ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2018

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო დაპირისპირებარამ გამოიწვია ქორწინების შემცირება და განქორწინების ზრდა?საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ სისტემაზე გადადის / ერთი დღე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში / კადეტთა საერთაშორისო კვირეული / ქართველი არტილერისტის უცნობი დამსახურებები / დემოკრატიული საქართველოს გამარჯვება აფხაზურ-თურქულ ავანტიურაზე * * *

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო დაპირისპირება

"აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არჩევნების მოგების მილოცვასთან ერთად დაემუქრა და აღუთქვა, რომ თუ რუსეთს ახალი გამალებული შეიარაღება სურს, ამ პაექრობაში აშშ გაიმარჯვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ენბისი" თეთრ სახლში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 20 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ, შედგა. ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ თუ რუსეთს სურს ახალი გამალებული შეიარაღების წამოწყება, ამერიკა მზადაა, ამ პაექრობაში გაიმარჯვოს. "ენბისის" წყაროების ცნობით, მრჩევლებმა პრეზიდენტი ტრამპი დაარწმუნეს, რომ თუკი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, უფრო მკაცრი მიდგომაა საჭირო. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ტრამპზე განსაკუთრებით იმოქმედა პუტინის განცხადებებმა ახალ რუსულ შეიარაღებაზე", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო დაპირისპირება / "თუ თქვენ გინდათ, დაიწყოთ გამალებულ შეიარაღებაში შეჯიბრი, ჩვენ შეგვიძლია, ამაზე წამოვიდეთ, მაგრამ მე მოვიგებ".

"ცნობისათვის, 1 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვით გამოსვლისას დროის თითქმის ნახევარი ახალ რუსულ შეიარაღებაზე ლაპარაკს დაუთმო. მოგვიანებით, 19 მარტს, კი განაცხადა, რომ რუსეთი გამალებულ შეიარაღებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს. პუტინის თქმით, 2018-2019 წლებში რუსეთის თავდაცვით ხარჯებს შეამცირებს, რადგან მთავარი დანახარჯები შეიარაღების ძირითადი ტიპების განახლებას მოხმარდება. "ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება და ამ კუთხით დაცულები ვართ. ამოცანებს გეგმის თანახმად განვახორციელებთ", - თქვა პუტინმა. "ენბისის" ცნობით, ინფორმაცია 20 მარტის სატელეფონო საუბრის შესახებ მათ თეთრი სახლის ორი სხვადასხვა წარმომადგენლისგან მიიღეს, რომლებიც, პრაქტიკულად, ერთნაირად ციტირებდნენ დონალდ ტრამპის სიტყვებს, რაც მან საუბრისას ვლადიმირ პუტინს უთხრა: "თუ ქვენ გინდათ, დაიწყოთ გამალებულ შეიარაღებაში შეჯიბრი, ჩვენ შეგვიძლია, ამაზე წამოვიდეთ, მაგრამ მე მოვიგებ". პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, რუსეთისთვის გამალებული შეიარაღება "ყელის გამომჭრელი" ფაქტორია. აქედან გამომდინარე, თუ მართლაც შედგა ეს ორთაბრძოლა, აშშ აუცილებლად გაიმარჯვებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ტრამპი რასაც ამბობს, ეს მუქარა არ არის, რეალური პროგნოზია. არ არის აუცილებელი, იყო შეიარაღების სპეციალისტი და მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ გამალებული შეიარაღება რუსეთისთვის ყელის გამომჭრელი ფაქტორია. რუსეთის რესურსები, რასაც გამალებული შეიარაღება მოითხოვს, ვერც შეედრება აშშ-სას. აშშ-ს უკან დგას, პრაქტიკულად, მთელი ცივილიზებული დასავლეთი და არა მხოლოდ... რუსეთის ზურგს უკან კი დგანან ვენესუელა და სირია, ჩინეთიც კი არა. ამიტომ ტრამპის განცხადება, რომ რუსეთისთვის კატასტროფულად დამთავრდება, რეალურია. პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ მან იცის, რა მოჰყვება ამას და არ ჩაერთვება გამალებულ შეიარაღებაში, თუმცა რუსეთს დღეს კურსი აღებული აქვს ძირითადად ბირთვულ იარაღზე. მან იცის, რომ ჩვეულებრივ შეიარაღებაში ის ახლოსაც ვერ მივა ამერიკასთან და ნატოსთან. ამიტომ ჩვენ ასე დაუინტერესებელი მაყურებლის როლით ვერ შემოვიფარგლებით. ეს არასასიამოვნო ფაქტი მოითხოვს ქართული დიპლომატიის უპრეცედენტო გააქტიურებას, რომ ეს ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

"ეს ჩვენგან მოითხოვს ადეკვატურ ნაბიჯებს და არა იმაზე ფიქრს, რომ იწყება ახალი გამალებული შეიარაღება აშშ-სა და რუსეთს შორის და რუსეთი საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს. კი, შეიძლება გაიზიაროს, მაგრამ რუსეთი მთელი 60 წელი უძლებდა ამას. ჩვენ ცაიტნოტში ვართ, ამდენი დრო არ გვაქვს", - განმარტავს ცინცაძე. ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის გამალებულ შეიარაღებაზე ბრძოლა, უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და ამიტომ ეს ორთაბრძოლა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მძიმე ფორმებში გადაიზარდოს. "გამალებული შეიარაღებაზე "რეზონანსის" ფურცლებზე დაახლოებით 1 წლის წინ რამდენჯემე გვეწერა - ეს პროცესი, ფაქტობრივად, დაწყებულია რუსეთსა და აშშ-ს შორის. "რუსეთი ვერ ახერხებს დასავლეთთან დალაპარაკებას ან პირიქით - დასავლეთი, რაც გაგრძელდება და მიიღებს მძიმე ფორმებს. ცივი ომის ყველა ნიშანი, დიდი ხანია, აშკარაა, უკვე რამდენიმე წელია, ამას ემატება გამალებული შეიარაღებაც" - ამბობს სალუქვაძე, რომლის თქმით, ეს მეტ დაძაბულობას მოიტანს მთელ მსოფლიოში", - წერს სტატიის ავტორი.

