ქართული პრესის მიმოხილვა 29.03.2018
აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ იარაღდება - "ეს იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება"ეპისკოპოსების ნაწილი ახალი "რუის-ურბნისის" გამართვას ითხოვს - თეოლოგიუნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო დასავლეთის ქვეყნების კამპანიას და გააძევოს თუნდაც ერთი რუსი დიპლომატი? * * *
აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ იარაღდება - "ეს იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება"
"დასავლეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების პარალელურად, ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის საზღვართან, შეიარაღებას აძლიერებს. პოლონეთმა ქვეყანაში ამერიკული სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების - "პატრიოტის" განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა. გარიგება ყურადსაღებია მისი მასშტაბითაც - ამერიკული სარაკეტო სისტემები ვარშავას თითქმის 5 მილიარდი დოლარი დაუჯდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს რუსეთისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება, რადგან ამას ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ახლა უკვე მოსკოვი შეეცდება, გადავიდეს გავლენის იმ ზონებში, სადაც აშშ-ს გარკვეული პოზიცია აქვს. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ეს სისტემები უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და პოლონეთის ჯარის ინტეგრაციას აშშ-ის არმიასთან.", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ იარაღდება - "ეს იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება".
"რუსეთის წინააღმდეგ განცხადებები არ წყდება აშშ-დანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა რუსეთი "ზღვის სიღრმეების ბინადარ ცხოველს" შეადარა, რომელსაც გრძელი საცეცები აქვს და სხვა ქვეყნების მიმართ ინტერესს ინარჩუნებს. მისივე თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საჭიროა, რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს სერგეი სკრიპალის საქმეზე - "რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მიმავალი გზა ღია რჩება, მაგრამ თუ რუსეთს ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შეწყვიტოს აგრესიული საქმიანობა", - დასძინა მან. ამას ემატება ისიც, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო რუსეთს სანქციები კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. თავად რუსეთში აცხადებენ, რომ სერგეი სკრიპალის საქმეში რუსეთის კვალის დამადასტურებელი ადეკვატური და დამაჯერებელი მტკიცებულებები მოსკოვისთვის არ წარუდგენიათ და "ის, რაც მედიაში ვრცელდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს". სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ახლა უკვე რუსეთი აშშ-ის გავლენის ზონებში გადასვლას შეეცდება. ანალიტიკოსი არც ომის ახალი კერების გაჩენას გამორიცხავს - აღნიშნავს გამოცემა.
"რუსეთი ალბათ შეეცდება, რომ ახლა უკვე გადავიდეს გავლენის იმ ზონებში, სადაც აშშ-ს აქვს გარკველი პოზიციები. ეს არის შავი ზღვისპირეთი, რატომღაც ახლა ვითარება იძაბება კოსოვოში. ზოგიერთები საუბრობენ ახალი ომის პერსექტივაზე კოსოვოსა და სერბეთს შორის. როგორც ჩანს, რუსები ამერიკის გავლენის ზონაში პოზიციების აღებას შეეცდებიან. ალბათ ასევე სირიაში თავის ბაზას გააფართოებენ. ხელს შეუწყობენ იმასაც, რომ თურქეთი შევიდეს ერაყში და თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ თურქეთი აშშ-ის უცხადებს არაფორმალურ ომს. რუსეთი შეეცდება, სტრატეგიულ მოკავშირეებზე იქონიოს ამ მხრივ გავლენა. ვგულისხმობ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი რუსი დიპლომატების გაძევებას. რაც შეეხება პოლონეთში აშშ-ის სარაკეტო და საჰაერო სისტემების განთავსებას, ეს პირდაპირ უკავშირდება რუსეთს, რადგან ამას თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოსკოვი, სწორედ ამის გამო დაიწყო ახალ ცივ ომში ჩაბმა და ახალი შეიარაღებული რბოლის გაჩაღება. ეს იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
ეპისკოპოსების ნაწილი ახალი "რუის-ურბნისის" გამართვას ითხოვს - თეოლოგი
ეპისკოპოსების ნაწილი რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრების ჩატარებას ითხოვს და ემზადებიან, რომ სინოდის კრებაზე, რომელიც აპრილში (ყველაზე გვიან მაისში) აუცილებლად ჩატარდება, კრების მოწვევის საკითხი დასვან. თეოლოგი ვლადიმერ ნარსია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია ეპისკოპოსთა ნაწილის მხრიდან საეკლესიო კრების გამართვის სურვილზე და დასძენს, რომ აუცილებელია საეკლესიო კრების გამართვა, სადაც ყველაზე კარგად გამოჩნდება, რა პრობლემებია საპატრიარქოში, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც უფრო დემოკრატიულად მოხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ეპისკოპოსების ნაწილი ახალი "რუის-ურბნისის" გამართვას ითხოვს - თეოლოგი.
