილ საიდუმლო სამხედრო გეგმაზე, თუ როგორ აპირებს კრემლი საქართველოს დაპყრობას“, - დასძენს გამოცემა.

"ტელეკომპანიის ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთ დახურულ ჯგუფშია გავრცელებული და საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა მოხდეს აშშ-ისთვის, თურქეთისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებისთვის საქართველოსკენ მომავალი გზების ჩაკეტვა, სტრატეგიული წერტილების დაბომბვა და ტერიტორიების მთლიანად დაკავება. დოკუმენტი 2012 წელს არის შედგენილი და, ექსპერტების ნაწილის თქმით, ფაქტები ან გარემოებები შეიძლებოდა, შეცვლილიყო, თუმცა, მათივე განცხადებით, უცვლელია რუსეთის გეგმა, საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციები გააგრძელოს. ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ეს "ჰაკერული ინფორმაცია", დიდი ალბათობით, რუსეთის გენშტაბმა სპეციალურად შემოაგდო ორი მიზნისთვის, პირველი - ამით გააფრთხილა საქართველო, რომ შეტევას რეალურად აპირებს და მეორე, საგანგებოდ შეცვალა ის ადგილმდებარეობა, საიდანაც შეტევის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რომ ამით დააბნიოს საქართველო. მაისაიას თქმით, კავკასიაში რუსები 2 დივიზიის შექმნას იწყებენ და ამით სულ სხვაგვარად იგეგმება საქართველოში შემოჭრა, ეს ჰაკერული ინფორმაცია კი სხვა მიმართულებიდან შემოჭრაზეა და ყურადღების გადატანას ემსახურება იმიტომ, რომ ამით იგულისხმება არა დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან გრავიტაციული ცენტრის შექმნა. აღმოსავლეთის მიმართულებიდან მოხდება ძალის დემონსტრირება. ამას ჰქვია სიგნალური დიპლომატია და ეს შემთხვევით არ გაუვრცელებიათ. ერთი, ეს ინფორმაცია იყო გაფრთხილება, ჩვენ (რუსები) გაფრთხილებთ, რომ მზად ვართ ასეთი ქმედებისთვის, უბრალოდ, შეგნებულად არასწორად გაავრცელეს გრავიტაციის ცენტრი, რომ ჩვენ გაურკვევლობაში ვყოფილიყავით. გრავიტაციის ცენტრი - ასეთი ტერმინი არსებობს სამხედრო სტრატეგიაში და ეს არის ის გეოგრაფიული თუ გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, რომლიდანაც მოწინააღმდეგე აპირებს კონცენტრაციის გაკეთებას შეტევისათვის. ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში 2 დივიზიის დამატება მოასწავებს ამ ყველაფერს", - წერს სტატიის ავტორი.

ბიტკოინურმა მაქინაციებმა შეიძლება, ხალხი უსახლკაროდ დატოვოს

"ბიტკოინის სახელით მოქალაქეებს ფინანსურ მაქინაციებში ითრევენ. ციფრული ვალუტის გაყიდვა ქსელური მარკეტინგის ფორმას იღებს. თუკი ადრე ვსაუბრობდით, რომ ხალხს კრიპტოვალუტის აპარატურის შესაძენად სესხს სთავაზობენ, ახლა აქტიურად იყენებენ "ესემეს" გზავნილებს და ხალხს ბიტკოინის შესაძენად ეპატიჟებიან. სპეციალისტების აზრით, დიდია მცდელობა, ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზარდოს. შეიძლება, მისი შეძენით ვიღაცამ ნამდვილად მოიგოს, მაგრამ გაცილებით მეტია წაგების რისკი, რაზეც პასუხისმგებელი არავინაა. ბიტკოინის მუდმივად ცვალებად პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ საკმაოდ ბევრმა იზარალა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი ფასი 8-9 ათასი დოლარის ფარგლებშია, მაშინ როცა დეკემბრის ბოლოს 18 ათას დოლარსაც აჭარბებდა, თანაც მისი კურსი დაცემას განაგრძობს. მაგალითად, გუშინ კრიპტოვალუტამ ერბთაშად 550 დოლარი დაკარგა და 8 000 დოლარის მიჯნაზე დაეშვა. ციფრული ვალუტის ღირებულება დაბლა იწევს. შესაბამისად, წააგო უკლებლივ ყველამ, ვინც ბიტკოინი დეკემბერ-იანვარში იყიდა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბიტკოინურმა მაქინაციებმა შეიძლება, ხალხი უსახლკაროდ დატოვოს