"გამალებულ შეიარაღებაში, საერთოდ, ეკონომიკა იმარჯვებს, თუ, რა თქმა უნდა, ცხელ ომში არ გადაიზარდა, რუსეთის ეკონომიკა კი ამას ვერ გაუძლებს. მართალია, პუტინი ამბობდა, ჩვენ საბჭოთა კავშირის შეცდომებს არ დავუშვებთ და ზედმეტ ხარჯებში არ გადავზრდით ამ პროცესსო, მაგრამ ჯერჯერობით ბიუჯეტის საკმაოდ დიდ ნაწილს ახმარს შეიარაღების მოდერნიზებას. პუტინი ახლაც ამბობს, სახელმწიფოს ეკონომიკურ ზარალს არ მივაყენებო, მაგრამ ბიუჯეტის საკმაოდ დიდ ნაწილს სამხედრო პოტენციალის გაზრდისთვის ხარჯავს, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკას აწვება. ანუ, პუტინი ლაპარაკობს ერთს და მეორეს აკეთებს", - დასძენს გამოცემასთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

რამ გამოიწვია ქორწინების შემცირება და განქორწინების ზრდა?

"2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 23 684 ქორწინებიდან თბილისში რეგისტრირებულია 6 984; აჭარში - 2 548; გურიაში - 647; იმერეთში - 3 850; კახეთში - 1 744; მცხეთა-მთიანეთში - 475; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 211; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 101; სამცხე-ჯავახეთში - 993; ქვემო ქართლში 2 617 და შიდა ქართლში 1 514. ასევე სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის - 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი იყო. საქსტატის მაჩვენებლებით, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 %-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქორწინების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, განქორწინებისა კი იზრდება", - გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს კითხვით - რამ გამოიწვია ქირწინების შემცირება და განქორწინების ზრდა?

"ამ შემთხვევაში საერთო სურათს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა ქმნის. ძალიან მარტივად რომ განვიხილოთ, ადამიანი ვერ ქორწინდება ან ნაკლებად გეგმავს ოჯახის შექმნას ვალდებულებების გამო, ეს ვალდებულებები კი ფინანსურ მხარეს უკავშირდება. ჩემს გარემოცვაშიც მეტ-ნაკლებად ოჯახების დანგრევის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რის გამოც წყვილები კონფლიქტში გადადიან. თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არაა. მაგრამ თუ ამ ორ მოვლენას - ქორწინების კლებასა და განქორწინების მატებას ერთმანეთთან დავაკავშირებთ, შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი დასახელდეს. თუმცა, მსგავსი საუბარი მაინც ზედაპირული მგონია, თუ კონკრეტულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, რადგან შეიძლება ისეთი უცნაური მიზეზიც არსებობდეს, რომ წარმოდგენაც არ გვქონდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მსახიობი თათული ედიშერაშვილი.

"ოჯახის შექმნა მაინც ფინანსურ მხარეს უკავშირდება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ დგამს იმ ნაბიჯს, რომ მშობლების კისერზე ოჯახი შექმნას. ამიტომ ქორწინების კლება გასაგებია. განქორწინებულთა რაოდენობის გაზრდა კი რა მიზეზითაა გამოწვეული, ნამდვილად არ ვიცი", - ამბობს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"უპირველეს ყოვლისა, სოციალურ მდგომარეობას დავასახელებ. ოჯახების სტაბილურობა, რასაკვირველია, ურთიერთშეთანხმებასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ოჯახები ეკონომიური სიდუხჭირის გამო ინგრევა. ძალიან საგანგაშოა და თუ მის აღმოსაფხვრელად არ იმუშავებენ, დემოგრაფიული თვალსაზრისით უმძიმესი ვითარებაა და ეს კიდევ უფრო გაართულებს ჩვენი ქვეყნის, ერის მდგომარეობას", - მიიჩნევს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"ეს ისეთი სავალალო ფაქტია, რომელსაც არ შეიძლება ერთი ან ორი მიზეზი ჰქონდეს. აქ მთელი ჯაჭვი მოქმედებს, მაგრამ ძირითად მიზეზად მატერიალური სიდუხჭირე მიმაჩნია, რაც ახალგაზრდებს არ აძლევს საშუალებას, რომ იქორწინონ და ქორწინების შემთხვევაში არ აძლევს საშუალებას, ბედნიერი, ჯანმრთელი და მყარი ოჯახი შექმნან. ახალგაზრდა წყვილს ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს და ზოგჯერ მათი დაკმაყოფილების არანაირი საშუალება არაა ხოლმე. სიყვარულის ძალიან მწამს, მაგრამ მასაც სულიერად და მატერიალურად კვება უნდა", - დასძენს მომღერალი ირმა სოხაძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ სისტემაზე გადადის / ერთი დღე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში / კადეტთა საერთაშორისო კვირეული / ქართველი არტილერისტის უცნობი დამსახურებები / დემოკრატიული საქართველოს გამარჯვება აფხაზურ-თურქულ ავანტიურაზე

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსალოდნელი რეორგანიზაცია უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ვიდრე ერთი უწყების სტრუქტურული ცვლილებები - მიმდინარეობს მთელი სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ახლებური გააზრება, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო რეზერვების მენეჯმენტის ახალ, უფრო ეფექტიან მოდელზე გადასვლა. მთავრობა მუშაობს რეფორმების პაკეტზე და მას პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს... კრიზისების მართვის ახალი მოდელი ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ყველგან, სადაც ადამიანს უჭირს, ადგილობრივიდან ეროვნულ დონემდე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველა კრიზისზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების გარდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მთავრობები უფრო მეტ ძალისხმევას იჩენენ სამოქალაქო უსაფრთხოების კომპონენტის გასაძლიერებლად", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისთვის" (N4, აპრილი, 2018) მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ავტომატით არა? მაშინ, ბრანდსპოიტით! / საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ სისტემაზე გადადის".

""რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს დახურვას - საუბარია საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი სისტემის დანერგვაზე. კონკრეტულად, ერთმანეთისგან იმიჯნება საგანგებო სიტუაციების, ანუ კრიზისების მართვისა და უსაფრთხოება-თავდაცვის სექტორის კოორდინაცია, თუმცა ისე, რომ ყველა საჭირო შემთხვევაში შენარჩუნდეს ამ ორი მიმართულებით ინსტიტუტების მჭიდრო ურთიერთქმედება. ასევე, მნიშვნელოვანია შეიქმნას საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემა და ადგილობრივ დონეზე გაიზარდოს პროცესების მართვის ეფექტიანობა... როდესაც ვთქვით, რომ დაიწყო სამსახურის ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია, საზოგადოების ნაწილმა ეს ისე აღიქვა, თითქოს ჩვენ დავიწყეთ მასობრივი შემცირება. ასე არ არის და არც იქნება. გარკვეული ოპტიმიზაცია მოხდა და მოხდება მომავალშიც მმართველობითი მოდელის გაუმჯობესებისა და თანხების დასაზოგად. თუმცა დიდი საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, განსაკუთრებით - სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში. მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი, ვიძლევი გარანტიას, რომ არც ერთი კვალიფიციური კადრი სამსახურს არ დატოვებს. ჩვენს ინტერესშია, რომ მაღალკვალიფიციური კადრები მუშაობდნენ" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მღებრიშვილი.

"მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მეხანძრე-მაშველს თავდადებული საქმიანობისთვის. როდესაც ვამბობთ, რომ მეხანძრე-მაშველი გმირია, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის მათი ყოველდღიური საქმე და ამის დაკარგვა შეუძლებელია... ვგეგმავთ, პირველ რიგში ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოების აშენებას იქ, სადაც ამის საჭიროებაა. ყველა დეპოში უნდა შეიქმნას სივრცე სავარჯიშო დარბაზებისა და კომპიუტერული კლასების სახით, რომლითაც თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებს, მოხალისეებს, მათი ოჯახის წევრებს შეეძლებათ უფასოდ ისარგებლონ. ასევე მნიშვნელოვანია თანაბრად განვითარდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი მულტიფუნქციური ბაზები, სადაც განთავსდებიან სპეციალური სამაშველო ჯგუფები და შვეულმფრენები. იგეგმება მეხანძრეებისა და მაშველების სრული გადამზადება, განსაკუთრებული ყურადღება მენეჯერული რგოლის გადამზადებას დაეთმობა, რადგან, ჩვენი ხედვით, რეგიონებში ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები უნდა ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ კრიზის-მენეჯერებად... სიახლე ბევრი იქნება. ინფორმაციას ამის თაობაზე ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება ავტოპარკის განახლებას, ამჟამად ბაზაზე არსებული 320 სახანძრო ავტომობილიდან 280-მდე მანქანა ახლით შეიცვლება. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, ეტაპობრივად შევიძენთ საჭირო ავტომანქანებსა და აღჭურვილობას. 5 წლის განმავლობაში, გეგმის მიხედვით, ავტოპარკი მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად განახლდება, რაც ნიშნავს, რომ 5 წლის შემდეგ არც ერთ სახანძრო სამაშველო ბაზაში საბჭოთა წარმოების სახანძრო მანქანა აღარ დარჩება. აქტიური მოლაპარაკებების მიდის პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მათგან შევიძინოთ რამდენიმე ათეული მანქანა. სასიხარულოა, რომ რამდენიმე ქვეყანამ ჩუქების სურვილიც გამოთქვა... უახლოეს 5 წელიწადში შვეულმფრენების განახლებაც იგეგმება, მაგრამ რაოდენობას ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი" - განმარტავს მღებრიშვილი და შეკითხვაზე - "გასული წლის პრაქტიკამ კარგად დაგვანახვა ამ პროფესიის ადამიანების საჭიროება. თუ იგეგმება მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასის მომატება?" - პასუხობს:

"ამ საკითხზე ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. გარდა ხელფასის მომატებისა, საუბარია ასევე მეხანძრეებისა და მაშველების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების მხარდამჭერი კონკრეტული სოციალური პროექტების განხორციელებაზე".

"ის, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ბოლომდე გამართული არ არის, ამის მაგალითად მოძველებული სახანძრო ავტომობილების პარკიც საკმარისია. ჩვენ ვმუშაობთ 5-წლიან განვითარების გეგმაზე, რომელიც მთელი სისტემის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამასაც მოიცავს... რაც შეეხება მოხალისეებს, მათი როლი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2017 წლის აბასთუმნის ხანძრების დროს. სახანძრო-სამაშველო საქმიანობაში მოხალისეთა ინსტიტუტი ძალიან წარმატებულია როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამერიკელ პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს კარგად მომზადებული და აღჭურვილი მოხალისეების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ისინი ისარგებლებენ პრივილეგიებით და საგანგებო სიტუაციებში მონაწილეობის დროს მათზე გავრცელდება იგივე სოციალური გარანტიები, რაც ჩვეულებრივ მეხანძრეზე ვრცელდება... ბევრ ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია ალტერნატიული სამხედრო სამსახური და, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში ის პირები, რომლებიც ასეთ სამსახურს იხდიან, მოხალისეებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ძირითად ძალად ითვლებიან. თუ ჩვენ გვინდა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის განვითარება, ადამიანური რესურსების განვითარება ამ სისტემის ნაწილია. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებმა, რომელთაც არ სურთ იარაღით სამხედრო სამსახური, გარკვეული საბაზისო უნარები გამოიმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში თავის თავსაც და ქვეყანასაც გამოადგნენ. ჩვენ მათ ვასწავლით, მოვამზადებთ და საშუალებას მივცემთ საკუთარ სახლებთან ახლოს მოიხადონ სამსახური", - დასძენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

"საჩხერის სამთო მომზადების სკოლის იუბილესთან დაკავშირებით, "არსენალი" შეეცადა, მისი მისია მკითხველისთვის უფრო ახლოს გაეცნო. რეგიონში ერთადერთ სამთო მომზადების სკოლას თანამედროვე შენობა-ნაგებობები, სპორტული დარბაზი და ხელოვნური სამთო კედელი აქვს, აღჭურვილია უახლესი ტექნიკური საშუალებებით. სამთო მომზადების სკოლის სასწავლო კორპუსში განთავსებულია საკლასო ოთახები და 150 კაცზეა გათვლილი ბრიფინგების დარბაზი, ადმინისტრაციულ შენობაში კი საკომუნიკაციო საშუალებები - ტელეფონი, ფაქსი, ინტერნეტი, შიდა ქსელი და საკონფერენციო დარბაზი. სკოლის უსაფრთხოებას სათვალთვალო ვიდეოსისტემები და სითბური დეტექტორები უზრუნველყოფენ. თუმცა ჩვენს იქ ყოფნაში სკოლაში სიხალვათე იყო, რადგან კურსანტები სამთო მომზადების კურსს სვანეთში გადიოდნენ", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით რა შეუძლიათ ქართველ სამთო მებრძოლებს / ერთი დღე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.