"რუის-ურბნისის კრებასთან პარალელი მეტაფორული თქმაა და იგულისხმება სურვილი, რომელიც აქვს სასულიერო იერარქიის ერთ ნაწილს, მათ შორის ეპისკოპოსებს, რომ ასეთი კრება ჩატარდეს. ცალკეული ეპისკოპოსებისგან ამაზე ინფორმაცია მეც მაქვს. კრების მოწვევის მიზანია დაიწყოს ეკლესიაში არსებული პრობლემების მოგვარება. ამ თავლსაზრისით შეიძლება რუის-ურბნისთან პარალელის გავლება...", - ამბობს ნარსია. პირველად რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობაზე ერთი წლის წინ მარტში განაცხადა ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრე ცაავამ, როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ეკლესიის შიგნით ფინანსური მაქინაციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და დიდი ურთიერთბრალდებებიც დაიწყო. მაშინ მტყუან-მართლის გასარკვევად ჭყონდიდი ეპიკოპოსმა თქვა, რომ საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქმნას. მეტიც, რუის-ურბნისის მსგავსი მამხილებელი საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს. მაშინ მის მოთხოვნას სინოდის დანარჩენი 46 ეპისკოპოსიდან არც ერთმა არ დაუჭირა მხარი ახლა კი დიდი კრების გამართვაზე საუბარი ისევ გააქტიურდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორ ელისო კილაძის ინფორმაციით, საპატრიარქოში მეუფეების ერთი ნაწილი აპრილში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გამართვის ინიციატივით გამოდის და მათ შორის არის მეუფე იობიც, რომელიც ამ დრომდე არც ერთ საეკლესიო სკანდალში არ გამოჩენილა. საჯაროდ არ თქმულა რამდენი ეპისკოპოსი და კონკრეტულად ვინ უჭერს მხარს დიდი კრების ჩატარებას - საპატრიარქოში ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ დაახლოებით 15-მდე ეპისკოპოსია მომხრე და ისინი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილის ე.წ. გუნდის წევრები არიან. მას შემდეგ, რაც თანამოსაყდრედ შიო მუჯირი დასახელდა, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლაში შიო მუჯირის კონკურენტად გამოჩნდა ეპისკოპოსი გრიგოლი და მას ეპისკოპოსთა შორის მხარდამჭერებიც ჰყავს", - განაგრძობს გამოცემა.
"თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, ეკლესიაში ბევრი პრობლემა დაგროვდა, გიორგი მამალაძის საქმე კი იყო მთელი ამ პროცესის კატალიზატორი. ახლა კი წინაპირობაც უფრო დიდია და ეპისკოპოსების ერთი ჯგუფის სურვილიც არის, რომ საეკლესიო კრება ჩატარდეს... საპატრიარქოში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ როგორც წესი, სინოდის კრება ტარდება წელიწადში ორჯერ, თარიღს ნიშნავს პატრიარქი. ამიტომ წინასწარ უცნობია, როდის დაინიშნება შეკრება და ასევე უცნობია რა საკითხები განიხილება და იქნება თუ არა მათ შორის საეკლესიო კრების გამართვის მოთხოვნა, რომელიც საჯაროდ ეპისკოპოსებს საპატრიარქოში არ უთქვამთ", - დასძენს გამოცემა.
უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო დასავლეთის ქვეყნების კამპანიას და გააძევოს თუნდაც ერთი რუსი დიპლომატი?
"სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის საქმის გამო, რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. გაძევებულ დიპლომატთა რაოდენობა ამ დროისთვის 136-ს შეადგენს. ქვეყნები, რომლებიც რუსი დიპლომატების გაძევებაში დიდ ბრიტანეთს შეუერთდნენ, არიან: აშშ, კანადა, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ალბანეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, უნგრეთი, დანია, ფინეთი, ხორვატია, შვედეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია, ავსტრალია. რუსეთმა უკვე უპასუხა მათ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევება უპასუხოდ არ ჩაივლის. ოპოზიციის განცხადებით, სოლიდარობის ნიშნად ნამდვილად შეიძლება სიმბოლურად ერთი ჯაშუშის გაგდება მაინც. შეგახსენებთ, რომ მართალია რუსეთთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვს, მაგრამ რამდენიმე რუსი დიპლომატი თბილისში შვეიცარიის საელჩოში გახსნილ რუსულ წარმომადგენლობაში მუშაობს", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო დასავლეთის ქვეყნების კამპანიას და უნდა გააძევოს თუ არა თუნდაც ერთი რუსი დიპლომატი?
"საქართველოს თავისი ინტერესები უნდა ჰქონდეს. ამაზე პასუხი საზოგადების ისეთ რიგით წევრებს, როგორიც მე ვარ, არ გააჩნია, რადგან ჩვენი საგარეო საქმეთა კონცეფცია და სტრატეგია არ ვიცით. გააჩნია, რა ადგილი უჭირავს ამას ჩვენს საგარეო სტრატეგიაში. თუ რუსეთთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ და საერთოდ ყველაფერი უნდა გავწყვიტოთ, მაშინ რა თქმა უნდა, უნდა გავაძევოთ. მაგრამ თუ ეს სტრატეგიაში არ ეწერება, არ უნდა გავაძევოთ. ამაში ბოლომდე ხელისუფლების წამყვანი პირების გარდა, ჩახედული არავინ არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპოდდენტთან საუბრისას არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე.
"ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ ხოლმე რამე ქმედება. პოლიტიკა გამიზნული და აწონ-დაწონილი უნდა გვქდეს. ვფიქრობ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს, სწორი არ არის. ყოველ შემთხვევაში თუ მთავრობა ფიქრობს, რომ უნდა გაკეთდეს მსგავსი რამ, კონსულტაციები უნდა გაიაროს დასავლეთის ქვეყნებთან. ჩვენი პროტესტი, რომელიც რუსეთისთვის გვაქვს განცხადებული, იმაზე მეტია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების ქმედებები", - ამბობს ისტორიკოსი გია ანჩბაძე.
"ჩემი გამოკვეთილი დამოკიდებულება მაქვს რუსეთთან მიმართებაში, რაც ვიღაცეებს არ მოსწონთ. ვთვლი, რომ საქართველო ყოველთვის უნდა შეუართდეს დასავლეთის სანქციებს, რადგან ჩვენ დახმარებას დასავლეთს ვთხოვთ. დასავლეთმა 60 რუსი დიპლომატი გააძევა და მიმაჩნია, რომ მის მიმართ სოლიდაურები უნდა ვიყოთ", - მიიჩნევს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.
"ეს უბრალოდ პოზიორობა იქნება, როდესაც ქვეყანას არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. მაგრამ, შესაძლოა სოლიდარობა ჩვენც გამოვუცხადოთ დასავლეთს, ისეთი როგორიც მათ ჩვენს მიმართ აქვთ. თუმცა ჩვენაირი ქვეყანა, რომლის უდიდესი ტერიტორიები ოკუპირებულია და თითქმის საომარ მდგომარეობაში იმყოფება, არა მგონია ამ გადაწყვეტილებით რამეს მოიგებს", - დასძენს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

























