ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2018

რას უპასუხებს მოსკოვი საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებასროგორ აფასებთ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას?თბილისში მგზავრებს უსამართლოდ აჯარიმებენ ***

რას უპასუხებს მოსკოვი საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას

"დასავლეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების მასობრივ აქციას საქართველოც შეუერთდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექციაში მომუშავე 10 თანამშრომლიდან ერთს ქვეყნის დატოვება ერთი კვირის ვადაში მოუწევს. ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსთვის ჯერჯერობით არ უპასუხია, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით ლავროვის უწყებამ განაცხადა, მოსკოვის პასუხი ევროპის მიმართ სარკისებური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლება მოსკოვიდან ერთ ქართველ დიპლომატს გამოაძევებს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი რუსეთის მიერ საქართველოსთვის უფრო მეტი პრობლემის შექმნას ელოდება."საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული სერიოზული გამოწვევაა საერთო უსაფრთხოებისთვის. "სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში", - ნათქვამია განცხადებაში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რას უპასუხებს მოსკოვი საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას / რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებზე მუშაობა მიმდინარეობს

"შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ლონდონი ამტკიცებს, მოწამვლაში მოსკოვი მონაწილეობდა. ბრიტანეთმა ამის საპასუხოდ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. სოლიდარობის ნიშნად ამ კამპანიას ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შეუერთდა. ბოლო მონაცემებით, რუს დიპლომატებს 28 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, გააძევებენ და, ჯამში, გაძევებულ დიპლომატთა რაოდენობა 137-ს შეადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს გადაწყვეტილებას რუსეთის სექციის თანამშრომლის გაძევებაზე, დიდი ბრიტანეთის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვად აფასებს. "ეს ფაქტი არის აშკარად მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა კონკრეტულად ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაშვება არის ამ სოლიდარობის დასტური", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თალაკვაძემ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ოფიციალური მოსკოვიდან ევროპისადმი საქართველოს სოლიდარობის ჟესტს რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია, თუმცა თავის დროზე რუსეთმა ევროპას უპასუხა, რომ მათი ქმედებაც სარკისებური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთიდან ერთ ქართველ დიპლომატსაც გააძევებენ, რომელთა რაოდენობა ანალოგიურია და იქაც 10 თანამშრომელი მუშაობს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი, დიპლომატის გამოძევების გარდა, უფრო მეტი პრობლემის შექმნას ელოდება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას პრევენციული ზომები მიღებული ექნება. ცინცაძის თქმით, როგორც ჩანს, გუშინდელი ჩაშლილი ჟენევის მოლაპარაკების ფონზე საქართველომ დასავლელი პარტნიორებისთვის სოლიდარობის გამოცხადება ამჯობინა და ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა. იმედია, ჩვენს ხელისუფლებას ბოლომდე ექნება ამის შედეგები გათვლილი. ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, პირველ რიგში, ოსი სეპარატისტებისათვის, რომ გააუარესონ ვითარება ახალგორში და, ასევე, აფხაზეთშიც. იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეს შედეგი გათვლილი და რაღაც პრევენციული ზომებიც მიღებული ექნება. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალი ჩვენი თანამემულე რუსეთში ცხოვრობს. იმედია, არ განმეორდება 2006 წლის მოვლენები, როდესაც პირუტყვის გადამზიდავი მანქანებით, არაადამიანური პირობებით ათასობით ქართველი გამოაგზავნეს", - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, ეს ჟესტი ასევე პრობლემებს შეუქმნის შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციას, სადაც ყოველდღიურად ასობით მოქალაქე დგას რიგში. ყოველდღე შვეიცარიის საელჩოს რუსულ სექციაში დიდი რიგია და ეს რიგი კიდევ უფრო გაიზრდება. თანაც ამ რიგში ქართველები არ არიან, მინიმალურია მათი რაოდენობა, ძირითადად ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა დგას. მეორე მხრივ, არის სოლადრობის გამოხტვა, არის რისკები და პრინციპიც. ასევე, საინტერესოა, რატომ ჩაიშალა ჟენევის შეხვედრა - ე.ი. არ იყვნენ ქართველი დიპლომატები მზად. თუ ასე გააგრძელა ქართულმა დიპლომატიამ მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმა, მაშინ ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. ჩვენ არ ვიცით, თვითონ ევროპა რამდენ ხანს იქნება ასეთ კონფრონტაციულ რეჟიმში. გამორიცხულია, რომ ეს გაგრძელდეს თვეების განმავლობაში. ევროპაში პრაგმატიკოსები ბლომად არიან. რუსებს ჭკუა ასწავლეს, დაანახეს, რომ ევროპის შიგნით განხეთქილებაზე ლაპარაკი არ არის და მერე ნელ-ნელა დაუბრუნდებიან რუსეთთან ურთიერთობას", - დასძენს გამოცემა.

"პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, რუსეთს პასუხის თავი არ ექნება. საყვარელიძის თქმით, ძალიან ჰარმონიულია იმ განწყობილებასთნ, რაც მსოფლიოშია დღეს. ამ მხრივ უდავოდ დადებითად შევაფასებ. რუსეთი ალბათ გვეტყვის - რატომ აჰყევით დასავლეთსო. მეორე მხრივ, დასავლეთის აყოლა ჩვენი მხრიდან ახალი არ არის, ჩვენ, დიდი ხანია, დასავლეთის პარტნიორები ვართ. რუსეთს ახლა ჩვენი პასუხის თავი არ ექნება, მაგის დრო არ არის. თუკი რუსეთს პასუხი მოუნდება, ალბათ დასავლელი მეგობრები გამოიჩენენ ისევ ისეთივე პარტნიორობას, როგორც ჩვენ", - წერს სტატიის ავტორი.

როგორ აფასებთ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას?

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს გმობს და საქართველოდან ერთ რუს დიპლომატს აძევებს. "სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში", - წერია სამინისტროს განცხადებაში. ამრიგად, საქართველო გახდა რიგით 28-ე სახელმწიფო, რომელმაც სკრიპალის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების განკარგულება გასცა. უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს გააძევებს. 4-4 რუს დიპლომატს გააძევებენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი, სამ-სამს - ჩეხეთი და ლიტვა. ორ-ორ რუს დიპლომატს აძევებენ დანია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი და ალბანეთი. თითო-თითო რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთმა, ნორვეგიამ, ხორვატიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, რუმინეთმა და შვედეთმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, როგორ აფასებთ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას?

"ჩვენ 28-ე ქვეყანა გავხდით, ვინც რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა, მეტი არაფერი. რამდენად ნორმალურია ეს ფაქტი, ან პირიქით, არ ვიცი. ვფიქრობ, სულერთია, გავაძევებდით თუ არა დიპლომატს, მაინც არაფერი შეიცვლება. ევროპელები არიან შეშფოთებულები, ვერაფერს აკეთებენ და ჩვენ რას გავაკეთებთ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინც მსოფლიოს ჭამს?!" - აღნიშნავს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე

"სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია სწორად. ისედაც არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგათი საელჩოც კი არ არის აქ. რთული სათქმელია, ერთი მხრივ, დგას შერიგების საკითხი, მაგრამ რუსეთთან ამ თემაზე საუბარი ზედმეტია, მეორე მხრივ კი, ვფიქრობ, ამ ფაქტმა უარესი შედეგი არ მოგვიტანოს", - აცხადებს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე

"ეს ნიშნავს, რომ საქართველო, ტრადიციულად, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში, პროდასავლურ კურსს ატარებს. ამით გამოიხატა სოლიდარობა დასავლური ღირებულებებისადმი - ჩვენს მოკავშირეებს მხარი დავუჭირეთ, რაც სრულიად ლოგიკურია. ერთი მხრივ, რუსეთს კულტურული ურთიერთობა აქვს ჩვენთან, მეორე მხრივ კი, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, ერთი მხრივ, რუს ტურისტებს ვუშვებთ ქვეყანაში და ქართულ ღვინოს ვყიდით რუსეთში, მეორე მხრივ კი, მივყვებით იმას, რასაც ცივილიზებული სამყარო აკეთებს", - დასძენს ისტორიკოსი თედო დონდუა

"კარგია, რომ გააძევა. რუსეთს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია, თუმცა ეს პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო და მეტი დიპლომატი გაეძევებინათ", - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე

თბილისში მგზავრებს უსამართლოდ აჯარიმებენ

"ავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების ახალი სისტემა გაუმართავია. სისტემის დანერგვის შემდეგ იმატა უკმაყოფილო მოქალაქეთა რიცხვმა, რომლებიც ამბობენ, რომ აპარატს ბარათს ადებენ, იგი მწვანდება, მაგრამ კონდუქტორს არ მისდის ინფორმაცია, რომ მგზავრობის საფასური გადახდილია. ასეთ მგზავრებს კი უსამართლოდ აჯარიმებენ. ამის შესახებ იციან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და ამგვარი შემთხვევების აღმოსაფხვრელად ახალი მექანიზმების დამატებაზე მუშაობენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით თბილისში მგზავრებს უსამართლოდ აჯარიმებენ