"მე-16 სამთო ბატალიონი 1991 წლის 1-ლ ივლისს დაარსდა, რომელსაც პოლკოვნიკმა ბესიკ ქუთათელაძემ ჩაუყარა საფუძველი. ბატალიონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომების მონაწილეა. 2006 წლის 17 თებერვალს ამ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ჩამოყალიბდა, რომელიც 2008 წლიდან მონაწილეობს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება-გადამზადებაში. 2010 წლის 13 აპრილს ოფიციალურად მიიღო ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის" საწვრთნელი ცენტრის სტატუსი. 2014 წლის 29 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი ეწოდა. სკოლის მიზანია "პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამისა" და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადება", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სკოლის სამთო მომზადების სკოლის შტაბის S-3/S-2-ის ოფიცერი, მაიორი ზაზა ბუზალაძე.

"სკოლა მზად არის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შესთავაზოს შემდეგი კურსები: "სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი". კურსის პროგრამა მოიცავს 3 კვირას, მიიღებიან ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ფიზიკურ და სამედიცინო მოთხოვნებსა და იციან ინგლისური ენა 2/2/1/1 (STANAG 6001). მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ეძლევა რეკომენდაცია გაიაროს "სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი". კურსის პროგრამა მოიცავს 4 კვირას და კურსდამთავრებულს ეცოდინება მაღალ მთაში (2500 მ-ზე ზევით) სროლა უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულისთვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება, ნაპრალში ჩავარდნილის ამოყვანა სპეციალური სისტემების მეშვეობით, ქვედა დაზღვევით ცოცვა დამოუკიდებლად უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, გადაადგილება და ყინულთან მუშაობა 4100 მ სიმაღლეზე ზევით. `სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი" მოიცავს 3 კვირას და კურსდამთავრებული ეუფლება თოვლში თავშესაფრის მოწყობის ტექნიკას, მოქმედებას განსაკუთრებულად ცივ პირობებში, გადაადგილებას თხილამურებითა და რაკეტებით. შემდეგ კურსდამთავრებულს ეძლევა რეკომენდაცია გაიაროს `სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი", რომლის პროგრამა მოიცავს 4 კვირას. მითითებული ოთხივე ეტაპის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა რეკომენდაცია გაიაროს "მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი", რომელიც მოიცავს 5 კვირას. კურსზე პირადი შემადგენლობა, ძირითადად, სწავლებას გადის მაღალ მთაში, რაც მყინვარწვერის (5037 მ) დალაშქვრას ითვალისწინებს", - განაგრძობს მაიორი.

"სამთო მომზადების კურსები დღემდე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად და ცალ-ცალკე, ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მათ მსგავსი ტიპის სასწავლო დაწესებულებები არ აქვთ. ამ დროისთვის სკოლაში მხოლოდ ერთი, "სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი" მიმდინარეობს, რომელიც დაბა მესტიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეებს უტარდება..." - ამბობს ზაზა ბუზალაძე.

"სწორედ ამ კურსის გავლის სანახავად მივდივარ სვანეთში, სადაც 4-კვირიანი სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს. თეთნულდზე ზღაპრული სილამაზეა, – თუ გაგვიმართლა, შესაძლოა თეთრ ღრუბლებში დამალული ამაყი უშბაც გამოჩნდეს. კურსანტებს ეტყობათ, რომ თხილამურზე მყარად დგომა უსწავლიათ, თავდაჯერებულები დგებიან მწკრივში და მთიდან საჭირო დისტანციის დაცვით ეშვებიან. "გუშინ უნდა მოსულიყავით და გენახათ, რა პირობებში უწევდათ მათ მარში, ანუ თხილამურით გადაადგილება, ისეთი ქარბუქი იყო, თვალებს ვერ ახელდნენ, მაგრამ გაუძლეს", – ღიმილით მითხრეს ინსტრუქტორებმა", - წერს სტატიის ავტორი.

"კურსანტები საწყის ეტაპს საჩხერეში კურსის მიხედვით გადიან, მაგალითად, ზამთრის კურსზე საჩხერეში მათ აღჭურვილობას ურიგებენ: თხილამურს, წაღებს, ზურგჩანთას, სადაც საჭირო ნივთები დევს. ზურგჩანთა ასეა დაკომპლექტებული: ძირშია ე.წ. ბიპერი, ზვავში მოყოლილის საძებნი ხელსაწყო, რომელსაც არვასაც ეძახიან და საძებნ ობიექტთან მიახლოებისას წრიპინებს, რითაც მიმართულებასა და მანძილს განსაზღვრავენ. ასევე დევს საცეცი ჯოხი, რათა არვის დახმარებით დანიშნულების წერტილამდე მისვლის შემდეგ ზვავში მოყოლილი ადამიანი იპოვონ და დაუზიანებლად ამოიყვანონ. კურსანტებს აქვთ ხელთათმანები და ჩაფხუტი. ამ აღჭურვილობის მიღების შემდეგ, ის მის გამოყენებას სწავლობს, თხილამურზე მყარად დგომისთვის კი საშუალოდ 3 დღეა საჭირო. სწავლებებს საქართველოს ტერიტორიაზე საჩხერის სამთო სკოლაში, გუდაურსა და ბაკურიანში ვატარებთ. თავად კვალიფიკაცია საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გავიარე. კურსის სირთულიდან გამომდინარე, სიძნელეებს მაინც ვაწყდებით, მაგრამ პირად შემადგენლობას დაწვრილებით ვეცნობით და ეს საქმეს გვიადვილებს. ერთ ეტაპზე 30 კურსანტის მიღება შეიძლება და მათი 3 ჯგუფად დაყოფაც შეგვიძლია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საჩხერის სამთო სკოლის მაღალი მთის ჯგუფის ხელმძღვანელი, ტექნიკურ-ტაქტიკური დაგეგმარების უფროსი კაპიტანი ამირან ნიგურიანი.

