ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2018

მოსკოვის პასუხი დასავლეთს - "პუტინი ომს ვერ დაიწყებს, ნატოს შეიარაღება 10-15-ჯერ უფრო ეფექტურია"ჯარიმების გაზრდა მოაგვარებს თუ არა გარევაჭრობის პრობლემას თბილისში?

***

მოსკოვის პასუხი დასავლეთს - "პუტინი ომს ვერ დაიწყებს, ნატოს შეიარაღება 10-15-ჯერ უფრო ეფექტურია"

“დასავლეთის მხრიდან რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებას რუსეთის საგარეო უწყება უტიფრობას უწოდებს და შესაბამისი პასუხის გაცემით იმუქრება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთი იზოლაციაშია და გარდა დასავლელი დიპლომატების გაძევებისა, სხვა აღარაფერი დარჩენია, რადგან მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ომს დღეს უკვე ვეღარ შეძლებს. იმასაც აღნიშნავენ, რომ დასავლეთი ამით არ შეჩერდება და ამ ყველაფერს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაც მოჰყვება. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები, ჯამში, 135 რუს დიპლომატს გააძევებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მოსკოვის პასუხი დასავლეთს - "პუტინი ომს ვერ დაიწყებს, ნატოს შეიარაღება 10-15-ჯერ უფრო ეფექტურია"

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ასეთი ქმედების მოთმენას მოსკოვი არ აპირებს და საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება. "ვუპასუხებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. ასეთი უტიფრობის მოთმენა არავის სურს და არც ჩვენ ვაპირებთ, ვითმინოთ", - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის 60 დიპლომატის გაძევება უკვე დააანონსეს. კითხვაზე, რა შეიძლება იყოს რუსეთის შემდეგი საპასუხო ნაბიჯი? - პოლიტოლოგები პასუხობენ, რომ რუსეთს, გარდა დასავლეთის დიპლომატების გაძევებისა, სხვა ბერკეტი აღარ გააჩნია, რადგან ის უკვე საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ რუსი დიპლომატების გაძევებით პროცესი დაიწყო, რომელიც სანქციების გამკაცრებით გაგრძელდება და ასე მარტივად არ დასრულდება. როგორც ჩანს, ეს არის დინამიკური პროცესი, რომელიც ასე მარტივად არ შეჩერდება. ამის შემდეგ უკვე მოსალოდნელია სანქციებზე გადასვლა, რადგან დიპლომატთა გაძევება ორმხრივია. თუ აშშ-მ და ევროპამ რუსი ელჩები გამოაძევა, ამას რუსეთიც უპასუხებს, ალბათ სიებიც უკვე მზად აქვთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიპლომატები ორმხრივად გაძევდებიან, მერე კი სუფთა ფურცლიდან ნორმალიზაცია დაიწყება. მინიმუმ, ველოდები, რომ ამის შემდეგ საუბარიც კი აღარ იქნება რუსეთის მიმართ სანქციების შერბილებაზე, მით უმეტეს გაუქმებაზე. მოსალოდნელია ახალი სანქციების დაწესება. ეს ალბათ იქნება წერტილოვანი, ასევე იურიდიული და ფიზიკური სანქციები. ყოველ შემთხვევაში, კაცობრიობა უდიდესი ნაბიჯებით მიდის ახალი ცივი ომისაკენ. რა მოუტანა საბჭოთა კავშირს პირველმა ცივმა ომმა, ვნახეთ, ახლა დავაკვირდებით, რას მოუტანს რუსეთს მეორე ცივი ომი", - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომელიც ვარაუდობს, რომ რუსეთი დასავლეთს რადიკალური ნაბიჯებით ვერ უპასუხებს, რადგან ამის რესურსი არ გააჩნია“, - განაგრძობს გამოცემა.

"ცინცაძის თქმით, რუსეთი, პრაქტიკულად, ვერაფერს უპასუხებს. როგორც წესი, ისტორიულად, ასეთ დროს მეფის რუსეთი ომს იწყებდა ხოლმე, მაგრამ დღეს ეს გამორიცხულია. პუტინი ომს ვერ დაიწყებს. მან რაც უნდა იტრაბახოს თავისი ახალი რაკეტებით, აშშ-ზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ნატოს შეიარაღებაც კი 10-15-ჯერ უფრო ეფექტურია. ამიტომ რუსეთს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ომი არ შეუძლია. ახლა მას მხოლოდ იმის შესაძლებლობა აქვს, რომ სარკისებურად, ზუსტად ანალოგიურ სტილში უპასუხოს დასავლეთს და დიპლომატები გააძევოს. შესაბამის სანქციებსაც კი ვერ დააწესებს, რადგან ამერიკელ ან ევროპელ მილიარდერებს თავიანთი ოჯახები რუსეთში საცხოვრებლად არ გადაჰყავთ და არც თავიანთი ძირითადი აქტივი გადააქვთ რუსულ ბანკებში. მისი თქმით, ახლა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით მეტი და ეფექტური ბერკეტები აქვს, რაც შედეგს გამოიღებს. ინგლისში უკვე ასახელებენ 500 რუს ოლიგარქს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ახლა მათ გაძევებაზე მიდის საუბარი. ეს ინფორმაცია ჯერ მხოლოდ პრესაში გამოჩნდა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ზე, სადაც დღეს ათასობით რუსი ოლიგარქი იღებს ცივილიზებული სამყაროს მთელ სიკეთეს. მათთვის ამის დაკარგვა და უკან, პუტინის რუსეთში, დაბრუნება, რა თქმა უნდა, სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ ევროპას უფრო ფართო სპექტრი და პოტენციალი აქვს, რომ რუსეთი დააზარალოს. მოსკოვი შეზღუდულია თავისი რესურსებითა და შესაძლებლობებით. მას არაფერში გამოადგება ის რაკეტები, რომლითაც პუტინი ამ ერთი თვის წინ ასე ტრაბახობდა. ეს არის მკვდარი კაპიტალი, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებს. რუსეთი უკვე იზოლაციაშია, რნაც კიდევ უფრო ღრმავდება", - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე პროგნოზირებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ქმედება ამ დიპლომატიური ზომებით არ დასრულდება. ჯერ ერთი, ადრე მიღებული სანქციები ავტომატურად გაგრძელდება ხოლმე. ამავე დროს, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ახალი ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციები. დასავლეთში კარგად ესმით, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას მსგავსი სანქციებით პოლიტიკას ვერ შეაცვლევინებენ, თუმცა სხვა გზა არ რჩებათ. სხვა გზა ომია, რაც არავის სურს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუს დიპლომატთა გაძევების მიზეზი მხოლოდ სკრიპალების მოწამვლა არაა, ეს სანქციების ომის გაგრძელებაა. ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც არ უერთდებიან ევროკავშირის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს, თუმცა არც აშშ, არც ევროპის წამყვანი სახელმწიფოები არ აპირებენ, რუსეთის ლიდერის მუქარის შემცველი მიმართვის შიშით მოსალაპარაკებლად დაჯდომას. ასე რომ, ცივი ომის რიტორიკა, სანქციების ომი და გამალებული შეიარაღება, ამ პროცესების მომსწრენი ვიქნებით ახლო მომავალში", - წერს სტატიის ავტორი.