"როგორც ფინანსისტები ვარაუდობენ, ბიტკოინთან დაკავშირებული სხვადასხვა მაქინაციის გამო შეიძლება, ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩეს. მოსახლეობას სთავაზობენ კრიპტოვალუტის ყიდვას ისე, რომ ელემენტარული ცოდნაც არ აქვს, სად შეიძინოს "ვირტუალური ქონება" და როგორ "გამდიდრდეს ერთბაშად", როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ რამდენადაც არ უნდა დაზარალდეს ადამიანი ბიტკოინის შეძენით, პასუხისმგებელი არავინაა. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადებები, რათა მოსახლეობა მავნე ფინანსური პროდუქტებისგან დაიცვას. თუთბერიძის თქმით, ბიტკოინი ჩვეულებრივი სავაჭრო საქონელია და მასთან დაკავშირებით ფასის პროგნოზი წარმოუდგენელია. წინსწარ არავინ იცის, როგორ შეიცვლება საფასო დინამიკა და რა პერსპექტივა აქვს ციფრულ ვალუტას ფინანსურ ბაზარზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ყიდვა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება სატელეფონო გზავნილებს, ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი, რათა ბევრმა შეიძინოს ბიტკოინი და მისმა ფასმა აიწიოს. მოთხოვნის ზრდა ერთგვარი სტიმულია ვირტუალური ბიზნესისთვის და მოქალაქეების მოსაზიდად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. საბოლოო ჯამში, ადამიანმა არ უნდა გარისკოს, როცა მას არ აქვს შესაძლებლობა და თავისუფალი რესურსი, რომლის გამოყენებაც შეუძლია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თუთბერიძის თქმით, ჩამოყალიბებული სიტუაცია ციფრული ვალუტების ბაზარზე არ არის. ესაა მომავლის ტექნოლოგია და ხელაღებით მისი უარყოფა არ შეიძლება. ამჟამად მთელ ოპერაციაზე პასუხისმგებელი არავინაა და საკუთარი გადაწყვეტილების მიმართ ყველა ინდივიდუალურად აგებს პასუხს. ეს არც ეროვნული ბანკის ან რომელიმე სხვა ცენტრალური ორგანოს კომპეტენციაა, თუმცა სებ-მა აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადებები, რადგან მავნე ფინანსური პროდუქტებისგან მოსახლეობის დაცვა მას ევალება", - აცხადებს თუთბერიძე და ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ რისკზე, რაც დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ბიტკოინში ინვესტირების შემთხვევაში ემუქრებათ. როგორც ჩანს, ფულის კეთების ახალი სქემა შეიმუშავეს. ადამიანი შეიძლება, "გამდიდრების" სურვილით გაბრიყვდეს. იმას ვერავინ აცნობიერებს, რომ ბიტკოინის ღირებულება დაბლაც შეიძლება წავიდეს. თითქმის ყველა შემთხვევაში ფინანსისტების დამოკიდებულება ციფრული ვალუტის მიმართ ერთნაირია. მე, მაგალითად, ბიტკოინი არ მაქვს და ვიცი, არც მექნება. სპეციალისტებს მის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს, თამამად შემიძლია თქმა, რომ ფინანსისტები არ ენდობიან ბიტკოინს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ციფრულ ვალუტას არ აქვს მომავალი", - განაგრძობს გამოცემა.

"ბიტკოინის რეალიზაციასთან დაკაშვირებულ მანიპულაციებს ეხმაურება საბირჟო საქმის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და ხალხს სწორი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარონ, რაც ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ხომიზურაშვილის თქმით, ხალხი მეტ-ნაკლებად უნდა იყოს გათვითცნობიერებული, რა არის კრიპტოვალუტა, "ფორექსი". სხვათა შორის, ამ უკანასკნელზეც დიდ თანხას კარგავს ხალხი. ქვეყანაში საინვესტიციო დონეა ასამაღლებელი. შესაძლებელია, საზოგადოებრივ არხზე გაკეთდეს სპეციალური გადაცემა, რომელშიც ახსნიან სიტუაციას და მოსალოდნელ საფრთხეზე ისაუბრებენ. ვერავის აუკრძალავ, რომ შეთავაზება გააკეთოს, სანამ მაქინაციებზე არ დაიჭერენ, უნადაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს. მოსახლეობაც უნდა იყოს აზრზე, რასთან აქვს საქმე. შესაძლოა, ზოგიერთი მართლაც აჰყვეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რადგან ამ ეტაპზე მათ გააჩნიათ მხოლოდ ვარაუდი, იმედი და ბევრი მოტყუვდება. მიმაჩნია, რომ ინფორმირებულობის დონემ უნდა მოიმატოს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, კანონი არ ითხოვს დეზინფორმაციის მიწოდებისთვის სასჯელს, მაგრამ პოტენციური მომხმარებლის დაცვა აუცილებელია. მარტივად რომ ავხსნათ, ბიტკოინი არის ვალუტა, რომელიც არსებობს მხოლოდ ინტერნეტსივრცეში და შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთმა ადამიანმა უშუალოდ სხვა ადამიანს გაუგზავნოს ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ამდენად, იგი მხოლოდ და მხოლოდ "ვირტუალური ფულია", რომელიც არ კონტროლდება რომელიმე სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ. მაშასადამე, ინვესტიცია კრიპტოვალუტაში შეგვიძლია შევადაროთ აზარტულ თამაშს და ამ რისკზე არ ღირს წასვლა, თუ ადამიანს არ აქვს არანაირი გამოცდილება ფინანსური საქმიანობის ოკეანეში“, - წერს სტატიის ავტორი.