"მოსამზადებელი პროგრამების გავლის შემდეგ, კურსანტს ეძლევა აღჭურვილობა და ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას, მთაში ან რომელიმე სასწავლო უბანში... ორივე სწავლების დრო წინასწარ არის განსაზღვრული. ამჯერად პირველი ეტაპი თხილამურზე დგომაა, შემდეგ, მიმართულების აღება, როგორ უნდა გადაადგილდეს, მიმართულება როგორ უნდა აიღოს, ცუდი ხილვადობის დროს გზა როგორ გაიკვლიოს... მარშის დროს კურსანტების უსაფრთხოება დაცულია. თავსა და ბოლოში ინსტრუქტორი მიჰყვება და ერთმანეთს რაციით უკავშირდებიან. რაც შეეხება ზაფხულის კურსს, ამ სეზონზე კურსანტებს კლდეზე საკიდი სისტემით უწევთ სწავლება, თითოეულს ვაძლევთ ინდივიდუალურ ქამარს, ე.წ. კარაბინს, რომელსაც მთაში ცოცვისთვის, კვანძის გასახსნელად იყენებენ... საზაფხულო საბაზისო კურსების საშუალო სირთულისაა. შუალედური კურსი ბევრად რთულია, რადგან ცოცვის დროს გზის გაკვლევა, თოკის გატანა, დაბრკოლებათა ზოლის გაკეთება და ამ ზოლზე პირადი შემადგენლობის გადაყვანა უწევთ. ეს კურსი ასევე მოიცავს მაღალ მთაში, ზღვის დონიდან 2 500 მეტრზე ზემოთ, რთულ მეტეოპირობებში სროლის ერთკვირიან კურსს. იქ სროლა სხვადასხვა მიზეზის გამო ძნელია. ყურადღება ექცევა, კურსანტი რამდენად ტექნიკურად ცოცავს. კარგად ცოცვა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებს ზედა და ქვედა კიდურებს, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს, რამდენად კარგად ცოცავს ტექნიკის და არა ძალის ხარჯზე...", - განმარტავს ამირან ნიგურიანი.

"სანამ კურსანტები მთიდან დასაშვებად ემზადებოდნენ და ბოლო ინსტრუქციებს იღებენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადება-გადამზადების უფროსი ინსტრუქტორს, უფროს ლეიტენანტ ოთარ წივილაშვილსაც გავესაუბრე - "ეს კურსები თავადაც გავლილი მაქვს, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის. მივყვებით გეგმას, რათა აქ შეძენილი უნარ-ჩვევები თავიანთ პროფესიაში გამოიყენონ... ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია, რადგან წინასწარ არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს მთაში ზამთარში ან ზაფხულში, თუმცა ამას წინასწარ ეგუებიან, პროგრამას ეცნობიან და თითქმის სრული ინფორმაცია აქვთ. რეალობა მაინც სხვანაირია, მით უფრო, თუ ცუდი მეტეოროლოგიური პირობებია. იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კურსს ყველა კურსანტი ვერ ასრულებს. შესაძლოა, 7-8 კურსანტი გამოაკლდეს, თუმცა კურსის სირთულიდან გამომდინარე, ეს ცუდი შედეგი არ არის", - ამბობს წივილაშვილი. მესტიაში კურსანტები პირველადი ტესტისთვის ემზადებოდნენ - განსაზღვრულ დროში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე თხილამურით 9-10 კმ უნდა დასძლიონ. გამსვლელი 71 ქულაა. ვინც 100 და ოდნავ დაბალ ქულას აიღებს, თავდაცვის სამინისტრო წამახალისებელ სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. დაღლილ-დაქანცულ ბიჭებს ჩვენი ჟურნალის ფოტოებისთვის პოზირებამ მოუწიათ, თუმცა "გამოცდა" შესაშური მოთმინებით ჩააბარეს. იმედია, მათი 3-კვირიანი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის", - დაასკვნის სტატიის ავტორი.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018 წლის 12-16 მარტს რიგით მეოთხე კადეტთა საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. კვირეულში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, აშშ-ის, გერმანიის, ესტონეთის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, რუმინეთისა და უკრაინის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კადეტები, ასევე თბილისის სასულიერო აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა უმასპინძლეს. იუნკერთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ კვირეულის ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კადეტების აქტივობებში ჩართვასა და მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით კადეტთა საერთაშორისო კვირეული.

"2018 წლის კადეტთა საერთაშორისო კვირეული გახსნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გოჩა ტალახაძე ახალგაზრდებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზე ესაუბრა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა, მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ბადრიძემ მათ საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის როლი გააცნო. წლევანდელი კადეტთა საერთაშორისო კვირეულის მთავარი თემა იყო "ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენა, რამაც ჩამოაყალიბა ჩემი ერი". ახალგაზრდები საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციებით წარდგნენ მსმენელების წინაშე, რამაც დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია. ახალგაზრდებისთვის ასევე გაიმართა ტური დედაქალაქში. მათ ჯგუფურ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ჯგუფურ დავალებებზე პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს თბილისის ტურის შესახებ შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს. კვირეულში მონაწილე ქვეყნების კულტურების უკეთ გასაცნობად მონაწილეებმა საერთაშორისო კულტურული საღამოც გამართეს, სადაც ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების ისტორია, კულტურა და სამზარეულო გააცნეს.", - აღნიშნავს გამოცემა.