"ბოლო პერიოდში ავტობუსებში გადახდის ახალი სისტემა დაინერგა. ტრანსპორტში დამონტაჟებული ერთ-ერთი აპარატი ბილეთს არ გასცემს, სამაგიეროდ ბარათის მიდების შემდეგ მწვანდება, რაც იმის ნიშანია, რომ ღირებულება გადახდილია. მიუხედავად ამისა, კონტროლიორები შიგადაშიგ ამოწმებენ სამგზავრო ბარათებს. გახშირდა შემთხვევა, როცა მგზავრებს აჯარიმებენ და ეუბნებიან, რომ პროცედურის გავლის მიუხედავად, გადასახადი სისტემაში არ არის ასახული. ჯარიმა ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, 5 ლარს შეადგენს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით საშუალო ან უფრო ხშირად დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები სარგებლობენ, მათთვის ეს შეიძლება არცთუ მარტივად გადასახდელი იყოს. გარდა ამისა, არის უსამართლობის განცდაც, როცა მგზავრი კეთილსინდისიერია, ნამდვილად აქვს მგზავრობის საფასური გადახდილი, მაგრამ მაინც ჯარიმდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"რეზონანსმა" რამდენიმე დაჯარიმებული მგზავრი გამოკითხა. ისინი ადასტურებენ, რომ ბარათის მიდების შემდეგ ნამდვილად აინთო მწვანე ფერი აპარატზე, მაგრამ კონდუქტორის აპარატში არ აჩვენა გადახდილი თანხა. სხვათა შორის, ასეთ გაუგებრობაში "რეზონანსის" ჟურნალისტებიც მოჰყვნენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ იციან, თუმცა ამ უსიამოვნო ფაქტს მგზავრების მხრიდან გადახდის დროს არასათანადო ყურადღებას უკავშირებენ.# მათი აზრით, შეიძლება მგზავრმა ვერ დაინახა, გამწვანდა თუ არა აპარატი. თამარ ტაბატაძე სწორედ ასე დაჯარიმებული ადამიანებიდან ერთ-ერთია. იგი რამდენიმე დღის წინ ### N150 ავტობუსით მგზავრობდა. აპარატს ბარათი მიადო და გამწვანდა კიდეც, ამიტომ თამამად გაუწოდა ავტობუსში ამოსულ კონტროლიორს სამგზავრო ბარათი, მან კი უთხრა, რომ არ არის გადახდილი თანხა და დააჯარიმა კიდეც. დაახლოებით თვენახევრის წინ ავტობუსით ვმგზავრობდი. ბარათი მივადე აპარატს, რომელიც ნამდვილად გამწვანდა. დაახლოებით ორ გაჩერებაში კონტროლიორი ამოვიდა, ბარათი თამამად გავუწოდე, მან კი მითხრა, რომ არ მაქვს გადახდილი მგზავრობის საფასური, რაც გავაპროტესტე. რამდენიმე მგზავრმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად გამოვიყენე ბარათი. ამის შემდეგ მთხოვა, ავტობუსიდან ჩავსულიყავი, რათა ჯარიმა დაეწერა. წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არ გამიწევია, ჩავყევი და ჯარიმა დამიწერა. თავი ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ერთი გაჩერებაც კი არასოდეს მიმგზავრია უბილეთოდ. ვუხსნიდი, რომ ნამდვილად გადავიხადე, მის აპარატში კი გადახდა არ ჩანდა და ღიმილით მიპასუხა, ხდება ხოლმე ასე, სისტემა ხანდახან ფუჭდება ან ურევსო. გამოდის, სისტემის ამ ცდომილების გამო აბსოლუტურად უაზროდ დამაჯარიმეს. სამწუხაროდ, ჯარიმა ისე გადავიხადე, არ გამიპროტესტებია. როცა მეგობრებთან ეს ისტორია მოვყევი, მითხრეს, რომ ახალი სისტემის შემოღების შემდეგ მათაც სმენიათ მსგავსი ამბები. რატომღაც არც საჩივარი დავწერე, რასაც ძალიან ვნანობ. არა მგონია, საკუთარი თანამშრომლები გაემტყუნებინათ, მაგრამ ფაქტს ხომ მაინც განვაცხადებდი ოფიციალურად", - განაგრძობს გამოცემა.