ჯარიმების გაზრდა მოაგვარებს თუ არა გარევაჭრობის პრობლემას თბილისში?

"თბილისში უნებართვო გარევაჭრობა, 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დასჯადი ქმედება იქნება. პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, თბილისში უნებართვო გარევაჭრობისათვის ჯარიმის ოდენობა მკაცრდება.

კანონპროექტით, გარევაჭრობის განმეორებით შემთხვევაში პირს, 100 ლარის ნაცვლად, 300 ლარით დააჯარიმებენ. ასევე, იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებლობისათვის დაწესებული ჯარიმაც 50 ლარიდან 200 ლარამდე. ამავე კანონპროექტით, უნებართვო გარევაჭრობა სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით გამოიწვევს 1000-ლარიან ჯარიმას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ჯარიმების გაზრდა მოაგვარებს თუ არა გარევაჭრობის პრობლემას თბილისში?

"საერთოდ, საშინელებაა ეს გარევაჭრობა. მესმის, რომ ადამიანები ამით ორ კაპიკს შოულობენ და სხვა გამოსავალი არ აქვთ, მაგრამ ეს მერიამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვაროს. ყველა საკოლმეურნეო ბაზარი, ფაქტობრივად, ცარიელია. დირექტორებთან ერთად მოლაპარაკება უნდა შედგეს, რომ გარემოვაჭრეებს პატარა გადასახადი დაუწესონ, რათა ამ ბაზრებში შეუშვან. დღესდღეობით ჯარიმები არ ამართლებს. თუ დააჯარიმებენ, სხვა ადგილას გადავლენ და იქ ივაჭრებენ. ამას ძირეულად უნდა მიხედვა. აცილებელია, რომ ამ ხალხისთვის ადგილი გამოინახოს და მათ ფული სხვანაირად, ადგილებში გამოართვან. კეთილგანწყობით უნდა მოგვარდეს, ქუჩაში დგომა არავის არ უხარია", - აღნიშნავს ჟურნალისტი ანა რატიანი

"გარევაჭრობის პრობლემას, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დასაქმება მოაგვარებს. გარევაჭრობა გაჭირვებისა და უკიდურესი სიღატაკის ბრალია. რასაკვირველია, ამ პროცესს ჯარიმებით შეიძლება ებრძოლო, მაგრამ წარუმატებელი იქნება", - აცხადებს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

"საერთოდ, ვერავითარი ჯარიმების გაზრდა ვერავითარ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეს ცნობილი ამბავია. ჯარიმები კი არა, ერთხანს ხელისუფლება გარემოვაჭრეთა პირდაპირ რბევაზე გადავიდა. პოლიციის დახმარებით გარემოვაჭრეებს აწიოკებდნენ, მაგრამ ისინი უფრო ჯიუტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე პოლიციელები. ამას გონივრული განსჯა და გადაწყვეტა სჭირდება. თუ იმ ადგილებში, რა ადგილებიც თბილისელმა მოქალაქეებმა უკვე იციან, გააკეთებენ რამე კომფორტულ დახლებს და წვიმასა და ქარში მსხდომ მოქალაქეებს ამ გადახურულ დახლებს შესთავაზებენ, მგონი, პრობლემა უკეთესად მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაიჭრება, თორემ გარემოვაჭებს ყურში რომ სტაცებ ხელს და ეტყვი - წადი აქედანო, მან იცის, რომ მისი გასაყიდი საქონელი განწირულია გაუყიდაობისთვის. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ეს ომი გარემოვაჭრეებსა და ხელისუფლებას შორის. რა სიჯიუტეა ამ გაუბედურებული ხალხის მიმართ. ვის უხარია ცის ქვეშ, წვიმაში, ქარში, მტვერსა და უბედურებაში გარეთ ჯდომა. მაგრამ იმ ე.წ გარემოვაჭრემ სახლში საღამოს პურის ფული უნდა მიიტანოს, მთელი საიდუმლო ამაშია. მათ კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ვაჭრობისათვის პირობები შევუქმნათ", - დასძენს მწერალი რეზო მიშველაძე