"კულტურულ-შემეცნებით აქტივობებთან ერთად კადეტთა საერთაშორისო კვირეულის მონაწილეები სპორტულ აქტივობებშიც იყვნენ ჩართულნი. სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაში ახალგაზრდებმა დაბრკოლებების გადალახვასა და ნამდვილი საბრძოლო საშუალებებით სროლაში მოსინჯეს ძალა. აკადემიის ტერიტორიაზე მონაწილეებისთვის ფეინთბოლში შეჯიბრებაც გაიმართა. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ. კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას", სადაც ქართული მსუბუქი შეიარაღებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის ნიმუშები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებსაც. საერთაშორისო კვირეულის მიზანი საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცება, მათთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობა იყო. მსგავს აქტივობებში მონაწილეობა ახალგაზრდა ლიდერებს დაეხმარება უკეთ გაეცნონ პარტნიორი ქვეყნების კულტურას, ტრადიციებს და დაამყარონ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების დამყარებასა და განმტკიცებას. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კადეტთა საერთაშორისო ყოველწლიურ კვირეულში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მომავალში უფრო გაიზრდება", - დასძენს გამოცემა.

"1993 წლის 15-16 მარტი ქართული არტილერიის დიდ გამარჯვებად ითვლება, რასაც ნამდვილად აქვს საფუძველი... საბჭოთა პერიოდში თბილისის საარტილერიო სასწავლებელმა არაერთი ოფიცერი მოამზადა და დამოუკიდებელმა საქართველომ პროფესიულ არტილერისტთა ძლიერი კადრი მიიღო, სადაც ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონად თამამად შეიძლება ჩაითვალოს არტილერიის პოლკოვნიკი, საარტილერიო შეიარაღების სპეციალისტი გივი ჯმუხაძე, რომელიც ახლახან ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ქართველმა არტილერისტებმა სოხუმზე 15-16 მარტის შეტევები ძლიერი კონტრცეცხლით მოიგერიეს, რომლის გამართული მუშაობაც დიდწილად სწორედ პოლკოვნიკ გივი ჯმუხაძის დამსახურება იყო. მაშინ მოწინააღმდეგეს 400 კაცამდე დაეღუპა და 1000-ზე მეტი დაეჭრა. იმ მძიმე ბრძოლებშიც კი, როდესაც მიზეზთა გამო ქართველ მეომრებს თითქმის ყველანაირი პრობლემა ჰქონდათ, რასაც ემატებოდა შეიარაღების დეფიციტი, გივი ჯმუხაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს საარტილერიო დანაყოფებს არ ეგრძნოთ და საარტილერიო ტექნიკას პირდაპირ პოზიციებზე არემონტებდა", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ქართველი არტილერისტის უცნობი დამსახურებები / არტილერიის ვიცე-პოლკოვნიკი გივი ჯმუხაძე გარდაიცვალა

"წლების შემდეგ, სპეციალისტებმა აღიარეს, რომ აფხაზეთის ომის ქაოსში, ყველაზე ორგანიზებულად არტილერია მოქმედებდა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პოლკოვნიკ გივი ჯმუხაძეს. აფხაზეთის ომში, მე-2 საარმიო კორპუსის არტილერიის უფროსი ვიყავი და ყველაფერი, რაც არტილერიასთან იყო დაკავშირებული - ქვემეხების შეკეთება, მომზადება და მწყობრში ჩაყენება, მე მეხებოდა. იმ დროს გივი ტექნიკოსი იყო, ის თავადაც ყოფილი არტილერისტი გახლდათ, არტილერიის სკოლა ჰქონდა დამთავრებული, შემდეგ კი საარტილერიო-საინჟინრო სასწავლებელი. 1992 წლის აგვისტოში ქართულ შეიარაღებულ ძალებში ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით ჩაირიცხა. ერთი სიტყვით, ასეთი დონის სპეციალისტი არ გვყავს და ძალიან მენანება, რომ მისი ცოდნა ჯეროვნად ვერ გამოვიყენეთ. მე და გივი არსებული სისტემების ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე ვმუშაობდით. ქართულ არტილერიას დანგრეული საბჭოთა კავშირისგან ერგო, ძირითადად, ძველი, ჩამოწერილი, დახვრეტილლულიანი არტილერია. აფხაზეთში გივის პირველივე დღიდან მოუწია ყოფნამ, ის შეიარაღების სამმართველოს შტაბის ოფიცერი იყო და იქ არსებულ პრობლემებსაც კარგად ართმევდა თავს", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიცე-პოლკოვნიკ გივი ჯმუხაძის თანამებრძოლი და მეგობარი, არტილერიის გენერალ-მაიორი ემზარ ჭოჭუა.

"მაგალითად, ჩვენ გვყავდა ბუქსირებადი ჰაუბიცები L-30, რომლის ჭურვების ნაკლებობა იყო. ასევე გვქონდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მოძველებული 122 მმ-იანი სისტემა V-30 ჭურვების საკმარისი მარაგით. მასრების შეცვლით გივიმ ძველი სისტემა ახალზე გადაიტანა, ანუ MV-30-ის ჭურვები L-30-ზე გამოვიყენეთ. მართალია, რაღაც მანძილი აუთვისებელი დარჩა, მაგრამ უქონლობას მაინც ჯობდა. მაშინდელმა გაჭირვებამ გამოსავლის პოვნაც გვასწავლა და თბილისის საავიაციო ქარხნის სპეციალისტებთან ერთად ავაწყვეთ თვითნაკეთი ორლულიანი რეაქტიული სისტემა "ურაგანიც", რომელიც უნიკალურ საარტილერიო სისტემას წარმოადგენდა და პრაქტიკულად მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში სწვდებოდა (ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი იმ დროს გარკვეულწილად ეხმარებოდა ქართველ არტილერისტებს თვითნაკეთი "ურაგანის" აწყობაში _ ავტ.). თუმცა საბრძოლო მასალა, მსხვრევად-ფუგასური რაკეტები, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩამოიტანეს, საბრძოლო სროლებისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა და სამდღიანი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავისროლეთ. 1993 წლის მარტის ბრძოლებამდე შეიარაღებაში 125 ერთეულამდე ლულიანი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი გვქონდა, მათ ტექნიკურ გამართულობას გივი განაგებდა", - განაგრძობს ემზარ ჭოჭუა.