"რეზონანსის" ჟურნალისტი მარი ჩიტაიაც ანალოგიური ტექნიკური ხარვეზის გამო უსამართლოდ დაჯარიმდა. სხვა რესპონდენტებისაგან განსხვავებით, მან საჩივარი დაწერა და ახლა სატრანსპორტო კომპანიის პასუხს ელოდება. 28 მარტს, საღამოს, ვიმგზავრე მეტროთი სადგურ "პოლიტექნიკურიდან" "ახმეტელის თეატრამდე". პირველი მგზავრობის დაფიქსირებიდან ზუსტად 50 წუთში გადავჯექი ავტობუსში, #N#N32-ში და მაშინვე დავაფიქსირე ჩემი ბარათი. წესით, მგაზვრობის უფასო ბილეთი უნდა მქონოდა და ასეც იყო. ბარათი ელექტრონულად დავაფიქსირე, ეკრანი მწვანედ განათდა და არანაირი ეჭვი არ გამჩენია, რომ შეიძლებოდა, ბილეთი არ მქონოდა. ჩემ თვალწინ რამდენიმე მგზავრს შეექმნა პრობლემა ბარათის დაფიქსირებისას, ეკრანი რამდენჯერმე განათდა წითლად, როცა მგზავრები ირწმუნებოდნენ, რომ ბარათზე ანგარიში ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მათ მოახერხეს ბარათის გატარება, ისევე როგორც მე. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ შემოწმებისას სისტემამ გადახდა არ აჩვენა. ცხადია, კონტროლიორმა ამის გამო დამაჯარიმა. ჩემი დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ვერ დავარწმუნე იგი ნათქვამის სიმართლეში. კონტროლიორი ლევან შამათავა მთელი ძალით ცდილობდა, რომ ხელიდან არ გაეშვა ჯარიმის გამოწერის შესაძლებლობა. აშკარად ამაზე იყო ორიენტირებული და ასეც მოიქცა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ კანონმორჩილი ადამიანი და ჩემთვის ეს დაუმსახურებელი ჯარიმა შეურაცხმყოფელია. თავს მივიჩნევ დაზარალებულად და მოვითხოვ, რომ გადახდის აპარატის იმ პერიოდისთვის არსებული ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდეს. ბოლოს და ბოლოს მე უფასო მგზავრობის უფლებით ვსარგებლობდი. შესაბამისად, არანაირი საბაბი და მოტივაცია, რომ მემგზავრა უბილეთოდ, არ მქონია. ვიმედოვნებ, რომ საპტრანსპორტო სამსახურში ობიექტურად შეისწავლიან ამ საკითხს და არსებულ ხარვეზს გამოასწორებენ. თანაც მე არ ვარ ერთადერთი მგზავრი, რომელიც ასე უსამართლოდ, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო დაჯარიმდა. გასაგებია, რომ 5 ლარი არ არის დიდი თანხა, მაგრამ თავი იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი, თუკი სატრანსპორტო სამსახურში ვერა, სიმართლეს სასამართლოში მაინც დავადასტურებ", - დასძენს გამოცემა.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა ამას მგზავრის მხრიდან პროცედურის არასწორად შესრულებას უკავშირებენ. დაჯარიმებულ მოქალაქეებს კი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ შემთხვევაში სანქცია უკანონო იყო, მოუწოდებენ, 10 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივრონ. "ვინაიდან გადახდის ახალი სისტემა ქაღალდით არ ადასტურებს გადახდას, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მგზავრს ჰგონია, რომ ბარათი გაატარა, სათანადო ყურადღება არ მიაქცია ეკრანზე ფერის ცვლილებას ან ხალხმრავლობის გამო ვერ დააფიქსირა, სათანადოდ გამწვანდა თუ არა აპარატი. ასეთი შემთხვევები მართლაც არის, ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა, ახალ აპარატებს დაამატოს ხმოვანი სიგნალი. ფერის ცვლილების გარდა, აპარატი ხმითაც განიშნებთ, რომ მგზავრობის ღირებულება გადახდილია. არის მეორე საშუალებაც. როდესაც მგზავრი ფიქრობს, რომ არ არის კანონიერად დაჯარიმებული, მას შეუძლია, 10 დღის განმავლობაში მოგვმართოს და გაასაჩივროს ჯარიმა. არაერთ შემთხვევაში ჩვენ დაჯარიმებული მგზავრისათვის ჯარიმა გაგვიუქმებია და კონდუქტორი ან კონტროლიორი ყოფილა შენიშვნის ობიექტი", - განუცხადეს "რეზონანსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.