"დაზიანებულს შევაკეთებდით ხოლმე, ოღონდ ძალიან პროფესიონალურ დონეზე. მაშინ ქარხნები ჯერ კიდევ არ იყო გაჩერებული და ამა თუ იმ ნაწილის გასაკეთებლად გივის მუდმივად სირბილი უწევდა. ახალი ტექნიკის მიღების შანსი არ გვქონდა, რადგან როგორც კი საქართველო საბრძოლო მოქმედებებში ჩაება, იარაღის შესყიდვაზე ყველა ქვეყანა უარს გვეუბნებოდა. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა, იყო 27 ივლისის სოჭის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც აფხაზეთიდან საბრძოლო ტექნიკისა და ქართული ფორმირებების გაყვანა დაიწყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკვები არ გვქონდა, რომ ჯარისკაცები დაგვეპურებინა; ჩვენი სამხედრო ტექნიკა შეშასავით შეყარეს ხან რუსულ, ხანაც ქართულ სატვირთო მანქანებზე და ფოთში გაზიდეს. გივი მაღალი დონის პროფესიონალი გახლდათ. თვალდახუჭულმა იცოდა, რომელ სისტემას რომელი ჭანჭიკი სად ჰქონდა. ამისთვის იყო დაბადებული და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" ქართული საარტილერიო დანადგარების "რს"-122 "გრად-კრაზის", თვითმავალი ნაღმსატყორცნისა და სხვა სისტემების შექმნაში დიდი ღვაწლი მიუძღვის" - დასძენს არტილერიის გენერალ-მაიორი.

"საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არსებობის პირველი დღეებიდან უამრავი გარეშე და შინაური მტერი გამოუჩნდა. აფხაზეთში ცენტრალურ ხელისუფლებას ერთდროულად რუსი ბოლშევიკების თანამოაზრე ადგილობრივები და ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზი თავადები ებრძოდნენ. თურქეთთან ურთიერთობების გასარკვევად 1918 წლის 11 მაისს ბათუმში გაიხსნა სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობისთვის მიწვევა მიიღო აფხაზეთის სახალხო საბჭომ. აფხაზი თავადებითა და დიდებულებით დაკომპლექტებულმა ამ ორგანომ ბათუმში გაგზავნა ვარლამ შარვაშიძე, გრიგორი ზუხბაია (სოხუმის ქალაქისთავი), სიმონ ბასარია (სოხუმის საოლქო კომისარი), კეგვუ კიუტი, მეჯიდ ბაღაფში, ჰაკი ავიძბა, ანდრეი ჩოჩუა, ანტონ ჩუკბარი და ხუჯინ კიწბუ. ბათუმში აფხაზთა მიწვევას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა - დელეგაციას უნდა დაედასტურებინა, რომ აფხაზები საკუთარ თავს კავკასიის ხალხთა შორის ხედავდნენ, რადგან სხვა მოსაზრებაც არსებობდა - ჯგერდელი თავადი ტატაშ მარშანია თურქეთის მთავრობას მიმართავდა, რომ აფხაზები საკუთარ თავს ხედავდნენ ჩრდილოკავკასიელ მთიელთა გაერთიანებაში, რომელიც თურქეთის მფარველობით განსაკუთრებულ სახელმწიფოს შექმნიდა", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით აფხაზურ-თურქული მარცხიანი ავანტიურა.

"ბათუმში ჩასული დელეგაციის წევრებმა, სიმონ ბასარიამ და მეჯიდ ბაღაფშმა, დრო იხელთეს და განაცხადეს, რომ ისინი ჩრდილოკავკასიელ მთიელთა კავშირს ემხრობოდნენ. სანაცვლოდ თურქეთი მათ აფხაზეთში ჯარების გაგზავნის ჰპირდებოდა. დელეგაციის სხვა წევრებმაც იგივე პოზიცია გამოხატეს და უფრო მეტიც, სამხედრო დახმარების მისაღებად აფხაზებმა თურქეთის არმიის მუჰაჯირ ოფიცრებთან კონტაქტებს მოუხშირეს. სამხედრო დახმარებამაც არ დააყოვნა და 1918 წლის 27 ივნისს მდინარე კოდორის შესართავთან, თავად ალექსანდრე შარვაშიძის ადგილ-მამულის მახლობლად, სოფელ წყურგილთან, თურქული დესანტი გადმოსხდა. ფელუკებმა ბათუმიდან კოდორის შესართავამდე შეუფერხებლად იცურეს, რადგან საქართველო სანაპირო ზოლის გაკონტროლებას ვერ ახერხებდა. დესანტის მიზანი სოხუმის დაკავება იყო, რასაც ჩრდილოკავკასიელ მთიელთა კავშირის ხელმძღვანელობა ბოლშევიკებისგან დაცვის საბაბით მოითხოვდა. თუმცა 28 ივნისს დესანტირების ადგილზე მისულ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ ისიდორე რამიშვილს ოსმალებმა განუცხადეს, რომ ისინი აფხაზი ხალხის ჩაგვრისა და ანარქიისგან გასათავისუფლებლად მოვიდნენ. "სინამდვილეში კი ოსმალო ასკერებს აფხაზეთში აჯანყების მოწყობა და საქართველოს ხელისუფლების განდევნა სურთ", - მაშინ ასეთი დასკვნა გააკეთა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა. ამ შეხედულებას მას უმყარებდა აფხაზთა სახალხო საბჭოსთან შეხვედრაც, სადაც საბჭოს მომეტებული ნაწილი ქართველ გენერალს არწმუნებდა, რომ აფხაზეთში გადმოსული ასკერები ოსმალები კი არა, სამშობლოში დაბრუნებული მუჰაჯირები იყვნენ. გენერლის კითხვაზე, რატომ პირდაპირ სოხუმში არ მოვიდნენ და ყველას თვალწინ არ გადმოსხდნენ? საბჭოს წევრებმა პასუხის გაცემა ვერ შეძლეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართული არმიის ზურგში თურქი ასკერების გადმოსხმა ოსმალეთის იმპერიაში აფხაზეთის დაბრუნებასა და ჩრდილო კავკასიაში შესაღწევი პლაცდარმის შექმნას უფრო ემსახურებოდა, თანაც დესანტისთვის ისეთი მომენტი იყო შერჩეული, როცა ქართული ჯარი აფხაზეთში ადგილობრივ და გადამთიელ ბოლშევიკებს ებრძოდა, ხოლო ზურგი მოშიშვლებული ჰქონდა. მაშინ, როცა ქართული ფლოტილია სანაპირო ზოლში სხვა ქვეყნების გემების პარპაშის აღკვეთას ვერ ახერხებდა, არსებობდა დიდი საშიშროება, რომ დესანტს დამატებითი ძალები წაშველებოდნენ და მდგომარეობა უფრო გართულდებოდა. მაზნიაშვილის შეფასებით ეს იყო ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ერთი ასეული, რაც დაახლოებით 200-230 კაცს გულისხმობდა. თავიდან დესანტში თურქეთის მე-3 არმიის სარდალი, გენერალ-მაიორი ესად-ფაშა არდაგან-ბათუმის მონაკვეთზე მყოფი არმიული დანაყოფების გამოყენებას აპირებდა, მაგრამ ჯარების სიმცირის გამო მასში მონაწილეობა არარეგულარულ რაზმებს დაევალა. ეს რაზმები, ძირითადად, მუჰაჯირი აფხაზებისგან შედგებოდა და თურქეთის არმიის პოლკოვნიკი ჯემალ-ბეი მარშანია მეთაურობდა. ორ მოწინააღმდეგეს - ბოლშევიკებსა და თურქებს შორის ქართული არმია მარტოდმარტო აღმოჩნდა, ხოლო ორ ფრონტზე ერთდროული ბრძოლისთვის აუცილებელი რესურსის მობილიზება დროს მოითხოვდა. მთავრობამ დახმარებისთვის საქართველოში მყოფი გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს, ბარონ ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინს მიმართა. ფოთიდან სოხუმისკენ გერმანული გემი Minna Horn-ი გაიგზავნა გერმანელი ჯარისკაცებით ბორტზე, რითაც ბერლინმა საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა" - განაგრძობს გამოცემა.

"გაიგო თუ არა დესანტის ამბავი, გენერალი მაზნიაშვილი გემ "მიხეილითა" და ორი კატარღა-გამანადგურებლის თანხლებით დაუყოვნებლივ კოდორისკენ წავიდა. ადგილზე მისულმა გენერალმა თურქ ოფიცერს შიკრიკი გაუგზავნა და შარვაშიძის მამულში დაიბარა. შემდეგ მაზნიაშვილი წერდა (სტილი დაცულია): "ოსმალო ოფიცერმა განაცხადა, რომ ის მოატყუეს აფხაზებმა, დაარწმუნეს, რომ მას დიდი პატივით დახვდებიან აფხაზები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ოსმალებს, საქმით კი დავრწმუნდიო, სთქვა ოფიცერმა, რომ მე გარშემორტყმული ვარ ქართული ჯარებით. ამასთან მარწმუნებდა, რომ მის მთავრობას არა აქვს არავითარი სურვილი საქართველოსთან საქმე გაართულოს და მთხოვა გამეგზავნა ისინი უკან ბათუმში". პოლიტიკური გართულებების თავიდან ასაცილებლად გენერალმა მაზნიაშვილმა "მიხეილის" მეთაურს სოხუმიდან ორი ბარჟის წამოყვანა, ოსმალო ჯარისკაცების ფოთში გადაყვანა და იქაური გარნიზონის უფროსისთვის გადაცემა დაავალა... საარქივო მონაცემების მიხედვით, თურქეთში მხოლოდ დესანტის ნაწილი დაბრუნდა. მეორე ნაწილი სხვადასხვა სოფელში გადანაწილდა და აფხაზეთიდან სამთავრობო ჯარების გასაყრელად სამხედრო ძალის ორგანიზებას შეუდგა", - დასძენს გამოცემა.

"თურქეთი აფხაზეთში ახალ-ახალი რაზმების გამოგზავნას განაგრძობდა. პოლკოვნიკ თუხარელისა და პოდპოლკოვნიკ კოროშინაძის მონაცემებით, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თურქებმა ოჩამჩირესთან რამდენიმე ჯერზე 780 ასკერი და 7 ოფიცერი გადმოსხეს. გარდა ამისა, 3 ათასი შაშხანა და 4 მლნ 500 ათასი ვაზნა შემოიტანეს. თურქების ბოლო დესანტი, კიდევ დაახლოებით 100 კაცი, 1918 წლის 9 აგვისტოს ღამით გადმოსხდა. მათ შორის იყვნენ მუჰაჯირი ოფიცრები: მეჰთათა-ბეი მარღანია, ჯემალ-ბეი მარშანია, სულეიმან ბგანბა და თურქი კაპიტანი ახბა. რაზმს აფხაზები და თურქი პლანტატორებიც შეუერთდნენ. ახალი მებრძოლებით შესავსებად დესანტი, წინა შემთხვევების მსგავსად, სოფელ ჯგერდისკენ წავიდა, სადაც ტატაშ მარშანიას მამულებში თურქებს ერთგვარი ბაზა ჰქონდათ მოწყობილი. "15 აგვისტოს ღამით მოქვის ტაძართან პოლკოვნიკ თუხარელის რაზმმა თურქებს ბრძოლა გაუმართა და კიდეც გაანადგურა. ქართველებმა ტყვედ 300 ასკერი აიყვანეს, ხოლო ალაფად 400 შაშხანა და მილიონ 500 ათასი ვაზნა დარჩათ. დამარცხებული დესანტის ნარჩენები დაიფანტა. მარცხის შემდეგ აფხაზები ამ ავანტიურაში საკუთარი როლის შემცირებას ყოველნაირად ცდილობდნენ. კოდორის საუბნო კომისარ ლოგუას განმარტებით, ადგილობრივ თავადებს მხოლოდ 29 შეიარაღებული აფხაზი ეხმარებოდა, ტყვედ აყვანილი ყარამან აშბა კი ამტკიცებდა, რომ ისინი ასკერებმა ძალით წაიყვანეს, ისიც ზურგის დასაცავად, მაგრამ მოქვთან ბრძოლის დაწყებისთანავე პოზიციები მიატოვეს და გაიქცნენ...", - წერს სტატიის ავტორი.